დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1332(კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ე...მა“ 19.02.2021 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1948 და №10/1949 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა პაციენტების: ა. ბ-ის, ი. გ-ის, ე. ჯ-ის, მ. ც-ის, ნ. გ-ის, ს. ჩ-ის, ვ. ხ-ის, ა. შ-ის, ლ. ნ-ის, ლი. ნ-ის, დ. მ-ის, ნ. დ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გარდა ნ. დ-ის შემთხვევაში აღიარებული თანხის დაფინანსების ნაწილისა), ასევე მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.02.2021 წლის №10/975 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2024 წლის განჩინებით, მოსარჩელე სს „ე...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2024 წლის განჩინებით სს „...ის“ წარმომადგენლის ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1948 და №10/1949 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, ი. გ-ის, ე. ჯ-ის, მ. ც-ის, ნ. გ-ის, ს. ჩ-ის, ვ. ხ-ის და ა. შ-ის ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1949 და 11.02.2021 წლის №10/975 გადაწყვეტილებები ლი. და ლ. ნ-ეებისათვის გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 1280 (ათას ორას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2024 წლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2024 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ ლი. და ლ. ნ-ეების ნაწილში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1949 და 11.02.2021 წლის №10/975 გადაწყვეტილებების კანონიერება. საქმის მასალების თანახმად, პაციენტები - ლი. და ლ. ნ-ეები, 2020 წლის 8 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მკურნალობდნენ „მ...ში“ შემდეგი დიაგნოზით: A09.0 – სხვა და დაუზუსტებელი გასტროენტერიტი და კოლიტი ინფექციური ეტიოლოგიის. ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში №2391512339 და №3042015652 სამედიცინო შემთხვევები გადაცემულ იქნა სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T910009INF, დიაგნოზი: ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით /A02.0. A03; A04.2; A04.3 A04.5; A04.7; A06.0; A06.7; A09. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1949 გადაწყვეტილებით, ,,მ...ს“ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა №2391512339 და №3042015652 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციები არ დასტურდებოდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ №36 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების დანართი 1.3 ითვალისწინებს ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ ჰემოკოლიტის დასადასტურებლად აუცილებელი იყო განავლის ანალიზში ერითროციტების არსებობა (4 და მეტი უკვე ყურადღებამისაქცევია) ან ექიმების ჩანაწერებში მითითებული ყოფილიყო განავალში სისხლის არსებობის თაობაზე (იხ. 22.03.24 წლის სხდომის ოქმი 14:43:14-14:58:31). პალატამ აღნიშნა, რომ ჰემოკოლიტი არის სისხლის არსებობა პაციენტის განავალში, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია პაციენტების თაობაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს და არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რა გახდა დიაგნოზში ეჭვის შეტანის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებებით საწინააღმდეგო არ დასტურდებოდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პაციენტთა შესახებ შეტყობინება გადაცემული იყო სწორად, არ იკვეთებოდა დასმული დიაგნოზის შეუსაბამობა ჩატარებულ კვლევებთან და მათ შედეგებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა ლი. და ლ. ნ-ეების სამედიცინო შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები მათ ნაწილში. კერძოდ, პაციენტთა თაობაზე შეტყობინება წარმოდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T910009INF, დიაგნოზი: ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით /A02.0; A03; A04.3, A04.5, A04.6, A04.7, A06.0, A06.2, A07.0, A09. ინსპექტირების ეტაპზე დაფიქსირდა, რომ აღნიშნულ შემთხვევებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ნაწლავთა ინფექციების ჰემოკოლიტით მიმდინარეობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა. კასატორი თვლის. რომ სადავო აქტები დასაბუთებულია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „...ს“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2024 წლის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2024 წლის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი - პაციენტების: ლი. და ლ. ნ-ეების სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით (კონსტიტუციის 28.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - ლ. და ლი. ნ-ეები (დაბადებულები ... წელს) წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს. ლ. და ლი. ნ-ეები 2020 წლის 8 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მკურნალობდნენ „მ...ში“ შემდეგი დიაგნოზით: A09.0 – სხვა და დაუზუსტებელი გასტროენტერიტი და კოლიტი ინფექციური ეტიოლოგიის. საქმეში დაცული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (ფორმა №IV-100/ა), პაციენტის გასინჯვის ფურცლით, ასევე გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტზე დაკვირვების რაპორტით დასტურდება, რომ პაციენტებს კლინიკაში შესვლისას აღენიშნებოდათ ცხელება, მოვლითი ხასიათის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიარეა, საერთო სისუსტე. ორივე პაციენტს ჰქონდა კონტაქტი ნაწლავური ინფექციით მოავადე ბებიასთან. კლინიკაში ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, ინფექციონისტის კონსულტაცია, განავლის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური კვლევა. პაციენტების კლინიკიდან გაწერისას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, მიეცათ სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. კლინიკის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში №2391512339 და №3042015652 სამედიცინო შემთხვევები გადაცემულ იქნა სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T910009INF, დიაგნოზი: ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით /A02.0. A03; A04.2; A04.3 A04.5; A04.7; A06.0; A06.7; A09. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 20.10.2020 წლის №10/1949 გადაწყვეტილებით, №2391512339 და №3042015652 სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციები. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.02.2021 წლის №10/975 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების თანახმად, №2391512339 და №3042015652 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა პაციენტებისთვის დასმული დიაგნოზი, კერძოდ ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტების დიაგნოზს არ წარმოადგენდა ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰემოკოლიტის დასადასტურებლად აუცილებელი იყო განავლის ანალიზში ერითროციტების არსებობა (4 და მეტი) ან ექიმების ჩანაწერებში მითითებული ყოფილიყო განავალში სისხლის არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ განავლის საერთო ანალიზის შედეგებზე, რომელთა თანახმად ლი. ნ-ის შემთხვევაში ერითროციტების რაოდენობად მითითებულია 6-7, ხოლო ლ. ნ-ის შემთხვევაში 4-5. ერითროციტების იგივე ოდენობის არსებობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს როგორც საქმეში დაცული ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, ასევე ექიმის ჩანაწერებიც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელი ერითროციტების მითითებული ოდენობის შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციების არსებობას, გაურკვეველია რის საფუძველზე ეთქვა უარი მოსარჩელეს აღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს კლინიკის მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტებისთვის დასმული დიაგნოზი არ დასტურდებოდა, ხოლო აღნიშნული მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2024 წლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.12.2024 წლის №37579 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე