დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1034(2კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ე (მოსარჩელე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 7 მაისს გ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №002213 დადგენილებისა („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 აპრილის №367 ბრძანების („გ. ა-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 აპრილის №367 ბრძანება „გ. ა-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №002213 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ა-ეის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა გ. ა-ეის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 16 დეკემბერს №002213 მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ: ...) არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რეკონსტრუქცია და ლითონის კონსტრუქციის მოწყობა, საკადასტრო საზღვრების დარღვევით (კერძოდ, ...ის ქუჩის მხარეს მდებარე ფასადზე, სამი ფანჯრიდან ერთზე მოწყობილი იყო ლითონის გისოსები, ასევე, მოწყობილი იყო გამწოვი მილი და სარდაფში მცირე ზომის ფანჯარა; აივნის ადგილას დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური ფართობი, მცირე ზომის ფანჯრით 4,93x1.20მ, აქვე კარს მონაცვლებული ჰქონდა ადგილი; დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური სართული კარ-ფანჯრებით 10,31X5,06მ; ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის კონსტრუქციის ბოძები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ლითონის მილკვადრატებით; შენობის უკანა ფასადზე მეორე სართულზე მოწყობილი იყო სატელიტური ანტენა; შენობა და ლითონის კონსტრუქცია ნაწილობრივ სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს). გაცემული მითითებით, გ. ა-ეს, როგორც სამართალდამრღვევს, დარღვევების გამოსწორების მიზნით დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში მოეყვანა ობიექტი პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში ან წარედგინა სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის PO02213 დადგენილებით, გ. ა-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ: №...) არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რეკონსტრუქციისთვის და ლითონის კონსტრუქციის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით გ. ა-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი.
სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში ამგვარ საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემული წერილობითი დასტური/თანხმობა, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამდენად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებზე, კერძოდ, სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტოსურათებზე დაყრდნობის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ: №...) არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია ისეთი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნა მოძიებული განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად და ნათლად მიუთითებს რეკონსტრუქციის უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქალაქ თბილისში ...ის ქუჩა №17 ში (ს/კ: №...) არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის საინვენტარიზაციო გეგმა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სადავო დადგენილების გამოცემისას იხელმძღვანელა არსებული სიტუაციის შედარებით სწორედ ზემოხსენებულ საინვენტარიზაციო გეგმასთან. აღნიშნული გეგმის შესწავლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ სიტუაციას. კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია სადავო აქტის სარეზოლუციო ნაწილით. რაც შეეხება სახელმწიფო ტერიტორიაზე შენობის გადაცდომის ფაქტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს აღნიშნულ გადაცდომას, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შენობა საკადასტრო საზღვრებს სცდება და სახელმწიფო ტერიტორიაზე გადადის 14 სმ-ით, ეს უკანასკნელი კი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით წარმოადგენს დასაშვებ ცდომილებას, რაც გამორიცხავს მის დარღვევად მიჩნევას. ხოლო ლითონის კონსტრუქციის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაცდომის ფაქტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რადგან აღნიშნული სახელმწიფო ტერიტორიაზე გადადის 1 მ-ითა და 15 სმ-ით.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო დადგენილებით გ. ა-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ნაწილის მწარმოებელ პირს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მას პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვო ობიექტის მესაკუთრეს. ის, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული ობიექტების რეკონსტრუქცია, კერძოდ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე, ლითონის კონსტრუქციის განთავსება განხორციელებულია გ. ა-ეის მიერ, დასტურდება ზედამხედველობის სამსახურში, გ. ა-ეის სამართალდარღვევის საქმეზე, 2017 წლის 21 აპრილსა და 2017 წლის 4 ივლისს ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე საჩივრის ავტორის მიერ დაფიქსირებული პოზიციით. საჩივრის ავტორი განმარტებით, სამუშაოების ნაწილი, კერძოდ პირველ სართულზე განთავსებული ლითონის გისოსები და ღიობები არსებობდა მის მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის შეძენის მომენტისათვის იგივე მდგომარეობით. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სამართალდარღვევის სუბიექტად გ. ა-ე განიხილება, როგორც ობიექტის მესაკუთრე. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში, მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას ამავდროულად წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისში ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ: ...) არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია ისეთი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, წერილობითი დასტური. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნა მოძიებული განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად და ნათლად მიუთითებს რეკონსტრუქციის უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
დანარჩენ ნაწილში, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ: №...) არსებული უძრავი ნივთის (რომელზეც განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები) მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ა-ე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლებს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის მიერ არ იქნა შესრულებული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული №002213 მითითების მოთხოვნები, კერძოდ, გ. ა-ემ პირვანდელ მდგომარეობაში არ მოიყვანა სადავო ობიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გ. ა-ეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის, როგორც მესაკუთრეს. ხოლო, დანარჩენ ნაწილში, რომელსაც სადავოდ არ ხდის თავად საჩივრის ავტორი, მისი პასუხისმგებლობა დგება, როგოც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას, მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ჯარიმის დაკისრებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 24 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ნ. ს-იმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მისამართზე: თბილისი, ...ის №17, 1/2 წილი, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად მიჰყიდა გ. ა-ეს. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ნაკვეთი 10/13) მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 64.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 22.53 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:..., 2009 წლის 14 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ა-ეის სახელზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ა-ეის მიმართ 2016 წლის 16 დეკემბერს შედგენილი იქნა მითითება №002213, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ:...) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ლითონის კონსტრუქციები. ამავე მითითებით, მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ზემოაღნიშნული მშენებლობისა და ლითონის კონსტრუქციების მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 18 იანვრის №24 მოხსენებითი ბარათით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ეცნობა, რომ გ. ა-ემ 2017 წლის 12 იანვარს №AR1470151 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით. განმცხადებელმა მოითხოვა შეჩერებულიყო 2016 წლის 16 დეკემბრის №002213 მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ობიექტის ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 14 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №002213 გ. ა-ეის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ა-ეის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 16 დეკემბრის №002213 მითითების პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 10 ივლისის №311 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 10 ივლისს ზემოაღნიშნული ობიექტი ხელმეორედ იქნა გადამოწმებული, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გ. ა-ეის მიერ არ იყო შესრულებული 2016 წლის 16 დეკემბრის №002213 მითითების პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ივლისს მიღებული იქნა №002213 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც გ. ა-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის და ლითონის კონსტრუქციების მოწყობისათვის (...ის ქუჩის მხარეს მდებარე ფასადზე, სამი ფანჯრიდან ერთზე მოწყობილი იყო ლითონის გისოსები, ასევე მოწყობილი იყო გამწოვი მილი და სარდაფში მცირე ზომის ფანჯარა. აივნის ადგილას დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური ფართობი, მცირე ზომის ფანჯრით 4,93x1,20მ, კარს მონაცვლებული ჰქონდა ადგილი. დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური სართული კარ-ფანჯრებით 10,31x5,06მ. ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის კონსტრუქციის ბოძები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ლითონის მილკვადრატებით. შენობის უკანა ფასადზე მეორე სართულზე მოწყობილი იყო სატელიტური ანტენა. შენობა და ლითონის კონსტრუქცია ნაწილობრივ სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს). ამავე დადგენილებით გ. ა-ეს დაევალა თბილისში, ...ის ქუჩა №17-ში (ს/კ:...), უნებართვო რეკონსტრუირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და უნებართვოდ მოწყობილი ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი (...ის ქუჩის მხარეს მდებარე ფასადზე, სამი ფანჯრიდან ერთზე მოწყობილი იყო ლითონის გისოსები, ასევე მოწყობილი იყო გამწოვი მილი და სარდაფში მცირე ზომის ფანჯარა. აივნის ადგილას დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური ფართობი, მცირე ზომის ფანჯრით 4,93x1,20მ, აქვე კარს მონაცვლებული ჰქონდა ადგილი. დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური სართული კარ-ფანჯრებით 10,31x5,06მ. ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის კონსტრუქციის ბოძები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ლითონის მილკვადრატებით. შენობის უკანა ფასადზე მეორე სართულზე მოწყობილი იყო სატელიტური ანტენა. შენობა და ლითონის კონსტრუქცია ნაწილობრივ სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს).
2017 წლის 21 ივლისს გ. ა-ემ №19/01172022614-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №002213 დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 აპრილის №367 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ა-ეის 2017 წლის 21 ივლისის №19/01172022614-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №002213 დადგენილება.
საქმეში წარმოდგენილია მოწმეების: გ. მ-ის, ნ. ჯ-ისა და მ. ტ-ის 2019 წლის 03 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 2006 წლის 24 აგვისტოს გ. ა-ემ მშენებლობის უფლებით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ს-ითან. კერძო საკუთრება მისამართი: თბილისი, ...ის №..., ნაკვეთი №10/13, დაზუსტებული ფართობი: 64.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: .... იმის გამო, რომ სახლს არ გააჩნდა სველი წერტილები, ამასთან ბინა იყო ნახანძრალი, ამავე წელს განხორციელდა ბინის გამაგრება, სააბაზანოს მიშენება, მანსარდის გაკეთება და სახურავის გამოცვლა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთანავე, დადგენილების 66-მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო მე-1-პუნქტი ადგენს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
საქმის მასალებით, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დადგენილია, რომ გ. ა-ე დაჯარიმდა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი და ასევე, როგორც შენობა-ნაგებობის მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად არ დგინდება, რომ უკანონო მშენებლობა სრულად განხორციელებულია მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ფლობდა უძრავ ნივთს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, დასაშვებია მესაკუთრისათვის, უნებართვო, უკანონო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს გ. ა-ეის დაჯარიმებამდე ჰქონდათ მცდელობა დაედგინათ უშუალოდ სამართალდამრღვევის განმახორციელებელი პირის ვინაობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ბს-1025(3კ-19) გადაწყვეტილება).
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ისე იქნა დადგენილი მოსარჩელის კანონისმიერი ვალდებულება I კლასის მშენებლობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის და წერილობითი დადასტურების მოპოვების შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია, მოსარჩელის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია და ლითონის კონსტრუქციები (...ის ქუჩის მხარეს მდებარე ფასადზე, სამი ფანჯრიდან ერთზე მოწყობილი ლითონის გისოსები, მოწყობილი გამწოვი მილი და სარდაფში მცირე ზომის ფანჯარა. აივნის ადგილას დამატებით მოწყობილი კაპიტალური ფართობი, მცირე ზომის ფანჯრით 4,93x1,20მ, მონაცვლებული კარის ადგილი. დამატებით მოწყობილი კაპიტალური სართული კარ-ფანჯრებით 10,31x5,06მ. ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილი ლითონის კონსტრუქციის ბოძები, ერთმანეთთან დაკავშირებული ლითონის მილკვადრატებით. შენობის უკანა ფასადზე მეორე სართულზე მოწყობილი სატელიტური ანტენა) მათი განხორციელების დროიდან გამომდინარე, რა სამართლებრივ რეგულაციაში ხვდებოდა და იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული სამუშაოების წარმოებისას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების ცოდნა აუცილებელია როგორც საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე მოსარჩელისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად და ასევე, შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის.
მოსარჩელისათვის, განხორციელებული რეკონსტრუქციის დემონტაჟისა და უძრავი ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უდავოდ დასტურდება მოსარჩელის სურვილი და განზრახვა, რომ არ მომხდარიყო შენობის დემონტაჟი და განხორციელებულიყო მისი ლეგალიზება. საკასაციო სასამართლო, გ. ა-ეის საკუთრებაში მყოფი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი არის აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1112(კ-18)) .
ამდენად, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმის ხელახალი შესწავლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, გ. ა-ეის სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დემონტაჟის დავალების საკითხი უნდა შეაფასოს მისი დისკრეციის ფარგლებში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი