დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.12.2025
საქმის ნომერი
ბს-1015(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1015(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შ.ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სააგენტოს სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №1000975412 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შ.ა-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანიების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.

მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოში მეუღლესთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება კანონიერად. შ.ა-ი უთითებს, რომ მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ უპრობლემოდ მიენიჭათ ბინადრობის უფლება საქართველოში; ამიტომ მისთვის გაურკვეველია თუ რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს საკუთრივ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არის კანონმორჩილი პიროვნება და არასდროს ყოფილა ნასამართლევი; იგი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოა და შესაბამისად მოითხოვს გასაჩივრებული აქტის გაუქმებას და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.ა-მა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.ა-ი (C. A, დაბ: ... ... ... წელი) არის სომხეთის რესპუბლიკის რესპუბლიკის მოქალაქე. ამასთან, დადგენილი, რომ მოსარჩელეს ჰყავს შვილები: ა.მ.ა-ი (დაბ. ... ... ...წ. ...), კ.ა-ი (დაბ. ... ... ...წ. ...), გ.ა-ი (დაბ. ... ... ...წ. ...) და მეუღლე - ი.რ-ა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებებით არასრულწლოვნებზე გაიცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის 30 აგვისტომდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის 1000975398 გადაწყვეტილებით რ.ი-ს ასევე მიეცა საქართველოში ოჯახის გაერთინების მიზნით ბინადრობის ნებართვა - 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 აგვისტომდე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის შვილს - გ.ა-ი (დაბ. ... ... ...წ. ...) გაუგრძელდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2026 წლის 20 მაისამდე.

2024 წლის 6 სექტემბერს, შ.ა-მა №1000975412 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა შ.ა-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 26 სექტემბრის SSG 4 24 00216688 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნია შ.ა-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №1000975412 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ.ა-ის 2024 წლის 6 სექტემბრის №1000975412 განცხადება და უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუ რა გახდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №1000975412 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც შ.ა-ის უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე.

საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის შინაარსის, ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველი დავა სწორად გადაწყვიტა;

გარდა ამისა, პალატის მითითებით საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გზით სააპელაციო სასამართლოს მისცემდა საქმეზე უკვე დადგენილისგან განსხვავებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთებლად; ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მისაღებად დადგენილ კანონისმიერ მოთხოვნებს იგი სრულად აკმაყოფილებს და შეუძლებელია კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გააჩნდეს რაიმე სახის ინფორმაცია შ.ა-ის საქმიანობის უკანონობასთან და მით უფრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტან პირებთან რაიმე კავშირში ყოფნასთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არასრულწლოვანი შვილების ერთადერთი მარჩენალია და ამიტომ სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება თავისივე შრომით შეძლოს ოჯახის უზრუნველყოფა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შვლები განათლებას საქართველოში იღებენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ.ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №1000975412 გადაწყვეტილების კანონიერება და და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შ.ა-ის მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრზე.

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2024 წლის 6 სექტემბერს, შ.ა-იმა №1000975412 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტომ მიმართა სუსს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა შ.ა-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 26 სექტემბრის SSG 4 24 00216688 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნია შ.ა-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №1000975412 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ.ა-ის 2024 წლის 6 სექტემბრის №1000975412 განცხადება და უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2025 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.10.2024წლის №1000975412 გადაწყვეტილებით შ.ა-ის (S.A დაბ.: ... ... ...; ...ში, პასპორტის ნომერი:...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.09.2024წ. №SSG 4 24 00216688 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა შ.ა-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.09.2024წ. №SSG 4 24 00216688 წერილის გაცემას და მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.

საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინებას და მართებულად მიიჩნევს უარს შ.ა-ისითვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბავშვთა საუკეთესო ინტერესის დაცვის უგულებელყოფის თაობაზე და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორი არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას უპირობოდ, შესაბამისი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე გასცეს რომელიმე კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვა უცხოელზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ ბავშვთა საუკეთესო ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული უშიშროება და საზოგადოებრივი უსაფრთოება სახელმწიფოს მიერ დაცული სფეროებია; თუმცა, მაშინ, როდესაც ეს ორი უფლება უპირისპირდება ერთმანეთს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყეტილება ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით მიიღოს; განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობითა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.10.2024 წლის №1000975412 გადაწყვეტილება არის კანონიერი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ.ა-ის საკასაციო საჩივარზე შ.კ-ეს (პ/ნ...) 14/07/2025წ. #... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შ.კ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს შ.ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება;

3. შ.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შ.ა-ის საკასაციო საჩივარზე 14/07/2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა