დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-472(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრი (მოპასუხე)
მესამე პირები - კ. გ-ე, ზ. ე-ე, რ. ლ-ე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სს „თ...“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სარჩელი მოპასუხეების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მესამე პირების რ. ლ-ეისა და კ. გ-ეის მიმართ, „ქ. ქუთაისში, ...ს გამზ. №...-ის მიმდებარედ 551 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.06.2018წ. №1/1481 ბრძანების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზაციის ნასყიდობის 03.08.2018წ. №... ხელშეკრულების და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 17.05.2017წ. №1-1/241 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.02.2020წ. განჩინება, რომლითაც რ. ლ-ეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, ...ს გამზ. №...-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) ნ. კ-ეის მფლობელობაში არსებული ბეტონის ღობის და 13,44 კვ.მ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2022წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ზ. ე-ე, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - სს ,,თ...“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.06.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. კ-ეის დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური მეწარმე თ. ჩ-ის სპეციალისტის ე. ლ-ას მიერ 10.04.2022წ. შედგენილ სიტუაციურ ნახაზზე შემოღობილ ტერიტორიად ფიქსირებული 70 კვ. მეტრისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის, ასევე ღია სამრეცხაოს სახით ფიქსირებული 35 კვ.მეტრის, სულ ჯამურად 105 კვ. მეტრის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი „ქ. ქუთაისში, ...ს გამზ. №...-ის მიმდებარე არსებული 551.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 26.06.2018წ. №1/1-1481 ბრძანება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების 03.08.2018წ. №...უ.უ. ხელშეკრულება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.02.2020წ. განჩინება დარჩა ძალაში, სხვა ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.06.2021წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის, კ. გ-ეის, რ. ლ-ეისა და ზ. ე-ეის მიერ.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2024წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.06.2022წ. გადაწყვეტილება გაუქმდა ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6.1. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო აუქციონის კანონდარღვევით გამოცხადებისა და ჩატარების ფაქტის დადასტურება, ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციას. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონი კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა ჩატარებული. აუქციონში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. კ-ეის მიერ აუქციონში მონაწილეობის მიღების ფაქტი. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა კ. გ-ე, რომელთანაც აუქციონში გამარჯვების №... დადასტურების საფუძველზე გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება.
6.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას სახელმწიფო საკუთრების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებითა და აუქციონში გამარჯვებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის პერიოდში ნ. კ-ეის მიერ უფლებამოსილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის ფაქტი. აღნიშნული მიმართვის არარსებობის პირობებში აუცილებელია შეფასდეს სააგენტოს მიერ კანონის დაცვით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ აგრეთვე შეფასების გარეშე დატოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე მიიჩნია, რომ კ. გ-ეისა და რ. ლ-ეის მიმართ არ არსებობს კანონიერი ნდობის პრინციპისათვის/კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ლ-ეის უფლების დამდგენი ჩუქების ხელშეკრულებისა და ზ. ე-ეის უფლების დამდგენი ნასყიდობის ხელშეკრულების შედავების ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რ. ლ-ეისა და ზ. ე-ეის კეთილსინდისიერების თაობაზე ცდება განსახილველი დავის ფარგლებს.
6.4. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს სადავო უძრავ ქონებაზე ნ. კ-ეის კანონიერი ინტერესის, იმგვარი უფლების არსებობა-არარსებობის საკითხზე, რომელიც გამორიცხავდა უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს სადავო ბრძანებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2025წ. განჩინებით ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.06.2021წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
7.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.06.2018წ. №1/1-1481 ბრძანებით განისაზღვრა ქ. ქუთაისში, ...ს გამზირი №...-ის მიმდებარედ არსებული 551.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით. მითითებული ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდა ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge), რაც მოიცავდა მითითებული ბრძანების რეკვიზიტებს, ასევე, საპრივატიზებო უძრავი ქონების მონაცემებსა და საპრივატიზებო პირობებს (აუქციონი №...). აუქციონი დასრულდა 26.07.2018წ. 17:00 საათზე, დაფიქსირდა 1 ბიჯის განხორციელება და გაყიდვა მოხდა 41000 ლარად (ტ.1, ს.ფ 297). აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებული გახდა კ. გ-ე. სააგენტოსა და კ. გ-ეს შორის 03.08.2018წ. დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება.
7.2. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო აუქციონის კანონდარღვევით გამოცხადებისა და ჩატარების ფაქტის დადასტურება. აღნიშნულ აუქციონში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. კ-ეის მიერ აუქციონში მონაწილეობის მიღების ფაქტი.
7.3. მოსარჩელის მიერ დადასტურებული ვერ იქნა სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის პერიოდში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის ფაქტი. აღნიშნული მიმართვის არარსებობის პირობებში კი სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააგენტოს მიერ კანონის დაცვით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონისა და აუქციონში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. აუქციონზე გატანილი ქონება (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად და მოსარჩელეს აღნიშნული რეგისტრაცია სადავოდ არ გაუხდია. კანონმდებლობა კი გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
7.4. აღნიშნული უძრავი ქონება 09.08.2018წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა რ. ლ-ეის საკუთრებად, ხოლო 08.08.2021წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ზ. ე-ეის საკუთრებად. საქმის მასალებით არ დგინდება აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებების შედავების ფაქტი და წარმოადგენს ძალაში მყოფ ხელშეკრულებებს, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებით სადავო ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე მოსარჩელის პოზიციის მართებულობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით და საქმეზე დადგენილი გარემოებებით, კ. გ-ეის და რ. ლ-ეის, ისევე როგორც ზ. ე-ეის მიმართ არ არსებობს კანონიერი ნდობის პრინციპთან/კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებთან შედარებით ნ. კ-ეის ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
8.1. კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებასთან ერთად დაცულია აგრეთვე პირის ლეგიტიმური მოლოდინი საკუთრების უფლების მომავალში მოპოვებასთან დაკავშირებით (საქმე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“). მოსარჩელე 35 წლის განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მისი საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული, მის მიერ აგებული 13,44კვ.მ. შენობითა და ღია სამრეცხაოთი, რომელიც შემოსაზღვრულია ბეტონის კონსტრუქციის ღობით, შესაბამისად დასტურდება მისი ლეგიტიმური ინტერესი და საკუთრების მოპოვების კანონიერი მოლოდინი. სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული ფართი არის მის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის განუყოფელი ნაწილი. მისი დემონტაჟის შემთხვევაში კონსტრუქციული და მდგრადობის საფრთხე ემუქრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ძირითად შენობა-ნაგებობას.
8.2. განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება უკავშირდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით მინიჭებული საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. 551კვ.მ. მიწის ნაკვეთში შემავალი 105 კვ.მ. ნაკვეთი საპრივატიზაციო წესით გასხვისდა მოსარჩელის ლეგიტიმური, კანონით დაცული ინტერესის გათვალისწინების გარეშე, ამასთან აუქციონი არ გამოცხადებულა განცალკევებულად 105კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. გასაჩივრებული განჩინებით არ არის გაქარწყლებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, შესაბამისად მოსარჩელეს აქვს ამ შესაძლებლობის/ინტერესის დაცულობის უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე შემძენს. შემძენმა იცოდა მოსარჩელის მიერ 105კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის, ასევე მის მიერ 13,44კვ.მ. შენობის აგების შესახებ, შესაბამისად შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოირიცხება. თანმდევად ბათილია აგრეთვე კანონსაწინააღმდეგო გასხვისების შედეგები. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს 08.06.2022წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ. კ-ეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს 08.06.2022წ. გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 17.05.2017წ. №1-1/241 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ამასთან, საკასაციო სასამართლოს 11.09.2024წ. განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების შედეგად პრივატიზებისას დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება თავისი ბუნებით კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს: საჯარო მოქმედების (რეალაქტის) შესრულებას (მაგ. პრივატიზების შესახებ ოფიციალური გამოქვეყნება, აუქციონის ჩატარება), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის შესახებ ბრძანება, აუქციონში გამარჯვების დადასტურება), ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გამარჯვების დადასტურების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება). პრივატიზაციის პროცედურის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტია - ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა (სუსგ საქმე №ბს-549(კ-21), 25.12.2023წ.).
14. საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.06.2018წ. №1/1-1481 ბრძანებით დადგინდა ქ. ქუთაისში, ...ს გამზ. №...-ის მიმდებარედ 551 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) პრივატიზების განხორციელება, ასევე პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი განცხადების გამოქვეყნება კანონით დადგენილი წესით (ტ. 1, ს.ფ. 143-144). აღნიშნულ აუქციონში გაიმარჯვა კ. გ-ემ (ტ. 2, ს.ფ. 135), რომელთანაც 03.08.2018წ. გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 2, ს.ფ. 136-139).
15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზემოთ მითითებული ბრძანებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზებით მას მოესპო მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს აბრუნებს იმ საკითხებზე კონკრეტული მითითებით, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას. თავის მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მოვალეა, გაითვალისწინოს საკასაციო პალატის მიერ აღნიშნული საფუძვლები, იმსჯელოს მათზე და საკუთარი დასკვნები ასახოს თავის გადაწყვეტილებაში (სუსგ №ას-623-595-2016, 02.09.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 11.09.2024წ. განჩინებით (ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში) საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა სადავო უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებად არსებობის პერიოდში საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ აღიარების კომისიისთვის მიმართვის ფაქტი.
17. პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს აწესრიგებს საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. მოსარჩელე თავს მიიჩნევს სადავო ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად, თუმცა საკასაციო პალატის მითითების შესაბამისად ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ასეთი მოთხოვნით კასატორს (მოსარჩელეს) არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოსთვის. მოსარჩელე ასევე არ მიუთითებს ისეთი სახის დოკუმენტზე, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობას დაადასტურებდა.
18. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აუქციონის განხორციელებამდე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) მიმდებარედ, შეძენის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის აუქციონზე გატანის მოთხოვნით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 98-100), სააგენტოსადმი განცხადებაში მოსარჩელე ასევე უთითებდა ამ ტერიტორიის მის მიერ ბეტონის ღობით შემოღობვის ფაქტსა და აუქციონზე წარუმატებლობის შემთხვევაში ღობის ერთი თვის მანძილზე მოშლის თაობაზე (ტ. 2, ს.ფ. 105). სააგენტოს 07.04.2017წ. №1/1-797 ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) დადგინდა პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით (ტ. 2, ს.ფ. 106-107). სააგენტომ 11.04.2017წ. წერილით მიმართა ნ. კ-ეს, რომლითაც მიაწოდა ინფორმაცია მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე აუქციონის გამოცხადების, მისი დაწყებისა და დასრულების დროის და შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შესახებ (ტ. 2, ს.ფ. 108), თუმცა აღნიშნულ აუქციონზე ბიჯი წარდგენილი არ ყოფილა, იგი დასრულდა უშედეგოდ (ტ. 2, ს.ფ. 229).
19. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდზე, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პრივატიზაციის აქტი დაინტერესებულ სუბიექტთა ფართო წრეს შეეხება, რაც გამორიცხავს აქტის თითოეული დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას. ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს ობიექტის პრივატიზაციის შესახებ განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებას. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ობიექტის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შედეგად ხდება პრეზუმირება იმისა, რომ ინფორმაცია ცნობილია ყველასათვის, პრივატიზაციის პროცესი კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობდა (სუსგ საქმე №ბს-549(კ-21), 25.12.2023წ.).
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნების ფაქტი (ტ. 1, ს.ფ. 297-298, 318), ამასთანავე სადავო აუქციონის გამოცხადების, შესაბამის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების, ბრძანების რეკვიზიტების, საწყისი საპრივატიზებო თანხის და აუქციონის დასრულების თარიღის შესახებ ინფორმაცია ნ. კ-ეს (განცხადებაში მითითებულ მისამართზე) გაეგზავნა სააგენტოს 29.06.2018წ. წერილით (ტ. 2, ს.ფ. 183). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 27.06.2018წ. დაწყებულ ელექტრონულ აუქციონში ნ. კ-ეს მონაწილეობა არ მიუღია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.), თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების დადებით მისი უფლებისა და კანონიერი ინტერესის შეზღუდვის სათანადოდ დადასტურება.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ თავად მიმართა სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც მოიცავს სადავო უძრავ ნივთს) პრივატიზების მოთხოვნით. ამ განცხადების პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილები აუქციონის გამართვის თაობაზე გაეგზავნა ნ. კ-ეს განცხადებაში მითითებულ მისამართზე, ამასთანავე აუქციონის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა შესაბამის ვებგვერდზე კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოსარჩელეს აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ მოლოდინზე (საკუთრების უფლების მომავალში მოპოვების შესახებ) მითითება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელისთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აუქციონის ჩატარების მოსალოდნელი თანმდევი შედეგები.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2025 წლის განჩინება.
3. ნ. კ-ეს (პირადი ნომერი ...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №1745402030, გადახდის თარიღი 23.04.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე