დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-68(კ-23) 17 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ მ.ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „სააგენტო“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ი/მ მ.ლ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრება შემდეგი პერიოდებისა და ოდენობის მიხედვით: 2015 წლის 07 ოქტომბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1025 ლარი; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 4380 ლარი; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 4728 ლარი; 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 4728 ლარი; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 5064 ლარი; 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 29 მაისამდე ჯამურად - 2083 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 16268 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №...-ში ( ...ის ქუჩა №...) (ს.კ: ...), 07.10.2015 წლიდან აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4047.00 კვ.მ., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2).
2.2. სააგენტოს 28.05.2019 წლის აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №...-ში (...ის ქუჩა №...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს.კ:...), კერძოდ, ნაწილს, №... შენობას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ...ად.
2.3. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5003865219 დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 07.10.2015 წლიდან დეკემბრის ჩათვლით 365 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 365 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 394 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 394 ლარს, 2019 წლის იანვრიდან 422 ლარს.
2.4. სააგენტოს 29.05.2019 წლის №7/31983, 24.06.2019 წლის № 7/37539 და 24.09.2019 წლის №7/56570 წერილებით მოპასუხეს განემარტა, რომ ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილის №...-ში (...ის ქუჩა №...) მდებარე უძრავი ქონება (ს.კ:...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნული ქონების ნაწილს (შენობა №1) მოპასუხე არამართლზომიერად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. მოპასუხეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასური 07.10.2015 წლიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
2.5. სასამართლომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (პირველი მუხლის მე-6 პუნქტი, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 36-ე მუხლის 13 პუნქტი) საფუძველზე განმარტა, რომ სახელმწიფო ქონებით სარგებლობა, მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე სამეწარმეო მიზნებისთვის, წარმოშობს სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდის ვალდებულებას.
2.6. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც თავისთავად წარმოშობს ქონებით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებით და განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც იწყება ყოველი კონკრეტული დარღვევის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 31.01.2020 წელს, 31.01.2017 წლამდე პერიოდზე მოთხოვნა იყო ხანდაზმული. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: 31.01.2017 წლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 4334 ლარი; 01.01.2018 წლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 4728 ლარი; 01.01.2019 წლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 5064 ლარი; 01.01.2020 წლიდან 29 მაისის ჩათვლით - 2083 ლარი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2022 წლის გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელების კანონიერების საკითხი წარმოადგენდა.
4.2. სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება თავისი არსით წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რის გამოც მოთხოვნის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ჩანაწერი - მართლზომიერი საფუძვლის გარეშე მოსარგებლე პირი ვალდებულია გადაიხადოს სარგებლობის საფასური სარგებლობის მთელი პერიოდისათვის - წარმოადგენს დავალიანების გაანგარიშების მეთოდს და არა ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ვერ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლება, მოითხოვოს თანხა სარგებლობის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, შეზღუდულია ამ მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის სამწლიანი ვადით.
4.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 31.01.2020 წელს, 31.01.2017 წლამდე პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2022 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 04.10.2022 წლის განჩინებით. შესაბამისად, სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) არამართლზომიერი სარგებლობის გამო საფასურის 07.10.2015 წლიდან 31.01.2017 წლამდე პერიოდზე, ხანდაზმულობის საფუძვლით დაკისრებაზე უარის საფუძვლიანობა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს კანონი, როცა გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
9. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის 36-ე მუხლი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს, მათ შორის განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) (სუსგ №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.).
10. კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. დასახელებული სამართლებრივი დანაწესის მიზანია, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნას ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ.).
11. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონებით კომერციული მიზნით სარგებლობისათვის სარგებლობაში გადაცემის საფასურის მოთხოვნაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკით გამოიყენება სწორედ სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (იხ. სუსგ №ბს-1112(კ-23), 15.02.2024წ.; №ბს-1119(კ-24), 06.02.2025წ; №ბს-1274(კ-24), 06.02.2025წ; №ბს-54(კ-24), 17.09.2024წ.).
12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2022 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე