დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.04.2024
საქმის ნომერი
ბს-1047(2კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1047(2კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 17 თებერვალს ი. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული №000551 დადგენილებით იგი დაჯარიმებულ იქნა 8000 ლარით და დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში არსებულ შენობაზე არსებული მიშენების დემონტაჟი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 17 ოქტომბერს ასევე გამოსცა №002690 დადგენილება, რომელიც ი. კ-ემ გაასაჩივრა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 დეკემბრის №682 ბრძანებით დაკმაყოფილდა მისი საჩივარი.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილების გამოცემისას იხელმძღვანელა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციით და არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილებით, მოქალაქე ი. კ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №..., ს/კ ...-ში საკუთრებაში არსებულ ფართზე უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისათვის (სათავსი, ს/კ ...). ამავე დადგენილებით მას დაევალა საკუთრებაში არსებულ ფართზე უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის (სათავსი, ს/კ ...) დემონტაჟი.

საქალაქო სასამართლომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (რომლითაც სააგენტომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესაძლებელი იყო ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ადრეულ წლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური დამხმარე ნაგებობა) მოხსნა) მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნებართვოდ მიჩნეული, უძრავ ნივთზე მიშენებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის მდგომარეობის გაუარესებას არ გამოიწვევდა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა და კანონიერი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილება, რაც სასამართლოს მოსაზრებით აგრეთვე მიუთითებდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანების კანონიერებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის №10/2675 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №......ის ქ. №...-ში მდებარე სადავო ნაგებობა წარმოადგენდა ძეგლის გვიანდელ მინაშენს, რომელიც განხორციელებული იყო ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე და რომელზეც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვრცელდებოდა ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და შეზღუდვები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ი. კ-ეის მიერ აღნიშნულ და საქმის მასალებით დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ სადავო მშენებლობა ნაწარმოები იყო 70-იან წლებში ი. კ-ეის მამის მიერ, მოსარჩელის დაბადებამდე. ამასთან, სადავო მშენებლობა ნაწარმოები იყო უძრავ ქონებაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნაგებობის დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა იდენტური იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ნაგებობისა, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა ნაწარმოები იყო 2007 წლამდე, უძრავი ქონებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის №19/752 და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის №10/2675 წერილები ცხადყოფდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანებით მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და სადავო ნაგებობა წარმოადგენდა ძეგლის გვიანდელ მინაშენს (ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე), რომელზეც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვრცელდებოდა ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და შეზღუდვები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ეის მხრიდან სახეზე არ იყო სამართალდარღვევის შემადგენლობა, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ნორმათა საფუძველზე გამორიცხავდა მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სადავო დადგენილების გამოცემისას იხელმძღვანელა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული, ქ. თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობის საინვენტარიზაციო გეგმის არსებულ სიტუაციასთან შედარებით, რომლის საფუძველზეც დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ სიტუაციას. კერძოდ, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფართზე განხორციელდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მიშენება.

ამასთან, კასატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს, მათ შორის, უნებართვო მიშენების წარმოება საჭიროებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის ნებართვას. ხოლო, ვინაიდან განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია არც საქმის მასალებში იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იქნა მოძიებული, აღნიშნული მიუთითებდა სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც წარმოადგენს დამრღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კასატორმა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეკისრება იმ პირს/სუბიექტს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნებართვო კაპიტალური შენობა-ნაგებობის მიშენებისთვის დაეკისრა ი. კ-ეს, როგორც მესაკუთრეს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე (2007 წლამდე), ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ზუსტი დრო, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმის რეალურ მდგომარეობასთან შედარებით გამოიკვეთა შეუსაბამობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამორიცხა ი. კ-ეის მხრიდან სამართალდარღვევის შემადგენლობა, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოება დაიწყო სწორედ მესაკუთრეზე და სწორედ მას ევალებოდა გამოვლენილი სამართალდარღვევის გამოსწორების ვალდებულება, ვინაიდან სწორედ მესაკუთრე წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამოსწორების შესაძლებლობის მქონე ერთადერთ პირს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ი. კ-ეის პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე იმ მოტივით, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები არ არის ნაწარმოები მის მიერ. კასატორმა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მამამისის მიერ, რომელიც გარდაცვლილია, მუნიციპალური ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას სამართალწარმოება დაეწყო სამუშაოების უშუალოდ მწარმოებელ პირზე, შესაბამისად, ი. კ-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა არა როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირს, არამედ როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მართალია ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

ამასთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარით.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, №......ის ქუჩა, №..., საკადასტრო კოდი ... (სათავსი, შენობა №4, 3.35 კვ.მ.), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 3 აგვისტოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების №5 ოქმის საფუძველზე, დარეგისტრირდა ი. კ-ეის საკუთრების უფლება. 2017 წლის 18 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი. კ-ეის მიმართ, შედგენილი №002690 მითითების შეუსრულებლობის შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის №002690 დადგენილებით, მოქალაქე ი. კ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და დაევალა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (დამხმარე კაპიტალური ნაგებობა) დემონტაჟი.

დადგენილია, რომ ი. კ-ემ საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის №002690 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 დეკემბრის №682 ბრძანებით, ი. კ-ეის 2017 წლის 30 ოქტომბრის №19/011730388-01 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, საქმის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სადავო დადგენილების გამოცემისას სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა ემსჯელა და არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, განეკუთვნებოდა თუ არა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები ძეგლის განუყოფელ ნაწილს და გამოიწვევდა თუ არა აღნიშნული სამუშაოების დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გაუარესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 25 იანვარს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ №17-0119025935 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია სადავო ქონების სტატუსის და მისი დემონტაჟის შესაძლებლობის შესახებ.

საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის №19/752 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანებით მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამავე წერილის თანახმად, სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ადრეულ წლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები და სააგენტომ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესაძლებელი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 იანვრის №17-0119025935 მომართვაში აღნიშნული ელემენტების მოხსნა. მითითებული წერილით, ინსპექციას დამატებით ასევე ეცნობა, რომ მომართვაში მითითებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობის მოხსნა უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული კონსტრუქციული დასკვნის საფუძველზე და სამუშაოების წარმოების წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის №10/2675 წერილის თანახმად კი, ქ. თბილისში, ...ს ქ. №......ის ქ. №...-ში მდებარე სადავო ნაგებობა წარმოადგენდა ძეგლის გვიანდელ მინაშენს, რომელიც განხორციელებული იყო ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე, რომელზეც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვრცელდებოდა ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და შეზღუდვები.

ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივნისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ი. კ-ეის მიმართ შედგენილ იქნა №000551 მითითება, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში, ი. კ-ეის საკუთრებაში არსებულ ფართზე მიშენებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა (სათავსი, ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით, ი. კ-ეს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად განესაზღვრა 14 კალენდარული დღის ვადა. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივნისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა №000551 შემოწმების აქტი იმ საფუძვლით, რომ ი. კ-ეის მიერ არ შესრულდა 2019 წლის 12 ივნისის №000551 მითითებით გათვალისწინებული პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილებით, მოქალაქე ი. კ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №..., ს/კ ...-ში საკუთრებაში არსებულ ფართზე უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისათვის (ს/კ ...). ამავე დადგენილებით, მოქალაქე ი. კ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №... ს/კ ...-ში, საკუთრებაში არსებულ ფართზე უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით (უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული კონსტრუქციული დასკვნის საფუძველზე და სამუშაოების წარმოების წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად).

აღსანიშნავია, რომ ი. კ-ემ 2019 წლის 19 დეკემბერის №19/01193532041-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ოქტომბრის №000551 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით, ი. კ-ეის 2019 წლის 19 დეკემბრის №19/01193532041-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - “იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ”) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი“ (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §55). იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევის დადგენის საფუძვლად არ მიიჩნიოს, საჭიროა მოცემული ჩარევა პირველ რიგში იცავდეს კანონიერების პრინციპს (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §58) კანონიერების პრინცი ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ამაზე მეტყველებს ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილება - „ბელანე ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ” (Béláné Nagy v. Hungary, no. 53080/13), რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხსენებულ უფლებაში ნებისმიერ ჩარევა მოცემულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო მიშენებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე რეგისტრირებულია ი. კ-ეის საკუთრების უფლება, მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო და განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად ეფუძნება სადავო მიშენების დემონტაჟის დაკისრება შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს თუ არა იგი მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას.

ასევე აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „შენობის დემონტაჟი, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).

ი. კ-ეისთვის ჯარიმის სახით 8000 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს (სუსგ №ბს-360-357(2კ-17), 19.10.2017); №ბს-504-504(3კ-18), 13.07.2022). ამასთან, ხაზგასასმელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (სუსგ №ბს-504-504(3კ-18), 13.07.2022).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02/03/2020 №139 დადგენილებით) მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულება პირველად, 2008 წლის 27 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილების სახით, ასახულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების (ძალადაკარგულად ცნობის თარიღი: 22/03/2009) მე-60 მუხლში, რომელიც მანამდე დასახელებული შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებართვის აღებისა და შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდებოდა 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, I კლასის შენობა-ნაგებობაზე, განხორციელებულ რეკონსტრუქციაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სადავო მშენებლობის განხორციელების დროს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მშენებლობის დასტურის მიუღებლობას, როგორც უნებართვო მშენებლობას და შესაბამისად, მას არ აქცევდა სამშენებლო სამართალდარღვევათა კატეგორიაში, ხოლო აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე I კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ნებადართული იყო ყოველგვარი შეტყობინების გარეშე... საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თუ მოსარჩელემ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა სადავო რეკონსტრუქცია (როგორც ამას თავად მიუთითებს და აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება საქმეზე არ დადასტურებულა), მაშინ ამ დროს კანონი I კლასის შენობა-ნაგებობისათვის არც ნებართვის არსებობას საჭიროებდა და არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას ადგენდა“ (სუსგ №ბს-391-386(3კ-12), 15.11.2012).

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. დასახელებული კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. კ-ეის განმარტების თანახმად, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში არ არის წარმოდგენილი, სადავო მშენებლობა ნაწარმოებია მის დაბადებამდე, 70-იან წლებში, მოსარჩელის მამის მიერ. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ სადავო ნაგებობა ნაწარმოები იყო უძრავ ქონებაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. დადგენილია, რომ სადავო ნაგებობის დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა იდენტურია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ნაგებობისა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა ნაწარმოებია 2007 წლამდე, უძრავი ქონებისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. გარდა ამისა, საქმეში არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 მარტის №19/752 და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის №10/2675 წერილებიც ადასტურებს, რომ სადავო ნაგებობა წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ს ქ. №.... ...ის ქ. №...-ში მდებარე ძეგლის გვიანდელ მინაშენს, რომელიც განხორციელებულია ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიშენების განხორციელების პერიოდისთვის მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა მითითებას I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის შესაბამისი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების თაობაზე, რომელიც შემდგომ ამოქმედდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ერთი მხრივ სადავო მიშენება წარმოადგენდა I კლასის შენობა-ნაგებობას, ხოლო მეორე მხრივ იგი მიშენებულ იქნა ისეთ პერიოდში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღნიშნული კატეგორიის ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის აღების ან შესაბამისი ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულებას. ამდენად, სადავო მიშენება, მისი განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვის არ არსებობის გამო, არ ადასტურებს მის უკანონობას.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა განმარტებულია როგორც სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენის განხორციელების პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამონაწილეობის მნიშვნელობასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებისა და გათვალისწინების საჭიროებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო მშენებლობა ნაწარმოებია 2007 წლამდე, უძრავი ქონებისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის №10/2675 წერილის თანახმად კი, სადავო უძრავ ქონებაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვრცელდება ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და შეზღუდვები, რაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გაუქმებულა, ამდენად იგი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს, რომლის დემონტაჟის დავალება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე