დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-200(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 30 მარტს მ. ფ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის N... და 2021 წლის 22 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით, მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლზე, 23-ე მუხლის „ა“ და ,,ზ” ქვეპუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე და ასევე, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ფ-ის საკუთრების უფლება მართალია თავდაპირველად რეგისტრირებული იყო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ მან 2008 წლის 1 ოქტომბერს საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და მიტოვებული ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9, მე-11 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის N... გადაწყვეტილებით მ. ფ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მ. ფ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მან მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა ის იურიდიული ინტერესი, რაც მოსარჩელეს გააჩნია, რადგან სადავო არ არის საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადება და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ...ის საკრებულოს 27.04.2000წ. N1 გადაწყვეტილების ამონაწერის საფუძველზე (სიაში რიგითი N...), უძრავ ნივთზე, ს/კ ..., რეგისტრირებული იყო მ. ფ-ის საკუთრების უფლება (14.08.2006წ.), თუმცა აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის დაცული საჯარო რეესტრში და არც ბუნებაში არსებობს. კასატორის განმარტებით, მართალია მ. ფ-ს რეფორმის ფარგლებში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მაგრამ იგი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყო რეგისტრირებული. მას კი არ სურდა ამის გამო მომავალში რაიმე პრობლემები შექმნილიყო და სწორედ ამიტომ მოითხოვა მიტოვების რეგისტრაცია, ხოლო როდესაც კანონმა და გამარტივებულმა რეგულაციებმა მისცა საშუალება დაერეგისტრირებინა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ახალი სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადასტურა მიწის ნაკვეთის მ. ფ-ის სარგებლობაში არსებობის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ...ი, ... მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ... (სასოფლო-სამეურნეო), 2006 წლის 14 აგვისტოდან, დაუზუსტებელი ფართობით - 1 100 კვ.მ, ხოლო 2008 წლის 22 აპრილიდან, დაზუსტებული ფართობით - 1 089 კვ.მ, წარმოადგენდა მ. ფ-ის საკუთრებას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ამონაწერი ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის N1 გადაწყვეტილებიდან, სიაში რიგითი N...; მიწის ნაკვეთის გენგეგმა, შედგენილი 10.08.06 წელს, ...ის საკრებულოს მიერ; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს მ. ფ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში მიუთითა, რომ ბორჯომის რაიონის ...ში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1 089 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., არასწორი და უკანონო გზით ჰქონდა მიღებული და მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, რაც სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მიწის ნაკვეთი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან დარეგისტრირდა მიტოვებულად.
2009 წლის 20 თებერვალს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ...ი, ... მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა. სააგენტოს მიერ აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და მითითებულ უძრავ ნივთზე, ახალი საკადასტრო კოდით: ..., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, 2009 წლის 26 თებერვლიდან დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით კი, განმცხადებლის (სახელმწიფო) მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე, მიწის ნაკვეთს შეეცვალა დანიშნულება და დარეგისტრირდა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ 2020 წლის 24 ნოემბერს მ. ფ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ...ი, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ 2020 წლის 30 ნოემბერს წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. წერილში ასევე მიეთითა, რომ ნაკვეთი ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, ს/კ ..., მესაკუთრე - სახელმწიფო. აღნიშნული წერილის პასუხად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 29 იანვრის Nა24.16210292 ცნობა, რომლის თანახმად, N... სარეგისტრაციო განაცხადით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მ. ფ-ის სარგებლობაში არსებულ, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2021 წლის 15 თებერვალს მიიღო N... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც მ. ფ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის N... გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არსებობს მ. ფ-ის განცხადება საკუთრების მიტოვების/სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ და ასევე, სახელმწიფოს საკუთრებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება არის არასასოფლო-სამეურნეო. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი წერილით მიემართა მუნიციპალიტეტისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადგენის მიზნით, მაგრამ საქმეში არსებული გარემოებებისა და სამართლის ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 თებერვლის N... გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიღებულად, რის გამოც მ. ფ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 თებერვლის N... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის N... გადაწყვეტილებების კანონიერებას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს თუ რამდენად იძლეოდა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაცია და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, მითითებული კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ცნობით დადასტურდება, რომ ის გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რეგისტრირდება დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების საკუთრების უფლება, ცნობაში მითითებული ფართობის შესაბამისად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მართალია სადავო უძრავ ნივთზე მ. ფ-ის საკუთრების უფლება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული იყო 2006 წელს, თუმცა 2008 წელს მან საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, რაც სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა. მომდევნო პერიოდში კი მიტოვებულ ქონებაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება, გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ. ფ-ს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის ან დანიშნულების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. მეტიც, საქმის მასალებში დაცულია მ. ფ-ის 2008 წლის 1 ოქტომბრის განცხადება, სადაც იგი მიტოვების რეგისტრაციას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ბორჯომის რაიონის ...ში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1 089 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., არასწორი და უკანონო გზით ჰქონდა მიღებული. ამასთან, კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში თავადვე მიუთითებს, რომ მან ნამდვილად მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობისა და ამის გამო მომავალში რაიმე პრობლემის შექმნის თავიდან აცილების მოტივით, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ასევე განმარტავს, რომ მ. ფ-ს მიწის ნაკვეთი რეფორმის ფარგლებში ჰქონდა გადაცემული. შესაბამისად, კასატორის ურთიერთსაწინააღმდეგო, ზეპირი განმარტებებისა და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების საქმეში წარმოუდგენლობის პირობებში, მითითებული ახსნა-განმარტებები ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა აქვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 32-ე მუხლის პირველ პუნქტსა და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო დანიშნულების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი წერილით მიემართა მუნიციპალიტეტისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადგენის მიზნით. ამდენად, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 29 იანვრის Nა24.16210292 ცნობა მ. ფ-ის 2020 წლის 24 ნოემბრის განცხადების ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნებისთვის არარელევანტურია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, მ. ფ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 31 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. მ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა. პ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 31 იანვრის N25723817291 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე