დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-310(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)– სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 7 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს “...მა” ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სამედიცინო შემთხვევათა ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 30.08.2023წ. NHA 4 23 00912433 გადაწყვეტილება პაციენტების: გ.მ-ას, თ.რ-ის, ა.ს-ისა და დ.ი-ის ნაწილში. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 8.11.2023წ. გადაწყვეტილებით გ.მ-ის და თ.რ-ის სამედიცინო შემთხვევები დაექვემდებარა სრულად ანაზღაურებას, დ.ი-ის სამედიცინო შემთხვევა დამატებითი შესწავლის მიზნით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ხოლო ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევა დაექვემდებარა ანაზღაურებას შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, გაუგებარია რა ნაწილში დაკმაყოფილდა ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნა. მოსარჩელე არასწორად მიიჩნევს სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „კ.ა“ ქვეპუნქტებზე მითითებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია რატომ იყო შეუსაბამო პაციენტისთვის დასმული დიაგნოზი და გადაცემული კოდი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა პაციენტ - ა.ს-ის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს NHA 4 23 00912433 და 2023 წლის 8 ნოემბრის NHA 0 23 01195543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის შპს „...ის“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების დარჩენილი ღირებულების - 4 768.61 ლარის, ასევე, ზიანის სახით 2 595.15 ლარისა და 384.72 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს NHA 4 23 00912433 და 2023 წლის 8 ნოემბრის NHA 0 23 01195543 გადაწყვეტილებები, პაციენტ - ა.ს-ის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შპს „...ისთვის“ პაციენტ - ა.ს-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლზე, მე-15 მუხლზე, ასევე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს №HA 4 23 00912433 სადავო გადაწყვეტილებით პაციენტ - ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევა (შ/ნ...), კერძოდ, ინტერვენცია AASD99/-სხვა ოპერაციები თავის ტრავმის გამო, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, პაციენტს ოპერაციული ჩარევა თავის ტრავმის გამო არ ჩატარებია (№36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი - ა.ს-ი (პ/ნ:.., შ/ნ:...) 2023 წლის 18 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით -J96.0-/- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი, ჩარევები: WAA891-/-ინტენსიური თერაპიის არაინვაზიური მონიტორინგი; WAA900-/-რეანიმაცია; S02.7-/-ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ჩარევები: DMSA12-/-ზედა ყბის რადიკალური ანტროტომია; AASD99-/- სხვა ოპერაციები თავის ტრავმის გამო; QASB00- /-თავზე და კისერზე კანის გაკერვა; DHSD10-/-ცხვირის მოტეხილობის დახურული წესით ჩასწორება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ა.ს-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პაციენტის დიაგნოზი (ძირითადი დიაგნოზი - S06.0 თავის ტვინის შერყევა; S02.7 ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები; j18.9 პნევმონია, დაუზუსტებელი) და ავადმყოფობის მთელი პერიოდის მიმდინარეობა. საქმეში ასევე წარმოდგენილია ფორმა IV – 300 -16/ა ოპერაციის პროტოკოლი, რომელშიც მითითებულია პაციენტისთვის ჩატარებული პროცედურები და ოპერაციის მსვლელობის თანმიმდევრობითი აღწერა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები მითითებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, არ არის განმარტებული თუ რა საფუძვლით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ პაციენტს ოპერაციული ჩარევა თავის ტრავმის გამო არ ჩატარებია და მიმწოდებელმა შესაბამისი კოდი არასწორად დააფიქსირა. მსჯელობა, იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რატომ არ დასტურდებოდა თავის ტრავმის გამო ოპერაციული ჩარევა სადავო აქტებში მითითებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ პაციენტ - ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დიაგნოზი სწორად იყო დასმული, ICD კოდი სწორად იყო მინიჭებული. კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ჩატარდა მართებულად, რაც სრულად მოიცავდა ყბა-სახის ქირურგის კომპეტენციას ქვეყანაში აღიარებული გაიდლაინების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტმა გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც სადავო აქტების კანონშესაბამისობას დაადასტურებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ პაციენტ - ა.ს-ის ოპერაციული ჩარევა თავის ტრამვის გამო ჩაუტარდა, რის გამოც ინსპექტირების ეტაპზე კლინიკას მართებულად ეთქვა უარი კონკრეტული ინტერვენციის (სხვა ოპერაციები თავის ტრამვის გამო) დაფინანსებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე ბადრი შონიაზე, ხოლო 2025 წლის 22 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე - მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს პაციენტ - ა.ს-ის ნაწილში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 30.08.2023წ. NHA 4 23 00912433 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 8.11.2023წ. NHA 0 23 01195543 გადაწყვეტილების კანონიერება. წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოთხოვნილია მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების დარჩენილი ღირებულების ანაზღაურება 4 768.61 ლარის ოდენობით, ასევე, ზიანის სახით 2 595.15 ლარისა და 384.72 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ს-ი 2023 წლის 18 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - J96.0-/-სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი, ჩარევები: WAA891-/-ინტენსიური თერაპიის არაინვაზიური მონიტორინგი; WAA900-/-რეანიმაცია; S02.7-/-ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ჩარევები: DMSA12-/-ზედა ყბის რადიკალური ანტროტომია; AASD99-/- სხვა ოპერაციები თავის ტრავმის გამო; QASB00-/-თავზე და კისერზე კანის გაკერვა; DHSD10-/-ცხვირის მოტეხილობის დახურული წესით ჩასწორება.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს NHA 4 23 00912433 გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტ -ა.ს-ის ოპერაციული ჩარევა თავის ტრავმის გამო არ ჩატარებია, რის გამოც სამედიცინო შემთხვევა აღნიშნულ ნაწილში არ ანაზღაურდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა)ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ)შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მითითებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შემთხვევებს, რომლებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მათ შორის არის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათშორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში: კ.ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების დროს არ ანაზღაურდება ამ შემთხვევისთვის კლინიკის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი DRG-ის ფასის 10%. ხოლო აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში შეტყობინების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტებში ასახული ფორმალური მითითება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამის მუხლზე არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არაა ასახული პაციენტის შემთხვევაში მის მიმართ გაწეული მომსახურებისას თუ რა სახის დარღვევა დაფიქსირდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას კლინიკის მოთხოვნის უარყოფის კონკრეტული დასაბუთებით. სადავო აქტებში მარტოოდენ აღწერილია სამედიცინო შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემთხვევა არ ანაზღაურდა დადგენილების კონკრეტული დანაწესების შესაბამისად, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რის საფუძველზე მიიჩნია ორგანომ, რომ გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა. სადავო აქტები არაა ცხადი და გასაგები იმ კუთხით თუ რა დიაგნოზი იქნებოდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ ანამნეზთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ პაციენტის - ა.ს-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომელშიც ძირითად დიაგნოზად მითითებულია: თავის ტვინის შერყევა (S06.0), ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები (S02.7), პნევმონია დაუზუტებელი (J18.9), ხოლო ჩატარებული მკურნალობის ველში დაფიქსირებულია ოპერაცია 18.02.23 (DMSA12), ზედაყბის რადიკლური ანტროტომია (DHSD10), ცხვირის მოტეხილობის დახურული წესით ჩასწორება (AASD99), სხვა ოპერაციები თავის ტრამვის გამო (QASB00) თავზე და კისერზე კანის გაკერვა S02.7. ასევე საქმეში დაცული საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის წერილით დასტურდება, რომ პაციენტ - ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დიაგნოზი მართებულად დაისვა, ICD კოდი სწორად მიენიჭა. კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ჩატარდა სწორად, რაც სრულად მოიცავდა ყბა სახის ქირურგის კომპეტენციას ქვეყანაში აღიარებული გაიდლაინების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოსთვის საქმეში დაცული ა.ს-ის სამედიცინო დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშედარებით გაუგებარია რის საფუძველზე დაასკვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ პაციენტისთვის დასმული დიაგნოზის შეუსაბამობა მის ანამნეზთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდით გადაცემული დიაგნოზი რა გარემოებების, მტკიცებულებების და შეფასებების შედეგად გამოირიცხებოდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით შესაბამისი დიაგნოზი არ დასტურდებოდა. მსჯელობა, იმის თაობაზე, კონკრეტულად რატომ არ იყო შესაბამისი პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობა დასმულ დიაგნოზთან და ანამნეზთან სადავო აქტებში ასახული არაა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება არ წამოადგენს კვალიფიციურ და საკმარის/განკუთვნად მტკიცებულებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პაციენტის ანამნეზი შეუსაბამოა გადაცემული კოდთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის. განსახილველ შემთხვევაში კი, სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიცავს შესაბამის მოტივებსა და დასაბუთებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ სრულყოფილად არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიკვლია ისინი, მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილებები, რომ ერთობლიობაში არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 07.05.2025წ. N11103 და 12.06.2025წ. N14130 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 387.42 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 271.19 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 7.05.2025წ. N11103 და 12.06.2025წ. N14130 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 387.42 ლარის 70 პროცენტი - 271.19 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა