განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002353742
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N435აპ-19 ქ. თბილისი
ა--------–-, 435აპ-19 22 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილისა და მსჯავრდებულ ა-–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- დ----------–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–-------ს, – დ----------–-------–--–-, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას; დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენაში; ცრუ დასმენაში, რასაც თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, ი-----ს მოქალაქე ა-–-------ი, რომელსაც გააჩნია საქართველოში ბინადრობის უფლება, ქირით ცხოვრობდა მ–-----–---------------------ში, მ--- ა---–--ის საცხოვრებელ სახლში. ა-–-------მა სასიყვარულო შეტყობინებები მისწერა მ--- ა---–--ის დისშვილს – მ----- ჯ--------ას, რის გამოც ოჯახის წევრებმა ა-–-------ს აუკრძალეს მათ ბინაში მისვლა. 2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ა-–-------ი მივიდა მ–-----ში, მ--- ა---–--ის საცხოვრებელ მისამართზე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია მ--- ა---–--ის ბინაში, რითიც დაარღვია მფლობელის ბინის ხელშეუხებლობა. ბინის მფლობელისა და ოჯახის წევრების მოთხოვნაზე, რომ დაეტოვებინა ბინა, განაცხადა უარი და არ გადიოდა სახლიდან, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია. ა-–-------ი პოლიციის ძალით გაიყვანეს ბინიდან.
· 2018 წლის 31 იანვარს, 1:42:02 საათზე, ა-–-------მა კუთვნილი ტელეფონიდან (№5--------) განახორციელა ცრუ დასმენა დანაშაულის შესახებ სსიპ 112-ის ოპერატიულ სამსახურში, კერძოდ, მან განაცხადა, რომ ქალაქ მ–-----–---------------------ში მცხოვრები ნ--- ა---–--ის ბებიის სახლში, ინახება დიდი ოდენობით იარაღი, რაც შემდგომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა.
· ა-–-------მა, განაწყენებულმა მ--- და ნ--- ა---–--ეებზე, პირადი მოტივით გადაწყვიტა, შური ეძია მათზე და 2018 წლის 31 იანვარს, 12:33:43 საათზე, თავისი ტელეფონიდან (№5--------) განახორციელა ცრუ დასმენა დანაშაულის შესახებ სსიპ 112-ის ოპერატიულ სამსახურში, რასაც თან ერთვოდა ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, კერძოდ, მან განაცხადა, რომ ნ--- ა---–--ის სახლში ცხოვრების დროს (მდებარე მ–-----–---------------------ში) იქ ნახა ლ----- ა---–--ის მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც ის აღიარებდა, რომ მოკლა „ვინმე მ-----ს მამა...“, რაც შემდგომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა-–-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–-------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 13 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ჯემალ ნათელაშვილი ითხოვს ა-–-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი თ----- დ----------–---–ი – ა-–-------ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ა-–-------ის საქმის მასალები, შეამოწმა მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–-------ის მთლიანად, მის მიმართ შერაცხული ბრალის ყველა ეპიზოდში გამართლების შესახებ, რადგან საამისოდ საქმეში არ მოიპოვება სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენით მას მსჯავრი დაედო ორი დანაშაულისათვის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, როგორიცაა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ხოლო მეორეა იმავე კოდექსის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, როგორიცაა ცრუ დასმენა. საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა-–-------მა ნამდვილად ჩაიდინა სხვის ბინაში უკანონოდ შესვლა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას. მაგრამ მისთვის შერაცხულ ბრალს იმის თაობაზე, რომ მან ჩაიდინა ცრუ დასმენა პირადი მოტივით, რასაც თან ერთოდა ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს ეს დანაშაული არ აქვს ჩადენილი.
3. დაცვის მხარე თავის მოთხოვნას ა-–-------ის გამართლების შესახებ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში, საფუძვლად უდებს შემდეგ არგუმენტებს: კასატორის განმარტებით, შემთხვევა მოხდა ქ. მ–-----–--------------------–ში, როდესაც ა-–-------ს მფლობელებმა მოსთხოვეს აღნიშნულ მისამართზე ბინის დატოვება, მან დატოვა ბინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ა-–-------ი ბრუნდება უკან, ჯერ შედის ეზოში და კითხულობს ბინის მფლობელის ე-- ა---–--ის შვილს – ნ--- ა---–--ეს, რომელთანაც სურს საუბარი, მაგრამ იგი არ ელაპარაკება მას და შედის ბინაში. ამიტომ ა-–-------ი შეჰყვა მას ბინაში, სადაც მას თავისი ტანსაცმელი ჰქონდა დატოვებული და კვლავ ცდილობდა ნ--- ა---–--ესთან დალაპარაკებას, მაგრამ ამაოდ. ამ დროს ოჯახის წევრებმა დარეკეს „112–ში“ და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ა-–-------ი გაიყვანა ბინიდან და ადმინისტრაციული წესითაც დააჯარიმა ბინაში უკანონო შეჭრის გამო. დაცვის მხარე, მის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ა-–-------ს საქართველოს სსკ–ის 160–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვის ბინაში უკანონოდ შესვლა – არ აქვს ჩადენილი.
4. საკასაციო პალატა დაცვის მხარის პოზიციას ვერ გაიზიარებს, რადგან რეალური ფაქტობრივი გარემოებები სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე კასატორი აღწერს. საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია მოწმეთა პირდაპირი ჩვენებების სახით, ადასტურებენ, რომ ა-–-------ი, მას შემდეგ, რაც კანონიერმა მფლობელებმა დაატოვებინეს ნაქირავები ბინა მათთვის მიუღებელი საქციელის გამო, კვლავ შევიდა იმავე ბინაში მფლობელების ნების წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთა კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად და უარს აცხადებდა ბინიდან გასვლაზე, რითაც მან უხეშად დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა. ამის გამო ბინის კანონიერი მფლობელები იძულებული გახდნენ, გამოეძახებინათ პოლიცია მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად. ა-–-------ი ასევე წინააღმდეგობას უწევდა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ის ბინიდან იძულებით გაიყვანეს. ყოველივე აღნიშნული დადასტურებულია როგორც ბინის კანონიერი მფლობელების, ისე პოლიციის თანამშრომელთა პირდაპირი ჩვენებებით.
5. საკასაციო პალატის აზრით, არასწორია აგრეთვე დაცვის მხარის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ა-–-------ი აღნიშნულ ბინაში მანამდე ქირით ცხოვრობდა, მას უფლება ჰქონდა, შესულიყო ამ ბინაში. საქმე ისაა, რომ, მართალია, მას რამდენიმე ხნით ადრე, 2017 წლის ნოემბერში, ნაქირავები ჰქონდა ხსენებული ბინა, მაგრამ მომხდარ შემთხვევამდე, კერძოდ, იმავე თვეში, ის ოფიციალურად დაითხოვეს ბინის მფლობელებმა და გააფრთხილეს კიდეც, რომ იქ აღარ დაბრუნებულიყო, რის შემდეგაც მან დატოვა ბინა და წავიდა. სწორედ ამის შემდეგ, 2018 წლის 7 იანვარს, ა-–-------ი მაინც დაბრუნდა და უნებართვოდ შეიჭრა იმავე ბინაში, საიდანაც აღარ გადიოდა კანონიერი მფლობელების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ა-–-------ს არავითარი უფლება აღარ ჰქონდა, აღნიშნულ ბინაში შესულიყო და იქ ყოფილიყო და არც იმის საფუძველი გააჩნდა, რომ ეფიქრა – თითქოს მას ამის უფლება ჰქონდა.
6. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, არ არსებობს კანონიერი საფუძველი საქართველოს სსკ–ის 160–ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის შერაცხულ ბრალდებაში ა-–-------ის გამართლებისთვის, რის გამოც ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და ამ მიმართებით გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
7. ამავე დროს საკასაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ა-–-------ის გამართლების თაობაზე, რომელსაც ბრალად შეერაცხა ცრუ დასმენა, რასაც თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მან 2018 წლის 31 იანვარს, 12.34 საათზე, თავისი მობილური ტელეფონით (№5--------) დარეკა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112–ის“ ოპერატიულ სამსახურში, რა დროსაც განაცხადა: როდესაც ის ცხოვრობდა ნ--- ა---–--ის სახლში, მდებარე ქ. მ–-----ში, ა---------------, იქ ნახა ლ----- ა---–--ის მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც ის აღიარებდა, რომ მოკლა ვინმე მ-----ს მამა, ლ---- ჯ--------ა, რაც შემდგომში გამოძიებით არ დადასტურდა. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული ფაქტი სასამართლომ სწორად დაადგინა და ამ მხრივ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ა-–-------ის მიერ ეს ქმედება არ იყო განზრახ ჩადენილი, არამედ ის კეთილსინდისიერად ცდებოდა, რადგან სწორად ვერ გაერკვა ვითარებაში. მაგრამ სასამართლომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორად შეაფასა აღნიშნული ფაქტი როგორც ცრუ დასმენა.
8. საკასაციო პალატა განმარტავს: ცრუ დასმენა ხდება მაშინ, როდესაც პირი სამართალდამცავ ორგანოში, მას შემდეგ, რაც მას დადგენილი წესით ოფიციალურად გააფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გააკეთებს განცხადებას დანაშაულის თაობაზე ან მისი ჩამდენის შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. განსახილველ შემთხვევაში კი ა-–-------ს განცხადება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა და მისი ჩამდენის შესახებ სამართალდამცავ ორგანოში არ გაუკეთებია, არამედ მან ასეთი განცხადება გააკეთა სსიპ 112–ის ოპერატიულ სამსახურთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რომელიც არ წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოს და რომლის ფუნქციაა მხოლოდ ინფორმაციის (შეტყობინების) მიღება და გადაცემა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის, მომხდარი შემთხვევის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააკეთა სათანადო განმარტება თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში – №112აპ-17, რომელშიც მითითებულია: ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მ.ბ–ს ქმედებაში გამოკვეთილია არა ცრუ დასმენა, არამედ ცრუ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრ 112–ში, რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, რადგან მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება წარმოადგენს დასჯად ქმედებას. საინფორმაციო ცენტრ 112–ის სამსახურის არამიზნობრივად გამოყენება (კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ პირობებში) წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ გადაცდომას და მისთვის შესაბამისი სახდელია დაწესებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინება №212 აპ– 17 საქმეზე).
9. ამავე დროს, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ა-–-------ის ცრუ დასმენის (2018 წლის 31 იანვრის /01.42საათი/ ეპიზოდი) ნაწილში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რადგან, როგორც აღინიშნა, საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
10. ყველა ზემოთ განხილული გარემოების გათვალისწინებით, საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ა-–-------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა-–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- დ----------–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. მსჯავრდებული ა-–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
5. მსჯავრდებულ ა-–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 13 მარტიდან;
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-–-------ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე