დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1274(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 21 აგვისტოს ს.ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №2066 განკარგულების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 483 კვ.მ. მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ს.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №2066 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩინია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე № ... საკადასტრო კოდის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს.ბ-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, უფლების დამდგენ დოკუმენტად 1997 წლის 12 აპრილის №13415 მიღება-ჩაბარების აქტის მითითებით. აღნიშნულ მიღება ჩაბარების აქტის მონაცემების მიხედვით, ს.ბ-ისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით (CD მონაკვეთზე) ესაზღვრებოდა ნაკვეთი №1, სამხრეთით (DA მონაკვეთზე) - გზა, ხოლო დასავლეთით (AB მონაკვეთზე) - სხვა ნაკვეთები. 2020 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ს.ბ-ის განცხადება (რეგისტრირებული ნომრით ...) ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 483 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნაზე თანხმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 ივლისის №... წერილით ს.ბ-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა. ს.ბ-ის მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 483 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაეგზავნა. აღნიშნული სააგენტოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №16-01223003181 წერილით კომისიას ეცნობა, რომ ს.ბ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ), ხოლო თბილისის გამწვანების თემატური რუკით - ურბანული გამწვანება (შიდა კვარტალური). ამასთან, მიწის ნაკვეთის ნაწილზე გათვალისწინებული იყო სისტემური რეგისტრაცია ნომრით ... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 ივლისის №... წერილით მიღებული განცხადების განხილვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2023 წლის 12 აპრილის წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ... საკადასტრო ერთეულის რეგისტრაციის საფუძვლები გამოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №40) და მის საფუძველზე 2023 წლის 27 ივნისს გამოტანილი №2066 განკარგულებით ს.ბ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული, № ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 483 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამებოდა ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაზე მითითებულ და შესაბამისად, განაწილებულ №1 მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავდა ამ მიწის ნაკვეთის ს.ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კომისიას სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც № ... საკადასტრო კოდის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის - 1997 წლის 12 აპრილის №13415 მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემები არ იძლევა შესაძლებლობას, დაზუსტებით დადგინდეს, რომ ამ აქტით გათვალისწინებული, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით, მდებარეობდა მიწის ნაკვეთი, რომელიც კონკრეტულ პირზე იყო გადაცემული და საქმის განხილვის დროისთვის წარმოადგენდა შესაბამისი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ს.ბ-ის მოთხოვნის გადაწყვეტისათვის არსებობდა საჭიროება, საქმის განმხილველი კომისიის მიერ, დაინტერესებული პირის ჩართულობით, მოძიებული და გამოკვლეული ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის, გამოთხოვილი ყოფილიყო საარქივო მასალები ან/და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულო მონაცემები, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე თავდაპირველი უფლების დამდგენი დოკუმენტების თაობაზე, გამოკითხული ყოფილიყო მოწმეები ან/და მიღებული ყოფილიყო სხვა ზომები და იმ შემთხვევაში, თუ დაზუსტებით ვერ დადგინდებოდა რაიმე სახის უფლება განსახილველ მიწის ნაკვეთზე, კომისიას ემსჯელა ს.ბ-ის მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამორიცხულია ს.ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადგენა. კერძოდ, კომისია მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალების თანახმად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამება მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №13415 აქტის სქემატური გეგმაზე მითითებულ და განაწილებულ №1 მიწის ნაკვეთს. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოება გამორიცხავს ს.ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №2066 განკარგულების კანონიერება და (2) მოპასუხისათვის ს.ბ-ის საკუთრებაში არსებული, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 483 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით ს.ბ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 483 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა „განაწილებულ მიწის ნაკვეთს“, რაც დადგინდა ს.ბ-ის კუთვნილი, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატური გეგმის მონაცემებზე დაყრდნობით; ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით ზემოაღნიშულ დაკუმენტზე სადავო ტერიტორია მონიშნულია როგორც №1 მიწის ნაკვეთი და კომისიის მოსაზრებით, იგი შესაძლოა იყოს უკვე განაწილებული და გააჩნდეს მართლზომიერი მფლობელი, თუმცა კონკრეტული პირის მოძიება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, სცდება მათი უფლებამოსილების ფარგლებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლოთა დასკვნას, რომ წარმოდგენილი საქმის მართებულად გადაწყვეტისთვის საქმის განმხილველი კომისიის მიერ, დაინტერესებული პირის ჩართულობით, უნდა მოხდეს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება და გამოკვლევა; მნიშვენელოვანია გამოთხოვილ იქნეს საარქივო მასალები (მიწათსარგებლობის გეგმა) ან/და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულო მონაცემები, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე თავდაპირველი უფლების დამდგენი დოკუმენტების თაობაზე; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოწმეთა დაკითხვა და მათგან მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და შედარება მოპოვებულ მტკიცებულებებთან. იმ შემთხვევაში, თუ დაზუსტებით ვერ დადგინდება რაიმე სახის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, კომისიამ უნდა იმსჯელოს ს.ბ-ის მოთხოვნის შესახებ.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა