არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 25.11.2021
საქმის ნომერი
ბს-546(კს-ს-21)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-546(კს-ს-21) 25 ნოემბერი, 2021 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გი. გ.აშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბ., გ., ბი., გი. გ-იებისა და ნ. ბ-ის კერძო საჩივრისა და საჩივრის საფუძვლიანობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებებზე (საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის და მოსამართლის ნ. კალანდაძის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

03.06.2020წ. გ., გი., ბ., ბი. გ-იებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის/ დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით, განმცხადებლებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ...ის თემში (...-ე კვარტალში) მდებარე 2,7 ჰა მიწის ნაკვეთის ,,...ის’’ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის აკრძალვა (განკარგვა), მათ შორის შემდეგი გაუქმებული საკადასტრო კოდების აღდგენა: N... (მიმდინარე წარმოება: ...), N..., N..., N..., N... (მიმდინარე წარმოება: ...), N..., N..., N..., N... (მიმდინარე წარმოება: ...), N..., N..., N... და N....

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული შუამდგომლობის ცაგერის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის, მოცემული სასამართლოს მოსამართლის (ნ. ჯანხოთელი) და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის (გ. გოცირიძე) თვითაცილების გამო, საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2020წ. განჩინებით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2020წ. განჩინებით გ. გ-იის, გი. გ-იის, ბი. გ-იების და ბ. გ-იის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დროებითი განჩინების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ხ-იმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებით ხ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ...ის თემში (კერძოდ, ...-ე კვარტალში) მდებარე 2.7 ჰა მიწის ნაკვეთის ,,...ის’’ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის (განკარგვის) აკრძალვის, გაუქმებული საკადასტრო N... (მიმდინარე წარმოება N...) კოდის აღდგენის აკრძალვის ნაწილში.

გი., გ., ბ., ბი. გ-იების და ნ. ბ-ის წარმომადგენლებმა ჯ. გ-იმა და მ. ლ-ამ 19.02.2021წ. მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 22.09.2020წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული საქმე მოსამართლის (ხ. ხომერიკის) თვითაცილების გამო ელექტრონული სისტემის მეშვეობით განსახილველად გადანაწილდა მოსამართლე ნ. კალანდაძეზე. 12.03.2021წ. გი., ბი., ბ., გ. გ-იებისა და ნ. ბ-ის წარმომადგენლებმა ასევე იშუამდგომლეს მოსამართლის ნ. კალანდაძის აცილების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებით გ., გი., ბი., ბ. გ-იებისა და ნ. ბ-ის წარმომადგენელის ჯ. გ-იის შუამდგომლობა მოსამართლე ნ.კალანდაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებით გ. გ-იის, გი. გ-იის, ბ. გ-იის, ბი. გ-იის და ნ. ბ-ის (წარმომადგენლები- ჯ. გ-იი, მ. ლ-ა) განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.2020წ. განჩინების გაუქმებისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად სსკ-ს 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მითითების მიუხედავად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რამეთუ ეს უკანასკნელი თავად არეგულირებს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას ადმინისტრაციული უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების შეცვლის/გაუქმების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებულია დროებითი განჩინება ასკ-ის 31-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნული მუხლი არ შეიცავს დანაწესს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას დროებითი განჩინების შეცვლის ან გაუქმების შესახებ, თუმცა სააპელაციო პალატამ სსკ-ის მე-7 მუხლზე მითითებით დასაშვებად მიიჩნია დროებითი განჩინების შემთხვევაზე სასკ-ის 29.8 მუხლით დადგენილი პროცესუალური წესის გამოყენება. ამასთანავე, შესაძლებლად იქნა მიჩნეული სსკ-ის 423-ე მუხლით განსაზღვრული ,,ახლად აღმოჩენილი გარემოების“ ცნების ქვეშ მოქცეული განმარტების გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ., ბი., ბ., გი. გ-იების და ნ. ბ-ის განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ გარემოებას. პალატის მოსაზრებით განცხადება შეიცავს არა ახლად აღმოჩენილ გარემოებების საფუძვლით განჩინების გაუქმების მოთხოვნას, არამედ 20.09.2020წ. განჩინებაზე (დროებითი განჩინების გაუქმება ხ. ხ-ის ნაწილში) გამოთქმულ უარყოფით შეფასებას. ხ. ხ-ის ასკ-ს 16.2 მუხლით მესამე პირად ჩაბმის სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ. ხ-ი ა.ა ხ-იის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა თავად განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით, სადაც თავად მიუთითეს მესამე პირთა უფლებამონაცვლეების პერსონალური მონაცემები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 22.09.2020წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ., ბ., ბი. გ-იებმა და ნ. ბ-იმა. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობაზე, კერძოდ, მათ არ დაუყენებიათ შუამდგომლობა მესამე პირის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მესამე პირებს საერთოდ არ გააჩნიათ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სამართლის ნორმების მრავალფეროვნებიდან და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებიდან გამომდინარე, გართულებულია სასამართლოს სამართლებრივი პოზიციის მართებულობის შეფასება. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ განსახილველ დავაში ინდივიდუალური ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება არ მომხდარა, რის გამო არარელევანტურია ასკ-ის 29.8 მუხლის და სსკ-ის მე-7 მუხლის გამოყენება. კანონი განსაზღვრავს საპროცესო ნორმათა მიმართ ანალოგიის გამოყენების წესს, უკეთუ არ არსებობს არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამოქალაქო საპროცესო ნორმა, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია, სსკ-ის მე-7.2 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონის ანალოგიის გამოყენების საჭიროება, ვინაიდან არსებობს საკითხის მომწესრიგებელი ნორმა (სსკ-ის 420-430-ე მუხლები). ამასთან, სახეზე არ არის მსგავსი ურთიერთობა. ასკ-ის 29.8 და 301.2 მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს კონკრეტული სახის განჩინება, კერძოდ ინდივიდუალური ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინება. დროებითი განჩინება და აქტის მოქმედების შეჩერება ერთმანეთისაგან განსხვავდება არამხოლოდ ფორმალური, არამედ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობებით. შესაბამისად, დროებითი განჩინების მიმართ ასკ-ის 29.8 მუხლის გავრცელება დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახეზეა საქმის წარმოების განახლების სსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი გამოიწვევდა მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხ. ხ-იის კერძო საჩივრის განხილვის პროცესში (30.08.2020წ.) მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციის (გაუქმებულ საკადასტრო კოდებზე) გაცემის მოთხოვნით, ხოლო პასუხი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ მიიღეს. საჯარო რეესტრის 18.01.2021წ. N... წერილით ეცნობათ, რომ სარეგისტრაციო მოწმობები არ არის დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სააგენტო მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტაციის თაობაზე კონკრეტული მონაცემების დამუშავების და ინფორმაციის გაცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაუქმებელი განჩინება ეფუძნება მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევა სასამართლოს მიერ სათანადოდ არ მომხდარა და თავის მხრივ წარმოადგენს არარა აქტის კლასიკურ ნიმუშს. კერძო საჩივრის ავტორები საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებულ მტკიცებულებებზე (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.01.2021წ. N... გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დამატებითი ინფორმაცია (31.07.2018წ N13/106003 წერილი)) დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ მესამე პირებს არასდროს ჰქონიათ სამართლებრივი შედეგის წარმომშობი დოკუმენტი, რის გამო საქმეში მათი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩართვა გაუმართლებელია. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია სარეგისტრაციო მოწმობაში არსებული ინფორმაცია, დამატებით არ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, არსებობდა წინააღმდეგობა სარეგისტრაციო მოწმობასა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი წერილში ასახულ ინფორმაციას შორის. კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ ხ. ხ-ის არ ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა სავალდებულო მოწვევის მესამე პირს (არ დგინდება პატივსადები ინტერესი).

კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 20.07.2005წ. N2/40 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ხ-იების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები გაუქმებულია. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში (26.10.2001-13.02.2004 წ.წ.) აქტის არარად ცნობის საფუძვლები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცალკე მუხლით არ იყო დარეგულირებული, შესაბამისად იგი მოქცეული იყო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მუხლში, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებითაა განპირობებული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში სიტყვიერად არაა მოხსენიებული აქტის არარად ცნობა, ხოლო ფაქტობრივად სამართლებრივი შედეგი დადგა, რადგან სარეგისტრაციო ჩანაწერები გაუქმდა. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ უკანონოა სასამართლოს მიერ არარა აქტად ცნობილი აქტის (...ის თემის საკრებულოს 22.11.2002 დადგენილება) საფუძველზე გამოცემული სარეგისტრაციო მოწმობების მფლობელი პირის უფლებამონაცვლის (ხ. ხ-ის) სასამართლო პროცესში მესამე პირად ჩართვა და გასაჩივრების უფლებით აღჭურვა. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ფაქტი, რომ მათ 2005 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 17 მარტამდე პერიოდში კანონიერად ჰქონდათ 2,7 ჰა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას (,,საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი). კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა თუ რამდენად შეეძლო ახლად აღმოჩენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.21წ N... წერილი, 29.01.2021წ. N... გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 31.07.2018წ. N13/106003 წერილი) ხელსაყრელი შედეგის უზრუნველყოფა.

კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რადგან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება მიიღო ზეპირი მოსმენისა და მხარეთა დასწრების გარეშე. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014წ. N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’, II-61), რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა გარემოებების დადგენას საჭიროებს. განხილვის ფორმის განსაზღვრისას გადამწყვეტია - სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს თუ იმავდროულად ახდენს ფაქტების შეფასება/შესწავლასაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014წ. N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-74’’). კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო ზეპირი მოსმენით, რადგან საკითხის გადაწყვეტა მოითხოვდა ახლად აღმოჩენილი გარემოებების და მტკიცებულებების შეფასება/გამოკვლევას.

13.05.2021წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ბ., გ., ბი., გი. გ-იების და ნ. ბ-ის წარმომადგენლების (ჯ. გ-იი და მ. ლ-ა) მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აცილებაზე უარის შესახებ 13.04.2021წ. განჩინებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საჩივარი. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნ. კალანდაძემ ობიექტურობის და მიუკერძოებლობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, გამოავლინა აშკარა მიკერძოება, რაც გამოიხატა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების დაუშვებლობაზე მითითებით. საჩივრის ავტორები სსკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მართალია აცილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა ის საჩივრდება საქართველოს კონსტიტუციის 31.1, სსკ-ის 36-ე, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. საჩივრის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლი მოიცავს არამარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 17.03.2005წ. N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე ,,მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას, მათ შორის გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 19.10.1018წ. N2/7/779 გადაწყვეტილება ,,საქართველოს მოქალაქე დ. მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’). საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად (ცალკე)- კერძო საჩივრით, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად (სუსგ ას-367-346-2014, სუსგ-ას-590-558-2011). საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2021წ. განჩინება გასაჩივრებული აქვთ იმავე დღეს მიღებულ გასაჩივრებას დაქვემდებარებულ განჩინებასთან ერთად მათ ერთიან კონტექსტში განხილვის მიზნით. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ნ. კალანდაძემ ვერ უზრუნველყო დამაჯერებელი, მიუკერძოებელი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. საჩივრის ავტორები მოსამართლე ნ. კალანდაძის აცილების დასაბუთების კუთხით მიუთითებენ ზემოაღნიშნული მოსამართლის მონაწილეობით გამოტანილ განჩინებებზე (მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2019წ. 3/482-19 განჩინებაზე (სასამართლო შემადგენლობა - მომხსენებელი: გ. აბუსერიძე, მოსამართლეები: ნ. კალანდაძე, ხ. ხომერიკი)), აღნიშნავენ, რომ ნ. კალანდაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გამო, მესამე პირების პროცესზე არმოწვევის საფუძვლით, ბათილად ცნო მათ სასარგებლოდ ლენტეხის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.07.2005წ. N2/40 გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სსკ-ის 31-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად ნ. კალანდაძე აცილებულ უნდა იქნას საქმის განხილვიდან. საჩივრის ავტორები ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართალზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ მიუკერძოებლობა, როგორც წესი, გულისხმობს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრისა თუ განწყობის არარსებობას (Sekerija v.Croatia, განაცხადი no.3021/14 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 05.11.2020წ. გადაწყვეტილება). საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნ. კალანდაძის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-15 წელს გაბათილება მესამე პირების არ მოწვევის მოტივით, გამორიცხავს მის მიუკერძოებლობას. საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნ. კალანდაძის მონაწილეობა საქმის განხილვაში, მის პოზიციას წინასწარ განჭვრეტადს ხდის, რადგან მონაწილეობა აქვს მიღებული კონკრეტულ საქმესთან კავშირში მყოფ სხვა საქმეზე. საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზება, რადგან დაირღვა ზეპირი მოსმენის, მხარეთა შეჯიბრებითობის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის უფლებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გ., გი., ბ., ბი. გ-იები და ნ. ბ-ი მოითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. N3/ბ-53-2021წ. განჩინებების გაუქმებას (ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო საქმისწარმოების განახლებაზე უარის თქმის (ხ. ხ-ის კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ ნაწილში) და მოსამართლის ნანა კალანდაძის აცილების შუამდგომლობა/განცხადების არ დაკმაყოფილების შესახებ) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის ავტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრის, საჩივრის, გასაჩივრებული განჩინებების, საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ., გ., ბი., გი. გ-იების და ნ. ბ-ის კერძო საჩივარი და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინების კანონიერება წარმოადგენს, რის გამო დადგენას საჭიროებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინამძღვრების არსებობა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ გ., გი., ბი. და ბ. გ-იებმა და ნ. ბ-იმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების/დროებითი განჩინების გამოყენების მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2020წ. განჩინებით გ. გ-იის, გი. გ-იის, ბი. გ-იის და ბ. გ-იის განცხადება დაკმაყოფილდა, დროებითი განჩინებით, დროებითი ღონისძიების სახით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ...ის თემში (კერძოდ 36-ე კვარტალში) მდებარე 2,7 ჰა მიწის ნაკვეთის ,,...ის’’ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაცია, მათ შორის შემდეგი გაუქმებული კოდების აღდგენა: ... (მიმდინარე წარმოება ...), ..., ..., ..., ... (მიმდინარე წარმოება:...), ..., ..., ..., ... (მიმდინარე წარმოება:...), ..., ..., ..., ... - მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ხ. ხ-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებით ხ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ...ის თემში (კერძოდ ...-ე კვარტალში) მდებარე 2,7 ჰა მიწის ნაკვეთის ,,...ის’’ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის (განკარგვის) აკრძალვის, გაუქმებული საკადასტრო კოდის აღდგენის: N... (მიმდინარე წარმოება ...) აკრძალვის ნაწილში.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ითვალისწინებს უფლების სასამართლო წესით დაცვას. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არამხოლოდ რეპრესიულ დაცვას, არამედ პრევენციული დაცვის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც, მათ შორის, დროებით დაცვას. ადმინისტრაციული სამართლისათვის დამახასიათებელია დაინტერესებული პირის უფლების პრევენციული დაცვის დუალისტური საშუალებები. უფლების დროებითი დაცვა ხორციელდება ასკ-ის 29-ე მუხლის (აქტის მოქმედების შეჩერება), აგრეთვე ასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის (დროებითი განჩინება) საფუძველზე. მხარეს შესაძლებლობა აქვს სარჩელის აღძვრამდე მიმართოს სასამართლოს დავის საგანთან დაკავშირებით დროებითი განჩინების მისაღებად, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზებას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება (ასკ-ის 31-ე მუხლი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული დავის ფარგლებში არსებული გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების გზით. ასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელია პირის დაცვა მმართველობის ღონისძიებების უარყოფითი შედეგებისაგან, დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებამდე. გ., ბ., გი., ბი. გ-იები და ნ. ბ-ი მიუთითებენ, რომ სამომავლოდ წარსადგენი სარჩელი აღძრული იქნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის (მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) მოთხოვნით, ამასთანავე, მათი ინტერესი და სასამართლო დავის საბოლოო მიზანია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება/დადასტურება და ამდენად, საკუთრების რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამომავლო დავის საგნის შინაარსა და მიზანზე. გ., ბ., გი., ბი. გ-იებისა და ნ. ბ-ის რეალურ ინტერესს შეადგენს დავის დასრულებამდე მათ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სხვა პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის არდაშვება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას იხელმძღვანელა ასკ-ის 31-ე მუხლით და მიიღო დროებითი განჩინება. მოსარჩელეების სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო საკადასტრო კოდებზე რეგისტრაციის აკრძალვა, რაც თავისი შინაარსით სასკ-ის 31-ე მუხლით განსაზღვრულ უზრუნველყოფის ღონისძიებას მიეკუთვნება. დროებითი განჩინების, როგორც უფლებრივი დაცვის დროებითი საშუალების ერთ-ერთი მიზანია საბოლოო გადაწყვეტილებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახეები ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი თავადაც განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ორ სახეობას - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას (ასკ-ს 29-ე მუხ.) და დროებითი განჩინების მიღებას (ასკ-ს 31-ე მუხ) (სუსგ ბს-1562 უს-კ-18), სუსგ ბს-60-59 (3კს-17), ბს-930-922 (2კ-16), ბს-1562 (უს-კ-18)). აღნიშნული მართალია არ გამორიცხავს სსკ-ით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ადმინისტრაციული დავის განხილვისას გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას უპირატესად სასკ-ით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 31-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობები, მოცემული ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი წესები.

ბი., გი., გ., ბ. გ-იები და ნ. ბ-ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. N3/ბ-272-2020 განჩინების გაუქმებას ითხოვენ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე მითითებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებით გ., გი., ბ., ბი. გ-იების და ნ. ბ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილდა. განმცხადებლების მიზანი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 22.09.2020წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლებს საქმის წარმოების განახლებაზე უარი უთხრა ასკ-ის 29.8 მუხლსა და სსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად არ დაადგინა განსახილველი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებულია დროებითი განჩინება. დროებითი განჩინების მიღება განპირობებული იყო მხარის უფლებების დაცვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი ნორმის სწორად შეფარდება. ნორმის განმარტება უნდა მოხდეს გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც ასევე გასათვალისწინებელია ნორმის მიზანი. ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი ან გრამატიკული განმარტება არ იძლევა მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას. ერთიანობის პრინციპის თანახმად, ყოველი ნორმა განმარტებულ უნდა იქნას არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით - კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში. მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი დროებითი განჩინების გაუქმების ან შეცვლის წესს არ განსაზღვრავს, თუმცა ვინაიდან დროებითი განჩინება, აქტის მოქმედების შეჩერების მსგავსად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეს წარმოადგენს, მასზე შესაძლებელია ასკ-ის 29.8 მუხლის გავრცელება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ასკ-ის 29.8 მუხლის მოქმედების სფეროს, ადგენს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვის და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი (ასკ-ის 1.2 მუხლი). სსკ-ის 7.2 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). ასკ-ის 31-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, ამავე კოდექსის 29.8 მუხლთან კავშირში. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით რეგულირებულია ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო სასამართლოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების ან შეცვლის საკითხი (ასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი), რაც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების არსობრივი მსგავსების გამო, მოწესრიგების ხარვეზის არსებობისას არ გამორიცხავს მოცემული წესის დროებითი განჩინების მიმართ გავრცელების პროცესუალურ შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებითი განჩინება, აქტის მოქმედების შეჩერების მსგავსად, წარმოადგენს რა სარჩელის უზრუნველყოფის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საშუალებას, შესაძლებელს ხდის არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებით მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკის შემცირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას დროებითი განჩინების მიმართ აქტის მოქმედების შეჩერების მარეგულირებელი ნორმების გამოყენების გამორიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახეზეა მსგავსი ტიპის ურთიერთობა. დროებითი განჩინება სამართლებრივი ბუნებით აქტის მოქმედების თაობაზე მიღებულ განჩინებასთან ახლოსმდგომია, რის გამოც დასაშვებია პროცესუალური ანალოგიის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას ახალად აღმოჩენილი გარემოების გამო, დროებითი განჩინების შეცვლის ან გაუქმების განხილვისას სსკ-ის 423-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის გამოყენება ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისთვის ცხადია არ გამოირიცხება, თუმცა ეს არ გულისხმობს აღნიშნული ნორმის გამოყენებას ადმინისტრაციულ პროცესში სპეციალური მოწესრიგების არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულს ადასტურებს ასევე სზაკ-ის 342 მუხლის დათქმაც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს სსკ-ის 423-ე მუხლისა და ასკ-ის 29.8 მუხლის მოწესრიგების სფეროები, დროებით განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების წესი და საფუძვლები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით ახლად აღმოჩენილი გარემოებისას, დროებითი განჩინების გაუქმების მოთხოვნის უფლების შესაბამისი ნორმით განუსაზღვრელობა არ გამორიცხავს უფლებამოსილი პირის მიერ ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. სასამართლოს არ აქვს უფლება უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე მომწესრიგებელი ნორმის ბუნდოვანების თუ არარსებობის შემთხვევაშიც. მოწესრიგების ხარვეზი ქმნის ნორმის განმარტების და არა საკითხის მოწესრიგებაზე უარის თქმის საფუძველს, ხოლო იმ შემთხვევაში უკეთუ საკითხის მომწესრიგებელი ნორმა საერთოდ არ არსებობს, წარმოიშობა კანონის ან სამართლის ანალოგიის გამოყენების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო დროებითი განჩინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ნორმაში კონკრეტულად მიუთითებლობა არ ართმევს მხარეს ასეთი მოთხოვნის უფლებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას აქტის მოქმედების შეჩების შესახებ განჩინების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობას (ასკ-ის 29.8 მუხ.). ამასთანავე არ იკვეთება დიფერენცირების რაიმე გონივრული საფუძველი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს შორის მხოლოდ ერთ-ერთთან მიმართებით ასეთი შესაძლებლობის დაშვების ლეგიტიმური მიზანი, მხარის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის საჭიროება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მეორე ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამდენად, მხარეს უნდა მიეცეს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე განცხადების წარდგენის შესაძლებლობა და საკითხის განსახილველად საპროცესო ანალოგიით ასკ-ს 29.8 მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.8 მუხლი, რომელიც თავისი არსით შემთხვევათა ფართო სპექტრს მოიცავს, იძლევა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის საკითხის დასმის საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად ფართო შემთხვევებს, რომელიც არ იზღუდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით. ასკ-ს 29.8 მუხლი უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად, შეჩერების შემდეგ წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სსკ-ს 423-ს მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა (სუსგ 12.09.2019 ბს-688 (კს-19)). ასკ-ის 29.8 მუხლი მხარის უფლების დაცვის მეტ შესაძლებლობას მოიცავს, რადგან სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისგან განსხვავებით, მხარე არ არის შეზღუდული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, შედგომში დამდგარი გარემოებისა და მტკიცებულების წარდგენაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასკ-ის 29.8 მუხლის განმარტება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მისი რეგულაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით გავრცელდეს აგრეთვე ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დროებითი განჩინების გაუქმების შემთხვევაზე.

უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ ხ. ხ-ი წარმოადგენდა დროებითი განჩინების გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილ სუბიექტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხ. ხ-ი მოცემულ დავაში დაინტერესებული მხარეა ვინაიდან, დასმული მოთხოვნებიდან ერთ-ერთზე კერძოდ, საკადასტრო კოდის N... მიწის ნაკვეთზე, გაცხადებული არის პრეტენზია. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ გ., გი., ბი., ბ. გ-იებმა და ნ. ბ-იმა 29.06.2020წ. წარდგენილ განცხადებაში (ტ.2, ს.ფ.13-16), თავად მიუთითეს ხ. ხ-ი, როგორც პოტენციური მესამე პირი და ა.ა ხ-იის უფლებამონაცვლე. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ დავა ეხება სარჩელის აღძვრამდე გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, განსახილველ დავაში ხ. ხ-ის მესამე პირად ჩაბმა/არჩაბმის კანონიერების შეფასება ამ ეტაპზე სცილდება საკასაციო სასამართლოს განხილვის ფარგლებს. სადავო ქონებაზე ხ. ხ-ის საკუთრების და მფლობელობის გამოსარიცხად, კერძო საჩივრის ავტორები ლენტეხის რაიონული სასამართლოს 25.07.2005წ. გადაწყვეტილებაზე მითითებით მიიჩნევენ, რომ ხ. ხ-ის სახელზე გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველი - ...ის თემის საკრებულოს 22.11.2002წ. მიწის გადანაწილებაზე მიღებული N3 ოქმი არარა აქტია, თუმცა თავადვე აღნიშნავენ, რომ ...ის თემის საკრებულოს 22.11.2002წ. დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლენტეხის რაიონული სასამართლოს 25.07.2005წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი (15.10.2019წ. N3/15-19) განჩინებით. შესაბამისად საფუძველსაა მოკლებული ლენტეხის რაიონული სასამართლოს 25.07.2005წ. გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე მითითება.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში მყოფ 11.08.2020წ. განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ. განჩინება (საქმე N3/8-20). ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ე., ვ., თ., კ. ხ-იების შუამდგომლობა; ბ., ჯ., ბი., გ., გი. გ-იების და რ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, ...ის თემის საკრებულოს 25.11.2002წ. მიწის გადანაწილებაზე მიღებული N3 ოქმის/ დადგენილების გაუქმების, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ჩანაწერების (ს/კ N...-...) და ბ., გი., ი., გ. გ-იების და რ. ბ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ...ის თემის სოფელ საყდარში მდებარე ნაკვეთზე, სახელწოდებით ,,...ი’’, როგორც მათი წინაპრის ბ. მ.-ის ძე გ-იისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ...ის თემის საკრებულოს მიწის გადანაწილებაზე მიღებული 25.11.2002წ. N3 ოქმის/ დადგენილების გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება ...ის თემის საკრებულოს მიწის გადანაწილებაზე მიღებული 25.11.2002წ. N3 ოქმის/ დადგენილების და მის საფუძველზე გამოცემული ხ. ხ-ის სარეგისტრაციო მოწმობის არარად ცნობის თაობაზე. სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებსა და მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები (სსკ-ის 266-ე მუხლი).

სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასკ-ს 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასათანადოდ გამოკვლევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების მოთხოვნით განცხადების წარდგენისას, ასეთი გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ განმცხადებელს აქვს, განმცხადებელია ვალდებული დაასაბუთოს განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობა. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი (ასკ-ის 19.1 მუხ.) არ ათავისუფლებს მხარეს მტკიცების ტვირთისაგან.

განმცხადებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხ. ხ-ის კერძო საჩივრის განხილვის პერიოდში (30.08.2020წ. განცხადება), მიმართული ჰქონდათ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 05.02.2003წ. გაცემული სარეგისტრაციო მოწმობების (საკადასტრო კოდები: ...; ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...) თაობაზე ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის 18.01.2021წ N... წერილი, 29.01.2021წ. N... გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დამატებითი ინფორმაცია (31.07.2018წ. წერილი) შეიცავს მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო ხ. ხ-ის კერძო საჩივრის განხილვის პერიოდში გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს გარემოება, რომელიც აუმჯობესებს პირის სამართლებრივი მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.2021წ. N... წერილი და 29.01.2021წ. N... გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 31.07.2018წ. 13/106003 წერილი). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.2021წ. (N...) წერილის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში 2002-2003 წლებით დათარიღებული სარეგისტრაციო მოწმობები დაცული არ არის (ტ.3, ს.ფ 58). ანალოგიური შინაარსისაა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.01.2021წ. N... გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდი: ...-დან ...-ის ჩათვლით) სააღრიცხვო ბარათებში მითითებული ფიზიკური პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, 2002 წ. წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის განცხადება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის არქივში დაცული არ არის (ტ.3, ს.ფ.63). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციიდან ცალსახად კონკრეტული პირის საკუთრების უფლება არ დგინდება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 31.07.2018წ. N13/106003 წერილით დგინდება ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ლენტეხის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-2002 წლების საკომლო წიგნში ხ. ხ-იის მამის ა. ხ-იის კომლში ჩაწერის ფაქტი. ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (1970 წელს აგებული) და 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი - 1988 წლის მიხედვით, 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი - 1990 წლის მონაცემებით. 1986-1987, 1989, 1991-2002 წლების ჩანაწერები მიწის ნაკვეთის შესახებ რეგისტრირებული არ არის, 2001-2005 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ა. ხ-იი. ...ის თემის საკრებულოს 2006-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის განაწილების და საგადასახადო სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა.

ვინაიდან საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მნიშვნელოვანია შეფასდეს წარდგენილი ახალი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, ხ. ხ-იის კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში გ., გი., ბ., ბი. გ-იისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ მიღებული დროებითი განჩინების ძალაში დატოვების (სრულად) შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალ მტკიცებულებებად წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მხოლოდ ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობაზეა მითითებული, რაც არ ასაბუთებს მათი გათვალისწინების შემთხვევაში ხ. ხ-ის კერძო საჩივრის განხილვისას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბუნებიდან გამომდინარე იგი მართლმსაჯულების რეალურ, ეფექტურ განხორციელებას ემსახურება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდთან, წინააღმდეგ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ., ბ., ბი., გი. გ-იებისა და ნ. ბ-ის მომავალში წარსადგენი სარჩელი საქმის წარმოების მოცემულ პროცესუალურ ეტაპზე არ იძლეოდა ასეთი ვარაუდის შესაძლებლობას, რადგან დაინტერესებულ პირებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე (N..., N..., N... N... და N... საკადასტრო კოდებზე) საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდათ ლენტეხის რაიონული სასამართლოს 20.07.2005წ. N2/40 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 15.10.2019წ. განჩინებით. შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად საკადასტრო კოდებზე (N..., N..., N..., N... და N...ა N... და N...ა) გააუქმა რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ შეექმნა რწმენა იმისა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელია მოსარჩელეთა უფლებების პრევენციული დაცვისთვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი განჩინების გამოყენება უსაფუძვლო იყო ხ. ხ-ის მიმართ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მასზედ, რომ გ., ბ., ბი., გი. გ-იებისა და ნ. ბ-ის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებებად მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.2021წ. განჩინების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ., ბი., ბ., გი. გ-იების და ნ. ბ-ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სარჩელის აღძვრამდე მიმართული იყო სწორედ მომავალში წარსადგენი სარჩელის (საჯარო რეესტრის რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების უზრუნველსაყოფად. სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება ხ. ხ-ის ნაწილში, დაკავშირებულია გ., ბი., ბ., გი. გ-იების და ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ვარაუდის არარსებობასთან. საკასაციო სასამართლომ აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ემყარება სარჩელის საფუძვლიანობის ფორმალურ კვლევას, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნა საქმის არსებითად განხილვის შედეგსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება, მოსარჩელეს არ ართმევს შესაძლებლობას, სარჩელის აღძვრის შემდეგ, სათანადო წინაპირობების არსებობისას მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის სავალდებულობასთან დაკავშირებით. ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ახალი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების (დროებითი განჩინების შეცვლა) თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვის ფორმასთან დაკავშირებით სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად აღნიშნული უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სსკ-ის 430.1 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი მოსმენაც თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების უკეთ გარკვევას. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას (საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014წ N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II-65). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ მათ განცხადებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენით გარეშე განჩინების მიღებით დაირღვა საპროცესო ნორმები და შეილახა სამართლიანი სასამართლოს უფლება. განსახილველი დავის ფარგლებში სსკ-ის 430.1 მუხლი სისტემურად, ამავე კოდექსის 393.3 მუხლთან ურთიერთშესაბამისობაში უნდა იქნეს გამოყენებული. ,,სსკ-ის 430.1 მუხლის პირველი ნაწილი არ გამორიცხავს სასამართლოსთვის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლებამოსილების მინიჭებას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ აკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, თუმცა ხსენებული ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ სასამართლო დისკრეციის არსებობას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018წ. გადაწყვეტილება N2/8/765 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ''). საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო სსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული სსკ-ის 430.1 მუხლის დეფინიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2021წ. განჩინება შედეგობრივად საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზეა მიღებული, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის პროცესუალურ აუცილებლობას არ ქმნიდა.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში ასევე აფასებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ., გი., ბი., ბ., გ-იების და ნ. ბ-ის განცხადება/შუამდგომლობა მოსამართლე ნანა კალანდაძის აცილების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, აცილების შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის წარმოებაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორები მოსამართლის აცილების საფუძვლად მიუთითებენ სსკ-ის 31-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტს და მიიჩნევენ, რომ სახეზეა ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ,,მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში’’. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 (1) მუხლი მოითხოვს სასამართლოსგან იყოს მიუკერძოებელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მიუკერძოებლობის არსებობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის უნდა დადგინდეს ობიექტურობის და სუბიექტურობის ტესტის მიხედვით, ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენასა და ქცევას. უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მოსამართლეს რაიმე პირადი წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ან მიკერძოება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ობიექტურობის ტესტის მიხედვით უნდა დადგინდეს სასამართლო შემადგენლობა რამდენად უზრუნველყოფს საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (Kyprianou v Cyprus (GC), no 73797/01 &118, ECHR 2005 XIII). მიუკერძოებლობა განაპირობებს არასამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის არიდებასა და საქმის განხილვის დროს კერძო დაინტერესების გამორიცხვას. მოსამართლის მიუკერძოებლობის დადგენის სუბიექტური ტესტი გულისხმობს კონკრეტული მოსამართლის პირად შეხედულების ან ინტერესის არსებობას მოცემული საქმის განხილვის დროს, ხოლო ობიექტური გამოცდა მოიცავს შეფასებას იმისას, უზრუნველყო თუ არა მოსამართლემ საკმარისი გარანტიები ლეგიტიმური ეჭვის გამოსარიცხად. იმის დასადგენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს თუ არა სამართლიანი საფუძველი სასამართლოს ტენდეციურობის ეჭვისთვის, მხარის მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტია თუ რამდენადაა ეჭვი ობიექტურად გამართლებული. ამ თვალსაზრისით, გარეგნულ ნიშნებს აქვთ გარკვეული მნიშვნელობა (Keyn and Others v the Netherlends (GC), nos 39343/98, 39651/98 and 46664/99, &191 and 194, ECHR 2003 VI). მოსამართლე ნ. კალანდაძის მიერ, როგორც სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის მიერ, იმავე მხარის მიმართ განხილულ სხვა სამართლებრივ დავაში მონაწილეობის მიღება არ ქმნის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. კალანდაძის არაიდენტურ მხარეებს შორის სხვა სასამართლო დავაში მონაწილეობის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსამართლის საქმისადმი პერსონალური ინტერესის არსებობის დამადასტურებელი გარემოება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორი არაიდენტური, განსხვავებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული დავის განხილვაში ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს კონკრეტული მოსამართლის აცილების კანონისმიერ საფუძველს და ასევე არ ამართლებს მომჩივანის ეჭვს მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით (Khoniakina v. Georgia, № 17767/08, § 59, 19 JUNE, 2012).

საჩივრის ავტორთა მიერ მოსამართლის აცილების საფუძვლად მითითებულ, ადმინისტრაციულ საქმეზე 23.12.2019წ. მიღებული განჩინებით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეები - ხ. ხომერიკი, გ. აბუსერიძე, ნ. კალანდაძე) საქმეზე N3/ბ-482-19 ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.07.2005წ. გადაწყვეტილება (მესამე პირების არ მოწვევის საფუძვლით). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია, ამასთან ორივე დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნა და მხარეები განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში, გ., გი., ბ., ბი. გ-იების და ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე), ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნა ეხება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებას და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. N3/ბ-482-19 ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეში, მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ: თ., კ., ვ., ე., ხ. ხ-იები; მესამე პირები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების სტანდარტის დაძლევა და ვერ დაასაბუთეს მოსამართლე ნ. კალანდაძის მიკერძოების ფაქტი, მის მიერ მხარის მიმართ არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეფასდება მოსამართლის მიკერძოებად, ტენდენციურობის გამოვლენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 29-ე მუხლი გამორიცხავს მოსამართლის მონაწილეობას მის მიერ უკვე განხილული საქმის სხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ განხილვის საფუძვლით გაუქმების წინაპირობა. საჩივრის ავტორთა აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება საპროცესო კანონმდებლობას, არ არსებობს სსკ-ის 428-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება (სსკ-ის 422.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, 423.1 მუხ. ,,გ“ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორთა მოსაზრება მოსამართლე ნ. კალანდაძის აცილების საფუძვლების არსებობის შესახებ დაუსაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29.8 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-იის, გი. გ-იის, ბი. გ-იის, ბ. გ-იის და ნ. ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გ. გ-იის, გი. გ-იის, ბი. გ-იის, ბ. გ-იის და ნ. ბ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინების გაუქმების და მოსამართლე ნ. კალანდაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებები საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის და მოსამართლე ნ. კალანდაძის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გ.აშვილი