განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
020141318700070206
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700070206

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №20აგ-19 6 ნოემბერი, 2019 წელი

მ------–---–ი ი----, 20აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

 

ი---- მ------–---–ი, - დაბადებული 1--- წლის 1- აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში: სსკ) 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1641-ე მუხლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 29 ნოემბერს, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი---- მ------–---–მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 310-ე მუხლის, საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენები დარჩა უცვლელად.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი---- მ------–---–მა, რომელმაც ითხოვა მისი გაუქმება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

7. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი---- მ------–---–ი არალეგიტიმური მიზნებით დაპატიმრებულ პირად მიიჩნია. კასატორის მტკიცებით, ხსენებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ივ. მ------–---–ის პატიმრობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინფორმაციის გამოძალვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არის მცდელობა, რომ ი---- მ------–---–ის ციხიდან გაყვანა და მუქარა ცალკე, დამოუკიდებელ ფაქტად წარმოჩნდეს, რაც არასწორია, ვინაიდან კასატორის დაპატიმრება თავიდანვე პოლიტიკური მიზნებით იყო „გაჯერებული.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ი---- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ „არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.“

3. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კუმულატიურად ორი წინაპირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს: უნდა არსებობდეს ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა იქნება დადგენილი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენი სწორედ ამ დარღვევას უნდა ეფუძნებოდეს.

 

4. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი:

 

4.1. ი---- მ------–---–ის დაკავებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ ი---- მ------–---–ის დაკავება იყო კანონიერი და კანონით დადგენილი წესით შესაბამისი. მისი დაკავება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტის ,,მიზნის’’ შესაბამისი იყო (პარ. 192-194).

 

4.2. ი---- მ------–---–ისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტთან თავსებად მიზანს ემსახურებოდა (პარ. 206-208).

 

4.3. ი---- მ------–---–ისათვის თავდაპირველი წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას არ დარღვეულა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (პარ. 229-230).

 

4.4. დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან, სულ მცირე, 2013 წლის 25 სექტემბრიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ი---- მ------–---–ის წინასწარი პატიმრობის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა. 2013 წლის 25 სექტემბრისა და 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, მოკლებული იყო დასაბუთებულობას და საკმარისი აღარ იყო მომჩივნის პატიმრობის გახანგრძლივების გასამართლებლად (პარ. 234-235).

 

4.5. ი---- მ------–---–ის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლივად.

 

5. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ი---- მ------–---–ის როგორც დაკავება, ისე თავდაპირველი წინასწარი პატიმრობა შეაფასა, როგორც კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი დანაწესის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, კასატორის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ივ. მ------–---–ის დაპატიმრება „დასაწყისშივე პოლიტიკური მიზნებით იყო გაჯერებული“, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება.

 

6. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ „არც იმ მეთოდით, რომლის მიხედვითაც მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება ჩატარდა, არ ვლინდება, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობის მიღმა უპირატესი პოლიტიკური მიზანი არსებობს“ (პარ. 325); ამავე გადაწყვეტილებაში დიდმა პალატამ დაასკვნა: საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის წინასწარი დაპატიმრება მოხდა „ენმ-სა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული მწვავე პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე, მის მიერ დასახელებული სხვადასხვა საკითხი, რომელთა შორის არსებობს გარკვეული გადაფარვა, არ არის საკმარისი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ი---- მ------–---–ის დაპატიმრების უპირატეს მიზანს წარმოადგენდა მისი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ხელის შეშლა და არა იმას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება სათანადოდ წარმართულიყო (პარ. 329). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად, „რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა ძირითადად გულისხმობდა მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას“ (პარ. 332).

 

7. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უშუალოდ 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, საპატიმრო დაწესებულების საკნიდან მის ფარულად გაყვანას, ასევე იმსჯელა დიდმა პალატამ (იხ. პარ. 333-353) და საბოლოოდ აღნიშნა: „საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო კმაყოფილია, რომ წინასწარი პატიმრობის დროს, რომელიც უნდა აღიქმებოდეს როგროც უწყვეტი მდგომარეობა, მომჩივნის თავისუფლების შეზღუდვის უპირატესი მიზანი შეიცვალა. როდესაც დასაწყისში ეს იყო დანაშაულების გამოძიება საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, მოგვიანებით გარდაიქმნა გამოძიებად, რომლის მიზანი გახდა ბ-ნი ჟ-----ს სიკვდილისა და ბ-ნი ს----–---–-ს ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, როგორც ეს დადასტურდა 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტით“ (პარ. 353).

 

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საჩივარი # 72508/13) მითითებულია ი---- მ------–---–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევის შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ იკვეთება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტით დადგენილი მეორე სავალდებულო პირობა: კასატორი ვერ ასაბუთებს და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასასინჯი, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენები იმ დარღვევებს ეფუძნება, რომლებიც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის შეფასებისა და მსჯელობის საგანი იყო. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, დაედგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულმა ცალკეულმა უკანონო ქმედებებმა გავლენა მოახდინეს ი---- მ------–---–ის დამნაშავედ ცნობაზე იმ დანაშაულისათვის, რის გამოც იგი მსჯავრდებულია. ამდენად, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით დადგენილ დარღვევებს არსებითი კავშირი არ აქვთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

9. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

 

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

 

ზ. ძლიერიშვილი