გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 29.09.2022
საქმის ნომერი
ბს-417-417(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-417-417(კ-18) 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჟ.ე-ა (მოსარჩელე გ.ე-ს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ.ე-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 07.08.2015წ. N01/4468 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლში, რომელიც განთავსებული იყო 542 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ქონება გ.ე-მ მიიღო ბიძისგან - შ.ე-სგან 11.08.1962წ. გაფორმებული, ნოტარიულად დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, გ.ე-ს საკუთრებაში ირიცხებოდა 90,14 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილი, ამავე დოკუმენტით დგიდნება, რომ სააღრიცხვო მასალა ქონებაზე 20.07.1939წ. გაიხსნა. 1980-იანი წლების ბოლოს გ.ე- საცხოვრებლად გადავიდა ჯერ რუსეთის ფედერაციაში, ხოლო შემდგომ - უზბეკეთის რესპუბლიკაში, იგი არის რუსეთის მოქალაქე და მის სახელზე გაცემულია უზბეკეთის ბინადრობის მოწმობა. წლების განმავლობაში ის საქართველოში არ ჩამოსულა, ამასთანავე, ქ. ქუთაისში არ ცხოვრობდნენ აგრეთვე მისი ნათესავები ან ოჯახის წევრები. გ.ე-მ 2014 წელს შეიტყო, რომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 24.01.1990წ. მიიღო გადაწყვეტილება ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღების და ტერიტორიის ...ისათვის გადაცემის შესახებ, რაც განხორციელდა კიდეც. ამავე გადაწყვეტილებით აღმასკომის საბინაო განყოფილებას დაევალა საცხოვრებელი ბინების გადაცემა იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც საკუთრება ერიცხებოდათ ...ის ქ. N19-ში. ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მონაცემებით დასტურდება, რომ აღმასკომის 24.01.1990წ. გადაწყვეტილების მხოლოდ მე-5 პუნქტი იქნა შესრულებული, კერძოდ, გამოთავისუფლდა ...ის ქ. N19-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შეემატა ...ის ტერიტორიას. ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. N33 განკარგულებით ...ის ქ. N19-ში მცხოვრებ მოქალაქე ლ.ლ-ს საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გამოეყო 4500 აშშ დოლარი, გადაწყვეტილება გ.ე-ს მიმართ არ მიღებულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით გ.ე-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990 წ. N2.36.105 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღების საჭიროება მასში მცხოვრებ მოქალაქეთა მოქმედი საბინაო კანონმდებლობით საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებით, საცხოვრებელი სახლისა და ხილკენკროვანი ნარგავების შეფასების ანაზღაურების გათვალისწინებით; საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას დაევალა ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისათვის საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდის გადაცემა ...ის ქ. №19-ში მცხოვრებ მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად; ნაგებობათა და ხილ-კენკროვანი ნარგავების შემფასებელ კომისიას დაევალა მოქმედი ფასდადებით ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და ხილ-კენკროვანი ნარგავების შეფასება და დასამტკიცებლად სამოქალაქო საბჭოს აღმასკომისთვის წარდგენა; ...ის რაიონულ საბჭოს აღმასკომს დაევალა ...ის ქ. №19-ში მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება ოჯახის სულადობის მიხედვით, მოქმედი საბინაო კანონმდებლობის შესაბამისად; განისაზღვრა, რომ გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა შემატებოდა ...ის ტერიტორიას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996 წ. №33 განკარგულებით განისაზღვრა ლ.ლ-ის ოჯახისთვის ...ის ქ. №19 საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 1996 წლის 1 აპრილამდე 4500 აშშ დოლარის გამოყოფის საჭიროება, ხოლო ლ.ლ-ს დაევალა თანხის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში გამარჯვების მუნიციპალიტეტისთვის ჩაბარება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014 წ. მომზადებული ცნობა-დახასიათების შესაბამისად ქუთაისში, ...ის ქ. (...ის ქ., ...ის გამზ.) №19-ში (...) მდებარე უძრავი ნივთის - მთელი საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილი (სართულების რაოდენობა 1, საერთო ფართი 90,14 კვ. მ., საცხოვრებელი ფართი 69,13 კვ. მ., დამხმარე ფართი 21,01 კვ. მ.) აღრიცხულია გ.ე-ს სახელზე. ცნობა-დახასიათების თანახმად სააღრიცხვო მასალებში ინახება ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 24.01.1990 წ. №2.36.105 გადაწყვეტილების ქსეროასლი, ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. №33 განკარგულება და ქუთაისის ...ის 02.09.1995 წ. მოწერილობა, ...ის ქ. №19-ში მდებარე სახლთმფლობელობის გამონთავისუფლების და მიწის ნაკვეთის ...ზე მიკუთვნების, ხოლო მასში მცხოვრებ მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებ, რაც სააღრიცხვო ჩანაწერებით სისრულეში მოყვანილი არ არის. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №21-ში მდებარე უძრავი ნივთი (დაზუსტებული ფართობი 2065 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია სახელმწოს საკუთრებად. გ.ე-მ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციალიტეტის მერიას და მოითხოვა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინით ან ფულადი კომპესაციით დაკმაყოფილება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 07.08.2015წ. №01/4468 მიმართვით გ.ე-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის საფუძვლით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1990 წლიდან. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილება არის შეთანხმება ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტსა და ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მცხოვრებ მოქალაქეთა შორის. როგორც თავად გადაწყვეტილებით ირკვევა, მისი მიღება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არ შესაბამებოდა ქალაქის იერსახეს და ხელს უშლიდა ...ის ნორმალურ ფუნქციონირებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014წ. მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, თუმცა ქუთაისის მერიის მიერ 15.01.1996წ. გამოიცა N33 განკარგულება ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ლ.ლ-ისთვის 4500 აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. დგინდება, რომ ლ.ლ-ი დათანხმდა სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 4500 აშშ დოლარის მიღებას, რაზეც მას და მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს წარდგენილი აქვთ ნოტარიული წესით დამტკიცებული განცხადებები. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა ქუთაისის მერიასა და ლ.ლ-ს შორის, ამასთან, მოხდა სახლის სრული და არა მხოლოდ 1/3 ნაწილის განკარგვა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება გ.ე-ს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება მხოლოდ პირთა არაქონებრივ უფლებებსა და ანაბრებზე. სასარჩელო მოთხოვნის ვადის გაცდენა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნა ხანდაზმულია იმისდა მიუხედავად, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნას უკავშირებს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილებას, რომლის მიღებიდან ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენამდე გასულია 25 წელი, ხოლო სკ-ის 128-ე მუხლის შესაბამისად საერთო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს. ამდენად, სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 07.08.2015წ. მიღებული გადაწყვეტილება ხანდაზმულობის საფუძვლით გ.ე-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.04.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ე-ს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინებით გ.ე-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (რომელიც მოქმედებდა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილებისა და ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996 წ. №33 განკარგულების გამოცემის დროისთვის) 89-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს ჰქონდა ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. 93-ე მუხლის შესაბამისად, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო ქონებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისთვის. 103-104-ე მუხლების მიხედვით, პირად საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლები ან მისი ნაწილები. იმავე კოდექსის 144-ე მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის გამო სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისათვის ქონების ჩამორთმევას მისი ღირებულების გადახდით. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილება (რომელიც სადავო არ გამხდარა) წარმოადგენს შეთანხმებას ადმინისტრაციულ ორგანოსა და ქ.ქუთაისში, ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საჭიროებისათვის გამოყენების, ამ მიწაზე განთავსებული მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების, ასევე ნარგავების სანაცვლოდ მესაკუთრეების სხვა საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ. როგორც გადაწყვეტილებით ირკვევა, მისი მიღება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არ შეესაბამებოდა ქალაქის იერსახეს და ხელს უშლიდა ...ის ნორმალურ ფუნქციონირებას. 1996 წლამდე ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. №2.36.105 გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, თუმცა ქ. ქუთაისის მერიამ 15.01.1996 წ. გამოსცა №33 განკარგულება, რომლითაც საფინანსო სამსახურს დაევალა ლ.ლ-ის ოჯახისათვის, ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, 1996 წლის 1 აპრილამდე, - 4 500 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის გამოყოფა. ლ.ლ-ს, თანხის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაებარებინა გამარჯვების მუნიციპალიტეტისათვის. №33 განკარგულებაში აღნიშნული იყო ასევე, რომ ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მოქალაქე ლ.ლ-ი დათანხმდა სახლისა და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 4500 აშშ დოლარის მიღებას, რაზედაც მას და მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს წარდგენილი ჰქონდათ ნოტარიული წესით დამტკიცებული განცხადებები. ხსენებული დოკუმენტის მიხედვით, ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად, და არა მხოლოდ 1/3 ნაწილი, შეთანხმული კომპენსაციის სანაცვლოდ გავიდა კერძო პირთა მფლობელობიდან. ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. №33 განკარგულება, რომლითაც საკომპენსაციო თანხა გაიცა ლ.ლ-ზე ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღების გამო, - ამჟამინდელ მოსარჩელეს (როგორც ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრეს) სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, გ.ე-ს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 1996 წლის მდგომარეობით (როცა ლ.ლ-ზე გაიცა საკომპენსაციო თანხა) გ.ე-ა კვლავ წარმოადგენდა ქუთაისში, ...ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრეს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ საქმის წარმოების პროცესში გამოთხოვილი დამატებითი დოკუმენტების შესწავლით ერთმნიშვნელოვანად არ დადგინდა გ.ე-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) მისამართი, მათ შორის არ დადგინდა ცნობა-დახასიათებაში მითითებული მისამართის: ქუთაისი, ...ის ქ. N19-ის და ...ის ქ./...ის გამზ. №19-ის (...) იდენტურობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ე-ს მიერ. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საკუთრების ბუნებიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადები, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შემთხვევაშიც კი, სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული ...ის ქ. N19-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა დაკმაყოფილების კონკრეტული ვადა. როგორც ამჟამად მოქმედი (სკ-ის 365-ე მუხ.), ასევე 1964წ. სამოქალაქო კოდექსი (169-ე მუხ.) ითვალისწინებდა ნორმას, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისთვის არ არის განსაზღვრული დრო, კრედიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი შესრულება. ამდენად, ვინაიდან აღმასკომის 1990წ. გადაწყვეტილებით არ ყოფილა განსაზღვრული ჩამორთმეული სახლის სანაცვლოდ დაკმაყოფილების კონკრეტული ვადა, მოთხოვნა წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დაცვით. კასატორმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესახებ ქ. ქუთაისის მერიასა და ლ.ლ-ს შორის არსებული შეთანხმებითა და 15.01.1996წ. N33 განკარგულებით განიკარგა სახლის მხოლოდ 1/3 ნაწილი და არა სრული ფართი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014წ. მომზადებული ცნობა- დახასიათების მიხედვით, ქუთაისში, ...ის ქ. (...ის ქ., ...ის გამზ.), N19-ში (...) მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილი აღრიცხული იყო გ.ე-ს სახელზე. შესაბამისად, ლ.ლ-ს მთელი საცხოვრებელი სახლის განკარგვის უფლება არ ჰქონდა, ამასთანავე, 15.01.1996წ. N33 განკარგულება არ შეიცავს ჩანაწერს გ.ე-ს წილის განკარგვის შესახებ. კასატორმა აღნიშნა, რომ 15.01.1996წ. N33 განკარგულების გაუსაჩივრებლობაზე სასამართლოს მითითება არ ასაბუთებს სარჩელის უსაფუძვლობას, რადგან აღნიშნული განკარგულება არეგულირებდა ურთიერთობას მერიასა და ლ.ლ-ის ოჯახს და არა გ.ე-ს შორის, არ არსებობდა აღნიშნული განკარგულების გ.ე-ს მიერ გასაჩივრების საჭიროება. კასატორმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემეობაზე, რომ დავის არც ერთ ეტაპზე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია კონკრეტულ მისამართზე გ.ე-ს საკუთრების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2019წ. განჩინებით გ.ე-ს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოება შეჩერდა გ.ე-ს გარდაცვალების (02.09.2018წ.) გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. საკასაციო პალატის 13.01.2022წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, გ.ე-ს უფლებამონაცვლდეს საქმეში ჩართულ იქნა ჟ.ე-ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 24.01.1990წ. გამოიცა N2.36.105 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ...ის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 2 საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან ...ის ქ. N23/23-ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღმასკომის 11.10.1989წ. გადაწყვეტილებით ექვემდებარებოდა აღებას, ხოლო ...ის ქ. N19-ში მდებარე ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის აღების შესახებ აღმასკომს ჯერ გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული. N2.36.105 გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არ შეესაბამებოდა ქალაქის იერსახეს და ხელს უშლიდა ...ის ნორმალურ ფუნქციონირებას, რის გამო გადაწყდა მისი აღება სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა მოქმედი საბინაო კანონმდებლობით საცხოვრებელი ბინების დაკმაყოფილების, საცხოვრებელი სახლისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების შეფასების ანაზღაურების გათვალისწინებით (1-ლი პ.); საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას დაევალა ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისათვის საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდის გადაცემა ...ის ქ. N19-ში მცხოვრებ მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად (მე-2 პ.); შემფასებელ კომისიას დაევალა ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შეფასება და საქალაქო საბჭოს აღმასკომისთვის დასამტკიცებლად წარდგენა (მე-3 პ.); ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომს დაევალა ...ის ქ. N19-ში მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება ოჯახის სულადობის მიხედვით, მოქმედი საბინაო კანონმდებლობის შესაბამისად (მე-4 პ.); გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა შემატებოდა ...ის ტერიტორიას (მე-5 პ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი 26.12.1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, მართალია მიწა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა (93-ე მუხ), თუმცა საცხოვრებელი სახლი შეიძლებოდა პირად საკუთრებაში ყოფილიყო (103-ე მუხ.). ამავე პერიოდში მოქმედი 04.06.1983წ. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მიხედვით, საცხოვრებელად გამოუსადეგარი სახლების მიმართ გარკვეული ღონისძიებების გატარება, მათ შორის დემონტაჟი, ხდებოდა სახალხო დეპუტატთა რაიონული/საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით (მე-10 მუხ.). ამასთანავე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის გამო დაიშვებოდა სახელმწიფოს მიერ მოქალაქისათვის ქონების ჩამორთმევა მისი ღირებულების გადახდით, უკეთუ ჩამორთმევა არ ხდებოდა ჩადენილი სამართალდარღვევის სანქცირების მიზნით (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებაში სახლის დემონტაჟის საჭიროების საფუძვლად მიეთითა ერთი მხრივ სახლის ამორტიზებულ მდგომარეობაში ყოფნა და მეორე მხრივ - მისი ქალაქის იერსახისადმი შეუსაბამობა, ...ის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლა. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების საფუძვლებს შორის სახელდებოდა საცხოვრებელი სადგომის აღების საჭიროება, ამასთანავე, ხაზგასმული იყო გამოსახლების საჭიროება სხვა სანაცვლო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით, რომლის სტანდარტებზე მითითება ხდებოდა ამავე კოდექსის 106-ე, 108-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, იმ დროს მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების შესაბამისად, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის აღების საჭიროება, თუმცა მიეთითა, რომ ფართში მცხოვრები პირები სანაცვლოდ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ შესაბამისი საცხოვრებელი ბინებით. 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების თანახმად, სანაცვლო საცხოვრებელი ფართების მიღება მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: პირველ ეტაპზე საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას უნდა გადაეცა ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისათვის საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდი (მე-2 პ.), შესაბამისი კომისიის მიერ საცხოვრებელი სახლის შეფასება დასამტკიცებლად უნდა წარდგენოდა საქალაქო საბჭოს აღმასკომს (მე-3 პ.), ხოლო საბოლოოდ ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომს ...ის ქ. N19-ში მცხოვრები მოქალაქეები უნდა დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც 1990წ. აგრეთვე ამჟამად მოქმედი მოწესრიგების მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, მათ შორის: ქონების გადაცემა, თანხის გადახდა და სხვ. (სკ-ის 316.1 მუხ., საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე მუხ.). ამდენად, დადგენას საჭიროებს როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირი - კრედიტორი, ასევე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - მოვალე და ვალდებულების შინაარსი. აღმასკომის 24.01.1990წ. გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი იყო ადმინისტრაციული აქტი. დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღმასკომსა და ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში მაცხოვრებელ მოქალაქეთა შორის არსებულ შეთანხმებად მიჩნევა, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც შემდგომში შესაძლოა ფართის გადაცემის ხელშეკრულება დადებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები თავის თავში აერთიანებს ცალმხრივ და მრავალმხრივ მოწესრიგებებს, შესაბამისად,- ადმინისტრაციულ აქტებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ცალმხრივად სავალდებულო მოწესრიგებაა, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში 24.01.1990წ. გადაწყვეტილების მიღება მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამის ნორმატიულ საფუძველზე დაყრნდნობით, მიღებული დოკუმენტი არ არის მხარეთა შეთანხმების შედეგი, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივად გამოვლენილი, სავალდებულო ნება, რომელიც მხარის მოსაზრებების მიუხედავად, მის მიმართ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ხელშეკრულება ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენის შედეგია, რომლის პირობების ჩამოყალიბება, შეცვლა, ძალაში შესვლა და გაუქმება, როგორც წესი, ხორციელდება ორმხრივი თანხმობით და მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. ამასთანავე, ის, რომ ხსენებული გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იყო მიღებული, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოების მმართველობითი საქმიანობის სფეროში ინდივიდუალურ მოწესრიგებებს და შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შესაძლებლობას. ამდენად, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე საქალაქო საბჭოს აღმასკომსა და ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომს უნდა უზრუნველეყოთ ...ის ქ. N19-ში მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, არ იკვეთება მაცხოვრებელთა ნების რაიმე სახის, სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი ზემოქმედება აქტით დადგენილი მოწესრიგების ფორმირებაში. გადაწყვეტილების მიღება მოხდა ნორმატიულად დადგენილი მიზნის - ამორტიზებული სახლების ჩანაცვლების და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის, ...ის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის საფუძვლით. სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივად მავალდებულებელი, იმპერატიული ნება: საცხოვრებელი სახლის აღების, გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთის ...ისათვის გადაცემის და სანაცვლოდ მაცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფის შესახებ. არ დგინდება, რომ მაცხოვრებლებს შეეძლოთ გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის კორექტირება, განსხვავებული წესის ფორმირების შეთავაზება. შესაბამისად, სახეზეა და ამდენად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ადმინისტრაციული აქტი. რაც შეეხება ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, ასეთი 24.01.1990წ. გადაწყვეტილების თანახმად არიან ასაღებ სახლში მაცხოვრებელი მოქალაქეები. საკასაციო პალატა თვლის, რომ კრედიტორში - ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლში მცხოვრებ მოქალაქეებში, იმთავითვე მოიაზრება საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, რადგან საკუთრების არმქონე მაცხოვრებლებისაგან განსხვავებით მესაკუთრე კარგავდა არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ კონკრეტულ ბინაზე საკუთრებასაც. მნიშვნელოვანია, რომ ბინის ფაქტობრივი მფლობელობის დროებით მიტოვებით, პირი არ კარგავს ბინის საკუთრების ან ფაქტობრივი მფლობელობის მოგვიანებით გაგრძელების უფლებას, რის გამო დროის კონკრეტულ მონაკვეთში ბინაზე ფაქტობრივი მფლობელობის განუხორციელებლობა არ ზღუდავს მესაკუთრის მიერ მომავალში ბინის საცხოვრებელი მიზნით გამოყენების შესაძლებლობას. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 15.07.1993წ. კანონის (ძალადაკარგულია 26.06.1997წ. სამოქალაქო კოდექსით) მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქონებაზე საკუთრების უფლებას კანონი იცავდა მესაკუთრის ადგილსამყოფლის მიუხედავად (1-ლი მუხ.). ამდენად, მესაკუთრე ყოველთვის მოიაზრება ფართის ფაქტობრივ თუ პოტენციურ მაცხოვრებლად. ამასთან, საკუთრების დაკარგვასთან ერთად იგი იმთავითვე კარგავს კონკრეტული ბინის საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობასაც, შესაბამისად, მისი კანონიერი ინტერესი მომეტებულად ილახება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკეთუ დადგინდება, რომ გ.ე- იყო ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრე, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლების მქონე პირად - კრედიტორად.

საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014წ. გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად ქუთაისში, ...ის ქ. (...ის ქ., ...ის გამზ.) N19-ში (...) მდებარე 542 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი, რომლის 2/3-ის მესაკუთრედ მითითებულია გ.ე-ა, უფლების დამდგენი დოკუმენტად კი - 18.08.1962წ. N1992 ჩუქების ხელშეკრულება. დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას სასამართლოში წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. (...ის ქ., ...ის გამზ.) N19-ში (...) მდებარე უძრავი ნივთის შესახებ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სისტემურად მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმა და საარქივო მასალაში დაცული დოკუმენტების ასლები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესწავლით ერთმნიშვნელოვანად არ დადგინდა გ.ე-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) მისამართი, მათ შორის არ დადგინდა ცნობა-დახასიათებაში მითითებული მისამართის: ქუთაისი, ...ის ქ. N19-ის და ...ის ქ./...ის გამზ. N19-ის (...) იდენტურობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული მოსაზრება დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, მათი გაზიარების თუ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლებზე მითითებას. მხოლოდ ზოგადი მითითება საქმის მასალებზე, კონკრეტული დოკუმენტაციის ანალიზის, შეფასების გარეშე, არ ქმნის გ.ე-ს საკუთრების უფლების საეჭვოობის საკმარის დასაბუთებას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ...ის ქ. 19-ში მდებარე სახლის ნაწილზე გ.ე-ს საკუთრების უფლება სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოთხოვა საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით იმთავითვე არ ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას. სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც უნდა მოხდეს დასკვნის გამოტანა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ამასთანავე, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მათ შინაარსზე, მათი შეფასების შედეგებზე მითითებას, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა არ იკვეთება. სასამართლოს ზოგადი დასკვნა გ.ე-ს საკუთრების უფლების საეჭვოობის შესახებ მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით დადგენილად არის მიჩნეული ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილზე გ.ე-ს საკუთრების უფლების არსებობა, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. მტკიცებულებათა შეფასების შედეგები, მათი გაზიარების თუ უარყოფის შესახებ სასამართლოს დასკვნები შესაბამის დასაბუთებასთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აისახოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. დაუშვებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. სააპელაციო პალატამ ცნობა-დახასიათებასა და საარქივო დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების მიუხედავად დადგენილად არ მიიჩნია ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილზე გ.ე-ს საკუთრების უფლების არსებობა, თუმცა მას არ მიუთითებია გ.ე-ს საკუთრებაში არსებული ფართის რაიმე სხვა მდებარეობაზე, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის, მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე უარყო გ.ე-ს საკუთრების უფლება. ტექნიკური აღრიცხვის არქივის დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე უძრავი ქონების მისამართი არაერთგზის შეიცვალა. ტექნიკური აღრიცხვის წიგნის, საინვენტარო ბარათის, შენობის გეგმის, ტექ-აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ...ის ქუჩის სახელწოდება თავდაპირველად იყო ...ის ქუჩა, ხოლო შემდეგ ...ის გამზირი. საქმეში დაცულია ტექ-აღრიცხვის სამსახურის მიერ 1954-2000 წლებში გაცემული არაერთი ცნობა (ს.ფ.164, 165, 176, 177, 196, 234, 235, 236, 239), სახლისა და სამოსახლო ნაკვეთის გეგმა (ს.ფ. 149, 151, 241), ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 141), საინვენტარო ბარათი (ს.ფ. 145), საიდანაც დასტურდება, რომ ...ის ქ. N 153-ში (ყოფ. ...ის ქ. N141) მდებარე სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდათ პ.ე-სა და პ.კ-ას. პ.ე-სგან სახლის შესაბამისი წილი გადაეცა შ.ე-ს, ხოლო 18.08.1962წ. ჩუქების ხელშეკრულებით (ს.ფ. 118) - მოსარჩელე გ.ე-ს. პ.კ-ას წილი 04.12.1975წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით (ს.ფ. 167, 221) გადაეცა ო.ბ-ს, ხოლო შემდგომში 03.12.1993წ. სამკვიდრო მოწმობით (ს.ფ. 158) ჯ.ბ-ს. საარქივო დოკუმენტაციით დასტურდება აგრეთვე, რომ ...ის ქუჩას მოგვიანებით ეწოდა ...ის პროსპექტი, ხოლო გ.ე-ს და პ.კ-ას (მოგვიანებით ბ...ის) სახლს მიენიჭა ნომერი 123 (ს.ფ. 201, 202, 203, 206, 212, 214, 218, 241). სახლის მისამართად ...ის N153 მითითებულია მხოლოდ ერთ დოკუმენტში და ისიც იმ კონტექსტში, რომ პ.კ-ა ქუთაისში მდებარე საცხოვრებლიდან ამოეწერა სოფ. ...ში წასვლის გამო (ს.ფ. 209), შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ გამორიცხავს ...ის ქ. N153-ში მდებარე სახლის მისამართად ...ის პრ. N123-ის მიჩნევას. ტექნიკური აღრიცხვის ბარათში (ს.ფ. 141) სახლის მისამართად მითითებულია ...ის პროსპექტი N123, შემდგომ ეს მისამართი გადახაზულია და ახალ მისამართად მითითებულია ...ის ქ. N19. რაც შეეხება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გაცემულ საინვენტარო ბარათს (ს.ფ. 145), მასში ქუჩის დასახელებად მითითებულია ჯერ ...ის ქუჩა, შემდეგ ...ის პროსპექტი, თუმცა ორივე დასახელება გადახაზულია, მათ ქვემოთ ქუჩის დასახელებად მითითებულია ...ის ქუჩა, რომელიც გადაუხაზავია. რაც შეეხება ნუმერაციას, მისამართის გრაფაში გადახაზულია N153, N123 და N163, გადაუხაზავია N17. სახლის მისამართად ...ის პრ. N163 წერია აგრეთვე 1979წ. დათარიღებულ შენობის ლიტ. „ა“-ს გეგმაშიც და ნაგებობაზე გაცემულ საინვენტარო ბარათშიც (ს.ფ. 182), თუმცა საარქივო დოკუმენტაციის, მათ შორის, შენობის გეგმების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ საარქივო დოკუმენტაცია ეხება არსებითად მსგავს ნაგებობებს, რომელთა ერთიდაიგივე ნაგებობად მიჩნევის შესაძლებლობა არ გამორიცხულა. გასათვალისწინებელია, რომ ნაგებობასთან დაკავშირებით გაცემულ საქმეში დაცულ საარქივო დოკუმენტაციაში არ იცვლება სახლის ინვენტარიზაციის ნომერი (ინვენტარიზაციის ნომერი (...) მითითებულია გეგმაზე (ს.ფ. 120, 241), ...ის განყოფილების საინვენტარო ბარათზე (ს.ფ. 145, 182, 190), შენობის ლიტ. A გეგმაზე (ს.ფ. 149), სამოსახლო ნაკვეთის გეგმაზე (ს.ფ. 151), შეფასების ფურცელზე (ს.ფ. 192), ფართის გაანგარიშების ჟურნალში (ს.ფ. 193), სხვა დოკუმენტაციაზე (ს.ფ. 179, 208)) და ფართზე უფლების მქონე პირთა მონაცემები (თუ არ ჩავთვლით შესაბამისი დადასტურებადი ტრანზაქციების შედეგად მესაკუთრეთა შეცვლას). ამდენად, ის, რომ საარქივო დოკუმენტაციის ნაწილში სახლის მისამართად მითითებულია არა ...ის პრ. N123, არამედ N163 იმთავითვე არ ადასტურებს სახლების სხვადასხვაობას. სააპელაციო პალატას არ შეუდარებია მისამართის გარდა ნაგებობათა სხვა მახასიათებლები, მაგ.: კონფიგურაცია, ფართობი, ნაგებობაზე უფლების მქონე პირები, უძრავი ნივთისთვის მინიჭებული საინვენტარო ნომერი, მოსაზღვრე ქუჩები და სხვ.. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ქუჩის ნუმერაციის შეცვლის შესაძლებლობა, ამასთან, არ გამოირიცხება ხელით შევსებული დოკუმენტების ნაწილში ტექნიკური ხარვეზის დაშვების ალბათობაც. რაც შეეხება სახლის მისამართის შემდგომ ცვლილებას, როგორც აღინიშნა, ზემოთ მითითებული საარქივო დოკუმენტაციიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ...ის პროსპექტს (ყოფ. ...ის ქ.) მოგვიანებით ეწოდა ...ის ქუჩა. საქმეში დაცულია ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული არა ერთი ცნობა (ს.ფ. 164, 165, 176, 177), აგრეთვე ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 141), სადაც გ.ე-ს და ჯ. ბ...ის სახლის მისამართად მითითებულია ...ის ქ. N19. უფრო მეტიც, ტექ-აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემულ ერთ-ერთ ცნობაში მითითება ხდება იმ გარემოებაზე, რომ აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება ბიუროში რეგისტრირებულია 12.09.1995წ.) უნდა აღებულიყო ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლი, რომელიც სწორედ გ.ე-ს და ჯ. ბ...ს ეკუთვნოდათ (ს.ფ. 164), ამასთანავე, აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილება შეიცავს ასაღები საცხოვრებელი სახლების ადგილმდებარეობის ცხად მონაცემებს, კერძოდ, მისამართის გარდა გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა ...ის წინამდებარე ტერიტორიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნა გ.ე-ს საკუთრების უფლების საეჭვოობასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული. მართალია საქმეში დაცულ ზოგიერთ დოკუმენტში გ.ე-ს და ჯ. ბ...ის სახლის მისამართად მითითებულია ...ის ქ. N17 (ს.ფ. 145, 160, 181), თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტები სათანადოდ არ შეფასებულა, კერძოდ, ...ის განყოფილების საინვენტარო ბარათში უძრავ ნივთთან დაკავშირებით მითითებულია არაერთი მონაცემი, მათ შორის, სახლის მესაკუთრეები, მათი წილები, რეგისტრაციის საფუძვლები, სახლის ძველი მისამართები და საინვენტარო ნომერი (ს.ფ. 145), 03.12.1993წ. გაცემულ კანონისმიერ მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ასევე მითითებულია ნაგებობის და მისი ნაწილის მესაკუთრის მახასიათებლები, უფლებადამდგენი დოკუმენტი, უძრავი ნივთის საინვენტარო ნომერი (ს.ფ. 160). აღნიშნული მონაცემების შედარება არ მომხდარა იმ დოკუმენტაციასთან, რომელშიც ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის მონაცემებია ასახული, რის გამო სახლების იდენტურობა არ არის გამორიცხული. რაც შეეხება ჯ. ბ-ის საარქივო მასალაში დაცულ განცხადებებს, იგი თავის მისამართად უთითებს ...ის ქ. N17-ს, თუმცა ზოგ შემთხვევაში N19-ს (ს.ფ. 170). სააპელაციო პალატამ მხოლოდ აღნიშნული ნუმერაციის სხვაობა მიიჩნია ...ის ქ. N19-ში მდებარე ნაგებობის ნაწილზე გ.ე-ს საკუთრების უფლების გამომრიცხავ საკმარის საფუძვლად, რაც გამოსაკვლევი საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას ავლენს. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია საქმეში დაცულ საარქივო დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ნივთის მახასიათებლები, ამასთანავე, არარელევანტურია სააპელაციო პალატის მითითება, რომ არ დგინდება ქუთაისში, ...ის ქ. N19-ის და ...ის ქ./...ის გამზ. N19-ის (...) იდენტურობა. N19 ...ის ქუჩის ნუმერაციის ამსახველი მონაცემია, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუჩის წინა სახელწოდებების დროს (...ის ქ., ...ის გამზ.) ნუმერაცია განსხვავებული იყო, ქუჩის სახელწოდების ცვლილებასთან ერთად უძრავი ნივთების ნუმერაციაც იცვლებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შეფასებას საჭიროებს გ.ე-ს (უფლებამონაცვლე ჟ.ე-ა) დემონტირებული სახლის ნაწილის მესაკუთრედ და ამდენად, მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტად მიჩნევის საკითხი.

რაც შეეხება მოვალეს - ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებით ...ის ქ. N-19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში მცხოვრებ პირთა ბინებით დაკმაყოფილება უნდა მოეხდინა ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომს, საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდიდან. მართალია დღეის მდგომარეობით კონკრეტული სუბიექტი აღარ არსებობს, თუმცა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ვალდებულების მქონე სუბიექტის უფლებამონაცვლეს, რადგან ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო სწორედ მერიაა (ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48.1, 50-ე მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 26.01.1993წ. N9 ბრძანებულებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ დროებითი დებულების“ მიხედვით სწორედ მერია ანაწილებდა საბინაო ფონდს (მე-3 მუხ.), წარმართავდა ქალაქის ტერიტორიაზე სოციალურ საქმიანობას (1-ლი მუხ.), ორგანიზაციას უწევდა საბინაო, კომუნალური და სხვა ობიექტების მშენებლობას მერიისათვის გამოყოფილი სახსრებით, აწარმოებდა საცხოვრებელი სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის, გაფართოებისა კეთილმოწყობის სამუშაოებს, იყენებდა და განკარგავდა მუნიციპალურ საკუთრებას, ხელს უწყობდა ეკონომიკური რეფორმის განხორციელებას და პრივატიზაციას (მე-3 მუხ.). მსგავს დებულებას შეიცავდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 28.07.1995წ. N292 ბრძანებულებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ დროებითი დებულებაც“ (მე-8 მუხ.), რომელიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. ორგანული კანონით. თავის მხრივ აღნიშნული კანონი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის აღმასრულებელ ორგანოდ ასახელებდა გამგეობას (9.3 მუხ.) ან მერიას, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში (10.2 მუხ.), ხოლო გამგებლის/მერის უფლებამოსილებებს შორის მითითებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის შექმნა და განკარგვა (25.1 მუხ. „დ“ ქვ.პ., 26.3 მუხ.). „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. ორგანული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 16.12.2005წ. ორგანული კანონით, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი დასახელდა 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრედ (65.1 მუხ.), ხოლო თვითმმართველი ქალაქი მიჩნეულ იქნა იმ ქალაქის სამართალმემკვიდრედ, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში (65.2 მუხ.), ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოდ კვლავ მიეთითა გამგეობა/მერია. აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ მიღებულ იქნა ამჟამად მოქმედი ნორმატიული აქტი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოდ კვლავ მერს/მერიას ასახელებს (48.1, 50-ე მუხ). ამდენად, უდავოა, რომ ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრეა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამისად, სწორედ ის არის ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე (კრედიტორის) და ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების (მოვალის) დადგენის შემდეგ, დაზუსტებას საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნაც, კერძოდ, სარჩელის თანახმად, მოთხოვნილია აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების დავალება, თუმცა მითითება არ ხდება გადაწყვეტილების კონკრეტულ პუნქტზე, ამასთანავე, გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია არა მხოლოდ ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის მაცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფა, არამედ აგრეთვე ისეთი ვალდებულებებიც, როგორებიცაა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისათვის საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდის გადაცემა, შესაბამისი კომისიის მიერ ნაგებობებისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების შეფასება, აღმასკომში შეფასების დასამტკიცებლად წარდგენა. მხარეთა განმარტების თანახმად, ...ის ქ. N19-ში არსებული სახლი დემონტირებულია, შესაბამისად, მისი შეფასება მით უფრო სპეციალიზირებული კომისიის მიერ, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს, ვეღარ მოხდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 07.08.2015წ. აქტის თანახმად, გ.ე-ა ითხოვდა 24.01.1990წ. გადაწყვეტილების მხოლოდ მე-4 პუნქტის აღსრულებას, საცხოვრებელი ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას. სარჩელში მოსარჩელე შემოიფარგლა 24.01.1990წ. გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, კონკრეტული პუნქტის მითითების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლის აღსრულების ინტერესიც არსებობს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადებით გ.ე-ა ითხოვდა ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა იყოს ურთიერთგამომრიცხავი ან ალტერნატიული, სასარჩელო მოთხოვნა კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მართალია სარჩელის შეცვლად არ ითვლება ნივთის ნაცვლად მისი ღირებულების მოთხოვნა (სსკ-ის 83.4 მუხ.), თუმცა ეს არ გამორიცხავს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის კონკრეტულად ჩამოყალიბების საჭიროებას. სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთება შესაძლოა იყოს ალტერნატიული, თუმცა თავად მოთხოვნა მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შესაძლოა განსხვავებული იყოს. უკეთუ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, აღნიშნული ექცევა 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, თუმცა ბინის ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, ფაქტობრივად 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ამდენად, უნდა დაზუსტდეს მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების კონკრეტული პუნქტის აღსრულებას თუ 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებას. ამასთანავე, თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეფასდეს საცხოვრებელი ბინის გადაცემით აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა, რადგან უკეთუ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია, გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც ფაქტობრივად შესრულებას ანაცვლებს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ არის პირველადი მოთხოვნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თვალსაზრისით რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.04.2003წ. N1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, III), სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ვადა დასაწყისითა და დასრულების მომენტით შემოფარგლული განსაზღვრული ან განსაზღვრებადი დროის შუალედია, იგი უთითებს სამართლებრივად მნიშვნელოვან დროის პერიოდზე, რომლის ფარგლებში სამართლებრივი შედეგის წარმომშობი რაიმე ქმედება ან ნების გამოვლენა უნდა განხორციელდეს. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ვადებს შორის ერთ-ერთი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა (სუსგ 21.07.2022წ. Nბს-1020(კ-19)), რომლის დენის დასაწყისისა და დასრულების მომენტის ზუსტი განსაზღვრა შესაძლოა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდეს, რადგან მოთხოვნის ხანდაზმულობა სპობს მისი იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირის მოთხოვნის შინაარსსა და სამართლებრივ ბუნებაზე, მათ შორის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებზე. კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ზოგად და სპეციალურ ვადებს, აგრეთვე ხანდაზმულობის ვადის ათვლის სპეციფიურ წესს, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება (ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხ., საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებელი კომიტეტის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის აღების და სანაცვლოდ ფართში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საჭიროება. ამასთანავე, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი სახლის აღება თუ მაცხოვრებელთა ბინებით დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო. საქმეში დაცულია ...ის სამსახურის 03.08.2000წ. წერილი (ს.ფ. 163-164), რომლის თანახმად, ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლი წერილის მომზადების მომენტისთვის აღებული არ იყო. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის დემონტაჟის კონკრეტულ თარიღზე მიუთითებს. ამდენად, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 24.01.1990წ., თუმცა გაურკვეველია როდის მოჰყვა მას სახლის დემონტაჟი, ანუ ის შედეგი, რომელიც შესაძლოა გ.ე-ს უფლებების შელახვას დადებოდა საფუძვლად. მართალია აღმასკომის 24.01.1990წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა და ამდენად, ეჭვქვეშ არ დამდგარა სახლის აღების გადაწყვეტილების კანონიერება, თუმცა მნიშნელოვანია, რომ სახლის აღებას უნდა მოჰყოლოდა ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის მაცხოვრებლების ბინებით დაკმაყოფილება, რაც გ.ე-სთან მიმართებით არ მომხდარა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასკომის 24.01.1990წ. N2.36.105 გადაწყვეტილების თანახმად, აღებული სახლის სანაცვლო საცხოვრებელი ფართების მიღება მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: პირველ ეტაპზე საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას უნდა გადაეცა ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისათვის საცხოვრებელი ბინების სათანადო ფონდი (მე-2 პ.), შესაბამისი კომისიის მიერ საცხოვრებელი სახლის შეფასება დასამტკიცებლად უნდა წარდგენოდა საქალაქო საბჭოს აღმასკომს (მე-3 პ.), ხოლო საბოლოოდ ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომს ...ის ქ. N19-ში მცხოვრები მოქალაქეები უნდა დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინებით. ამდენად, სახლის აღებიდან მაცხოვრებელთა ბინებით დაკმაყოფილებამდე უნდა მომხდარიყო საცხოვრებელი სახლის შეფასება და ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომისთვის ბინების სათანადო ფონდის გადაცემა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ აღნიშნული წინაპირობების შესრულება, არ შეფასებულა აღნიშნული წინაპირობების შეუსრულებლობის პირობებში გ.ე-ს მოთხოვნის წარმოშობის და ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საკითხი. ვალდებულების შესრულების ვადა შესაძლებელია განისაზღვროს კანონით, ხელშეკრულებით, ვალდებულების წარმომშობი რაიმე აქტით ან სხვა გარემოებებით, რომლითაც ვალდებულების შესრულების დრო ირკვევა. აღნიშნულ ე.წ. „სხვა გარემოებებს“ მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების წარმომშობი აქტით მისი შესრულების ვადა განსაზღვრული არ არის, რის გამო საჭირო ხდება შესრულების გონივრული, მოსალოდნელი, საორიენტაციო დროის განსაზღვრა. სხვა გარემოებების მიხედვით შესრულების დროის განსაზღვრა როგორც წესი, შესასრულებელი ვალდებულების ბუნებასა და შინაარსზეა დამოკიდებული. სხვა გარემოებებში შესაძლოა მოვიაზროთ მათ შორის წინმსწრებად შესასრულებები ვალდებულებები, რომლებიც საბოლოოდ კონკრეტული ვალდებულების შესრულების საჭიროებას წარმოშობს. განსახილველ შემთხვევაში აღმასკომის 24.01.1990წ. გადაწყვეტილებაში ან რაიმე სხვა აქტში ბინების გადაცემის ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, თუმცა 24.01.1990წ. დადგენილებაში მითითებული იყო სწორედ ის „სხვა გარემოებები“, რომელთა შესრულება წარმოშობდა საბოლოო ვალდებულების - ბინების გადაცემის შესრულების წინაპირობებს, კერძოდ, სახლის შეფასება, სახლის აღება და რაიონული საბჭოს აღმასკომისთვის იმ ბინების ფონდის გადაცემა, რომელთა მეშვეობით შემდგომში უნდა მომხდარიყო ...ის ქ. N19-ში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. სახლის აღების კონკრეტული თარიღი ან შესაბამისი საბინაო ფონდის გადაცემის ფაქტი არ დადგენილა. ამდენად, ე.წ. „სხვა გარემოებებიდან“ ვალდებულების შესრულების დრო ცალსახად არ დგინდება, რის გამო სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა არ არის საკმარისად დასაბუთებული. კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ვალდებულების შესრულების დროის ამოწურვიდან იწყება, თუმცა თუ ვალდებულების შესრულებისთვის დრო განსაზღვრული არ არის და იგი არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, მაშინ მოვალე შესრულების ვადაგადამცილებლად არ მიიჩნევა, რის გამო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა ვერ ხდება. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული სკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შესრულების მოთხოვნის უფლება არ არის აბსოლუტური, სკ-ის 365-ე მუხლი სკ-ის 129-ე მუხლთან ერთობლიობაში უნდა განიმარტოს (სუსგ 08.06.2007წ. Nას-48-401-07 განჩინება, სუს 06.07.2018წ. Nას-515-515-2018 განჩინება, §43), წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორს ათწლეულების გასვლის შემდეგაც შეუნარჩუნდება მოთხოვნის უფლება, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების, ბრუნვის სტაბილურობისა და განსაზღვრულობის პრინციპს. ამდენად, კრედიტორის უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ექვემდებარება ხანდაზმულობას, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს იმ გონივრული მოლოდინიდან, რომელიც კრედიტორს შესრულების დროსთან დაკავშირებით აქვს. ამასთანავე, „გონივრული მოლოდინის“ შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ ობიექტური ფაქტორები, ვალდებულების ხასიათი, შესრულების მიმართ ინტერესი და სხვ., არამედ ასევე სუბიექტური ფაქტორებიც. განსახილველ შემთხვევაში გონივრული მოლოდინის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის განმარტებები იმის შესახებ, რომ ის საქართველოში არ ცხოვრობდა, არ ჰქონდა ინფორმაცია თავის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე ქმედებების შესახებ. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დგინდება ნაგებობის დემონტაჟის კონკრეტული დრო, არ არის წარმოდგენილი ასევე რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც აღმასკომის ან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღმასკომის 24.01.1990წ. აქტის ან ნაგებობის დემონტაჟის შესახებ გ.ე-ს ინფორმირებას დაადასტურებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მის მიერ კანონის შესაბამისად მოქმედების პირობებში, მისი ინფორმირების გარეშე მისი ქონების მიმართ რაიმე აქტის გამოცემა არ მოხდება ან რაიმე ქმედებები არ განხორციელდება. შესრულების დროის განუსაზღვრელობისა და დაუდგენლობის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც კრედიტორისათვის ცნობილი გახდება თავისი უფლების დარღვევის შესახებ, კერძოდ, როდესაც კრედიტორი მოითხოვს შესრულებას, ხოლო მოვალე ვალდებულების შესრულებაზე უარს იტყვის ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს მას (სუს 05.09.2012წ. Nას-444-419-2011 განჩინება, სუს 07.10.2005წ. Nას-438-726-05 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში გ.ე-ს საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე, აღმასკომის 24.01.1990წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი ეთქვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 07.08.2015წ. აქტით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ ვალდებულები შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და მოვალე ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის საფუძვლით ამბობს უარს, ასეთ შემთხვევაში სწორედ მოვალემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის დამდგენი მტკიცებულებები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგადი განმარტებები სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ არ ქმნის საკმარის დასაბუთებას. სარჩელის ხანდაზმულობას არ ადასტურებს აგრეთვე აღმასკომის გადაწყვეტილების 1990 წელს მიღება, რადგან არ არის დადგენილი მისი გაცნობის და აღსრულების კონკრეტული დრო. საქმის მასალებში დაცულია წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. N33 განკარგულება და ...ის სამსახურის 03.08.2000წ. წერილი, რომელთა თანახმად, როგორც 1996 წელს, ასევე 2000 წლის აგვისტოში ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლი ჯერ არ იყო დემონტირებული.

სააპელაციო პალატისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება, რომ 15.01.1996წ. განკარგულებით ლ.ლ-ს გამოეყო ქ. ქუთაისში, ...ის N19-ში მდებარე სახლის სრული და არა მხოლოდ 1/3 წილის ღირებულება, რის გამო მერიას სახლის აღებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულება აღარ ეკისრება, არ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე უფლებას მხოლოდ პირის ნება არ აფუძნებს. საქმეში დაცულია ტექ-აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი სააღრიცხვო მონაცემები, რომელთა თანახმად იკვეთება ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის მახასიათებლები, მასზე უფლების მქონე სუბიექტები. სააპელაციო პალატას არ მიუთითებია უძრავ ნივთზე რაიმე უფლებადამდგენ დოკუმენტზე, რომელიც ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის სრულ ფართზე ლ.ლ-ის უფლებას დაადასტურებდა და გ.ე-ას უფლებას გამორიცხავდა. მხოლოდ პირის ცალმხრივი ნება იყოს კონკრეტული უძრავი ქონების სრული ფართის მესაკუთრედ მიჩნეული, არ აქცევს მას ამ ქონების მესაკუთრედ. ამდენად, ლ.ლ-ს თანხმობა რომც განეცხადებინა ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის აღების სანაცვლო სრული კომპენსაციის მიღებაზე, ქ. ქუთაისის მერიას მაინც არ წამოეშობოდა ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის სრულ ფართზე ლ.ლ-ის მესაკუთრედ მიჩნევის საკმარისი საფუძველი. მართალია ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. განკარგულებაში სახლის წილი, რომლის სანაცვლო ანაზღაურებაც ლ.ლ-ს უნდა მიეღო, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ლ.ლ-ის საკუთრების უფლების წარმოშობას სახლის მთლიან ფართზე, 15.01.1996წ. განკარგულება არ არის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი, განკარგულებით განისაზღვრა უკვე ლ.ლ-ის საკუთრებაში მყოფი ქონების აღების სანაცვლოდ შესაბამისი კომპენსაციის გაცემის და არა რაიმე ფართზე ლ.ლ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობები. ამდენად, 15.01.1996წ. განკარგულებაში მითითებულ ...ის ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უნდა მოვიაზროთ საცხოვრებელი სახლის ის წილი, რომელზეც ლ.ლ-ს შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი გააჩნდა. უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის დადგენის თავისებურების მიუხედავად სააპელაციო პალატამ სრულად უგულებელყო ტექ-აღრიცხვის ბიუროს საქმეში დაცული დოკუმენტაცია, არ დაადგინა 15.01.1996წ. განკარგულების გამოცემის დროისათვის ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლზე უფლების მატარებელი სუბიექტები, არ იმსჯელა ამ მიმართებით მოსარჩელე გ.ე-ს უფლებადამდგენ დოკუმენტებზე. სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქმეში დაცული დოკუმენტებით არ დადასტურდა 1996 წელს ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის ნაწილზე გ.ე-ს საკუთრების უფლების კვლავ არსებობა, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ საწინააღმდეგო არ დასტურდება, პირი საკუთრების უფლებას იღებს უვადოდ, რაიმე წინაპირობის, მისი განახლების საჭიროების გარეშე. მესაკუთრე არ არის ვალდებული რაიმე პერიოდულობით მოიპოვოს ცნობები ან სხვა სახის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქონება კვლავ მის საკუთრებაშია. ნივთზე ერთხელ შეძენილი საკუთრების უფლება განაგრძობს არსებობას მისი შეწყვეტის წინაპირობების წარმოშობამდე, მაგ. როგორებიცაა: ქონების გაყიდვა ან სხვა ფორმით გასხვისება. 15.01.1996წ. განკარგულების გამოცემისას მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა კერძო საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლის გასხვისების შესაძლებლობას (238-ე მუხ.) და ადგენდა ქალაქში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისა და დარეგისტრირების აუცილებლობას (239-ე მუხ.). ნორმატიულად დადგენილი იყო აგრეთვე, რომ საკუთრების უფლების შეწყვეტა ხდებოდა მესაკუთრის მიერ საკუთრების ობიექტის გასხვისების ან საკუთრების ობიექტის მოსპობის შედეგად (1996წ. მოქმედი „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 15.07.1993წ. კანონის მე-6 მუხ.). სააპელაციო პალატას არ მიუთითებია ნასყიდობის ხელშეკრულების ან გ.ე-ს საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის თუ რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შესახებ, არ დადასტურებულა 1996 წლისთვის გ.ე-ს საკუთრების უფლების სხვა პირზე გადასვლა ან რაიმე სხვა გზით გაუქმება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ტექ-აღრიცხვის ბიუროს საქმეში წარმოდგენილი მონაცემებით, რომელიც მათ შორის ქ. ქუთაისის მერიისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება მერიის გონივრული მოლოდინის წარმომშობი რაიმე საფუძველი იმის დასასაბუთებლად, რომ მან ქონების სრული ფართის სანაცვლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოსცა 15.01.1996წ. განკარგულება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ 1996წ. მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე ან მის ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულებას რეგისტრაციაში ატარებდა სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი (239-ე მუხ.), რომლის უფლებამონაცვლეც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის დაცული 15.01.1996წ. განკარგულების გამოცემის დროისათვის ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის ღირებულების დამდგენი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ 4500 აშშ დოლარი იყო მთლიანი სახლის ღირებულება. ამასთანავე, მართალია 15.01.1996წ. განკარგულების შესავალი ნაწილის მიხედვით ლ.ლ-ის ოჯახის წევრებს წარდგენილი აქვთ ნოტარიული წესით დამტკიცებული განცხადებები სახლის აღების სანაცვლოდ კონკრეტული თანხის მიღების შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ დადგენილა ლ.ლ-ის ოჯახში გ.ე-ს მოქცევის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ 15.01.1996წ. განკარგულებით მთლიანი სახლის სანაცვლო თანხის ანაზღაურება დადგინდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვისას, განკარგვა შეიძლება ნამდვილად აქციოს მხოლოდ იმ პირის თანხმობამ, რომელიც იყო განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია ლ.ლ-ის ოჯახის წევრებმა თანხმობა გასცეს ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის განკარგვაზე, თუმცა არ დგინდება მათი უფლება უძრავ ნივთთან მიმართებით, არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობა ვერ გამოასწორებს განკარგვის ხარვეზს. შესრულება ვალდებულების შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს უკეთუ შესრულების მიღებას კრედიტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახდენს. აღნიშნული გარემოებების არარსებობის პირობებში იგულისხმება, რომ კრედიტორს შესრულება არ მიუღია. ის, რომ შესრულება განხორციელდა და იგი უფლებამოსილმა პირმა მიიღო მოვალის მტკიცების ტვირთს შეადგენს, ქ. ქუთაისის მერიის მხოლოდ ზოგადი ახსნა-განამრტებები ლ.ლ-ისთვის თანხის გადაცემით სახლის სრული ღირებულების ანაზღაურების შესახებ, არ ასაბუთებს სარჩელის უსაფუძვლობას. სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა არ დგინდება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ გ.ე-ს ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. განკარგულება არ გაუსაჩივრებია, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ დასაბუთებულა აღნიშნული განკარგულებით გ.ე-ს კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება. კასატორი თვლის, რომ ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. განკარგულება ...ის ქ. N19-ში მდებარე სახლის მის წილზე არ ვრცელდება, რის გამო არ აყენებს ზიანს და ამდენად, არ არსებობდა გასაჩივრების საჭიროებაც.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა ემსჯელათ აგრეთვე საქმეში ლ.ლ-ის მესამე პირად ჩართვის საჭიროებაზეც, რადგან საქმეში ერთ-ერთ გამოსაკვლევ საკითხს შეადგენს ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. განკარგულების ფარგლები. უკეთუ ქ. ქუთაისის მერიის მიერ ლ.ლ-ისათვის გადასაცემი თანხის ოდენობა - 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, განსაზღვრული იყო სახლის მთლიანი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ და ლ.ლ-ს აღნიშნული თანხა მიღებული აქვს, მაშინ შესაძლოა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მის მიმართ წარმოიშვას გარკვეული ვალდებულებების დაკისრების საფუძველი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია იცის, რომ არ გამოკვლეულა ქ. ქუთაისის მერიის 15.01.1996წ. განკარგულების აღსრულების მიზნით ლ.ლ-ისთვის შესაბამისი თანხის გადაცემის საკითხი. უკეთუ 1996 წლის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა ქ. ქუთაისის მერიას არ გაუცია, აღნიშნული დამატებით დაადასტურებს მერიის მოსაზრების უსაფუძვლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ.ლ-ისთვის 4500 აშშ დოლარის გადახდით მის მიერ შესრულდა სახლის აღებასთან დაკავშირებული ვალდებულება და სახლის სრული ღირებულა აუნაზღაურდა განკარგულების ადრესატს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.ე-ას (გ.ე-ს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი