განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002425810
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე№371აპ-19 5 ნოემბერი, 2019 წელი
გ------- გ----, 371აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ---- გ------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენით გ---- გ-------, - დ----------–-------–-–----------, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- გ-------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: გ---- გ-------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, პირადად ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ვაზნებს. 2018 წლის 15 მარტს ბ---–---ის რაიონის დ-------------ში, რ---------–ის ქუჩაზე, დასახლებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, გ---- გ-------მ რამდენიმე მეტრის დადევნებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ვალის არსებობით გამოწვეული შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა ბიძაშვილი რ----- გ-------.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული გ---- გ------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თავისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე და, შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ---- გ------ის საქმის მასალები, შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2018 წლის 15 მარტს გ---- გ-------მ ბ---–---ის რაიონის დ-------------ში, რ---------–ის ქუჩაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ვალის გადაუხდელობით გამოწვეული შურისძიების ნიადაგზე, განზრახ, მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა რ----- გ------ის მიმართულებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მითითებული ცეცხლსასროლი იარაღი გ---- გ-------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან, რომელსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
3. აღნიშნული ქმედების გამო გ---- გ-------ს ბრალდება წარედგინა და მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით მას ბრალად შეერაცხა განზრახ მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლოს დასკვნით, მკვლელობის ნაწილში გ---- გ------ის ქმედების ასეთი კვალიფიკაცია გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მან ეს ქმედება ჩაიდინა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ქუჩაში, სადაც იმ დროს, გარდა მსხვერპლისა, სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
4. მსჯავრდებული გ---- გ------- აღიარებს შურისძიების მოტივით რ----- გ------ის განზრახ მკვლელობის ჩადენას, მაგრამ არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას და ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე და, შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას. კასატორის მოთხოვნა დაფუძნებულია იმ მოტივზე, რომ მის მოქმედებას, ანუ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს, არ შეუქმნია საფრთხე სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ისინი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იმყოფებოდნენ. ის არ ისროდა მათ მხარეს, არამედ პირდაპირი დამიზნებით ისროდა მხოლოდ რ----- გ------ის მიმართულებით. მსჯავრდებული ასევე აღიარებს მის მიმართ შერაცხულ ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში.
5. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გ---- გ------ის მსჯავრდებისას დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილითა და იმავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულების მიმართ წარმოშობილი ეჭვი, თუ ის არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამასთან, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
6. განსახილველ საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილზე მყოფი, მომხდარი დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებები, რომლებითაც არ დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე გ---- გ------ის მიერ ავტომატური იარაღიდან გასროლებით რაიმე საფრთხე შეექმნა რომელიმე მათგანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოკლედ წარმოვადგენთ მათი ჩვენებების შინაარსს: მოწმე თ------ ლ---–---–- აღნიშნავს, რომ ის შემთხვევის ადგილიდან დაშორებული იყო 60-70 მეტრით. გასროლებით მას რაიმე საფრთხე არ შექმნია. მოწმე გ------- კ------–-–---–-ს ჩვენებით, ის მუშაობდა მშენებლობაზე სხვებთან ერთად. მუშაობის დროს გაიგონა გასროლის ხმა. დაინახა, რომ 15-20 მეტრში გარბოდა რ----- გ-------, რომელსაც იარაღის სროლით მისდევდა მსჯავრდებული. ვიღაცამ დაუძახა, რომ იქიდან გასულიყო, რადგან კაცი იარაღითაა და რამე არ მოხდესო, ამიტომ გაიქცა. გასროლის ხმაზე მიბრუნებისას დაინახა, რომ გარბოდა რ----- გ-------, მასთან ახლოს კი არავინ არ ყოფილა. ამ დროს მასთან არავინ არ მისულა, ყველაფერს კარგად ხედავდა, მანძილი 50 მეტრზე ნაკლები არ იქნებოდა. მოწმე ბ------ ჯ----–ის ჩვენების მიხედვით, ის იდგა „ბირჟასთან“. 30-40 მეტრში გაჩერდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა რ----- გ-------, რომელიც მოიკითხა და ხელი ჩამოართვა. ამ დროს გაისმა ჰაერში გასროლის ხმა, შემოტრიალდა და დაინახა გ---- გ-------, რომლის დანახვაზე რ-----ი გაიქცა, რომელსაც გ---- გამოეკიდა. მესამე გასროლაზე რ-----ი დაეცა. პირველი გასროლისას, როდესაც რ-----ი გაიქცა, გ----ს ავტომატი მაღლა ჰქონდა აწეული, ამით მიხვდა, რომ ეს გასროლა ჰაერში იყო. ამ მომენტში ის და რ-----ი გასროლის ადგილიდან შვიდ მეტრში იქნებოდნენ. წყარო და „ბირჟა“ გასროლის ადგილიდან 30-40 მეტრში იყო. დაახლოებით ანალოგიურ ჩვენებას იძლევა მოწმე რ----- მ--–---–---–იც.
7. ამრიგად, არცერთი მოწმის ჩვენებიდან არ იკვეთება, რომ მსჯავრდებულ გ---- გ------ის მიერ რ----- გ------ის მიმართ იარაღიდან გასროლებით საფრთხე შეექმნა სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, პირიქით, სარწმუნოდ დგინდება, რომ მსჯავრდებული პირდაპირი დამიზნებით ესროდა გაქცეულ მსხვერპლს, მაგრამ გასროლის მიმართულებით სხვა არავინ იმყოფებოდა, გარდა გარდაცვლილისა. მართალია, ზემოხსენებული მოწმეები აღნიშნავენ, რომ სროლის ხმის გაგონებისას ცდილობდნენ, შემთხვევის ადგილს გასცლოდნენ და ამიტომ იქიდან გაიქცნენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ გასროლა მათი ადგილსამყოფლის ან გაქცევის მიმართულებით მოხდა და ამით საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღნიშნული მოწმეების გარდა სხვა არავინ ყოფილა. ამავე დროს, საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ იმ მომენტში, როდესაც გ---- გ------- ავტომატიდან პირდაპირი დამიზნებით ესროდა რ----- გ-------ს, შემთხვევის ადგილის ახლოს ან თუნდაც რამდენადმე მოშორებით მოძრაობდნენ სხვა ადამიანები ან სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც შეიძლებოდა ამ გასროლებით მათ საფრთხე შექმნოდათ.
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის დროს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კვალიფიცირდება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირის მოქმედებით, გარდა იმ ადამიანისა, რომლის სიცოცხლის ხელყოფისკენ იყო მიმართული ეს მოქმედება, რეალური საფრთხე ექმნება სხვა კონკრეტული ადამიანის სიცოცხლესაც ან ჯანმრთელობას, რაც სრულიად შეგნებული აქვს ქმედების სუბიექტს. ობიექტურად ამგვარი საფრთხის არსებობა ან არარსებობა არ არის დამოკიდებული მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული იარაღის ან საშუალების თვისებებზე, არამედ ის განისაზღვრება იმ ვითარებით, რომელშიც მოქმედებს სუბიექტი და ხდება მკვლელობის ჩადენა ამ იარაღით ან საშუალებით. ამიტომ შესაძლებელია, მკვლელობა ხდებოდეს საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით, მაგალითად, როგორიცაა აფეთქება, მაგრამ ისეთ ვითარებაში, რომ ის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, გარდა გამიზნული მსხვერპლისა. პირიქით, შესაძლებელია, მკვლელობა ხდებოდეს ისეთი ჩვეულებრივი საშუალებით, რომელსაც, მართალია, არ გააჩნია საყოველთაოდ საშიში ხასიათი, მაგრამ გამოყენებულია ისეთ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხე ექმნება სხვა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მაგალითად, გამიზნული მსხვერპლის მოსაკლავად მის საჭმელში ან სასმელში საწამლავის ჩაყრა ისეთ გარემოებებსა და ვითარებაში, როდესაც მოწამლული საკვები ან სასმელი მსხვერპლის ნაცვლად, ან მასთან ერთად, სხვა ადამიანმაც მიიღოს.
9. რაც შეეხება მკვლელობის ჩადენას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში შედარებით ადვილი დასადგენია, მსხვერპლის მიმართ გასროლა უქმნიდა თუ არა რეალურ საფრთხეს მესამე ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საამისოდ უნდა გაირკვეს, სროლის მიმართულებით მსხვერპლის გარდა, იმყოფებოდა თუ არა სხვა ადამიანიც ან სავარაუდო იყო თუ არა მისი ყოფნა (მაგალითად, სროლის მიმართულებით არსებულ სახლში, სადგომში, სხვა ნაგებობაში, რომელშიც მოიაზრება ასევე მშენებარე ობიექტიც, ანდა გაჩერებულ ან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაში და ა.შ.). აქედან გამომდინარე, პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მკვლელობის ჩადენისას უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ბევრი ადამიანიც რომ იმყოფებოდეს, თუკი გასროლები მხოლოდ მსხვერპლის მიმართულებით ხდება და ამით არავითარი საფრთხე არ ექმნება სხვა ადამიანს, მიზანს აცდენილი გასროლის შემთხვევაშიც კი, ასეთი მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა, თუნდაც ის ჩადენილი იყოს ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
10. განსახილველ შემთხვევაშიც, დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---- გ------ის მიერ დაზარალებულ რ----- გ------ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად არავითარი საფრთხე არ შექმნია სხვა, მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის ჩადენილი იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე – ქუჩაში, შემთხვევის ადგილზე მრავალი ადამიანის ყოფნისას, არ იყო კანონიერი. ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებითა და სხვა ობიექტური მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება შემდეგი: 2018 წლის 15 მარტს ბ---–---ის რაიონის დ-------------ში მსჯავრდებულმა გ---- გ-------მ შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არაერთჯერადი გასროლით ჩაიდინა რ----- გ------ის განზრახ მკვლელობა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე).
11. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი გ---- გ------ის მიმართ უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 108-ე მუხლზე. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, აგრეთვე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირება 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთით, რის შედეგადაც მას ამ ნაწილში საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
12. საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი გ---- გ------ის მიმართ გადაამოწმა საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილშიც (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მისი ბრალი უტყუარად არის დადასტურებული, ხოლო შეფარდებული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რის გამოც განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ---- გ------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ---- გ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლზე;
4. გ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
6. გ---- გ-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 მარტიდან;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე