დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.07.2021
საქმის ნომერი
ბს-940(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-940(კ-20) 6 ივლისი, 2021 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ქ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ზ. ქ-ამ 2017 წლის 31 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ამავე სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის წელთა ნამსახურობის ანგარიშის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ზ. ქ-ას ნამსახურობის საერთო ანგარიშში აისახება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი ნამსახურობის წლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზ. ქ-ას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 31 მაისის წელთა ნამსახურობის ანგარიში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ. ქ-ას ნამსახურობის საერთო ანგარიშში ასევე აისახება სსრკ-ს დროს აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა ორგანოებში 1981 წლის 20 ოქტომბრიდან 1988 წლის 22 ივლისამდე მისი ნამსახურობის წლები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი, ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად დაუანგარიშდა ნამსახურობის წლები და მას არ უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობის საერთო სტაჟში სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული პერიოდი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის ნამსახურობის წლების საერთო სტაჟში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის წლების ჩათვლა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, მის მიერ სამხედრო სამსახურის დაწყების პერიოდი და ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნისათვის, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის წლები ექვემდებარება წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩათვლას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ქ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 31 მაისს გამოსცა მოსარჩელის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, სადაც მის საერთო ნამსახურობად განისაზღვრა 26 წელი, 10 თვე და 27 დღე, კერძოდ, ნამსახურობის წლებში ჩაეთვალა 1979-1981 და 1994-2015 წლებში ნამსახურობის პერიოდი, თუმცა ნამსახურობის ანგარიშში უსაფუძვლოდ არ ასახულა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში 1981-1988 წლებში ზ. ქ-ას ნამსახურობის წლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან ნამსახურობის წლების გაანგარიშებაში მოსარჩელის ნამსახურობის სრული პერიოდი არ არის ასახული და დაანგარიშებული, არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე