დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-778 (კ-25) 22 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. დ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს პრეზიდენტისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „პრეზიდენტი“ ან კასატორი“) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 20.12.2022 წლის №595 ბრძანებულება მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 14.11.2022 წლის №1000819464 დასკვნა მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს მეორე მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის 14.11.2022 წლის N1000819464 დასკვნა და დაევალა სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის 20.12.2022 წლის №595 ბრძანებულება მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს. პალატამ იმსჯელა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და შეაფასა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყეტის კანონიერება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით, ვინაიდან დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4.2. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლები. ამგვარი წინაპირობების არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჯერ კიდევ სადავოა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სადავო დასკვნა და მეორე მოპასუხეს დავალებული აქვს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის საქართველოს მოქალაქედ არსებობის ფაქტი, რამეთუ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დაცული იყო სადავო ბრძანებულების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, საქმეზე შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით, ვინაიდან კასატორია პრეზიდენტი და სააპელაციო წესითაც განხილულ იქნა მხოლოდ მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველი მოპასუხის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.
9. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს 14.11.2022 წლის №1000819464 უარყოფითი დასკვნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
10. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მისი მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი ორგანული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
11. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
12. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, ამასთან, გამოირიცხება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა (შდრ. სუსგ №ბს-1213(კ-24), 23.12.2024წ.). მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში არსებობს გასაჩივრებული ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი (სუსგ №ბს-521 (კ-24), 09.12.2024წ.). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულოა მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეობა, რამეთუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი შენარჩუნების წინაპირობების არსებობა/არარსებობაზე მსჯელობა (სუსგ №ბს-534 (კ-25), 23.07.2025წ., პ.12).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიზო უბილავა