დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-75(კ-26) 17 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა.რ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა.რ-იმა 2023 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №28212 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, 2023 წლის 16 ოქტომბერს, სგპ „...ის“ კონტროლის ზონაში, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.რ-ი. დათვალიერების შედეგად საბარგულში აღმოჩენილ იქნა დამალული, არადეკლარირებული, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული ..., აქციზური მარკების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, მებაჟე-ოფიცრის მიერ შედგენილი იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №..., საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რის შესაბამისად ა.რ-ის შეეფარდა ჯარიმა - 1000 ლარი, ჩამოერთვა საქონელი და ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №28212 ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №28212 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევასა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას პრევენციული დანიშნულება აქვს და მისი გამოყენება შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულაციური სახით. მართალია სახდელის განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა ამ სახის გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევის მიერ ჩადენილი ქმედება. სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურებისა, რაც მოიცავდა მოსარჩელის მიერ საქართველოში შემოსვლისას არადეკლარირებული, აქციზური მარკირების გარეშე ...ის (4280 ... მანქანის საბარგულით) შემოტანას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელის მიმართ სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები სანქციის მიზნებსა და მისი გამოყენების თაობაზე და განმარტა, რომ სანქციის მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი პრევენცია, თუმცა ყოველი კონკრეტული საქმე საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტების გამოცემისას სათანადოდ არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის ის, რომ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის ოჯახის ერთადერთ ქონებას წარმოადგენდა და მისი ჩამორთმევა ოჯახს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების ერთობლივად გამოყენება ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას წარმოადგენდა და სანქციის მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნებოდა ნაკლებად მკაცრი სახდელის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, უდავოდ დადგენილია ა.რ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული ..., აქციზური მარკების გარეშე (... ... ...), რომელიც განთავსებული იყო ავტომობილის საბარგულში, ხალიჩის ქვეშ, უკანა ფარებში, გადაცემათა კოლოფის ხალიჩის ქვეშ და ავტომობილის წინა საქარე მინასა და ძრავს შორის არსებულ სივრცეში. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ა.რ-ი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 1 000 ლარით, ასევე დაეკისრა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამორთმეული ავტომობილი მოსარჩელის ოჯახის ერთადერთი ქონება იყო და მისი ჩამორთმევა ოჯახს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებდა, რის გამოც გამოყენებული სანქცია ზედმეტად მკაცრად იქნა შეფასებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, შემდეგზე: 1000 ლარიანი ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს კონტრაბანდის პრევენციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებულ საქონელს, რომლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა და დეკლარირების ვალდებულების შეუსრულებლობა ქმნის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და მოითხოვს უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებას. საავტომობილო საშუალება გამოიყენებოდა სამართალდარღვევის ჩასადენად, სამართალდამრღვევი პირის მიერ გადატანილი საქონელი იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დამალული. აღნიშნულით პირი ცდილობდა არადეკლარირებული საქონლის გადატანას საბაჟო საზღვარზე, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. არ არსებობდა არანაირი გარანტია, რომ აღნიშნული ავტომობილის არ ჩამორთმევის შემთხვევაში პირი არ შეეცდებოდა მომავალში დამატებით არადეკლარირებული საქონლის გადატანას მოცემული საშუალების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის სანქციის სახით ჩამორთმევა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი შემთხვევის განმეორების საშიშროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ მითითებული ნორმით საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის, დადგენილია მათი კუმულაციურად გამოყენების შესაძლებლობაც, რომლის შერჩევა, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, სახდელის დაკისრებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუსგ საქმე №ბს-1332-1317(კ-11), 28.03.2012წ.). აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11), 11.04.2012წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2023 წლის 16 ოქტომბერს, ა.რ-ის მიმართ შეადგინა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2023 წლის 15 ოქტომბერს, ს.გ.პ. ,,...-საავტომობილო“-ს კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოვიდა ...-ის მარკის ავტომანქანა სახ/ნომრით:..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა.რ-ი (პირადიN...). მებაჟე-ოფიცრის ეჭვის საფუძველზე მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული, დამალული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური მარკების გარეშე, ... ... 214 კოლოფი (4280 ...), რომელიც განაწილებული იყო უკანა საბარგულში, ხალიჩის ქვეშ, უკანა ფარებში, გადაცემთა კოლოფის ხალიჩის ქვეშ და ა/მ-ის წინა საქარე მინასა და ძრავს შორის არსებულ სივრცეში, რის გამოც საქართველოს მოქალაქე ა.რ-ი დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (სუსგ ბს-222-219(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს“.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი კასატორის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მესაკუთრის ქონებრივ მდგომარეობაზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის მოთხოვნის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა