დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-585(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ი“
მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 18 ნოემბერს სს ,,ე...მა’’ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, პაციენტებს: ლ. გ-ეს, ნ. გ-ს, ლ. გ-ს, გ. ზ-ს, კ. ი-ს, გ. ლ-ს, თ. მ-ს, ფ. ტ-ს, ნ. ქ-ს, გ. ქ-ს, ა. ჩ-ს, ზ. მ-ეს, თ. ც-ს, რ. ხ-ას, ა. ა-ს, ვ. ა-ს, ვ. ბ-ს, დ. ბ-ს, თ. გ-ს, ლ. დ-ს, დ. დ-ს, გ. კ-ს, გვ. კ-ეს, ბ. ლ-ს, ს. მ-ს, ნ. ს-ეს, თ. ს-ეს, ნ. ს-ეს, უ. ს-ეს, დ. შ-ს, ნ. ძ-ს, მ. ჭ-ს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება ,,ახალი კორონა ვირუსული დაავადების COVID - 19 _ის მართვის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; თუმცა, მოსარჩელის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უკანონოდ უთხრა უარი;
ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1.1. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურისკოორდინატორის 2021 წლის 30 ივნისის №10-05/1161 გადაწყვეტილება; 1.2. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურისკოორდინატორის 2021 წლის 13 ივლისის №10-05/1253 გადაწყვეტილება; 1.3. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურისკოორდინატორის 2021 წლის 14 დეკემბრის №10-05/2291 გადაწყვეტილება; 1.4. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურისკოორდინატორის 2022 წლის 09 თებერვლის №10-05/276 გადაწყვეტილება; 1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომბრის NHA 8 22 00432585 გადაწყვეტილება.1.6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომბრის NHA 7 22 00432584 გადაწყვეტილება.1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 9 22 00435169 გადაწყვეტილება; 1.8. დაევალოს მოპასუხეს პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების 7 518 ლარის ანაზღაურება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ე...ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ პაციენტების შესახებ რომლებზეც სს ,,ე...ის’’ მიერ მოთხოვნილი იქნა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, ან საერთოდ არ არსებობდა კოვიდინფიცირების შემოწმების შესახებ დოკუმენტაცია, ანდა შედეგი იყო უარყოფითი. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ მოითხოვა ისეთი პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რომლებიც არ წარმოადგენდნენ დადგენილი წესით კოვიდპაციენტებს. ასეთი კატეგორიის პირების მომსახურების დაფინანსებას კი არ ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე...მა’’ ახალი სახელწოდებით სს ,,...ი’’ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით სს,,ე...ის'' უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს ,,...ი''.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,...ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს,,...ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის კოორდინატორის 2021 წლის 30 ივნისის #10-05/1161 გადაწყვეტილება. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის კოორდინატორის 2021 წლის 13 ივლისის #10-05/1253 გადაწყვეტილება. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის კოორდინატორის 2021 წლის 14 დეკემბრის #10-05/2291 გადაწყვეტილება. ნაწილობრივ (სარჩელში მითითებული პაციენტების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონუალური სამსახურის კოორდინატორის 2022 წლის 9 თებერვლის #10-05/276 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომბრის NHA 8 22 00432585 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომბრის NHA 7 22 00432584 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 9 22 00435169 გადაწყვეტილება. მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების 7 518 ლარის ანაზღაურება სს „...ის“ სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავდა იმ დასაბუთებას თუ საიდან გამომდინარეობდა კლინიკის ვალდებულება, გადაემოწმებინა პაციენტთა კოვიდ-სტატუსი. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არ იყო განმარტებული თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ ვერ იქნა მოძიებული პაციენტთა კვლევების შედეგები. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია პაციენტთა კოვიდ-ტესტების შედეგების არქონა წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, არსებობდა კვლევა და მიღებული იყო უარყოფითი შედეგი, თუ შედეგები არ ატვირთეს მიმართვის გამცემმა ექიმებმა და ა.შ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ ამ პაციენტთა შემთხვევებში არ დადასტურდა კოვიდ-19-ის ვირუსის არსებობა, ან ინსპექტირების ეტაპზე საერთოდ ვერ იქნა მიწოდებული პაციენტისთვის მომსახურების ჩატარების შესაბამის პერიოდში covid-19-ის ლაბორატორიული კვლევის დადებითი შედეგი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმძღვანელო მარეგულირებელი ნორმების მიხედვით კლინიკებს ეგზავნებოდათ უკვე დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტთა მიმართვები, შემდგომი კვლევებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კლინიკა სწორედ დასახელებული "შემდგომი კვლევების" კომპონენტში იყო ჩართული და არ არსებობდა კლინიკის ვალდებულება, მათთან ექიმის გამოწერილი მიმართვის საფუძველზე გადამისამართებული პაციენტებისათვის, მომსახურების გაწევამდე გადაემოწმებინა კოვიდ სტატუსი ან თავად მოეძიებინა ან აეტვირთა მათი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა პაციენტთა კოვიდ-სტატუსი. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #828 დადგენილებით დამტკიცებული #20 დანართზე, რომლის მე-3 მუხლი არეგულირებს მომსახურების მოცულობას; ,,გ.გ.’’ ქვეპუნქტი კი შეეხება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას; მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას; კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დანაწესის მიხედვით სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა მხოლოდ კოვიდ დადებითი პაციენტების კვლევები და არა უარყოფითი სტატუსის მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის კოორდინატორის 2021 წლის 30 ივნისის #10-05/1161 გადაწყვეტილება პაციენტის - ლ. გ-ის, 2021 წლის 13 ივლისის #10-05/1253 გადაწყვეტილება პაციენტის - ნ. გ-ის, 2021 წლის 14 დეკემბრის #10-05/2291 გადაწყვეტილება პაციენტების - ლ. გ-ის, გ. ზ-ის, კ. ი-ის, გ. ლ-ის, თ. მ-ის, ფ. ტ-ის, ნ. ქ-ის, გ. ქ-ის, ა. ჩ-ის, თ. ც-ის, რ. ხ-ას და 2022 წლის 09 თებერვლის #10-05/276 გადაწყვეტილება პაციენტების ა. ა-ის, ვ. ა-ის, ვ. ბ-ის, დ. ბ-ის, თ. გ-ის, ლ. დ-ის, დ. დ-ის, გ. კ-ის, გვ. კ-ის, ბ. ლ-ის, ს. მ-ის, ზ. მ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ის, ნ. ს-ის, უ. ს-ის, დ. შ-ის, ნ. ძ-ის, მ. ჭ-ის ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ პაციენტებს კოვიდ-დადებითი სტატუსი არ ჰქონდათ დადასტურებული;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 31 დეკემბრის #828 დადგენილებაზე, რომლის მიზანია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-20 დანართი შეეხება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვას (პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01); დანართის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID - 19), როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით. ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და, ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). დანართის მე-3 მუხლის "გ" პუნქტის "გ.გ" ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების შემთხვევაში, ამბულატორიულ დიაგნოსტიკას ემატება ექიმის კონსულტაცია).
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია გაწეული სამედიცინო მომსახურებების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ზოგიერთ პაციენტთან მიმართებაში არ დადასტურდა კოვიდ - 19. სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ მომსახურების განმახორციელებელი კლინიკები კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურებას სწევდნენ ოჯახის ექიმის/ონლაინ კლინიკების მიმართვის საფუძველზე. მიმართვის ფორმას ოჯახის ექიმი უგზავნიდა სერვისის მიმწოდებელ კლინიკას, რომელთან ერთადაც იგეგმებოდა პაციენტის ტრანსპორტირება. სერვისის მიმწოდებელი კლინიკის ვალდებულება გამომდინარეობდა მიმართვის საფუძველზე შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და მიღებული შედეგების ოჯახის ექიმისათვის გადაგზავნაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სერვისის მიმწოდებელი კლინიკის ვალდებულების შესახებ, მომსახურების გაწევამდე გადაემოწმებინა ოჯახის ექიმის მიერ მასთან გადამისამართებული პაციენტის კოვიდ-სტატუსი; ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს ნორმატიულ დათქმაზე, რომლის მიხედვითაც პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, მათ შორის: საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას; განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ მოსარჩელე კლინიკა ,,შემდგომი კვლევების" ეტაპზე იყო ჩართული და კლინიკის ვალდებულება მასთან ექიმის გამოწერილი მიმართვის საფუძველზე გადამისამართებული პაციენტებისათვის მომსახურების გაწევამდე გადაემოწმებინა კოვიდ-სტატუსი ან თავად მოეძიებინა ან აეტვირთა მათი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ნორმატიულად არ იყო გაწერილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავს იმ დასაბუთებას, თუ საიდან გამომდინარეობს კლინიკის ვალდებულება, გადაემოწმებინა პაციენტთა კოვიდ სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში არ არის განმარტებული თითოეულ შემთხვევაში რატომ ვერ იქნა მოძიებული პაციენტთა კვლევების შედეგები (კოვიდ-19-ის დადასტურების თაობაზე). ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ზოგადად უთითებს და დასაბუთების გარეშე ასკვნის, რომ დასახელებულ პაციენტთა შემთხვევებში არ დადასტურდა კოვიდ-19-ის ვირუსის არსებობა, ან ინსპექტირების ეტაპზე საერთოდ ვერ იქნა მიწოდებული პაციენტისთვის მომსახურების ჩატარების შესაბამის პერიოდში covid-19-ის ლაბორატორიული კვლევის დადებითი შედეგი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 02.07.2024წ. #19166 და 16.07.2024წ. #20531 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 375.90 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 263.13 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.07.2024წ. #19166 და 16.07.2024წ. #20531 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 375.90 ლარის 70 პროცენტი - 263.13 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა