დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1203(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1203(კ-25) 5 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ვ.ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირი - მ.ჯ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 5 ნოემბერს ვ.ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, ომის ვეტერანი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი თადარიგში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ...ის რაიონი, დაბა ..., ...ის ქ.№..., ბინა №.... აფხაზეთიდან გადმოვიდა სოხუმის დაცემის შემდეგ, დასახლდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ 1995 წლიდან ოჯახით შესახლდა ...ის რაიონში, ... №...-ში, ...-ე საჯარო სკოლის შენობაში. 2004 წლიდან იგი ფაქტობრივად გაშორებული იყო მეუღლესთან, მაგრამ აგრძელებდნენ ერთ ფართში, სხვადასხვა ოთახებში ცხოვრებას, რადგან სხვა საცხოვრებელი არც ერთს არ ჰქონდა. სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე განქორწინდა მეუღლესთან -მ.ჯ-სთან. 2009 წლიდან იგი გადავიდა ნათესავთან საცხოვრებლად, რის შემდეგაც ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. 2014 წლის 26 ივნისიდან შექმნა ახალი ოჯახი და დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №79-ში მდებარე მეგობრის საცხოვრებელ ბინა №...-ში.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 4 დეკემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ახალი საოჯახო ნომრის მინიჭების თაობაზე, რა დროსაც მას ზეპირსიტყვიერად განემარტა, რომ იგი უკვე ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად მ.ჯ-სთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე ისე გაფორმდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის შორის 2009 წლის 30 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ არ ყოფილა, ადმინისტრაციული ორგანო არ დაინტერესებულა თანახმა იყო თუ არა ვ.ჯ-ი აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაზე.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის შორის 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ვ.ჯ-ის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების ვ.ჯ-ის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ვ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება ვ.ჯ-ის ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის შორის 2009 წლის 30 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვ.ჯ-ის ნაწილში. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ვ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.ჯ-ისათვის არა უგვიანეს 2013 წლისა ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო ხელშეკრულების არსებობის თაობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების წინაპირობაა, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი. ვ.ჯ-მა კი, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 05 ნოემბერს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო ვალდებულ პირს ეძლევა უფლება უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე; ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად მიმართონ დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებებს.

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია განსახილველ საქმეზე არ დასტურდებოდა მოსარჩელის თანხმობის არსებობა სადავო ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა როგორც დადგინდა მოსარჩელეს გაშვებული აქვს სადავო ხელშეკრულების გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარი საფუძველი ვერ იქნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის შორის 2009 წლის 30 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების დროს იგი განქორწინებული იყო მ.ჯ-სთან. მასთან ერთად ერთ ფართში არ ცხოვრობდა 2008 წლიდან. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების დადების ფაქტი. ხელშეკრულების არსებობის შესახებ ვ.ჯ-მა ზეპირსიტყვიერად შეიტყო 2018 წლის 4 დეკემბერს, ხოლო წერილობით 2019 წლის 2 მაისის №04/23334 წერილით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწყება უსაფუძვლოდ დაუკავშირა 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციას. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა არ ასახავს სინამდვილეს. 2013 წელს დევნილთა რეგისტრაციის გავლის დროს, ისეთი გამოკითხვა, როგორსაც საანკეტო ბლანკი ითვალისწინებს, არ ჩატარებულა და ანკეტები არ შევსებულა. ასევე უსაფუძვლოა სარჩელის ვადის ათვლის საფუძვლად 2014-2015 წლებში ... ,...ას“ ...ედ მისი ყოფნის (ფორმალურად ირიცხებოდა 7 თვე) პერიოდის მითითება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ მან 2014 წლის 27 ივნისს იქორწინა და შექმნა ოჯახი და ცხოვრობდა სხვაგან - ქ. თბილისში, ...ის ქ. №79-ში. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია სადავო აქტების გაცნობიდან გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2). დასახელებული კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად (მუხლი 1).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების N1 და N2 დანართებით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა ამავე განკარგულების N1 და N2 დანართებში მითითებული ფიზიკურ პირებს. აღნიშნული განკარგულების დანართის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ..., ... №..., ...-ე საჯარო სკოლის პირველ სართულზე არსებული ფართობი 86,81 კვ.მ ფართი, 7 ოთახად გადაეცათ ვ.ჯ-სი და მ.ჯ-ის. „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1415 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...№..., ...-ე საჯარო სკოლა, სართული 1, ფართობი 86,81 კვ.მ. (7 ოთახი). ხელშეკრულების 2.2 პუნქტით დასტურდება, რომ მყიდველმა აიღო ვალდებულება აღნიშნულ პუნქტში მითითებული პირი - ვ.ჯ-ი უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. 2.5 პუნქტის თანახმად, მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

2009 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, მდებარე ..., ...№..., სართული 1, ბინა N..., 86,81 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი...) 2009 წლის 30 სექტემბერს დარეგისტრირდა მ.ჯ-ის საკუთრებად.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 5 აპრილს ვ.ჯ-მა №48100 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და როგორც გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი პირის, აღრიცხვაზე აყვანა და აპლიკაციის გავლა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №04/23334 წერილით ვ.ჯ-ის ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში მას და მ.ჯ-ის გადაეცათ ქ. თბილისში, ...№... დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფ. ...-ე საჯარო სკოლა) მდებარე ბინა №.... შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

2019 წლის 31 მაისს ვ.ჯ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №04/23334 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ივნისის №04/33085 წერილით ვ.ჯ-ის ეცნობა, რომ 2013 წლიდან მისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ მ.ჯ-სთან ერთად, 2009 წლიდან დაკმაყოფილებული იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით რეგისტრაციის მისამართზე, ხოლო თუ მიიჩნევდა, რომ მისი უფლება დაირღვა, უნდა გაესაჩივრებინა 2013 წლიდან 3 წლის განმავლობაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ.ჯ-ის შორის 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებას მის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო ინფორმირებული სადავო განკარგულებითა და ხელშეკრულებით ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობა არღვევს მისი უფლებებს, ვინაიდან რეალურად სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი, ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის ცნებისთვის საჭიროა კუმულაციურად არსებობდეს ორი წინაპირობა - დევნილის სტატუსის მქონე განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე და ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტით ირკვევა, რომ ვ.ჯ-ის, როგორც დროებითი საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი), ისე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქალაქი თბილისი, ..., ... N..., „...-ე საჯარო სკოლა". ამავე ანკეტით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გადაცემულ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ 2009 წლის 15 მაისს ვ.ჯ-ი და მ.ჯ-ი განქორწინდნენ, ხოლო ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ 2014 წლის 27 ივნისს ვ.ჯ-მა იქორწინა ნ.კ-ზე. 2009 წლის 3 დეკემბერს ვ.ჯ-მა №32477 განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სადაც უთითებდა, რომ სოხუმის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, მისი და მ.ჯ-ის ქორწინება შეწყდა, რომელიც ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო 2000 წლიდან და ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ძმასთან. შესაბამისად, მოითხოვა გადამისამართება ...ის რაიონის ...-ე საჯარო სკოლიდან ...ის რაიონში, ...ას ქუჩა №..., ბინა ...-ში, ძმისშვილის კუთვნილ ბინაში, სადაც დროებით ცხოვრობდა. აღნიშნულ განცხადებას სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელეს რეგისტრაციის მისამართი არ შეუცვლია და 2014 წლის განცხადებებში უთითებს მისამართს - ქალაქი თბილისი, ... N6 და წარმოადგენს ამ მისამართზე არსებულ ამხანაგობა „...ას"...ეს. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მან როგორც ... N6-ში, (ყოფილი „... საჯარო სკოლა") მდებარე ამხანაგობა „...ას" ...ემ N50380/01 და N56286/01 განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ამასთან, ვ.ჯ-ის, 2014 წლის 14 ივლისის განცხადებაში, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავს დევნილის ახალი მოწმობის გაცემის თხოვნით, მისამართად მითითებული აქვს - ქალაქი თბილისი, ... N6.

რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის არგუმენტები აღნიშნულთან მიმართებაში შეუსაბამოა და მიუთითებს, რომ პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. თუმცა, „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ №ბს-1322(კ-19), 25.03.2021წ.). ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, მითითებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. იგივე წესია დადგენილია სადავო განკარგულების გამოცემისა დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება, თანახმად ამავე კოდექსის 131-ე მუხლისა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ყველაზე გვიან 2013 წლისათვის ვ.ჯ-ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შესახებ, ვინაიდან მის მიერ სამინისტროში წარდგენილ განცხადებებში იგი თავად უთითებდა აღნიშნულ მისამართს და ... ამ მისამართზე არსებულ ამხანაგობას. მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა მ.ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ის ადასტურებს, რომ ვ.ჯ-ი 2012 წლიდან ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე, ქალაქი თბილისი, ...ის 79, ბინა N.... საქმის მასალებს ასევე ერთვის ბმა ,,...ას“ ...ის - თ.კ-ის 2019 წლის 10 ივლისს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ის ადასტურებს, რომ ვ.ჯ-ი 2008 წლამდე ცხოვრობდა მისამართზე - ქალაქი თბილისი, ... N6. მოსარჩელე იყო იმ პირთა სიაში, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაევალა მ.ჯ-ის მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაში და ამასთან, პირობადადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრობდა ამ პირთან ერთად სადავო განკარგულებით გადაცემულ ფართში. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სადავო პერიოდისთვის ცალკე ოჯახად ცხოვრების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების უტყუარად დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ხელშეკრულების შესახებ ცნობილი გახდა ყველაზე გვიან 2013 წელს, რაც მიუთითებს მასზედ, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში შეიძლებოდა გამხდარიყო სადავოდ, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2019 წლის 5 ნოემბერს არის წარმოდგენილი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ ქმნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე