განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002743392
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№623აპ-19 14 იანვარი, 2020 წელი
გ--–---ი ი-----–-, 623აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- გ--–---ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ი-----–- გ--–---ი, - დაბადებული 1--- წლის 1- ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ი-----–- გ--–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 31 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- გ--–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ი-----–- გ--–---ი 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ც------ს რაიონის სოფელ ჩ-------––ი, კ------- ჩ---------ს ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ნ----- ყ-----–---–-ს ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო 35 ლარი, 730 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 123 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ნივთი. ი-----–- გ--–---ის ქმედებით ნ----- ყ-----–---–ს მიადგა 888 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებული ი-----–- გ--–---ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი-----–- გ--–---ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ გარდა ი-----–- გ--–---ის აღიარებითი ჩვენებისა, წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - თ------ გ--–---ის, მ--- ჩ---------ს, თ------ მ-–---–----ს გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნ----- ყ-----–---–-ს გამოკითხვის ოქმი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ამოღების ოქმი და მასზე დართული ფოტომასალა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–- გ--–---მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
3. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: მართალია, ი-----–- გ--–---ს შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს ზიანის ანაზღაურების ნაწილში პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაავადებულია შიზოტოპური აშლილობით და არის შეზღუდული შერაცხადი, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი ი-----–- გ--–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ი-----–- გ--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი-----–- გ--–---ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი-----–- გ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;
4. ი-----–- გ--–---ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 31 ივლისიდან;
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ბ. ალავიძე