დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1133(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობა
მესამე პირი - გ. ბ-ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-ემ 18.09.2020 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ი. ს-ის სასარგებლოდ, მიყენებული მატერიალური ზიანის - 11 333 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2021 წლის განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2022 წლის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ს-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (აპელანტი) ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებაზე მითითებით, კერძოდ, აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობამ მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. თბილისი, ... №8) ჩაუტარა გამაგრებითი სამუშაოები, რა დროსაც მოშალა სახლის მესამე სართულზე არსებული საპირფარეშო და ონკანი, ხოლო ვინაიდან სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თვითნებურად, ნებართვის გარეშე ვერ ახორციელებს სველი წერტილების აღდგენას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, კრწანისის რაიონის გამგეობამ განახორციელა ... №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ხის აივნების პრევენციული კონსერვაციის სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოშალა სახლის მესამე სართულზე უნებართვოდ აშენებული საპირფარეშო და ონკანი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული სველი წერტილების შესაბამისი ნებართვის საფუძველზე აშენების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გამგეობის მიერ მოშლილი სველი წერტილები ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყო განთავსებული, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გამგეობის მხრიდან ბრალეული ქმედება და ასევე არ არსებობდა დამდგარი ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. კრწანისის გამგეობის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ასევე არ გამოიხატებოდა მის უმოქმედობაში, ვინაიდან კერძო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში სველი წერტილის მოწყობა არ წარმოადგენდა გამგეობის ვალდებულებას და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მსგავსი ქმედება განეხორციელებინა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები - სათანადო წესით არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არ არსებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც თავის მხრივ, სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ს-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არ იყო იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სააპელაციო შესაგებელი და შესაბამისად, მას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. კასატორი თვლის, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას სააპელაციო სასამართლოსთვის არ უთხოვია, რითაც უხეშად დაარღვია სასკ-ის 1-ლი, მე-4, სსკ-ის 384-ე, 248-ე, 372-ე და 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები გამოიყენა აპელანტის წინააღმდეგ. კასატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული დარღვევების გამო განჩინება არამხოლოდ არასაკმარისადაა დასაბუთებული, არამედ იმდენად არასრული და გაუგებარია, რომ სახეზეა სსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების თანახმად, 02.09.2019 წელს ი. ს-ემ განცხადებით მიმართა კრწანისის რაიონის გამგეობას. განცხადებაში მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... №8-ში მდებარე სახლს 2017 წელს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, რა დროსაც მოშალეს სახლის მესამე სართულზე არსებული ტუალეტი და ონკანი. სახლი წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს, ამიტომ თვითნებურად, ნებართვის გარეშე ვერ ახორციელებდა სველი წერტილების აღდგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ვითარების ადგილზე შესწავლა და სველი წერტილების აღდგენის საკითხში დახმარება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის 02.10.2019 წლის №39-01192753496 წერილით ი. ს-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან ტექნიკურად აივანზე შეუძლებელი იყო სველი წერტილის მოწყობა და ასევე სახლი წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. 15.10.2019 წელს ი. ს-ემ საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა კრწანისის რაიონის გამგეობის 02.10.2019 წლის №39-01192753496 წერილის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 30.07.2020 წლის №10-012021217 წერილით ი. ს-ეს ეცნობა, რომ 15.10.2019 წლის №19/0119288794-01 ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ქ. თბილისში, ... №8-ში მდებარე სახლზე სველი წერტილების დემონტაჟის შედეგად ი. ს-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. მითითებული საკითხი წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს და ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა აღნიშნული საქმე. 14.08.2020 წელს ი. ს-ემ განცხადებით მიმართა კრწანისის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად ზიანის თანხა განისაზღვრება 11 333 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის 25.08.2020 წლის №39-01202382911 წერილით ი. ს-ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებდა გამგეობის ქმედებით მიყენებული ზიანის ფაქტს. შესაბამისად, კრწანისის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის, უკეთუ თვლიდა, რომ დაირღვა მისი უფლება ან გამგეობის ქმედებით მიადგა რაიმე სახის ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ მიადგა მატერიალური ზიანი, ვინაიდან გამგეობამ ქ. თბილისში, ... №8-ში მდებარე სახლს ჩაუტარა გამაგრებითი სამუშაოები, რა დროსაც მოშალეს მისი სახლის მესამე სართულზე არსებული ტუალეტი და ონკანი, რის გამოც ითხოვს მოპასუხისათვის 11 333 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 18.4). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი (სზაკ-ის 208.2 მუხ.) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პასუხისმგებლობა დგება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას, რა დროსაც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საქმეში დაცულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის 19.05.2020 წლის №39-01201401600 წერილის თანახმად დგინდება, რომ 04.10.2016 წელს ... №8-ში მცხოვრები მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, კრწანისის რაიონის გამგეობამ განახორციელა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშაოები. საცხოვრებელ სახლს გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და არსებობდა მისი აივნების ხის კონსტრუქციებისა და ამოშენებული აგურის ტიხრების ჩამონგრევის საფრთხე. სველი წერტილი მოწყობილი იყო სამშენებლო ტექნიკური ნორმების დარღვევით შენობის ღია აივანზე. ამავდროულად იყო ამორტიზებული კანალიზაციის ქსელის მოშლის გამო, ხოლო მისგან ჩამომავალი დაბინძურებული სითხე წლების განმავლობაში ჩაედინებოდა შენობის საძირკველში, რამაც გამოიწვია გრუნტის გამორეცხვა და შენობის ავარიულობა. გამგეობის მიერ განხორციელდა საცხოვრებელი სახლის დროებითი გამაგრება, ხოლო სველი წერტილის აღდგენა-რეაბილიტაცია არ ჩატარდა, რამეთუ შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მძიმედ ავარიული და ღია აივანზე აღნიშნული სახით სველი წერილის მოწყობა იყო მიზანშეუწონელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის დაცული მოსარჩელის მიერ მითითებული სველი წერტილების შესაბამისი ნებართვის საფუძველზე აშენების დამადასტურებელი მტკიცებულება. კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ... №8-ში განხორციელდა ხის აივნების პრევენციული კონსერვაციის სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოშალეს სახლის მესამე სართულზე უნებართვოდ აშენებული ტუალეტი და ონკანი. შესაბამისად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ასევე არ არსებობს დამდგარი ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის, ვინაიდან გამგეობის მიერ მოშლილი სველი წერტილები განთავსებული იყო ყოველგვარი ნებართვის გარეშე, უკანონოდ. კრწანისის რაიონის გამგეობის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ასევე არ გამოიხატება მის უმოქმედობაში, რადგან გამგეობამ არ უზრუნველყო კერძო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში სველი წერტილის მოწყობა, აღნიშნული არ წარმოადგენს გამგეობის ვალდებულებას და შესაბამისად, მოპასუხე მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა მსგავსი ქმედება.
საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზით კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ნორმატიულად გაწერილი ვალდებულება დეკლარაციული მნიშვნელობისაა, შესაგებლის წარუდგენლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის, მისი ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით, არ ქმნის მხარის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების, მისთვის ნეგატიური შედეგის დადგომის საფუძველს. შესაგებლის წარდგენით მოპასუხე აფიქსირებს და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, თუმცა თუ იგი დასახელებული შესაძლებლობით არ ისარგებლებს, სასამართლო მის მიმართ იძულებით ღონისძიებებს ვერ გაატარებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით, ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი და საკუთარი პოზიცია სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნულ სხდომებზე იქნა მის მიერ დაფიქსირებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე