განსჯადობა

ადმინისტრაციული 10.03.2026
საქმის ნომერი
ბს-152(გ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
10.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-152(გ-26) 10 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის ბ.უ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2026 წლის 28 იანვარს ბ.უ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 30 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 18 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ბ.უ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე სასამართლოს მიერ მიცემული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, ხელახლა განხილვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 29 იანვრის განჩინებით ბ.უ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. რამდენადაც, ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა ხელს შეუშლის ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავარია სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით ბ.უ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში კი, უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი, მდებარეობს გარდაბანში, სოფელ ...ში. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ სოფელი ... მდებარეობს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დიდგორის რ-ნი), ... ზ.დ. 1150მ (...). რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მიიღოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, უძრავი ქონება კი მდებარეობს თბილისში, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ბ.უ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში - სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი, საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამონაკლისს ამ საერთო წესიდან განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და 24-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 14.09.2017წ. №ბს-715-711(გ-17) და მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესაძლებლობა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობას და გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები - სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.

სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. აღნიშნული პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო შეიძლება განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 30 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 18 ნოემბრის N... გადაწყვეტილების, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ბათილად ცნობა. ასევე, მოპასუხისათვის ბ.უ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე სასამართლოს მიერ მიცემული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, ხელახლა განხილვის დავალება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისები და ფილიალები, რომლებიც, ამავე დებულების 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული დადგენილების 16.2 მუხლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ქ.თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. №4173 დადგენილებით, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ამავე დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად და სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, (დიდგორის რ-ნი, ... (...)), რაც სადავო უძრავი ქონების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობას ადასტურებს.

ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც, დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ.უ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.უ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე