დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-692(კ-25) 3 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - პ.ჩ-ი, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პ.ჩ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1779 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1779 განკარგულება და დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის მითითებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 მარტის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა პ.ჩ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 884.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც დასახელებული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ამასთან, კანონი თავადვე განმარტავს, რა სახის შენობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ასევე, ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს (შენობით ან მის გარეშე) და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს. კანონის ნორმის ამ დათქმით მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, ასევე დამატებით მოძიებული დოკუმენტაციისა და საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის უშუალოდ პ.ჩ-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ...) პირველად სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული ტერიტორიის გეგმის მიხედვით დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ...ის ტერიტორიის ნაწილს. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 23 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №39) თავად განმცხადებელმა განმარტა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არის სამრეცხაოს საწყობი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილი გარემოებები არ იძლევა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ პ.ჩ-ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.
კასატორის განმარტებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ნორმის ტელეოლოგიური განმარტების საფუძველზე, ყოფილი ...ის ტერიტორია (ნაწილი), მასზე განთავსებული ... , არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთი. მითითებული გარემოებები კი, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველია, რის გამოც სადავო განკარგულებით პ.ჩ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 884.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 3 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობა, რომლითაც ც.ჩ-ი, ვ.ჩ-ი და ც.გ-ი ადასტურებენ პ.ჩ-ის მიერ 2000 წლიდან სადაო მიწის ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას, არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ჩაითვალოს. მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებად, ის შეიძლება იყოს დამატებითი მტკიცებულება, რამდენადაც ემყარება მოწმეთა სუბიექტურ დამოკიდებულებებს. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობისას კი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორთოფოტოს, როგორც ფაქტების ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველმყოფ მტკიცებულებას.
კასატორის მითითებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი მოსმენის განხილვის სხდომებზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა მითითება, თუ ზუსტად სად და რა კონფიგურაციით ითხოვდა მოსარჩელე მიწის ნაკვეთის აღიარებას, ვინაიდანაც ეს ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებდა. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია კიდეც, 2019 წლის 24 ნოემბრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. აღნიშნულთან მიმართებით საგულისხმოა ისიც, რომ, თუ დავუშვებთ, რომ უფლებაასაღიარებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა დაუზუსტებელია და ამას თუნდაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებდეს (რაც რეალობას მოკლებულია), მაშინ ლოგიკას არ ექვემდებარება სასამართლოს მითითება საქმეში არსებულ 2020 წლის 03 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადება/თანხმობაზე იმ საფუძვლით, რომ ფლობა-სარგებლობა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაში, გამოდის, რომ დაუზუსტებელი მდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას უდასტურებენ მოწმეები მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ურთიერთგამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებებია. უფრო მეტიც, ამ მტკიცებულების ვალიდურ დოკუმენტად განხილვა ვერ იქნება მიზანშეწონილი, მით უფრო, იმ პირობებში, როცა ცრუ ჩვენების მიცემა და ტყუილი ფაქტის დადასტურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განხილვის საკითხია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დავის გადაწყვეტასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1779 განკარგულება, ამასთან მოთხოვნილია, დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 6 იანვარს, პ.ჩ-იმა განცხადებით (რეგისტრაციის №...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართი - 884.00 კვ.მ. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო, მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება/თანხმობა (ს.ფ. 44, 45-46, 47, 48, 50-53); ბ) 2020 წლის 3 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობის თანახმად, ც.ჩ-ი, ვ.ჩ-ი და ც.გ-ი ადასტურებენ, რომ პ.ჩ-ი 2000 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 884 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ. მათვე თანხმობა განაცხადეს, რომ პ.ჩ-მა უზრუნველყოს ზემოთ მითითებული ფართობის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია/საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ. 50-53); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 მარტის №... წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხი განსახილველად ეგზავნებოდათ პ.ჩ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ (ს.ფ. 39); დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 2 მარტის სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, №... განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისათვის ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ..., მესაკუთრე - სახელმწიფო) (ს.ფ. 40-41, 42); ე) 2007 წლის 13 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ №15/1049 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...ის მიერ დაკავებული 4916 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით. ...ის ტექნიკურ-დოკუმენტაციური გამოკვლევის თანახმად, ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებია: შენობა №1, დანიშნულება - საწყობი, საერთო ფართობი - 540 კვ.მ; შენობა №2 , დანიშნულება - საწყობი, საერთო ფართობი - 540 კვ.მ; შენობა №3, დანიშნულება - საყარაულო ჯიხური, საერთო ფართობი - 19.2 კვ.მ) (ს.ფ. 65, 69-75); ვ) ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (ნაკ. ...) (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართი - 4916.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 10, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1 საერთო ფართობი - 540 კვ.მ; №2 - საერთო ფართობი 540 კვ.მ; №3 საერთო ფართობი - 19.2 კვ.მ) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია: მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი 19.06.2007წ, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 13.11.2007 წლის №15/1049 წერილი (ს.ფ. 81-82); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 23 ივნისის №39 სხდომის ოქმის მიხედვით, პ.ჩ-ის განცხადება განხილულ იქნა 63-ე საკითხად. კომისიამ მიუთითა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ...) პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული ტერიტორიის გეგმის მიხედვით დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ...ის ტერიტორიის ნაწილს. ამასთან, 2022 წლის 23 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №39) განმცხადებელმა განმარტა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენდა სამრეცხაო საწყობს. კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ პ.ჩ-ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით. ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ამდენად, კომისიამ ერთხმად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში (ს.ფ. 84-89); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 23 ივნისის №39 სხდომის ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1779 განკარგულებით პ.ჩ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართი - 884.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 90-92); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 3 ივნისის №16-0122154804 წერილის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართი - 884.00 კვ.მ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) და სარეკრეაციო (რზ-2) ზონა. კვეთს №... საკადასტრო ერთეულს (ს.ფ. 56).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1779 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის უშუალოდ პ.ჩ-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ...) პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული ტერიტორიის გეგმის მიხედვით დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ...ის ტერიტორიის ნაწილს. ამასთან, 2022 წლის 23 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №39) განმცხადებელმა განმარტა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენდა სამრეცხაო საწყობს. ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1983 წელს სადავო ტერიტორიაზე მამამისმა ააშენა შენობა-ნაგებობა, რომელსაც მოსარჩელე, თავის ოჯახთან ერთად, უვლიდა, 2000 წლიდან კი, მოსარჩელე ცხოვრობს მოცემულ შენობაში.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სადავო განკარგულებაში მხოლოდ ზემოდასახელებულ გარემოებებზე მითითება, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ...ის ტექნიკურ-დოკუმენტაციური გამოკვლევის თანახმად, ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებია: შენობა №1 - დანიშნულება საწყობი, საერთო ფართობი - 540 კვ.მ; შენობა №2 - დანიშნულება საწყობი, საერთო ფართობი 540 კვ.მ; შენობა №3 - დანიშნულება საყარაულო ჯიხური, საერთო ფართობი - 19.2 კვ.მ. ამდენად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამრეცხაო, რომელზეც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო ...ის ტექნიკურ მახასიათებლებში არ ფიქსირდება. რაც შეეხება ...ის უძრავი ქონებას, ის აღირიცხა მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს საკუთრებად 2007 წელს და მიენიჭა საკადასტრო კოდი №....
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის მიერ დაკავებული 4916 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შენობა №1, დანიშნულება - საწყობი, საერთო ფართობი - 540 კვ.მ; შენობა №2 , დანიშნულება - საწყობი, საერთო ფართობი - 540 კვ.მ; შენობა №3, დანიშნულება - საყარაულო ჯიხური, საერთო ფართობი - 19.2 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდით. საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზის თანახმად, №... საკადასტრო კოდის მომიჯნავედ რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - ..., რომლის მომიჯნავედაც, თავის მხრივ, ასევე რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით .... მიწის ნაკვეთების იმავე თანმიმდევრობით რეგისტრაციაზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან (ს.ფ. 43). დასახელებული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (დროებითი საკადასტრო კოდი ...) შორის მდებარეობს ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები (ს.ფ. 18-19). საჯარო რეესტრის მონაცემით კი ირკვევა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ... საკადასტრო კოდთან რეგისტრირებულ ნაკვეთთან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების აღწერის გრაფაში ფიქსირდება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ი.ჩ-ის (A-B) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (B-C და C-D) მიწის ნაკვეთები, ხოლო ერთი მხრიდან (D-A) მდებარეობს თავისუფალი მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 17).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ...ის ტერიტორიის ნაწილს, სამრეცხაოს, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სიტუაციური ნახაზით იკვეთება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა (რომლითაც დარეგისტრირებულია ... ის უძრავი ქონება) და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის არის ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადგენილი მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არის დაუზუსტებელი, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება სადაო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე პ.ჩ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საკმარის საფუძვლად. ამდენად, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის უშუალოდ პ.ჩ-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.), არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა