დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1024(კ-20) 29 სექტემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ბ-მა 21.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის 3300 ლარის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და შემდგომი მკურნალობისათვის გაღებული ხარჯის 500 ლარის და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის, სულ 4300 ლარის ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილებით, შ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი, ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, რაც დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.02.2012წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-1330-1315(კ-11)) და აღნიშნა, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა. იმის მიუხედავად, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი დადასტურებული არ არის შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, განსახილველ შემთხვევაში დასტურდება შ. ბ-ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევის ფაქტი, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის გამოწვეულ ზიანს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. ბ-ის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის 500 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 500 ლარის ანაზღაურება დააკისრა აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებზე. აღნიშნული მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ არის გადახდის ქვითარი, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტს. საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება ადასტურებს მხარეთა შორის ვალდებულებების წარმოშობას, თუმცა ამ ვალდებულებების შ. ბ-ის მიერ შესრულება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა იმ ზიანის ანაზღაურება, რომლის მოსარჩელისთვის რეალურად მიყენების ფაქტი დადასტურებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 01.02.2017წ. ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, კერძოდ, „ჰიუნდაის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა რ. ბ-ა, შეეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტოსატრასპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა მოსარჩელე შ. ბ-ი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს შ. ბ-ის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე შ. ბ-ი დაჯარიმდა 250 ლარით (მანევრირების წესების დარღვევისთვის, რასაც მოჰყვა შეჯახება). შეჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მოსარჩელემ 02.02.2017წ. მიმართა საავადმყოფოს, ასევე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შ. ბ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. 06.02.2017წ. ადვოკატს ლ. ჩ-ესა და შ. ბ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე საადვოკატო მომსახურების შესახებ, იმავე დღეს გაიცა ორდერი, რომლითაც ლ. ჩ-ეს დაევალა შ. ბ-ის ინტერესების დაცვა წ/გამოძიებასა და სასამართლოში. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 29.03.2017წ. ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ მძღოლის რ. ბ-ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაში მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, ხოლო მძღოლს შ. ბ-ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 26.04.2017წ. „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ დადგენილებით, შ. ბ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან ავტოსაგზაო მოძრაობის შედეგად შ. ბ-ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 01.11.2017წ. წერილის მიხედვით, ავტომობილი „HYUNDAI ELANTRA“, სახელმწიფო ნომრით ..., ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ხდებოდა სამსახურებრივი დანიშნულებით. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 01.02.2017წ. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო რ. ბ-ას მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფის გამო, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე შ. ბ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება შეწყდა 26.04.2017წ.. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს კასატორისთვის (მოპასუხისთვის) მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ. №ბს-1330-1315 (კ-11); 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17) გადაწყვეტილებები). მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველი დავალების ხელშეკრულებაა (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რაც შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პერიოდულად ან შემდგომში, პრეზიუმირებულია. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. საქმეში დაცული ლ. ჩ-ესა და შ. ბ-ს შორის 06.02.2017წ. დადებული ხელშეკრულებით დასტურდება ლ. ჩ-ესა და შ. ბ-ს შორის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმების არსებობა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების საკითხიც, კერძოდ, საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს ადვოკატს ჰონორარი 500 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელე და ადვოკატი შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სპეციალურ წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატი ლ. ჩ-ე მონაწილეობას იღებდა განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე (ს.ფ. 75-80, 88) და წარმოადგენდა მოსარჩელის ინტერესებს. დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება წარმომადგენლობის უსასყიდლოდ განხორციელება, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო 06.02.2017წ. იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ანაზღაურების წესი და პირობები, ასევე კასატორი სადავოდ არ ხდის ლ. ჩ-ის მიერ მოსარჩელისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაწევის ფაქტს. საქმეში დაცული 06.02.2017წ. იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და 06.02.2017წ. ორდერის მიხედვით, ადვოკატმა ლ. ჩ-ემ აიღო შ. ბ-ის ინტერესების დაცვის ვალდებულება წინასწარ გამოძიებაში, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, ხოლო 26.04.2017წ. „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ დადგენილებით დადგინდა, რომ 01.02.2017წ. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა შ. ბ-ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ასევე შ. ბ-ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). ამდენად, კასატორის მოსაზრება გადახდის ქვითრის არარსებობის შემთხვევაში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების უსაფუძვლობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე