დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-146 (2კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ტ-ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2024 წლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ტ-მა 06.08.2019 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის სახით, თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ტ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ნამსახურობის დანამატის - 2607 ლარისა და ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2021 წლის გადაწყვეტილებით კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება (2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის დეკემბრამდე მიუღებელი დანამატის კომპენსაცია) 2417.4 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2023 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2021 წლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრის ჩათვლით მიუღებელი დანამატის - 1422 ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით), დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. ტ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.04.2024 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და კ. ტ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2023 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.03.2023 წლის და 15.03.2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმებზე არ იყო მოსამართლის ხელმოწერა, შესაბამისად, მითითებული სხდომის ოქმები არ მიიჩნეოდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რა ოქმის შედგენის სავალდებულოობას, შესაბამისად, სასამართლო სხდომის ოქმის გარეშე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხდომის ოქმის გარეშე საქმის განხილვა წარმოადგენს არსებით პროცესუალურ დარღვევას, რის გამოც საკასაციო სასამართლო სადავო შემთხვევაში მოკლებულია საქმის განხილვის შესაძლებლობას და საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას საპროცესო ნორმების დაცვის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2024 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამიონისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივნისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი დანამატის 1540.50 (ათას ხუთას ორმოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით), დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო პერიოდის დროს, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი), ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითთა ბრიგადის 12.08.2019 წლის №MOD 8 19 00824811 ცნობის მიხედვით, მე-3 ქვეით ბრიგადაში მსახურობის პერიოდში კ. ტ-ის მიმართ დასარიცხი წელთა ნამსახურობის დანამატი წლებისა და თვეების მიხედვით შეადგენდა: 2017 წლის იანვარი - 0, თებერვალი - 0, მარტი - 0, აპრილი - 0, მაისი - 0, ივნისი - 237, ივლისი - 237, აგვისტო - 237, სექტემბერი - 237, ოქტომბერი - 237, ნოემბერი - 237, დეკემბერი - 118,5, სულ თანხა 1540.5. ასევე, 2018 წლის იანვარი - 118,5, თებერვალი - 118,5, მარტი - 118,5, აპრილი - 118,5, მაისი - 118,5, ივნისი - 0, ივლისი - 0, აგვისტო - 0, სექტემბერი - 0, ოქტომბერი - 0, ნოემბერი - 0, დეკემბერი - 0, სულ თანხა 592.5. სასამართლოს დავალების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტი კ. ტ-ის მიმართ 2017 წელს დარიცხული და დასარიცხი ხელფასისა და დანამატის ოდენობის თაობაზე, რომლის თანახმად კ. ტ-ის მიმართ 2017 წელს დარიცხული დანამატია: მარტი - 237 ლარი, აპრილი - 338.57 ლარი, მაისი - 237 ლარი, ივნისი - 0, ივლისი - 0, აგვისტო - 0, სექტემბერი - 0, ოქტომბერი - 0, ნოემბერი - 0, დეკემბერი - 118,5 ლარი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხსენებული ცნობის იმ გრაფაზე, რომელიც იძლევა ინფორმაციას დასარიცხი დანამატის თაობაზე, კერძოდ, დასარიცხი დანამატი ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 237 ლარს. სასამართლო დავალების საფუძველზე ასევე მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი სასამართლოსთვის ამონაწერი სს ,,... ბანკიდან'', რომელიც მოიცავდა ინფორმაციას 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. ხსენებული დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრის ჩათვლით არ ჩარიცხვია მიმდინარე წლის კონკრეტული თვის დანამატი, ხოლო 2017 წლის დეკემბერში დანამატის სახით ჩაერიცხა 94.80 ლარი (118.5 ლარიდან დარიცხული დანამატის ხელზე დასარიცხი დანამატი). ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის 2017 წლის დასარიცხი დანამატის ოდენობას წარმოადგენდა 237 ლარი, რაც არ ჩარიცხვია მას ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, ხოლო დეკემბერში ჩაერიცხა მხოლოდ 118.5 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 2017 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი დანამატი, რაც დადასტურებული იყო ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით იყო 7 თვე, შესაბამისად, 237 ლარი უნდა გამრავლებულიყო 7-ზე და მიღებულ ნამრავლს უნდა გამოკლებოდა 118.5 ლარი (დეკემბრის თვეში მოსარჩელისათვის დარიცხული დანამატის ოდენობა), შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა მიუღებელი დანამატის ანაზღაურება ჯამში 1540.5 ლარის (237X7-118.5=1540.5) ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2024 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და კ. ტ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის განჩინებით კ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2024 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
კასატორმა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ნამსახურობა ხელახალ დაანგარიშებამდე შეადგენდა 5 წელზე მეტს, ხოლო მე-3 ქვეით ბრიგადაში დაანგარიშების შემდგომ შეადგენდა 1 წელს 6 თვეს და 6 დღეს. შესაბამისად, მასზე გაიცემოდა თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის დანამატი - 59.25 ლარი, რაც 2017 წლის დეკემბრის თვემდე ჯამში შეადგენდა 592.5 ლარს, ხოლო 2017 წლის დეკემბერში მოსარჩელის ნამსახურობამ შეადგინა 2 წელზე მეტი და მასზე დანამატის სახით გაიცემოდა თავდაცვის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების მე-18 მუხლის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობა - სარგოს 10%, 118.50 ლარი. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სადავო პერიოდში გაცემული დანამატის ოდენობა შეადგენს 711 ლარს, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას 2607 ლარის ოდენობის დანამატის გაუცემლობასა და დაყოვნებისათვის 0.07%-ის გაცემაზე. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ ნამსახურობის გადაანგარიშება და ნამსახურობის ოდენობის შემცირება მხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.02.2017 წლის №MOD 1 17 00000964 ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის I საპატრულო ასეულის II საპატრულო ჯგუფის ყოფილი პატრული, უფროსი ლეიტენანტი კ. ტ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე უზრუნველყოფის ბატალიონის ...ის განყოფილების ...ის ოფიცრად. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.05.2018 წლის №MOD 3 18 00002909 ბრძანების თანახმად, უფროსი ლეიტენანტი კ. ტ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის ლოგისტიკის კურსის ინსტრუქტორ-ოფიცრად.
მოსარჩელის მითითებით მას 2017 წლის თებერვლიდან დეკემბრის თვის ჩათვლით არ მიუღია ნამსახურობის დანამატი, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს თუ რამდენად ეკუთვნოდა მას მითითებულ პერიოდზე წელთა ნამსახურობის დანამატი და რა ოდენობით.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტრო სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ დროის გარკვეულ პერიოდში დანამატის გაცემა კ. ტ-ის მიმართ იყო შეწყვეტილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითთა ბრიგადის 08.11.2019 წლის №MOD 01901152980 წერილის თანახმად, კ. ტ-ის მიმართ გასაცემი დანამატის ოდენობა შეწყვეტამდე შეადგენდა 237 ლარს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების თანახმად. ამავე წერილის თანახმად, კ. ტ-ის წელთა ნამსახურობა ხელახალ დაანგარიშებამდე შეადგენდა 5 წელზე მეტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითთა ბრიგადის 12.08.2019 წლის №MOD 8 19 00824811 ცნობის, ასევე 28.11.2022 წელს სააპელაციო სასამართლოსთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის 2017 წლის დასარიცხი დანამატის ოდენობას წარმოადგენს 237 ლარი, რაც არ ჩარიცხვია მას ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, ხოლო დეკემბერში ჩაერიცხა მხოლოდ 118.5 ლარი. აღნიშნული დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი სს „... ბანკიდან“ საბანკო ანგარიშის ამონაწერებით, რომლის თანახმად მოსარჩელეს 2017 წლის ივნისამდე ერიცხებოდა ნამსახურობის დანამატი, ხოლო 2017 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით არ ჩარიცხვია მიმდინარე წლის კონკრეტული თვის დანამატი, ამასთან, დეკემბერში დანამატის სახით ჩაერიცხა 94.80 ლარი (118.5 ლარიდან დარიცხული დანამატის ხელზე დასარიცხი თანხა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სადავო პერიოდის დროს, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი), რომლის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. ტ-მა განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უკანონოდ მიუღებელი დანამატის (ზიანის) ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 24.05.2019 წლის წერილით ეცნობა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ასანაზღაურებელი ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და ვერ განხორციელდებოდა გადაანგარიშებული დანამატის გაცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კ. ტ-ისათვის გასაცემი დანამატის ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში დაცული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეს ნამსახურობის დანამატი არ ჩარიცხვია 2017 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ხოლო დეკემბერში დანამატის სახით ჩაერიცხა მხოლოდ 118.5 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მიუღებელი დანამატის ანაზღაურება ჯამში 1540.5 ლარის (237X7-118.5= 1540.5) ოდენობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2024 წლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე