დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-896(2კ-კს-24)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-896(2კ-კს-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - დ. ჩ-ი-ჭ-ე

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 28 ნოემბერს დ. ჩ-ი-ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., საერთო ფართობი 1 004 კვ.მ., დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულება; დაევალა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით; დაეკისრა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ჩ-ი-ჭ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით გადახდა.

2024 წლის 25 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ. ჩ-ი-ჭ-ემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელე ითხოვდა 1 004 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი მითითებულია, რომ აღიარების კომისიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს N...-ში, 983 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, რომლის აღიარებასაც ითხოვს თ. ჩ-ი და ის კვეთს თ. ჩ-ის სადავო მიწის ნაკვეთს 10.6 კვ.მ-ით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზით. ამასთან, გადაწყვეტილების 26-ე გვერდზე, ბოლო აბზაცში სასამართლო უთითებს, რომ „სადავო შემთხვევაში არ არსებობს დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება ზედდება“. განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, სასამართლომ საოქმოდაც განმარტა, რა ნაწილში არ დააკმაყოფილა დ. ჩ-ი-ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთთან ზედდების - 10.6 კვ.მ-ის ნაწილში. შესაბამისად, აღიარების კომისიას უნდა დავალებოდა აქტის გამოცემა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 993 კვ.მ-ზე (1 004-10.6=993.4). ამდენად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილისა და სასამართლოს განმარტების ანალიზის საფუძველზე, სახეზეა ტექნიკური უსწორობა, რომელიც ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის რეგულირების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N3ბ/3262-23) დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შემდეგი ფორმით ჩამოყალიბება: დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს N...-ში, 993 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილების არსსა და შინაარსს, დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა მაგალითად: მხარეთა გვარი, სახელი, მამის სახელი და ა.შ. აგრეთვე არითმეტიკული შეცდომები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში მითითებული გარემოება წარმოადგენს არა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხს, არამედ გამოიწვევს არსებითი ცვლილების შეტანას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დაშვებული უსწორობა, რის გამოც განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა დ. ჩ-ი-ჭ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N3ბ/3262-23) დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შემდეგი ფორმით ჩამოყალიბება: დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს N...-ში, 993 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა 2024 წლის 25 ივლისის განცხადებაში აღნიშნულ იდენტურ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მის მიერ მოთხოვნილი უსწორობის გასწორება არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი განსაზღვრავს, თუ რამდენად სწორად იქნა გამოთვლილი სარეზოლუციო ნაწილში მითითებული შესაბამისი რიცხვი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს დ. ჩ-ი-ჭ-ეის უფლების დარღვევას. კერძოდ, არითმეტიკული უზუსტობის გამო მოსარჩელე კარგავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მსჯელობიდან და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან აშკარად ჩანს, რომ მოპასუხეს სწორედ 993 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარება უნდა დავალებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობა გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანას, მისი არსის შეუცვლელად. „..გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას..“ (სუს 2018 წლის პირველი ნოემბრის Nბს-359-359(კს-18) განჩინება).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., საერთო ფართობი 1 004 კვ.მ., დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (და არა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ 1 004 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (1 004 კვ.მ.) საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის თანახმად, 10.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ზედდებაში იყო მის მომიჯნავედ არსებულ, თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ აღნიშნა, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (1 004-10.6) ფართის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებულ მექანიკურ უსწორობას და მისი გასწორება, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, არსებითად არ ცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება;

3. დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

4. გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) დაშვებული უსწორობა;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) სამოტივაციო ნაწილის 27-ე გვერდის პირველ აბზაცსა და 28-ე გვერდის პირველ და მე-3 აბზაცებში მიწის ნაკვეთის ფართად ნაცვლად ,,983 კვ.მ“-ისა, მიეთითოს ,,993 კვ.მ.“;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში ნაცვლად ,,ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ს ქ. N26, 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.“, მიეთითოს ,,ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ს ქ. N26, 993 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.“

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი