განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
020100117002236238
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002236238

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №800აპ-19 5 ნოემბერი, 2019 წელი

ა---–------- გ-------, 800აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ბორის კვარაცხელიას

ადვოკატ - თ----- მ----–--ის

მსჯავრდებულ - გ------- ა---–-------ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- ა---–-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – პ----- შ-----სა და ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით გ------- ა---–-------, – დ----------–-------–--–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ------- ა---–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 18 ნოემბრიდან.

 

2. გ------- ა---–------ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 18 ნოემბერს გ------- ა---–------- იმყოფებოდა ს----ის რაიონის სოფელ ქ---–---ის ტერიტორიაზე გამავალ ფ-----------ის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც შეამჩნია გზაზე მოძრავი „მერსედეს ვიტოს“ მარკის ავტომობილი, სახ. №Q------, რომელსაც მართავდა ბ----- ს-----. გ------- ა---–------მა ხელის მინიშნებით გააჩერა ავტომანქანა და მძღოლს – ბ----- ს-----ს სთხოვა ს----ის მიმართულებით წაყვანა, რაზეც ის დასთანხმდა. მგზავრობისას გ. ა---–------მა ითხოვა ავტომანქანის გაჩერება, ჩავიდა და უკან რამდენიმე წამში დანით შეიარაღებული დაბრუნდა. გ------- ა---–------- დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაემუქრა ბ----- ს-----ს და მოსთხოვა ავტომანქანიდან ჩასვლა. ბ. ს-----მ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა, სიცოცხლის მოსპობის რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, დაემორჩილა მას და ჩავიდა მანქანიდან. გ------- ა---–------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბ----- ს-----ს კუთვნილი ავტომანქანა და შეეცადა მიმალვას, თუმცა გზაზე მოძრავმა პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს.

 

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------- ა---–-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. 2019 წლის 29 ოქტომბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ------- ა---–------სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ნონა თოლორაიას შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

6. 2019 წლის 31 ოქტომბერს პროკურორმა ნონა თოლორაიამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ------- ა---–------ს შორის 2019 წლის 29 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ გ------- ა---–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 (ორი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად – ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7. 2019 წლის 5 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ, მსჯავრდებულმა გ------- ა---–------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ----- მ----–--მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნონა თოლორაიასა და მსჯავრდებულ გ------- ა---–------ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, მოწმეების – ა------ რ----ას, ვ-–- ძ--------ის, დაზარალებულ ბ----- ს-----ს დაკითხვის ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით გ------- ა---–-------ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ------- ა---–-------ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ------- ა---–------- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. ამდენად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – ნონა თოლორაიას შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- ა---–-------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნონა თოლორაიასა და მსჯავრდებულ გ------- ა---–------ს შორის;

 

4. გ------- ა---–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. მსჯავრდებულ გ------- ა---–------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2017 წლის 18 ნოემბრიდან;

 

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე