დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-315(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ნ. ჭ-ი, ც. ჩ-ი, მ. ბ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-მა 16.09.2021 წელს სარჩელით, ხოლო 14.12.2021 წელს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2021 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.08.2021 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ნ. ს-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. თბილისი, ... 1-ლი ჩიხი №3ა, საკადასტრო კოდი №...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ჭ-ი, ც. ჩ-ი და მ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2024 წლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2024 წლის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2016 წლის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დაიყო ორ უძრავ ნივთად: 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) დარეგისტრირდა ა. და ფ. ს-ების თანასაკუთრების უფლება, ხოლო 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) - გ. ს-ის საკუთრების უფლება. 10.10.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ს-მა ნ. ს-ს მიჰყიდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 338 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.10.2016 წლის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... დასახლება, ქუჩა IV, გასასვლელი II, №4-6-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ს-ის სახელზე. საქმეში ასევე დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.09.2021 წლის №006626621 დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... დასახლება, ქუჩა IV, I გასასვლელში №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო მიჯნა (ხის ღობე და შენობა-ნაგებობის კედელი) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს). აღნიშნული უზუსტობის (გადაფარვის) ფართი შეადგენს 44 კვ.მ-ს, ხოლო სიგანე იცვლება 0-დან 2,24 მ-მდე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება ფიქსირდებოდა მესამე პირების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, რომლის მიმართაც მოქმედებდა უძრავ ნივთების მონაცემთა მიმართ უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. აღნიშნული მონაცემები არსებული მდგომარეობით ძალაშია და კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ნ. ს-მა შეიძინა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 378 კვ.მ-ს, რაც აღემატებოდა რეგისტრირებულ ფართობს და ზედდება დგინდებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნები, მათი შინაარსის გათვალისწინებით (ფაქტიური მდებარეობის თაობაზე), ვერ იქნებოდა მიჩნეული სადავო აქტების ბათილად ცნობის სათანადო საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი მომატებულ ფართობზე (40 კვ.მ-ზე), კორექტირებული ნახაზი ან ცალკე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ზედმეტად დაკავებულ ფართობზე, რაც არ განხორციელდა მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მოპასუხისათვის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 08.04.2009 წლის №... გადაწყვეტილებით, 1100 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (საკადასტრო კოდი №...) თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ა., ფ. და გ. ს-ების სახელზე. 10.10.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ს-მა ნ. ს-ს მიყიდა თავისი წილი 338 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ესაზღვრება ნ. ჭ-ის, ც. ჩ-ისა და მ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ნაკვეთები გამიჯნული იყო მყარი ღობით, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებს შორის არსებული მყარი მიჯნა არასდროს შეცვლილა 1973 წლიდან დღემდე. კასატორის მითითებით, მესამე პირების - ნ. ჭ-ის, ც. ჩ-ის და მ. ბ-ის სახელზე მეზობელი მიწის ნაკვეთი რეესტრში 23.08.2019 წელს აღირიცხა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.06.2021 წლის №003810421 და 21.02.2014 წლის №001112024 ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ნ. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ღობის მთლიანი პერიმეტრის ფაქტიური მდებარეობა ემთხვევა საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის 2005, 2010, 2014 წლის ორთოფოტო გადაღებებზე ასახულ ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღობის მდებარეობას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად დგინდება, რომ მესამე პირებმა - ნ. ჭ-მა, ც. ჩ-მა და მ. ბ-მა 2019 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს ყალბი აზომვითი ნახაზები და მიიტაცეს ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და იმავდროულად მასზე მდგარი ნაგებობის ნაწილი, არ მომხდარა ადგილზე აზომვითი ნახაზების შედგენა. კასატორის მითითებით, ორ მიწის ნაკვეთს შორის მიჯნა, ღობე არსებობდა ჯერ კიდევ 1973 წლიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს დაეყრდნო მხოლოდ ტექბიუროს მონაცემებს, ნასყიდობის ხელშეკრულებას და არა ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც უდავოდ არის დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ტექბიუროს მონაცემებით დადგენილი საზღვრების კონფიგურაცია არ შეცვლილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული 24.02.2009 წლის ცნობა-დახასიათებისა და ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... დასახლება, ქუჩა IV, გასასვლელი II, №4-6-ში მდებარე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე აღრიცხული იყო ს. ს-ის უფლება (სააღრიცხვო ბარათი №... აღრიცხულია 1973 წელს). 08.04.2008 წლის №2-42 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ა., ფ. და გ. ს-ები წარმოადგენენ ს. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს - შვილებს, რომელთაც სამკვიდრო ქონება მიიღეს სრულად მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.04.2009 წლის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... დასახლება, ქუჩა IV, გასასვლელი II, №4-6-ში მდებარე 1100 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, №... საკადასტრო კოდით, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ა., ფ. და გ. ს-ების სახელზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2016 წლის №... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ ნაკვეთად: 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) დარეგისტრირდა ა. და ფ. ს-ების თანასაკუთრების უფლება, ხოლო 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) - გ. ს-ის საკუთრების უფლება. 10.10.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ს-მა ნ. ს-ს მიჰყიდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 338 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.10.2016 წლის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ს-ის სახელზე. 06.04.2021 წელს ნ. ს-ის წარმომადგენელმა ზ. ს-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარადგინა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი გაზრდილ, 378 კვ.მ. ფართობზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2021 წლის №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 378 კვ.მ-ს, რაც აღემატებოდა რეგისტრირებულ ფართობს (338 კვ.მ.). განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზედდება დგინდებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა მომატებულ ფართობზე უფლების დამდგენი დოკუმენტის, კორექტირებული ნახაზის ან ზედმეტად დაკავებულ ფართობზე ცალკე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარსადგენად. ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეგზავნებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2021 წლის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.08.2021 წლის №... გადაწყვეტილებით, ნ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დადგენილია აგრეთვე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 651 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობით. აღნიშნული უძრავი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.08.2019 წლის №... გადაწყვეტილებით აღრიცხულია ნ. ჭ-ის, ც. ჩ-ისა და მ. ბ-ის თანასაკუთრების უფლებით. კასატორის მოტივაცია გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონშეუსაბამობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ ორ მიწის ნაკვეთს შორის, კერძოდ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებული მიჯნა, ღობე არსებობდა ჯერ კიდევ 1973 წლიდან და მესამე პირებმა 2019 წლის რეგისტრაციის დროს მიიტაცეს ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი და იმავდროულად მასზე მდგარი ნაგებობის ნაწილი, მხოლოდ ნახაზებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები. მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანაყოფ ნაკვეთს, რომელიც 10.10.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ნ. ს-მა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამდენად, ნ. ს-ისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ცნობილი იყო უძრავი ნივთის მახასიათებლები, მისი ადგილმდებარეობა და საზღვრები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირებს მიტაცებული აქვთ მისი ნაკვეთის ნაწილი, ამასთან, აღსანიშნავია, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი ნ. ჭ-ის, ც. ჩ-ისა და მ. ბ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ს-ის სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის შემდეგ, 2019 წელს. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი. აღსანიშნავია, რომ მესამე პირების სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა, რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება №... საკადასტრო კოდზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
კასატორი მიუთითებს ასევე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.06.2021 წლის №003810421 და 21.02.2014 წლის №001112024 ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ნ. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ღობის მთლიანი პერიმეტრის ფაქტიური მდებარეობა ემთხვევა საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის 2005, 2010, 2014 წლის ორთოფოტო გადაღებებზე ასახულ ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღობის მდებარეობას. სსკ 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობა არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. საქმის მასალების თანახმად, ნ. ს-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები შესაბამისობაშია ტექბიუროში დაცულ მონაცემებთან. საქმეში დაცული არ არის ტექბიუროში დაცული მონაცემების უსწორობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ნ. ს-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 378 კვ.მ-ს, რაც აღემატებოდა რეგისტრირებულ ფართობს და ზედდება დგინდებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა მომატებულ ფართობზე (40 კვ.მ-ზე) უფლების დამდგენი დოკუმენტი, კორექტირებული ნახაზი ან ზედმეტად დაკავებულ ფართობზე ცალკე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რაც არ განხორციელდა მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2024 წლის განჩინება;
3.ზ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარზე 29.04.2025 წლის №27038028568 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე