დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-527(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-527(კ-23) 26 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა...” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ა...მა” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამედიცინო დაწესებულება“) სარჩელი წარადგინა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო") მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 03.11.2021 წლის N10/10676 გადაწყვეტილება, 08.11.2021 წლის N10/10860 გადაწყვეტილება და 18.01.2022 წლის N10/348 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალოს გაწეული მომსახურების - 8796,24 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 03.11.2021 წლის N10/10676 და 08.11.2021 წლის N10/10860 გადაწყვეტილებები ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ”, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 18.01.2022 წლის N10/348 გადაწყვეტილება მოსარჩელის 29.11.2021 წლის N26660 ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8796,24 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტა შემდეგი:

4.1. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების დანართი 1.3 ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

4.2. მოპასუხის უარი ანაზღაურებაზე ეფუძნება სწორედ იმის მტკიცებას, რომ პაციენტების, მ. ჩ-ეისა და ე. ჭ-ეის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის კანონით გათვალისწინებული წესი და ფორმა, კერძოდ, ინტერვენციის უშუალო მიმდინარეობის პერიოდები.

4.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებებზე და მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ:

4.3.1. ე. ჭ-ეე დაიბადა ... წლის 14:20სთ-ზე, ახალშობილს დაბადებიდან რამდენიმე საათში გამოეხატა კანის და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე, მიეკუთვნებოდა მაღალი რისკის ჯგუფს rh-იზოიმუნიზაციის განვითარების თვალსაზრისით, ჭიპლარის ბილირუბინები 54,6 მკმოლ/ლ, Tbil-93,8მკმოლ/ლ. პროტოკოლის გათვალისწინებით, ახალშობილი საჭიროებდა ფოტოთერაპიას, რის გამოც გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში I დონეზე პერიოდი - 01.06.2021 20:00 - 04.06.2021 16:00-მდე; 04.06.2021 16:00 - 07.06.2021 10:00-მდე ახალშობილი იმყოფებოდა III დონის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ; 07.06.2021 10:00 - 14.06.2021 10:00-მდე ახალშობილი იმყოფებოდა II დონის მეთვალყურეობის ქვეშ; 14.06.2021 10:00- 16.06.2021 17:00-მდე იმყოფებოდა I დონის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტს გაეწია დროული, ადეკვატური და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება. სტაციონარულ სამედიცინო ბარათში N7203/758/7263 არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ახალშობილის გასინჯვის ფურცელი კურსუსები) სწორად არის დაფიქსირებული ახალშობილის REANIN1N-II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაწყების პერიოდი - 04.06.2022 16:00, მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულშია მექანიკური შეცდომა დაშვებული და II დონის დაწყება მოთხოვნილია 4 საათით ნაკლები დროით. ეს არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც არ უნდა გახდეს სამედიცინო მომსახურების სრული ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

4.3.2. პაციენტ მ. ჩ-ეესთან დაკავშირებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კლინიკაში იგი შეყვანილ იქნა 03.05.2021-ში 10:40 სთ-ზე. შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით დაწყებულ იქნა I დონის ინტენსიური მეთვალყურეობა. კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ. I დონის ინტენსიური მკურნალობა გაგრძელდა 16.05.2021 წლის 10:00სთ-მდე. 16.05.2021 წლის 10:00 სთ-დან უგრძელდებოდა მკურნალობა პალატის რეჟიმში 21.05.2021 წლის 15:00 სთ-მდე; პაციენტს გაეწია მისთვის საჭირო და აუცილებელი ყველა სამედიცინო ჩარევა. სტაციონარულ სამედიცინო ბარათში N5726 არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში (პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პაციენტის გასინჯვის ფურცელი, პაციენტის გაწერის ეპიკრიზი) I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის პერიოდი სწორად არის მითითებული 03.05.2021 10:40 სთ-დან 16.05.2021 10:00 სთ-მდე. 16.05.2021 10 სთ-დან - 21.05.2021 წლამდე მკურნალობა გაგრძელდა პალატურ რეჟიმში. მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში (ე.წ. კალკულაცია) და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულშია მექანიკური შეცდომა დაშვებული და I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის პერიოდი მოთხოვნილია 11 საათით მეტი დროით, ეს არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც არ უნდა გახდეს სამედიცინო მომსახურების სრული ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

4.4. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, დასტურდება, რომ ორივე პაციენტის სტაციონარული სამედიცინო ბარათი ნაწარმოებია სწორად. რაც შეეხება ინტენსიური მკურნალობის დროს, რომელიც მითითებულია ელექტრონულ დოკუმენტაციაში და რომელსაც გარკვეული ცდომილება გააჩნია მატერიალურად ნაწარმოებ სამედიცინო ბარათებთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სამედიცინო დაწესებულების პოზიცია და განმარტა, რომ პროგრამის განმახორციელებელს ინსპექტირების ეტაპზევე შეეძლო დაედგინა ხარვეზი და მიმწოდებლისათვის მიეცა მისი გამოსწორების შესაძლებლობა.

4.5. სასამართლომ განმარტა, რომ ხარვეზის დადგენისა და მიმწოდებლისათვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის როგორც დღეს მოქმედი, ასევე, სამედიცინო მომსახურების გაწევის დროისათვის არსებული რედაქცია. კერძოდ, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც სააგენტოს მიერ ვადის განსაზღვრის მიუხედავად ხარვეზის გამოუსწორებლობას დაადასტურებდა, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის შეცდომის დაშვებას, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების კორექტირებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე.

4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები და სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მომსახურების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

10. ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აწესრიგებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

11. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“((შემდეგში „სახელმწიფო პროგრამა“), განჩინებაში მითითებულია მისი სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). სააგენტომ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სახელმწიფო პროგრამის: მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტი (ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) და “კ” ქვეპუნქტი (ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%) (ს.ფ.18; 28). უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევებში მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის წესი და არასწორად არის მითითებული ინტერვენციის უშუალო მიმდინარეობის პერიოდი. კერძოდ, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების შესაბამისად, პაციენტ ე. ჭ-ეის შემთხვევაში რეგისტრაციის მოდულში REAN1N კოდი გადმოცემულია 04.06.2021 20:00:00-დან ნაცვლად 04.06.2021 16:00:00-ისა (იხ.: სააგენტოს 03.11.2021 წლის გადაწყვეტილება, ს.ფ.18), ხოლო პაციენტ მ. ჩ-ეის შემთხვევაში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის პერიოდი არ ემთხვევა შეტყობინებათა ერთიან ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს (იხ. სააგენტოს 03.11.2021 წლის გადაწყვეტილება, ს.ფ. 28).

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ ორივე პაციენტის სტაციონარული სამედიცინო ბარათი ნაწარმოებია სწორად. რაც შეეხება ელექტრონულ მონაცემებსა და მატერიალურად ნაწარმოებ სამედიცინო ბარათებს შორის ტექნიკური ხასიათის მცირედ შეუსაბამობებს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ პროგრამის განმახორციელებელს ინსპექტირების ეტაპზევე შეეძლო დაედგინა ხარვეზი და მიმწოდებლისთვის მიეცა მისი გამოსწორების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამის მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევათა ადმინისტრირების პროცესში, დაშვებული ხარვეზის გამოსწორებისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიეცეს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (შდრ. სუსგ Nბს-50(კ-25), 10.06.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებას მიეცა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის საშუალება, რაც შემთხვევათა ადმინისტრირების პროცესის არასრულყოფილად ჩატარებაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის შეცდომას, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების კორექტირებაზე და მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ Nბს-50(კ-25), 10.06.2025წ.; სუსგ Nბს-462(კ-24), 11.06.2025წ.; სუსგ Nბს-558(კ-23), 11.09.2023წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 439.80 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 307.86 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინება.

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 200294519) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 439.80 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #15160, გადახდის თარიღი 24.05.2023წ.) 70% – 307.86 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე