განჩინება

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
010141319700079344
თარიღი
12.09.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700079344

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№265აპ-19 12 სექტემბერი, 2019 წელი

ს------ რ-----, 265აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივნების - გიორგი შალამბერიძის, ლელა სანიკიძის

პროკურორების - ცოტნე ცერცვაძის, მარიანა ონიანის

ადვოკატ - გ------- ლ---–---–-ს

მსჯავრდებულ - რ----- ს-------

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ რ----- ს-------ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ლ---–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განაჩენით რ----- ს------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტო მანქანის მართვის უფლება. რ----- ს------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 24 დეკემბრიდან.

 

ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა ი-----–- ბ-–---–---–-ს სამოქალაქო სარჩელი და განსასჯელ რ----- ს------ს დაეკისრა 11811 ლარის გადახდა დაზარალებულ ი-----–- ბ-–---–---–-ს სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდა მ----- ჯ---–---–ის სამოქალაქო სარჩელი და განსასჯელ რ----- ს------ს დაეკისრა 10050 ლარის გადახდა მ----- ჯ---–---–ის სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდა ლ---- ხ--–-–---–ის სამოქალაქო სარჩელი და განსასჯელ რ----- ს------ს დაეკისრა 33363,32 ლარის გადახდა ლ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდა მ------- ნ------ს სამოქალაქო სარჩელი და განსასჯელ რ----- ს------ს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა მ------- ნ------ს სასარგებლოდ.

 

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ს------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

რ----- ს------- დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 1999 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23.00 საათზე, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით (მძღოლს ეკრძალება მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით), ნასვამი რ----- ს------ 100 კმ/სთ სიჩქარით მართავდა ავტომანქანა „ბმვ-ს“ (სახ. № A------) და მოძრაობდა დ-----------–-----–---------–---–----------------------–-----–--------–-- მიმართულებით. იგი გასცდა ბენზინგასამართ სადგურ „ლ------ეს“, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები (მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვას, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე). კერძოდ, მან გადაამეტა აღნიშნულ გზის ნაწილზე დაშვებულ სიჩქარეს, ავტომანქანას მართავდა 100 კმ/სთ სიჩქარით, ვერ დაიცვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესები და მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის მიმართულებით ჰქონდა განუსაზღვრელი ხილვადობა, შექმნა მოძრაობისათვის საფრთხე, არ მიიღო ზომები სიჩქარის შესამცირებლად და ავტომანქანის გასაჩერებლად. რ----- ს------ ჯერ დაეჯახა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს გაჩერებულ ავტომანქანა ,,ვაზ-2106-ს“ (სახ. №A------), შემდეგ - ,,ვაზ–2106-ს“ და მის მოპირდაპირედ გაჩერებულ ,,ვაზ-2109-ს“ (სახ. №A------) შორის, სავალ ნაწილზე მყოფ დ----- ბ-–---–---–სა და ლ---- ხ--–-–---–ს, შემდეგ - ა/მანქანა ,,ვაზ–2109-ს“. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომანქანა „ბმვ-ს“ მგზავრმა ზ------ გ------–--ემ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ლ---- ხ--–-–---–მა, ხოლო გარდაიცვალნენ ,,ვაზ-2106-ის“ მგზავრი გ------- გ-----–---–- და „ბმვ-ს“ მგზავრები - ზ------ ნ------ და დ----- ბ-–---–---–-.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება.

 

რ----- ს------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

 

4. კასატორები - მსჯავრდებული რ----- ს------ და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ლ---–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილების მიღებას: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას; პირველი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებისა და განჩინებების გაუქმებას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ადვოკატმა გ------- ლ---–---–მა შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა რ----- ს-------თვის დანიშნული სასჯელის შემცირება, აგრეთვე - მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში.

 

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა. რ----- ს------- მიერ ჩადენილი დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში - დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3. რაც შეეხება სასჯელს, განსახილველ შემთხვევაში რ----- ს------ მსჯავრდებულია სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენისთვის. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, დაზარალებულების უფლებამონაცვლეების - მ----- ჯ---–---–ისა და მ----–--- ნ------ს განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ისინი თანხმობას აცხადებენ, რომ რ----- ს------- მიმართ გამოყენებულ იქნეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები და იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, პიროვნულ მახასიათებლებს (რ----- ს------ არის ა------ის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, მონაწილეობდა არაერთი მონასტრის მშენებლობაში) და მსჯავრდებულის მისწრაფებას, დაეხმაროს დაზარალებულების ოჯახებს.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტისა და 565-ე მუხლის გამოყენებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ რ----- ს------- სასიკეთოდ, კერძოდ: რ----- ს------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, უნდა შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო პალატის აზრით, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), მის მიმართ დამატებით საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ რ----- ს-------ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ლ---–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. რ----- ს------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.

 

3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად რ----- ს------ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.

 

4. რ----- ს------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების პერიოდი - 2000 წლის 29 ივნისიდან 2000 წლის 21 ივლისამდე, 2000 წლის 21 ნოემბრიდან 2001 წლის 18 იანვრამდე, 2001 წლის 27 აპრილიდან 2001 წლის 19 ივლისამდე, 2001 წლის 26 ოქტომბრიდან 2001 წლის 26 ნოემბრამდე, 2002 წლის 25 ნოემბრიდან 2002 წლის 27 დეკემბრამდე, 2003 წლის 24 დეკემბრიდან 2004 წლის 15 იანვრამდე.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე