დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.09.2022
საქმის ნომერი
ბს-1024(2კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1024(2კ-21) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ-ი (მოსარჩელე); მესამე პირები (სასკ 16.2 - ი.ღ-ე და ს.ღ-ე)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 21 თებერვალს გ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, გ.გ-ის ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 მაისის №003186 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 სექტემბრის №1287 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ი.ღ-ე და ს.ღ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 სექტემბრის №1287 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 მაისის №0003186 დადგენილება გ.გ-ის ნაწილში და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სამშენებლოდ განვითარება მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები, რასაც წყვეტს ერთიანი საჯარო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო მშენებლობის ნებართვის გაცემის სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთების კანონიერების დასადგენად საკმარისად იქნება მიჩნეული მხოლოდ შენობა-ნაგებობ(ებ)ის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და არა სათანადო წესით გაცემულ ნებართვა ან ლეგალიზების აქტი, მაშინ აზრს დაკარგავს სამშენებლო საქმიანობის სფეროში მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. აღნიშნული კი დაუშვებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მოქმედი კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ნივთის მესაკუთრეს. განსახილველ შემთხვევაში გ.გ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა არა როგორც უკანონო მშენებლობის მწარმოებელს, არამედ როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს.

მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში მესაკუთრე, მართალია, არ არის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. შესაბამისად, მისსავე მოვალეობაში შედის სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა იქნეს ზედამხედველობის ორგანოს მიერ გაცემული მითითების შესრულებასა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად დავის გადაუწყვეტლად, სასამართლო აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისეთ გარემოებებში, როცა სასამართლოს თვითონ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად დაედგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ სასამართლოს სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას შეეძლო დაედგინა მის მიერ მითითებული ობიექტის გაბარიტების შესაძლო გაზრდის ფაქტი და მიეცა შესაბამისი შეფასება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას, მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ჯარიმის დაკისრებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქ თბილისი, ...ის გასასვლელი, №..., შენობა- ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9 (ს/კ №...), 2017 წლის 12 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყო ს.ღ-ის (1/2 ნაწილი), გ.გ-ის (1/4 ნაწილი) და ი.ღ-ის (1/4 ნაწილი) თანასაკუთრების უფლება.

2017 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ.გ-ის, ი.ღ-ის და ს.ღ-ის მიმართ შედგა №003186 მითითება, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №...-ში, მოქალაქეების: გ.გ-ის, ი.ღ-ის და ს.ღ-ის კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე (ს/კ №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გარეშე განხორციელებული იყო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, აშენებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობები (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9 შენობა-ნაგებობები), ასევე ეზოში მოწყობილი იყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. ამავე მითითებით, გ.გ-ის, ი.ღ-ეს და ს.ღ-ეს განესაზღვრათ 30-დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად, ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 9 მარტის №003186 შემოწმების აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №...-ში, მოქალაქეების: გ.გ-ის, ი.ღ-ის და ს.ღ-ის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 15 დეკემბრის №003186 მითითებით გათვალისწინებული პირობები.

2018 წლის 7 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №...-ში, (ს/კ №...) განმეორებით გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა 2017 წლის 15 დეკემბრის №003186 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 მაისის №0003186 დადგენილებით, მოქ. გ.გ-ი, მოქ. ი.ღ-ე და მოქ. ს.ღ-ე დაჯარიმდნენ 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №..., ს/კ №...-ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობების (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9 შენობა-ნაგებობები) მშენებლობისათვის და ეზოში მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით, მოქ. გ.გ-ს, მოქ. ი.ღ-ეს და მოქ. ს.ღ-ეს დაევალათ, ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №..., ს/კ №...- ზე, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობებისა (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9 შენობა-ნაგებობები) და უნებართვოდ ეზოში მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 სექტემბრის №1287 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ი.ღ-ის წარმომადგენლების - გ.ზ-სა და ი.ს-ის 2018 წლის 29 მაისის №19/01181491546-01 და გ.გ-ის წარმომადგენლების - ი.რ-ის და ლ.მ-ის 2018 წლის 30 მაისის №22/01181503517-01 ადმინისტრაციული საჩივრები; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 მაისის №0003186 დადგენილება. 2019 წლის 4 სექტემბრის სადავო ბრძანებით, საქმის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი, №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საჩივრების ავტორების სახელზე რეგისტრაცია არ შეიძლება განხილული ყოფილიყო უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად, ვინაიდან სადავო აქტის კანონიერება უნდა შეფასებულიყო არა უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შესახებ საკანონმდებლო აქტების დებულებებთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.

საქმის მასალებით, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დადგენილია, რომ გ.გ-ი დაჯარიმდა არა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი, არამედ როგორც შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი არის აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1112(კ-18)) .

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმის ხელახალი შესწავლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, გ.გ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის ფაქტი და დემონტაჟის დავალების საკითხი უნდა შეაფასოს მისი დისკრეციის ფარგლებში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე. კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია დადგენილ იქნას მოსარჩელის მოქმედების შედეგად, რამდენად განხორციელდა დაახლოებით 40 წლის წინ აშენებულ სადავო შენობა-ნაგებობაზე გაბარიტების რაიმე ცვლილება, რამეთუ საქმეში არსებული ტექბიუროს ჩანაწერის თანახმად, შენობა ნაგებობა მითითებულ ლოკაციაზე ფიქსირდება ჯერ კიდევ 1979 წლიდან. ამ გარემოების გამოკვლევის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუკი არ დადასტურდება, რომ მემკვიდრის უკანონო მოქმედებამ ხელი შეუწყო და გამოიწვია უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულისგან განსხვავებული უკანონო საკუთრების ობიექტის შექმნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, უნდა გადაწყვიტოს და დაასაბუთოს, რამდენად საფუძვლიანი და პროპორციული იქნება საკუთრების უფლებაში ამგვარი ჩარევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი