დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.05.2022
საქმის ნომერი
ბს-1152(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-1152(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 16 იანვარს ჯ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი 2006 წელს ჩაირიცხა შპს „...ში“, სადაც ისწავლა 4 წლის მანძილზე და 2010 წელს მის მიმართ გაიცა #... ბაკალავრის დიპლომი. მოსარჩელემ 2018 წლის 29 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა მოპასუხემ მას 2019 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ ჯ. მ-ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 იანვრის #MES 4 19 00000780 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შპს „...ის“ მიერ ჯ. მ-ის სახელზე გაცემული ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ 2006 წლის 30 ოქტომბრის #237 ბრძანებით 2006-2007 სასწავლო წელს, გასაუბრების წესით, პირადი განცხადების საფუძველზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველ კურსზე ჩაირიცხა ჯ. მ-ე, ხოლო შპს „...ის“ მიერ ჯ. მ-ის სახელზე 2010 წლის 20 სექტემბერს გაიცა ... #... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 2010 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სააპელაციო პალატამ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 20 თებერვლის # MES 9 19 00201485 წერილის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ე მონაწილეობას იღებდა 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჯ. მ-ეს 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღია.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჯ. მ-ეს შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. კერძოდ, პალატამ განმარტა, რომ 2006 წლისთვის პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელე შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, მართლზომიერად უთხრა უარი ჯ. მ-ეს დიპლომის აღიარებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სადავო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ჯ. მ-ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა დადგენილი წესისაგან გვერდის ავლით. კასატორი აღნიშნავს, რომ მან ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, გაიარა სწავლების ოთხწლიანი კურსი სრულად, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამით, გაიარა შესაბამისი კრედიტები და აიღო ბაკალავრის დიპლომი. შემდგომში მან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მისი დიპლომის აღიარება არ მოხდა სახელმწიფოს მიერ იმ მოტივით, რომ მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა დადგენილი წესისაგან გვერდის ავლით. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა და მოპასუხემ უგულებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის დებულებები, რომლითაც აღდგენილ იქნებოდა ჯ. მ-ის უფლებები.

კასატორი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს უნდა მოეხდინა იმის კონტროლი, რომ კურსდამთავრებულები არ აღმოჩენილიყვნენ გაურკვეველ მდგომარეობაში. ამდენად, სასამართლოს მხრიდან მხოლოდ იმის მითითება, რომ ჯ. მ-ე სასწავლებელში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არ არის საკმარისი. კასატორი მიუთითებს, რომ, რეალურად, სწავლება ანალოგიურად გაიარეს როგორც ეროვნული გამოცდებით, ასევე, ეროვნული გამოცდების გარეშე მიღებულმა სტუდენტებმა, თუმცა იმ დროს, როდესაც უნდა მომხდარიყო დიპლომების დადასტურება, აღმოჩნდა, რომ ეროვნული გამოცდების გარეშე მიღებულ სტუდენტებს არ ჰქონდათ აღებული ბაკალავრის დიპლომები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ჯ. მ-ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 იანვრის #MES 4 19 00000780 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისთვის შპს ...ის მიერ ჯ. მ-ის სახელზე გაცემული ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის #418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ჯ. მ-ის უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა, რომ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1992 წლის 24 სექტემბერის #01-17-08/1487 ლიცენზიით ნება დართო ა. ტ-ეს და რ. ქ-ეს რეგისტრაციაში გაეტარებინათ ...ი „მწ...ი“, როგორც ...ი. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის დადგენილებით - რეგისტრირებულ იქნა შპს „მწ...ი“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ცვლილება შევიდა შპს „მწ...ის“ სახელწოდებაში და ეწოდა შპს „...ი“. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. ბათუმის სასამართლოში 1996 წლის 5 ივლისს რეგისტრირებული შპს „...ის“ რეესტრში და მის შემადგენლობაში მყოფ ობიექტებს: უნივერსიტეტს შეუნარჩუნდა სახელი - „ბათ...ი“; კოლეჯს ეწოდა შპს „ბათუ...ი“; სკოლას ეწოდა შპს „ბ...ა“; პოლიკლინიკას ეწოდა შპს „ბა...ა“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის #2-19/203 გადაწყვეტილებით, ბათ...ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის #5/ბ-97 დადგენილებით გაუქმდა შპს „...ის“ მიღებული გადაწყვეტილება მის შემადგენლობაში მყოფი ობიექტისათვის ...ის სახელის დარქმევის შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 16 ოქტომბრის #85/ა ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან) შპს „...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 21 აგვისტოს #MES 8 17 00965713 წერილის მიხედვით კი, შპს „...მა“ (2015 წლის 28 სექტემბრიდან შპს „...მა“) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და ლიცენზირებულ რეჟიმში საგანმანათლებლო საქმიანობა დაასრულა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მწ...ის" (შემდგომში შპს „ბათ...ის“, შპს „...ის“) მიერ 1992 წლის 24 სექტემბერიდან 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე მის მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს „...ის“ 2006 წლის 30 ოქტომბრის #237 ბრძანებით, 2006-2007 სასწავლო წელს გასაუბრების წესით, პირადი განცხადების საფუძველზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველ კურსზე ჩაირიცხა ჯ. მ-ე, ხოლო შპს „...ის“ 2010 წლის 10 ივლისის #54 ბრძანებით, ჯ. მ-ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. შპს „...ის“ მიერ ჯ. მ-ის სახელზე 2010 წლის 20 სექტემბერს გაიცა ... #... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 2010 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 20 თებერვლის #MES 9 19 00201485 წერილის მიხედვით, ჯ. მ-ე იღებდა მონაწილეობას 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წერილის მიხედვით, 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჯ. მ-ემ მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა - 23 ქულა (სკალირებული ქულა - 128.4), ზოგადი უნარები - 36 ქულა (სკალირებული ქულა - 139.9), გერმანული ენა - 16 ქულა (სკალირებული ქულა - 132.3). ამასთან, დადგენილია, რომ ჯ. მ-ეს 2006 წელის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ 2006 წელს ჯ. მ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ჯ. მ-ეს შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. კერძოდ, 2006 წლისთვის პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. მოსარჩელე კი შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, მართლზომიერად უთხრა უარი ჯ. მ-ეს დიპლომის აღიარებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, შესაბამისად, დიპლომის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ #ბს-516-516(კ-18), 19.07.2018; #ბს-812(კ-18), 04.10.2018; #ბს-987(კ-19), 05.03.2020; #ბს-672(კ-20), 15.10.2020). ამდენად, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ადასტურებს დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ კანონიერ ნდობას გამორიცხავს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება... მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გამორიცხავს კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება საქმეზე #ბს-996(კ-20)).

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ჯ. მ-ე იღებდა მონაწილეობას 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ გადალახა ის აუცილებელი ზღვარი, რაც მას წარმოუშობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას. მას 2006 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩაირიცხა უმაღლეს სასაწავლებელში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ჯ. მ-ისათვის ცნობილი იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის საჭირო იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს ჯ. მ-ის მხრიდან დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ბ-ეს ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 17.11.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 17.11.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა