დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.10.2021
საქმის ნომერი
ბს-842(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-842(2კ-20) 7 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

კასატორი (მესამე პირი) - ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ს-ი

მესამე პირი - ლ. ჯ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ს. ს-მა 2017 წლის 14 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოსარჩელისთვის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ამავე კომისიის 2008 წლის 7 მარტის №11 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე-16 საკითხი) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იუიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მარტის №11 საოქმო გადაწყვეტილება ლ. ჯ-ისთვის ქალაქ თბილისში, ...ი №3-ში მდებარე 82 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 8.7 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (საკითხი №16) და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ლ. ჯ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ბ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ს. ს-ის შუამდგომლობა და მოპასუხეს ს. ს-ის სასარგებლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად გადახდილი თანხის - 200 ლარის გადახდა დაეკისრა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ვ. ბ-მა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მხოლოდ საქმეში მონაწილე პირთა წრის შეცვლა გახდა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ბ-ი, რომელსაც უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი 21.04.2017 წელი), საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისში, ...ი №3-ში.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ცალსახად აღნიშნეს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისში, ...ი №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართით-82 კვ.მ. კომისიამ მიანიჭა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია და მასზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლება უღიარა ლ. ჯ-ს, თუმცა კომისია ისე დაეყრდნო მხოლოდ ლ. ჯ-ის მიერ წარდგენილ განცხადებას, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, ადგილზე არ გასულა და თავად არ შეუმოწმებია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, უფლების დამადასტურებელი საბუთით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 72კვ.მეტრს, ხოლო დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით კი - 82 კვ.მეტრს. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთს რატომ მიენიჭა მართლზომიერი მფლობელობის სტატუსი. ასევე არ დასაბუთებულა ლ. ჯ-ზე დამატებით 10კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა მართლზომიერი მფლობელობის სტატუსით, თუ თვითნებურად დაკავების საფუძვლით.

კასატორის აღნიშვნით, სასამართლოებს შეფასება უნდა მიეცათ იმ გარემოებისთვის, თუ რამდენად წარმოადგენდა გზას 8.7. კვ.მ. ტერიტორია და ამ პირობებში სრულიად არაარსებითი იყო სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებაზე, რა საფუძვლით მოხდა 10 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულის შეფასების შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა იმის დადგენას, საკუთრების უფლების აღიარება მოხდა, როგორც მართლზომიერი მფლობელობის თუ თვითნებურად დაკავებულის სტატუსით, რადგანაც თუ დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ საკუთრებააღიარებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა გზას, განსახვავებული გადაწყვეტილება კომისიის მხრიდან მიღებული ვერ იქნებოდა.

კასატორი - ვ. ბ-ი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იუიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მარტის №11 საოქმო გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ი №3-ში მდებარე 82 კვ.მ. მიწის ფართს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია და მასზე ლ. ჯ-ს ეღიარა საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 10 მარტს გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა და სადავო მიწის ნაკვეთი ლ. ჯ-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცულია ლ. ჯ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მას სარგებლობაში აქვს 82.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს სადავო აქტის მართებულობას და შესაბამისად, არ ქმნის ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით ლ. ჯ-ისთვის 82.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 10 კვ.მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერება, ვინაიდან სადავო აქტით მოსარჩელე ს. ს-ს შეეზღუდა სახლამდე მისასვლელი გზა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები ამავე წესის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არის ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს ფაქტი, რომ იგი ნამდვილად მართლზომიერად ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით. ამასთან, კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობა და სარგებლობა.

საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, დასტურდება, რომ ლ. ჯ-ის მართლზომიერი მფლობელობის უფლება დადგენილია 72.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ს საკუთრებად უღიარდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი 82.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც მოარჩელის განმარტებით, პირდაპირ და უშულო ზიანს აყენებს მას, ვინაიდან აღიარების კომისიის მიერ ლ. ჯ-ისათვის უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე, დამატებით აღიარებულ 10.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთში მოექცა ს. ს-ის სახლამდე მისასვლელი გზის (ჩიხის) 8.7 კვ.მ ნაწილი, რამაც მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლამდე მისვლა შეუზღუდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ, ერთი მხრივ, ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის - ვ. ბ-ის ინიციატივით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 აგვისტოს №5004613617 ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ვ. ბ-ის საკუთრებაში არსებული (ს.კ. ...) 82.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან სადავო 8.7. კვ.მ.-იანი მონაკვეთი მდებარეობს ჩიხის ბოლო ნაწილში, რომელიც არ წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს სხვა რომელიმე ტერიტორიასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე - ს. ს-ის ინიციატივით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ივლისის №5004012717 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №4/7 მისამართზე მდებარე ...ის ეზომდე და ს. ს-ის მიერ დაკავებულ ნაგებობებამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო და საფეხმავლო გზა მოწყობილია ...ის გავლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (2008 წლის 07 მარტის №11 საოქმო გადაწყვეტილება, დღის წესრიგის მე-16 საკითხი) ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით ლ. ჯ-ის საკუთრების უფლება უდასტურდებოდა მხოლოდ 72.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ დასაბუთებულა, რა საფუძვლით მოხდა ლ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარება დამატებით 10.00 კვ.მ. მიწაზე, რომელიც ს. ს-ის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელ ერთადერთ გზას, სატრანსპორტო ზონის - 8.7 კვ.მ-იან მონაკვეთს მოიცავდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. კომისიის მიერ შეფასებას საჭიროებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე ადგილზე არსებული ვითარება. ამასთან, საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული ოქმის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან სადავო აქტში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ვ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 12 ოქტომბერს 9961371078 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე