დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1024(კ-25) 15 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. დ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს - ი. დ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ი. დ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ნივთებს: ი. დ-ის სახელზე რიცხულ 1 (ერთი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - „ოპელ ვექტრა 1.61“, სანომრე ნიშანი ..., გამოშვების წელი - 1990, ფერი - იისფერი 6/8, ს/ნ - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ..., გაცემული 11.03.2013 წელს; ი. დ-ის სახელზე რეგისტრირებულ 1 (ერთი) ერთეულ ცეცხლსასროლ თოფს: ..., კალიბრი - 12, იარაღის ნომერი - ..., ნებართვის ტიპი - B, ნებართვის ნომერი - ..., დაბეჭდვის თარიღი - 13.12.2013 წელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს - ი. დ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე 418-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კერძოდ, მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესები. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას). ამასთან, თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილების მე-18 თავი ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება. ასევე, განსახილველ შემთხვევაში, კონტაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და თანაზომიერია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 22 ოქტომბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, ი. დ-ეს შორის დაიდო №1/2752/18 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურე, უპირობოდ და წინასწარ კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად; ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები. კერძოდ, მე-7 მუხლის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი (ს.ფ. 16-23); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 26.10.2018 წლის №MOD 3 18 00006545 ბრძანებით ი. დ-ე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“) და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2018 წლის 22 ოქტომბრიდან (ს.ფ. 15); გ) 2020 წლის 08 იანვარს, ი. დ-ემ, პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა (ს.ფ. 25); დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.02.2020 წლის №MOD 9 20 00001714 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის III ქვეითი ოცეულის II ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის ...ი (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი; შტატი №...) I კლასის რიგითი ი. დ-ე (სსსკ ძირითადი: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 24); ე) 24.02.2020 წლის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობისა და შეტყობინების თანახმად, ი. დ-ეს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 2 თვე და 16 დღე (ს.ფ. 26, 27);
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების კანონიერება. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. დ-ეს შორის გაფორებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ი. დ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობების არსებობა ფასდება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შესაბამისად, შემცირების საფუძვლებიც (მაგ. ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა. შ.) ინდივიდუალურად ფასდება. გასათვალისწინებელია მოპასუხის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა, ვალდებულების სახე და დარღვევის ხარისხი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ 2018 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე 1 წელი, 2 თვე და 16 დღე იმსახურა. შემდგომ კი, მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება, მოპასუხემ, პირადი პატაკის საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვეტა. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონოდა მოპასუხის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ი. დ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ.სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-929(კ-22), 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-419(კ-22), 2022 წლის 10 მარტის განჩნება საქმეზე №ბს-993(კ-21)).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა