დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1337(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1337(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ემ 2023 წლის 08 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: მ. კ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის SSA 8 23 00495345 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მ. კ-ეისთვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ. კ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023-01 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის SSA 8 23 00495345 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ეისთვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ეს 2018 წლის 01 მაისიდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2023 წლის 30 მარტის MIA 0 23 00901893 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრს ეცნობა, რომ მ. კ-ე მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2020 წლის 20 იანვრიდან და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული ჰქონდა 2023 წლის 1 ივლისამდე. ამავე წერილის დანართში მითითებულია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023-01 გადაწყვეტილებით, მ. კ-ეს სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2023 წლის 1 აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებული საჯარო საქმიანობის გამო. მ. კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მის მიმართ სახელმწიფო პენსიის შეზღუდვის/შეწყვეტის შესახებ ძველი თბილისის სერვისცენტრის გადაწყვეტილების გაუქმება და გასაცემლის აღდგენა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის SSA 8 23 00495345 გადაწყვეტილებით მ. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.

შსს აკადემიის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებაზე“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ შსს აკადემია არ უნდა იქნეს განხილული კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შსს-ს აკადემიის წესდებაზე, სადაც განმარტებულია აკადემიის მისია, მიზნები და ამოცანები, აკადემიის საქმიანობის საგანი. კერძოდ, აკადემიის მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადება. აკადემიის მიზნები და ამოცანები ემსახურება აკადემიის მისიის აღსრულებას, ხოლო აკადემიის მიზნები და ამოცანებია: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; საჯარო და კერძო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; აკადემიის მიზნების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები და ამოცანები.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სსიპ - საქართველოს შსს აკადემია ეწევა პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შსს აკადემია უზრუნველყოფს იმ პირებისათვის კომპეტენციის გამომუშავებას, რომელსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია/საქმიანობის სფერო. აკადემიის საქმიანობის საგანი სწორედ სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებაა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისათვის, რაც ცალსახად მოიცავს საგანმანათლებლო პროცესს. ამდენად. პალატამ განმარტა, რომ აკადემია მიეკუთვნება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რიცხვს და მხოლოდ ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არ არის მითითებული სიტყვა „სპეციალური“, არ გამორიცხავს აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, სსიპ- საქართველოს შსს აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა პროფესიულ (სპეციალურ პროფესიულ) საგანმანათლებლო საქმიანობას და ასეთი საქმიანობა კანონის დანაწესიდან გამომდინარე არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ე საქმიანობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მისი საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად, რის გამოც, რომ მას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროფესიული განათლება განიმარტება, როგორც განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ. ამასთან, კასატორი მიუთითებს „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სპეციალური პროფესიული განათლება განსაზღვრულია, როგორც განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კასატორი თვლის, რომ პროფესიული საქმიანობა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გარდა ხსენებულისა, კასატორის მოსაზრებით, განსხვავებას ცხადყოფს ასევე ის გარემოება, რომ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტია დიპლომი და სერტიფიკატი, ხოლო „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს შესაძლებლობას და ვალდებულებას, სწავლის შედეგების მიღწევის დასადასტურებლად გაიცეს რაიმე ტიპის დოკუმენტი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შსს-ს აკადემია მიეკუთვნება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც არ გულისხმობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან მათი მიზნები და საქმიანობის სპეციფიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, განსხვავებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა, გათვალისწინებულია საჯარო საქმიანობიდან გამონაკლისის სახით, აგრეთვე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დასწესებულებაში საქმიანობა, ამგვარ საგამონაკლისო ჩანაწერს არ ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ე 2018 წლის 01 მაისიდან იღებდა სახელმწიფო პენსიას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023-01 გადაწყვეტილებით მ. კ-ეს 2023 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებული საჯარო საქმიანობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მ. კ-ეის მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის SSA 8 23 00495345 გადაწყვეტილებით მ. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით (სუსგ 2020 წლის 3 დეკემბრის საქმე N744(კ-20)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამდენად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, რამდენად ექცევა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ზემოაღნიშნულ საგამონაკლისო ჩამონათვალში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. ამავე წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად, აკადემიის მისიაა საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სამინისტროსათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების მქონე კადრების მომზადება; აკადემია მოწოდებულია, სწავლების მაღალი სტანდარტებისა და ღირებულებების დამკვიდრებით გახდეს საპოლიციო განათლების ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და საპოლიციო რეგულირების სფეროში დასავლური მიღწევების შესწავლის, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს არსებული გამოწვევების დაძლევა. წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია აკადემიის მიზნები და ამოცანები: პოლიციის სისტემისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; სტუდენტთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; საქართველოსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება; სტუდენტის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; აკადემიის მიზნების განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები და ამოცანები. ამავე წესდების მე-5 მუხლის თანახმად, აკადემიის საქმიანობის საგანია: სამინისტროს სისტემისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება; სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა, ასევე პოლიციის სისტემის კადრების მომზადება, გადამზადება და მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება; ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება; საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა.

„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ” ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება არის საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი, დაადგინოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური პროფესიული განათლება არის განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი/დაწესებულება: ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას; პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ შსს აკადემია, როგორც სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, არ უნდა გაიგივდეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და შსს აკადემიის წესდება პირდაპირ განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის საგანს - კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. მართალია, აღნიშნული სწავლება ორიენტირებულია ვიწრო უწყებრივ სპეციფიკაზე, თუმცა სამუშაო პროცესით, მეთოდოლოგიითა და მიზნით, იგი სრულად პასუხობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დეფინიციას - პირისთვის კონკრეტული პროფესიული კომპეტენციის გამომუშავებას. ტერმინი „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება“ ატარებს ზოგად ხასიათს და მოიცავს ყველა იმ ინსტიტუციას, რომლის ძირითადი ფუნქციური დანიშნულება პირისათვის პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციის გადაცემაა. აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისია და ამოცანები შინაარსობრივად ემსახურება საგანმანათლებლო პროცესს.

საკასაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ საპენსიო კანონმდებლობის საგამონაკლისო ჩამონათვალში არ არის ნახსენები სიტყვა „სპეციალური“, არ შეიძლება გახდეს პირის უფლების შეზღუდვის საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის ნება მიმართული იყო არა კონკრეტული სახელწოდების მქონე სუბიექტების, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე სუბიექტებისათვის საშეღავათო პირობების შექმნისაკენ. შსს აკადემიის საქმიანობის საგანია სწავლება და კადრების მომზადება, მსგავს საქმიანობაზე კი, საპენსიო შეზღუდვის გავრცელება ეწინააღმდეგება ნორმის მიზნობრივ განმარტებას.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მისი წესდებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი კი პირდაპირ გამორიცხავს საგანმანათლებლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობას „საჯარო საქმიანობის“ ცნებიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არ არსებობდა მ. კ-ეისთვის პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე