დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-102(2კ-23) 26 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი წარადგინა გ.ბ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.11.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 13.09.2014 წელს დაიდო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის №729 ბრძანებით დამტკიცებული №2746 „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი.
2.2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 06.09.2019 წლის №MOD21900004266 ბრძანებით სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული მოპასუხე - ოფიცრების ჯგუფის მსმენელი ლეიტენანტი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
2.3. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, მოპასუხის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 წელი 11 თვე და 22 დღე.
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სასამართლოს მითითებით, მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება, ემსახურა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, არ შეასრულა ჯეროვნად.
2.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებში არსებულ მოპასუხის 27.08.2019 წლის პატაკში ასეთი აღნიშნული არ იყო. სასამართლოს მითითებით, ადგილი არ ჰქონდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული იყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.11.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 06.09.2019 წლის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ ამ დოკუმენტით დასტურდება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, რაც კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა. საქმეში დაცულ პატაკში მოპასუხე დათხოვნის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უთითებდა. მოპასუხე არ უთითებდა არც იმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე კონტრაქტის მეორე მხარეს მიაწოდა ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა სამხედრო სამსახურთან. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობა ასახავდა მოპასუხის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმ დროისათვის, როდესაც განხორციელდა მისი ვიზიტი ექიმთან (28.12.2021წ.) და მხოლოდ ეს დოკუმენტი უტყუარად ვერ დაადასტურებდა მოპასუხის სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობას 2019 წლისთვის.
4.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა პალატამ მიიჩნია, რომ 5000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და იგი უნდა განსაზღვრულიყო 1500 ლარით. პალატამ მიუთითა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაბუთებულად შედავებული არ არის შემდეგი გარემოებები: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 13.09.2014 წელს დაიდო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის №729 ბრძანებით დამტკიცებული №2746 „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.09.2014 წლის №MOD01400002450 ბრძანებით მოპასუხე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“; მოპასუხემ 27.08.2019 წელს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 06.09.2019 წლის №MOD21900004266 ბრძანებით მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელი (საშტატო კატეგორია ლეიტენანტი; შტატი №...) მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან; ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე მოპასუხის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 წელი 11 თვე და 22 დღე.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების/ოდენობის განსაზღვრის კანონიერება. მოპასუხე ითხოვს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმას, მოსარჩელე კი - 1500 ლარამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გაზრდას 5000 ლარამდე.
11. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა) წარმოშვა სსკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის არგუმენტს მასზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის/ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზს და პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხველ გარემოებას. საქმეში დაცული პატაკი არ შეიცავს რაიმე მითითებას მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის/მისი ავადმყოფობის შესახებ (ს.ფ.23). შესაბამისად, მასთან კონტრაქტი შეწყდა სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) და არა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ავადმყოფობის გამო) (ს.ფ.24). საქმეში არ მოიპოვება მოპასუხის მიერ პატაკით მიმართვისა და კონტრაქტის შეწყვეტის პერიოდისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება.
13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (სუსგ №ბს-515(2კ-25), 14.07.2025წ; №ბს-268(კ-22), 06.04.2022წ.). საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, წარმოშობის საფუძვლით, სახელშეკრულებო ხასიათისაა. საკასაციო სასამართლო, უთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-515(2კ-25), 14.07.2025წ; №ბს-268(კ-22), 06.04.2022წ; №ბს-808(კ-24), 26.11.2024წ; №ბს-318(კ-24), 25.07.2024წ.). საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე