დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1124(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1124(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თ. ს-ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 28 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თ. ს-ის მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის ჯარიმის სახით 5000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის 2020 წლის 27 ივლისს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული №144/20 კონტრაქტი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე 2020 წლის 27 ივლისს №4540 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... მექანიზებული ბრიგადის ...-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ასეულის ... ოცეულის უმცროს ... . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, მოპასუხესთან გაფორმებული კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღნიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად“.

მოსარჩელემ ასევე მიუთუითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის №909 ბრძანებით, მოპასუხე გათვისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. თ. ს-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. მოსარჩელე მიუთითებს მხარეთა შორის არსებული №144/20 კონტრაქტის 7.3. პუნქტზე, რომლის შესაბამისად „თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.

ამდენად, მოსარჩელემ თ. ს-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ს-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის 2020 წლის 27 ივლისს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული №144/20 კონტრაქტი. მოპასუხე თ. ს-ე 2020 წლის 27 ივლისს №4540 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... მექანიზებული ბრიგადის ...-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ასეულის ... ოცეულის უმცროს ... . მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად“ .

ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის MOD 6 22 00000909 ბრძანებით, მოპასუხე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. თ. ს-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის 2020 წლის 27 ივლისს გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად: „თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 14 მარტის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად თ. ს-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადამ შეადგინა 1 წელი, 7 თვე და 12 დღე;

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (5 000 ლარი) არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა აშკარად შეუსაბამო იყო და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებდა სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები არ დარღვეულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 300 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პრინციპულია შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და მნიშვნელოვანია განიმარტოს, განსახილველი დავის ფარგლებში, რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ს-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის 2020 წლის 27 ივლისს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული №144/20 კონტრაქტი. მოპასუხე თ. ს-ე 2020 წლის 27 ივლისს №4540 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... მექანიზებული ბრიგადის ...-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ასეულის ... ოცეულის უმცროს ... . მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად“ .

ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის MOD 6 22 00000909 ბრძანებით, მოპასუხე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. თ. ს-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის 2020 წლის 27 ივლისს გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად: „თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 5000 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 14 მარტის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად თ. ს-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადამ შეადგინა 1 წელი, 7 თვე და 12 დღე;

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ს-ეს შორის გაფორმებული 2020 წლის 27 ივლისს კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 300-ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 5 000 (ხუთი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის №505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ, მე-18 თავს დაემატა 11 პუნქტი, რომლის შესაბამისი ქვეპუნქტებით განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ თ. ს-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2020 წლის 27 ივლისს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის №ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის №ბს-993(კ-21) განჩინებები).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა