დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.10.2025
საქმის ნომერი
ბს-594(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-594(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 04 ოქტომბერს სს „...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით, სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 2022 წლის 31 მარტის დაზუსტებული სარჩელით, სს „...ის“ მოთხოვნა - ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1380 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.5.1.8 პუნქტზე, ასევე 4.5.2. პუნქტზე და განმარტა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია „დასაცავი ობიექტის“ დაცვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს შემსყიდველს არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანი/ზარალი, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც არსებობს შესაბამისი აქტი (დოკუმენტი), რომლითაც მიმწოდებელს ჩაბარდა „დასაცავი ობიექტი“ (მატერიალური ფასეულობები). წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი თავისუფლდება მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 9 ოქტომბრის №1 მიღება - ჩაბარების აქტზე, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ჩაიბარა დაშლილი ჯოჯგინა ამწე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასებას, რომ დაშლილი ჯოჯგინა ამწე გულისხმობს მის ნაწილებად დაშლილ მდგომარეობას, მთლიანობის დარღვევას, ხოლო აპელანტის ის მსჯელობა, რომ ჯოჯგინის დაშლილი მდგომარეობა მის დაკეტილ მდგომარეობას გულისხმობს, აღნიშნული პალატამ დადასტურებულად ვერ მიიჩნია. მიუთითა, რომ ხელშეკრულების 4.5.1.8. პუნქტით, თავად შემსყიდველი იყო ვალდებული „დასაცავი ობიექტები“ ჩაებარებინა მათი აღწერით. შესაბამისად, თუ ჯოჯგინა იყო დაკეტილ მდგომარეობაში, ამის შესახებ უნდა ყოფილიყო მითითება; დაშლილის ჩაბარების შემთხვევაში ასევე უნდა ყოფილიყო აღწერა, რა ნაწილები იყო განცალკევებული. დამატებით საგულისხმოდ მიიჩნია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტი, დაშლილი ჯოჯგინა ამწის აღწერის შეუძლებლობის თაობაზე მითითებას და აღნიშნულზე მხარეთა შეთანხმებას არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტაცია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.7. პუნქტთან და 2020 წლის 28 დეკემბრის აქტზე მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „დასაცავ ობიექტებზე“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დადგომისას (რამაც გამოიწვია მატერიალური ზიანი) შედგენილ აქტზე მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული იმ სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დასაცავად ჩაბარდა ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ას“ წარმომადგენლის მიერ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ არასწორად გადანაწილდა მტკიცების ტვირთი რაც მისივე მოსაზრებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. აკონკრეტებს, რომ დასაცავად ჩაბარებული ნივთების (მათ შორის ჯოჯგინა ამწე) ნაკლოვანების არსებობის პირობებში, მიღება - ჩაბარების აქტში გაკეთდებოდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი ან მოპასუხე არ ჩაიბარებდა, არ აიყვანდა დასაცავად ასეთ ობიექტს. მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ზიანი მიაყენა ...ას, არ შეასრულა მომსახურება რომლისთვისაც ...ისაგან იღებდა განსაზღვრულ საზღაურს. წარმომადგენელი გასათვალისწინებლად მიიჩნევს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციას და განმარტავს, რომ სწორედ მისი კონტროლისა და დაცვის ქვეშ არსებობისას დაიკარგა დასაცავი ტერიტორიიდან დაცული ობიექტის ნაწილები. ყურადსაღებად მიიჩნევს დაკარგვის ოქმზე დაცვის პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და განმარტავს, რომ თუ არ განხორციელებულა ჯოჯგინა ამწეს თავის შემადგენელი ნაწილებით ჩაბარება მოცემულ შემთხვევაში დენმიმღებებით, ასეთ შემთხვევაში სამსჯელოა თუ რისი დაკარგვა დაადასტურა ხელმოწერით დაცვის პოლიციის უფლებამოსილმა პირმა. კასატორის განმარტებით, მიღება - ჩაბარების აქტი და დანაკლისის შესახებ შედგენილი ოქმი არ წარმოადგენს ფორმალურ დოკუმენტს და მათი შედგენისას ორივე მხარე როგორც სს “...ა” ასევე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მითითებულს ადასტურებენ უფლებამოსილი პირების ხელმოწერით.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯოჯგინა ამწე წარმოადგენს ტვირთის ამწევ საკმაოდ მოცულობით მექანიზმნაგებობას, კასატორის მსჯელობით შეუძლებელია მისი ყოველი დეტალისა და ჭანჭიკის აღწერა და შესაბამისად მისი დასაწყობება. მიიჩნევს, რომ სს „...ას“ არ გააჩნდა დამატებითი აღწერების წარმოების ვალდებულება, რაც შეეხება აღნიშვნას, რომ მოხდა ჯოჯგინა ამწეს დაშლილ მდგომარეობაში დაცვაზე აყვანა, მისივე მსჯელობით აღნიშნული მის ნაკლიანობას არ გულისხმობდა, არამედ იმ გარემოებას, რომ ჯოჯგინა ამწე დამონტაჟებულ მდგომარეობაში არ იყო, არამედ დემონტირებული იყო (მოხსნილი ჰქონდა ფეხები) და იყო დაკეცილ (და არა ნაკლიან და ნაწილებად დაშლილ) მდგომარეობაში.

კასატორი მიიჩნევს, რომ სს "...ას" ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, მიღება - ჩაბარებით აღწერილი აქვს ყველა საქონელი, რაც დასაცავად გადაეცა მოპასუხეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სს „...ას“ დეტალურად უნდა აღეწერა თუ რა დეტალებისგან შედგებოდა ჯოჯგინა ამწე, წარმომადგენლის მსჯელობით არ თავსდება ლოგიკურ მოცემულობაში, რადგან მოპასუხე მხარეს დასაცავად გადაეცა არა ცალკეული ერთი ნაწილი არამედ, ჯოჯგინა ამწე (მისი ერთობლიობა). დამატებით გასავალისწინებლად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკის მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აწარმოოს სპეციალური დოკუმენტაცია - „სპეციალური ჟურნალი 1". მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 4.5.4.7 პუნქტის თანახმად, „სპეციალური ჟურნალი 1“-ის არსებობასა და წარმოებაზე პასუხისმეგებლი იყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 4.5.4.5. მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს აკისრია ვალდებულება, აუნაზღაუროს შემსყიდველს პირდაპირი და არაპირდაპირი ზიანი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის ნაწილში არ გასაჩივრებულა, კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენილ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში საკასაციო საჩივრი ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა 2020 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (შემსყიდველის მატერიალური ფასეულობების დაცვა) არაჯეროვან შესრულებას (სადავო ნაწილში). კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს თუ არა სს „...ის“ შეკეთების საამქროში (სს „...ის“ ფილიალ „...ას“ ... (მის. თბილისი, ... ქ.№1)) არსებულ ჯოჯგინა ამწეზე ჰიდრავლიკური მბიძგარების დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 03 აგვისტოს სს „...ასა“ (შემდგომში „შემსყიდველი“) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის დაიდო №შს/20-212 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განეხორციელებინა „შემსყიდველის“ ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა, საბილეთო სალაროების სიგნალიზაციით მომსახურება და სალაროების ინკასაცია (შემდგომში „მომსახურება“) CPV კოდი - ... . SMP მოდულში რეგისტრაციის ნომერი ... .

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.5.1.8. პუნქტის შესაბამისად, „დასაცავი ობიექტების“ დაცვის მომსახურების გაწევის მიზნებისთვის შემსყიდველი ვალდებულია შესაბამისი აქტით დასაცავად ჩააბაროს „მიმწოდებელს“: ა) „დასაცავი ობიექტები“ მათი აღწერით, მათ შორის „დასაცავ ობიექტების“ ტერიტორიაზე განლაგებული მატერიალური ფასეულობები (რომლის აღწერაც არის შესაძლებელი) დასაწყობებულ მდგომარეობაში; ბ) მატერიალური ფასეულობები, რომელთა აღწერა შეუძლებელია - „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; გ) ლიანდაგებზე მდგარი მოძრავი შემადგენლობები (ელმავლები, თბომავლები) დაკეტილ დალუქულ (შეუღწევად) მდგომარეობაში; დ) ცარიელი ვაგონები რაოდენობრივად, ვიზუალური დათვალიერებით (ისრებს შორის არსებული ტერიტორია). ამავე ხელშეკრულების 4.5.2. პუნქტის თანახმად, ზემოხსენებულ პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ იხსნის პასუხისმგებლობას მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. ხელშეკრულების 4.5.4.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს „დასაცავი ობიექტების“ დაცვა, ხოლო 4.5.4.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს „შემსყიდველს“ ასეთი შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით/დანაკარგით გამოწვეული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანი/ზარალი. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „მიმწოდებლის“ მიერ ზიანის ანაზღაურება განხორციელდება, „შემსყიდველისაგან“ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში „შემსყიდველის“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებულ ვადაში არ განხორციელდება ზიანის/ზარალის ანაზღაურება, „შემსყიდველი“ მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს აღნიშნული ზიანის/ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით.

2020 წლის 9 ოქტომბრის №1 მიღება - ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, „ჩამბარებელმა“ ჩააბარა, ხოლო „მიმღებმა“ მიიღო ფილიალ „...ას“ ტექნიკური დეპარტამენტის ...ს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე განლაგებული მოქმედი და არა მოქმედი შენობა - ნაგებობები, მოქმედი და არამოქმედი ვაგონები, მანქანა - დანადგარები, მოძრავი შემადგენლობის განთავსების სარანჟერო ფარეხი, დაშლილი ჯოჯგინა ამწე, ვაგონების გამოგორებული ურიკები.

2020 წლის 28 დეკემბრის აქტის თანახმად, 2020 წლის 28 დეკემბერს სს „...ის“ ფილიალის „...ა“ ...ს ტერიტორიის დათვალიერებისას დაფიქსირდა, რომ მიმდინარე ახსნითი შეკეთების საამქროში არსებულ ჯოჯგინა ამწეზე დაკარგული იყო 2 (ორი) ცალი ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-25 და 1 (ერთი) ცალი ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-50.

დადგენილია, რომ 2020 წლის 28 დეკემბრის და 2021 წლის 22 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, სს „...ამ“, 2021 წლის 26 მარტს №1431, ხოლო 2021 წლის 2 ივნისს №2659 წერილებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივნისის №MIA 5 21 01441485 წერილით, სს „...ას“ ეცნობა, რომ დეპარტამენტის მხრიდან №შს/20-212 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება არ გამოკვეთილა და ზიანის ანაზღაურება არ მოხდებოდა.

2021 წლის 16 ივლისს, სს „...ამ“ 2021 წლის 22 იანვრის და 2020 წლის 28 დეკემბრის ფაქტებთან დაკავშირებით კვლავ მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს №3475 წერილით და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 1260 ლარის ანაზღაურება. წერილი ჩაბარდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის №001612121 დასკვნის თანახმად, სს „...ისადმი“ ორი ერთეული ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-25-ის და ერთი ერთეული ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-50-ის დაკარგვით მიყენებული ზიანის ჯამური საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1170 (ათას ას სამოცდაათი) ლარს.

საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. კერძოდ, სახელშეკრულებო ზიანი შეიძლება მიყენებულ იქნეს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების, კანონის ან ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობით, ვინაიდან ზიანის მიყენებამდე მხარეები უკვე იმყოფებოდნენ განსაზღვრულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობის დარღვევისათვის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობებიდან, ან იმ კანონის დებულებიდან გამომდინარეობს, რომელიც აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილში კანონმდებელმა მიუთითა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში სს „...ასა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის, 2020 წლის 03 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №შს/20-212 ხელშეკრულებით „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განეხორციელებინა „შემსყიდველის“ ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა. აღნიშნულ ხელშეკრულება ერთვის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. სპეციფიკური პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, დასაცავი ობიექტი არის დანართი №4-ით გათვალისწინებული უძრავი ქონება და მატერიალური ფასეულობები. ამასთან, ხელშეკრულების დანართი №4-ით განსაზღვრულია სს „...ის“ დასაცავი ობიექტებისა და მათ ტერიტორიაზე განთავსებული დასაცავი შენობა - ნაგებობების და მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი. მათ შორის, „...ში“, თბილისი - ...ში მითითებულია ჯოჯგინა ამწე. რაც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულებით დარეგულირებულ მომსახურების განხორციელების პირობებს და მხარეთა უფლება - მოვალეობებს, 4.5.4.1. პუნქტში მითითებულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს „დასაცავი ობიექტების“ დაცვა, ხოლო 4.5.4.5. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს „შემსყიდველს“ ასეთი შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით/დანაკარგით გამოწვეული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანი/ზარალი. აქვე გასათვალისწინებელია 2020 წლის 28 დეკემბრის აქტი, რომლის თანახმად, 2020 წლის 28 დეკემბერს სს „...ის“ ფილიალის „...ა“ ...ს ტერიტორიის დათვალიერებისას დაფიქსირდა, რომ მიმდინარე ახსნითი შეკეთების საამქროში არსებულ ჯოჯგინა ამწეზე დაკარგული იყო 2 (ორი) ცალი ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-25 და 1 (ერთი) ცალი ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-50. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის №001612121 დასკვნის თანახმად, სს „...ისადმი“ ორი ერთეული ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-25-ის და ერთი ერთეული ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარა ТЗ-50-ის დაკარგვით მიყენებული ზიანის ჯამური საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1170 (ათას ას სამოცდაათი) ლარს.

საკასაციო საჩივრის შინაარსისა და კასატორის შედავების გათვალისწინებით განსაკუთრებით ყურადსაღებია 2020 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.5.1.8 პუნქტი, რომლის თანახმად, „დასაცავი ობიექტების“ დაცვის მომსახურების გაწევის მიზნებისთვის, შემსყიდველი ვალდებულია შესაბამისი აქტით დასაცავად ჩააბაროს „მიმწოდებელს“: ა) „დასაცავი ობიექტები“ მათი აღწერით, მათ შორის „დასაცავი ობიექტების“ ტერიტორიაზე განლაგებული მატერიალური ფასეულობები (რომლის აღწერაც არის შესაძლებელი) დასაწყობებულ მდგომარეობაში; ბ) მატერიალური ფასეულობები, რომელთა აღწერა შეუძლებელია - „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.5.2. პუნქტის თანახმად, ზემოხსენებულ პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში „მიმწოდებელი“ იხსნის პასუხისმგებლობას მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. 2020 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულების ზემოაღნიშნული სპეციფიკური პირობების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტავს, რომ მიმწოდებელი ვალდებულია „დასაცავი ობიექტის“ დაცვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს შემსყიდველს არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანი/ზარალი, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც არსებობს შესაბამისი აქტი (დოკუმენტი), რომლითაც მიმწოდებელს ჩაბარდა „დასაცავი ობიექტი“ (მატერიალური ფასეულობები). წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი თავისუფლდება მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას 2020 წლის 9 ოქტომბრის №1 მიღება - ჩაბარების აქტზე, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ჩაიბარა დაშლილი ჯოჯგინა ამწე. დაშლილი ჯოჯგინა ამწე გულისხმობს მის ნაწილებად დაშლილ მდგომარეობას, მთლიანობის დარღვევას, ხოლო კასატორის განმარტება, რომ ჯოჯგინის დაშლილი მდგომარეობა გულისხმობდა რომ იყო დემონტირებული (მოხსნილი ჰქონდა ფეხები) და იყო დაკეცილი (და არა ნაკლიანი და ნაწილებად დაშლილი), არ დასტურდება. ხელშეკრულების 4.5.1.8. პუნქტით კი, თავად შემსყიდველი იყო ვალდებული „დასაცავი ობიექტები“ ჩაებარებინა მათი აღწერით. შესაბამისად, თუ ჯოჯგინა იყო დემონტირებულ მდგომარეობაში, ამის შესახებ უნდა ყოფილიყო მითითება. დაშლილის ჩაბარების შემთხვევაში ასევე უნდა ყოფილიყო აღწერა, რა ნაწილები იყო განცალკევებული. დამატებით საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტი დაშლილი ჯოჯგინა ამწის აღწერის შეუძლებლობის თაობაზე მითითებას და აღნიშნულზე მხარეთა შეთანხმებას არ ითვალისწინებს. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა დაშლილ ჯოჯგინაზე მბიძგარების არსებობა და მათი დაკარგვა ხელშეკრულების დადების შემდეგ.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის შინაარსს მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ სარჩელის ავტორმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაშლილი ჯოჯგინა ამწის ელექტრო ჰიდრავლიკური მბიძგარებით ჩაბარებას დაადასტურებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამდენად სს „...ის“ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს 2025 წლის 03 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადახდო დავალება N321) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 2025 წლის 03 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადახდო დავალება N321) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე