განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
330100117002059887
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002059887

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №409აპ-19 ქ. თბილისი

კ-------–---–- მ------, 409აპ-19 8 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორების – იმედა გუგუშვილისა და გია შაიშმელაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ გ------- გ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------- ვ-----–---–ისა და მსჯავრდებულ მ------ კ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ------- ბ-----ისა და გ------- ს------–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

 

გ------- გ--------ს, – დ----------–-------–--–-, – ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით; ასევე – სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით;

 

მ------ კ-------–---–ს, – დ----------–-------–--–-, – ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით; ასევე – სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის მარტის ბოლოს გ------- გ--------მ და მ------ კ-------–---–მა, საკუთარი ფულადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს თ---–--–ი, ბ-------–--ის ქ. №--, ბინა №---ში მცხოვრები მ------ კ-------–---–-ს პაპის – ჯ------- კ-------–---–-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც, ორივეს რწმენით, დიდი ოდენობით ფულად თანხას ინახავდა საცხოვრებელ სახლში.

 

· 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ------- გ-------- და მ------ კ-------–---–-, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯ------- კ-------–---–-ს განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლისა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარ შეძენილი ხელთათმანებითა და სახლიდან წამოღებული დანით, მივიდნენ თ---–--–ი, ბ-------–--ის ქ. №--, ბინა №---ში. ადგილზე მისვლისას, ვინაიდან მ------ კ-------–---–- წლების განმავლობაში არ ურთიერთობდა პაპასთან, მოტყუებით, თითქოს მასთან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ, პირველი შევიდა სახლში, ხოლო გ------- გ-------- დარჩა გარეთ. მოგვიანებით მ------ კ-------–---–მა პირველივე შესაძლებლობისას ის შეიყვანა მითითებულ მისამართზე, სახლის მეპატრონისაგან შეუმჩნევლად და დამალა სამზარეულოში.

 

· დასახული მიზნის მისაღწევად მ------ კ-------–---–მა დაუწყო საუბარი პაპამისს და მისაღები ოთახიდან იგი გამოიყვანა კორიდორში, რის შემდგომ ხელსაყრელ ვითარებაში, გ------- გ--------მ – თანნაქონი დანით, ხოლო მ------ კ-------–---–მა კი – ბინაში არსებული სამზარეულო დანით, ჯ------- კ-------–---–-სათვის ტანჯვის მიყენების მიზნით, მას მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მიყენებული დაზიანებების შედეგად ჯ------- კ-------–---–- ადგილზე გარდაიცვალა.

 

· მას შემდეგ, რაც მ------ კ-------–---–- და გ------- გ-------- დარწმუნდნენ, რომ ჯ------- კ-------–---–- იყო გარდაცვლილი, ბინაში დაიწყეს დაგულებული ფულადი თანხის ძებნა, რაც ვერ იპოვეს და საბოლოოდ ჯ. კ-------–---–-ს საფულედან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას – 335 ლარს. ამის შემდეგ მითითებულ მისამართზე გააჩინეს ხანძარი და გაეცალნენ იქაურობას. ხანძრის შედეგად დაზიანდა ბინა და განადგურდა მასში არსებული ნივთები, რამაც 6395 ლარისა და 1 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით გ------- გ-------- – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ------ კ-------–---–- – საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდნენ. ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

 

გ------- გ--------ს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 14 წლით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- გ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 მაისიდან;

 

მ------ კ-------–---–ს – საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 14 წლით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ კ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 მაისიდან.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულთა დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებების მიხედვით და მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენი შეიცვალა:

 

გ------- გ-------- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ------- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 16 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 მაისიდან.

 

მ------ კ-------–---–- გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მ------ კ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 16 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 მაისიდან.

 

5. კასატორები, თბილისის პროკურატურის პროკურორები – იმედა გუგუშვილი და გია შაიშმელაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გ------- გ--------ს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მ------ კ-------–---–-ს – საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავეებად ცნობასა და მათთვის შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.

 

6. მსჯავრდებულ გ------- გ--------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ------- ვ-----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გ------- გ--------ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

7. მსჯავრდებულ მ------ კ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ------- ბ-----ე და გ------- ს------–---–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ------ კ-------–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

8. საქმეზე წარმოდგენილია როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარის შესაგებლები, რომლებითაც ისინი ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულების – გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს საქმის მასალები, შეამოწმა მხარეების მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულთა დამცველების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივრებში ჩამოყალიბებულ პოზიციას მათი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საამისოდ საჭირო სამართლებრივი საფუძველი, რითაც გაბათილებული იქნებოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მათი ბრალეულობის დამადასტურებელი კანონიერი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც გ------- გ-------- და მ------ კ-------–---–- დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი მკვლელობაში, რაც მათ მიერ ჩადენილი იყო დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად და ანგარებით. თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია – ბრალდების მხარის მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ჯეროვანი მტკიცებულებების სახით, არსებობს დასაბუთებული საფუძველი სამართლებრივი შეფასებისათვის, რომ მსჯავრდებულების მიერ აწ გარდაცვლილი ჯ------- კ-------–---–-ს მკვლელობა ჩადენილია აგრეთვე განსაკუთრებული სისასტიკით, რაშიც ისინი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებულ იქნენ.

 

3. მსჯავრდებულ გ------- გ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისი დაკავება მოხდა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით, რის შედეგადაც გ------- გ--------მ აღიარა ის დანაშაული, რომელიც სინამდვილეში არ ჩაუდენია. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ მითითებული საპროცესო უფლებების დარღვევების არსებობა საქმის მასალების შესწავლით არ დასტურდება, ხოლო მსჯავრდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენებები სასამართლოს არ გამოუყენებია მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რადგან ეს ჩვენებები არ ყოფილა გამოკვლეული საქმის სასამართლო განხილვისას.

 

4. თავის საჩივარში კასატორი ავითარებს ვერსიას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები კი არ დაესხნენ თავს ჯ------- კ-------–---–ს, არამედ პირიქით, სწორედ ეს უკანასკნელი დაესხა მათ თავს დანით ხელში, რომელიც მათი მისამართით იმუქრებოდა – „გაეთრიეთ, თორემ ყელს გამოგჭრითო“. მ------ კ-------–---–- შეეცადა, მისთვის დანიანი ხელი დაეჭირა, მაგრამ ჯ------- კ-------–---–მა მას ხელი ჰკრა და დივანზე წააქცია. ამ დროს გ------- გ-------- შეეცადა, მიშველებოდა მ------ კ-------–---–ს, მაგრამ ჯ------- კ-------–---–მა მას ამის საშუალება არ მისცა და მის მიმართ დანიან ხელს იქნევდა, რის გამოც გ------- გ-------- აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში. რადგან ამ მომენტში ჯ------- კ-------–---–- სამზარეულოდან გასასვლელ კართან იდგა დანით ხელში, ამის გამო გ------- გ-------- იძულებული გახდა სამზარეულოს მაგიდიდან დანა აეღო, რომელსაც ჯ------- კ-------–---–-სგან თავის დასაღწევად იქნევდა მისი მისამართით. სტრესულ მდგომარეობაში მყოფი დანის ქნევას მანამდე აგრძელებდა, სანამ ჯ------- კ-------–---–მა წინააღმდეგობა არ შეწყვიტა, რის შემდეგაც ის გამოერკვა და ნახა, რომ ჯ------- კ-------–---–- გარდაცვლილი იყო. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის გამო ვერ არკვევდა – სად ხვდებოდა მისი მოქნეული დანა გარდაცვლილს, თუმცა ახსოვს, რომ ძირს ჩაკუზული ჯ------- კ-------–---–- ფეხებზე ეჭიდებოდა და ცდილობდა მის წაქცევას, რამაც ჩააგდო ის სტრესულ მდგომარეობაში. დაცვის მხარე ამ ვერსიას ავითარებს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ------- გ--------ს მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით.

 

5. საკასაციო პალატა აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება, რადგან ის შინაგან წინააღმდეგობებს შეიცავს. უწინარესად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ვერსიის მიხედვით, მათზე გაბრაზებული ჯ------- კ-------–---–- უყვიროდა, დაეტოვებინათ მისი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდა მოკვლით. საკასაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულები უნდა დამორჩილებოდნენ ჯ------- კ-------–---–-ს მოთხოვნას, რადგან ეს უკანასკნელი თავის კანონიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და ითხოვდა, მისი ბინა დაეტოვებინათ მისთვის არასასურველ პირებს. ნაცვლად ამისა, მსჯავრდებულის განმარტებით, მ------ კ-------–---–- შეეცადა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო გ------- გ-------- შერბის სამზარეულოში და დანას იღებს, თითქოსდა ჯ------- კ-------–---–-ს მოგერიების მიზნით. არალოგიკურია მსჯავრდებულ გ------- გ--------ს განმარტება, რომ აწ გარდაცვლილი მუქარით მოითხოვდა მათგან – „აქედან გაეთრიეთო“, ანუ ბინა დაეტოვებინათ, მაგრამ, თურმე, მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, დანით ხელში გამოსასვლელ კართან იდგა და მათზე თავდასხმას ცდილობდა, რაც ძალზე არადამაჯერებელია. გარდა ამისა, მსჯავრდებული გ------- გ-------- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ჯ------- კ-------–---–- ბოლოს იყო ჩაკუზული, რა დროსაც მუხლებზე იდგა, იატაკზე, ფეხებზე ეჭიდებოდა მას და ცდილობდა მის წაქცევას. ისმება ლოგიკური კითხვა – ადამიანმა, რომელიც მოკვლის მუქარით დაესხა მას თავს ფეხებზე მოჭიდებისას ერთხელ მაინც რატომ არ დაარტყა დანა, რომელიც ამ დროს ხელში ეჭირა, თუნდაც ფეხზე მაინც? ამ კითხვაზე მსჯავრდებულის ჩვენება პასუხს ვერ იძლევა. არალოგიკურია ასევე მსჯავრდებულ გ------- გ--------ს განმარტება იმის თაობაზე, რომ მან ბინაში ყოფნისას, სადაც საკმაო ხანი დაჰყო, არ იცოდა ბინიდან გასავლელი კარი სად იყო და ამიტომ შევარდა სამზარეულოში დამფრთხალი, სადაც დანა აიღო, რადგან, მისი ვარაუდით, სამზარეულოს გარეთ ჯ------- კ-------–---–- უნდა ყოფილიყო დანით ხელში. მისი ვერსია ამ ნაწილშიც არადამაჯერებელია, რადგან ძნელია ირწმუნო, რომ ორი ადამიანიდან, რომლებიც საკმაო დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბინაში, ვერცერთმა ვერ გაარკვია, რა გზით შევიდნენ ბინაში და სად იყო ბინიდან გასასვლელი კარი.

 

6. დაცვის ვერსია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობის თაობაზე მთლიანად მოდის წინააღმდეგობაში იმ მძიმე თუ სხვა ხარისხის დაზიანებებთან, რომლებიც აღმოჩენილია ჯ------- კ-------–---–-ს სხეულზე. ჭრილობების სიღრმე, ლოკაცია, რაოდენობა და მიმართულებები, გამორიცხავენ ორი ადამიანის ფიზიკური შეტაკებისას, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია, ხოლო მეორე თავს იცავს, ამგვარი ჭრილობების მიყენების შესაძლებლობას თავდამსხმელის სხეულის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებზე. დაცვის ვერსიას საფუძველს აცლის ასევე დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების მრავალრიცხოვნობა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების რაოდენობაც. გარდა ამისა, უთუოდ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აწ გარდაცვლილი ჯ------- კ-------–---–-ს ფრჩხილის ქვეშ აღმოჩენილია გ------- გ--------ს სისხლის კვალი. კასატორი აღნიშნავს – სავსებით შესაძლებელია, მოგერიების ვითარებაში, ურთიერთდაპირისპირებისას მსჯავრდებულის სისხლი მოხვედრილიყო გარდაცვლილის ფრჩხილებში. მაგრამ თვითონ მსჯავრდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხულია ობიექტურად. სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული გარემოება იმას უფრო ადასტურებს, რომ, არა მსჯავრდებული, არამედ პირიქით, დაზარალებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

7. საკასაციო პალატის დასკვნით, ზემოაღნიშნული გარემოებები, ერთობლიობაში აღებული, და მათი ობიექტური ანალიზი შეუძლებელს ხდის იმის დაშვებას, რომ მსჯავრდებულებმა თავიანთი ქმედება ჩაიდინეს აუცილებელი მოგერიების ვითარებაში ან მათ მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც იმას ადასტურებს, რომ სახეზეა განზრახ მკვლელობა.

 

8. მსჯავრდებულ გ------- გ--------ს დამცველი სადავოდ ხდის აგრეთვე იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც მსჯავრდებულებს შეერაცხათ სასამართლოს განაჩენით. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, შეეხება მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი მკვლელობის ჯგუფურ ხასიათს. მსჯავრდებულთა დამცველები თავიანთ საჩივრებში აღნიშნავენ, რომ არ არსებობს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ------ კ-------–---–-ს მონაწილეობა გ------- გ--------სა და ჯ------- კ-------–---–-ს დაპირისპირებაში. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების ასეთი პოზიციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს. დადგენილი ფაქტებია შემდეგი: გ------- გ-------- მ------ კ-------–---–მა მიიყვანა შემთხვევის ადგილზე და ამ უკანასკნელის წყალობით აღმოჩნდა ჯ------- კ-------–---–-ს ბინაში. მ------ კ-------–---–- ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რომელსაც არავითარი მცდელობა არ ჰქონია იმისა, რომ შეეჩერებინა გ------- გ-------- ანდა სხვა ადამიანებისთვის მიემართა დახმარების თაობაზე კონფლიქტის შესაწყვეტად (შემთხვევის ადგილია მეოთხე სართულზე მდებარე ბინა). მ------ კ-------–---–-ს ტანსაცმელზე აღმოჩენილი დიდი რაოდენობის სისხლის ლაქები (სისხლი გარდაცვლილს რომ ეკუთვნოდა, ამას თვითონ დაცვის მხარეც არ უარყოფს) პირდაპირ მიუთითებს მის უშუალო მონაწილეობაზე დაზარალებულთან ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ გ------- გ--------ს მიერ წარმოდგენილი ვერსიის მიხედვით, დაზარალებულის სისხლი მ------ კ-------–---–-ს ტანსაცმელზე არ უნდა ყოფილიყო, თანაც დიდი რაოდენობით. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოწმე ე-- ლ-------ის ჩვენება, რომელსაც მ------ კ-------–---–მა გაანდო, რომ მან და გ------- გ--------მ მოკლეს მისი ბაბუა – ჯ------- კ-------–---–-. იგივეზე მეტყველებენ საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებიც, რომლებზედაც მართებულად მიუთითებს სააპელაციო სასამართლო. დადგენილია, რომ შემთხვევამდე რამოდენიმე ხნით ადრე მსჯავრდებულებმა ერთად შეიძინეს მაღაზიაში რეზინის ხელთათმანები, რაც დანაშაულისთვის ერთობლივ მზადებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ასევე მსჯავრდებულების მოქმედება მკვლელობის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, მათ შემთხვევის ადგილიდან ერთად წაიღეს და გადაყარეს მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ გამოყენებული იარაღები და საგნები. გარდა ამისა, მათ ერთად სცადეს ბინაში ხანძრის გაჩენა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით. აღნიშნული გარემოებების გამო, გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულებისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) შერაცხული ბრალის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

9. რაც შეეხება მკვლელობის ანგარებით მოტივს, მისი რეალურად არსებობის თაობაზე საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებასა და დასკვნას, რომელთა მიხედვით, საფუძვლიან ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ სწორედ ასეთი მოტივი იყო ის შინაგანი სუბიექტური ფაქტორი, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა მსჯავრდებულებს. ამას ადასტურებს საქმეში არსებული საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები, რომელთა ლოგიკური ანალიზის შედეგად მივიდა სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დასაბუთებულ დასკვნამდე. ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვისათვის, რის გამოც მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) უნდა დარჩეს უცვლელად.

 

10. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მსჯავრდებულთა ქმედების – მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის თაობაზე მათთვის წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო თავის მსჯელობაში აღნიშნავს, რომ მკვლელობის დროს მსხვერპლისათვის მიყენებული ჭრილობების დიდი რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს განსაკუთრებულ სისასტიკეს, რადგან ასეთი დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს მისი სიკვდილის გარანტირებულად დადგომის მიზნით, დროის უმცირეს მონაკვეთში, წამების განმავლობაში, რის გამოც მსხვერპლმა ობიექტურად არათუ ტანჯვის განცდა, არამედ მიმდინარე მოვლენის აღქმაც კი ვერ მოახერხოს. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა გ------- გ--------მ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა სწრაფად, დროის მცირე პერიოდში, გარკვეულწილად სპონტანურად, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლის მოკლე დროში გარანტირებულ გარდაცვალებას, ხოლო ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ------- კ-------–---–-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას.

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ასეთი დასკვნა აშკარა წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ამ გარემოებების დამადასტურებელ იმავე მტკიცებულებებთან, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- გ--------სა და ჯ------- კ-------–---–ს შორის მოხდა შეტაკება, რაც სპონტანურად კი არ მოხდა, არამედ ამას წინ უსწრებდა მათ შორის კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და რა დროსაც დაზარალებული ცდილობდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თავდამსხმელის მოგერიებას. აღნიშნულს ნაწილობრივ ადასტურებს ასევე თვით მსჯავრდებულ გ------- გ--------ს ჩვენებაც, რომელიც საუბრობს იმის თაობაზე, რომ მათი ფიზიკური ურთიერთდაპირისპირების განვითარების მოგვიანო ეტაპზე ჯ------- კ-------–---–- მუხლებზე იყო დაცემული, ხელებს ფეხებზე ხვევდა მას და ცდილობდა, წაექცია. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უკვე დაჭრილი დაზარალებული თავგანწირვით ცდილობდა თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ჯერ კიდევ შერჩენილი ძალით. აქვე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც: სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენებისას ამ პროცესთან გარკვეული შემხებლობა ჰქონდა აგრეთვე მსჯავრდებულ მ------ კ-------–---–ს, რაზედაც აშკარად მიუთითებს მის ტანსაცმელზე არსებული დაზარალებულის სისხლი დიდი რაოდენობით. ასეთ პირობებში არავითარი საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ შესაძლებელია, გ------- გ--------ს მიერ დაზარალებულისთვის 40 ჭრილობის, აქედან – 6 მძიმე, სასიკვდილო ჭრილობის მიყენება მომხდარიყო სპონტანურად, წამების განმავლობაში, რის გამოც დაზარალებულს სიკვდილის დადგომამდე ვერც კი მოესწრო მრავალრიცხოვანი ჭრილობების მიყენების შედეგად გამოწვეული ტანჯვის განცდა და ეს უკანასკნელი არც ყოფილიყო დროში გახანგრძლივებული.

 

12. საკასაციო პალატის აზრით, იგივე გარემოებები, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მიუთითებს იმაზე, რომ ერთობლივად მოქმედებდნენ რა წინასწარი განზრახვით, მსჯავრდებულები ამასთანავე სრულად აცნობიერებდნენ თავიანთი ქმედებით არამარტო ძირითად შედეგს – მსხვერპლის სიკვდილს, არამედ, ასევე, ამ შედეგის დადგომამდე მათი ქმედების თანამდევ სხვა შედეგსაც, კერძოდ, მრავალრიცხოვანი ჭრილობების მიყენებით გამოწვეულ მსხვერპლის ტანჯვას საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. კიდევაც რომ დავეთანხმოთ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ------- გ-------- დაზარალებულს მრავალრიცხოვან ჭრილობებს აყენებდა ამ უკანასკნელის სიკვდილის გარანტირებულად დადგომის მიზნით, ეს გარემოება ვერ გამორიცხავს აღნიშნული ქმედების სუბიექტის მხრივ მსხვერპლის ტანჯვის შეგნებულად დაშვებას, თვით ამ ქმედების ხასიათიდან გამომდინარე. ამ მოსაზრების რეალურობას განამტკიცებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, დაზარალებულ ჯ------- კ-------–---–-სთვის მიყენებული ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, რაც იმაზეც მეტყველებს, რომ ამ ჭრილობების მიყენება გრძელდებოდა მანამდე, სანამ დაზარალებულმა წინააღმდეგობა არ შეწყვიტა. როდესაც სხეულის დაზიანებების, მათ შორის – ძალიან მძიმე დაზიანებების მიყენება, დროში ამგვარადაა გახანგრძლივებული, წინასწარი შეცნობით მოქმედი, ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ნებისმიერი სუბიექტისათვის სრულიად აღქმადია მსხვერპლის ის ტანჯვა, რასაც მსგავსი ქმედება იწვევს. ამავე დროს, ამ ქმედების შემადგენელი აქტების მრავალგზის განმეორებით ჩადენა უტყუარად ადასტურებს მისი ჩამდენის მისწრაფებას მსხვერპლის ტანჯვის გამოწვევისკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, შეგნებულად დაშვებას (გარდა აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობის შემთხვევებისა), რაც სრულიად საკმარის საფუძველს წარმოადგენს პირის ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობად შეფასებისთვის. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულების – გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს ქმედება მოცემულ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

13. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ მ------ კ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რომლის მიხედვით, მას მონაწილეობა არ მიუღია იმ ქმედების ჩადენაში, რაც ბრალად შეერაცხა მსჯავრდებულ გ------- გ--------ს. მათი დასკვნით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მისი ბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში, რის გამოც სასამართლოს დასკვნა ვერ სცდება დაუსაბუთებული ვარაუდის ფარგლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ერთობლიობაში აკმაყოფილებენ უტყუარობის საპროცესო კრიტერიუმს, რაც სრულიად საკმარისია მ------ კ-------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს ერთობლივი მოქმედებები როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ასევე – დანაშაულის ჩადენის შემდეგ (რაც დგინდება არა მხოლოდ სხვა მოწმეების, არამედ თვით გ------- გ--------ს ჩვენებითაც), პირდაპირ ადასტურებს მათი ერთიანი განზრახვის არსებობას აღნიშნული დანაშაულის ერთობლივად განხორციელების თაობაზე. უშუალოდ ჯ------- კ-------–---–-ს მკვლელობაში მ------ კ-------–---–-ს მონაწილეობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მისი შარვალი ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი. დაცვის მხარის ვერსიით, მ------ კ-------–---–ს ჯ------- კ-------–---–-ს სისხლით შარვალი დაესვარა იმის გამო, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ ის გ------- გ--------სთან ერთად მონაწილეობდა კვალის წაშლაში, რა დროსაც შემხებლობა ჰქონდა გარდაცვლილის სისხლიან ცხედართან. მაგრამ გ------- კ-------–---–-ს ჩვენების შინაარსი, რომელსაც სწორ ჩვენებად მიიჩნევენ მ------ კ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები, მთლიანად გამორიცხავს ამ უკანასკნელთა მიერ წარმოდგენილი ვერსიის დამაჯერებლობას, რის გამოც აღნიშნული ვერსია საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

15. საკასაციო პალატის აზრით, მ------ კ-------–---–-ს შარვალი, რომელიც ჯ------- კ-------–---–-ს სისხლით იყო მოსვრილი, მისივე ნაამბობი მის მეგობართან (მოწმე ე-- ლ-------ე) იმის შესახებ, რომ სწორედ მან და გ------- გ--------მ მოკლეს ჯ------- კ-------–---–-, პირდაპირ მიუთითებს მის ბრალეულობაზე მომხდარ დანაშაულში, რასაც არაპირდაპირ ადასტურებს ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც (მოწმეთა ჩვენებები და სხვა). აქედან გამომდინარე, მ------ კ-------–---–-ს დამცველთა აპელირება იმაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, მოკლებულია ჯეროვან საფუძველს, რის გამოც მ------ კ-------–---–- გ------- გ--------სთან ერთად დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ჯ------- კ-------–---–-ს განზრახ მკვლელობაში, ამ ფაქტის გამო მათთვის წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით.

 

16. რაც შეეხება გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს მსჯავრდებას მათ მიერ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, ცეცხლის წაკიდებით ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანებისათვის (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ამ ნაწილში მათი ბრალეულობა არავითარ ეჭვს არ იწვევს და ამას თვითონ კასატორებიც არ ხდიან სადავოდ, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა საბოლოოდ მივიდა შემდეგ დასკვნამდე: მსჯავრდებულების – გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს დამცველების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულების – გ------- გ--------სა და მ------ კ-------–---–-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს აგრეთვე საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

 

18. გასაჩივრებული განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორების – იმედა გუგუშვილისა და გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. მსჯავრდებულ გ------- გ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------- ვ-----–---–ისა და მსჯავრდებულ მ------ კ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ------- ბ-----ისა და გ------- ს------–---–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4. გ------- გ-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- გ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 12 მაისიდან;

 

6. მ------ კ-------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ კ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 11 მაისიდან;

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე