დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1279(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც.შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც.შ-ამ 2024 წლის 29 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის №539 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ც.შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის განკარგულება N539 „მიწის ნაკვეთზე ც.შ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოსცემა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (დღეს უკვე №...-ის) მდებარე მიწის ნაკვეთზე (ფართი 868.00კვ.მეტრი) ც.შ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და ყურადღება გაამახვილა სადავო აქტით განმცხადებლისათვის უარის თქმის ძირითად საფუძველზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასაზღვრო მიჯნის გარეთ არსებული ტერიტორიაა). ასევე მიუთითა, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლევა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განმცხადებლის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. ასევე ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს იმ მითითებაზე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრიაციო ზონაში (რზ-1). სააპელაციო პალატამ, ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად მითითებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. მიუთითა საქმეში წარდგენილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 02 თებერვლის N16-01230331559 წერილის შინაარსზე, ასევე ნოტარიულად დამოწმებულ 2016 წლის 25 მარტის, 2016 წლის 28 მარტის და 2023 წლის 29 დეკემბრის შ.ჯ-ის, რ.კ-ის, შ.ჩ-ას განცხადებებზე და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ იქნა შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მართებულად გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი ასახულია თბილისის მერიის ერთიან ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო, განახლებად და ოფიციალურ გეოგრაფიულ მონაცემთა სისტემას. მიუთითებს, რომ აღნიშნული რესურსი სანდო წყაროა ქალაქის ტერიტორიის ფუნქციური ზონირების დასადგენად. აპელირებს ინტერაქტიული რუკიდან ამონარიდზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებობს გამწვანებული ტერიტორიის სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1), რაც კასატორის მსჯელობით ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ზონალური სტატუსის შესწავლას და აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მოწმეთა განცხადებები, აღნიშნულზე კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებები და წერილობითი ახსნა - განმარტებები არ წარმოადგენს ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისთვის. ასეთი ტიპის დოკუმენტები არ შეიცავს ობიექტურ, გეოგრაფიულ ან ტექნიკურ მონაცემებს და გამოხატავს მხოლოდ მხარის სუბიექტურ პოზიციას, რის გამოც ისინი ვერ ქმნიან საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ საფუძველს.
წარმომადგენელი საკუთრების უფლების აღიარებისას გასათვალისწინებლად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს სასაზღვრო მიჯნის (ღობის) არსებობის მნიშვნელობაზე და განმარტავს შემდეგს: სასაზღვრო მიჯნის არსებობა წარმოადგენს ერთ - ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს დაადგინოს განმცხადებელი/მოსარჩელე რა საზღვრებში და რა ფართობით ფლობდა და სარგებლობდა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. კასატორის მსჯელობით, აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო პრაქტიკაც, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად აუცილებელია დადგინდეს ფლობის ფაქტობრივი მოცულობა და მოხდეს მიწის ნაკვეთის საზღვრების იდენტიფიცირება, რა დროსაც სასაზღვრო მიჯნის არსებობა მტკიცებულებით მნიშვნელობას იძენს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის №539 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერის (2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით) თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №..., დაზუსტებული ფართობი: 1052.00 კვ.მეტრი, შენობა - ნაგებობა საერთო ფართი: 83.29, საცხოვრებელი ფართი: 49.20, ს/კ N...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ც.შ-ას სახელზე.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 სექტემბრის N529 საოქმო გადაწყვეტილებით ც.შ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, ...ის ქ.№...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგი საფუძვლით: არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
დადგენილია, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს ც.შ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ 1038 კვ. მეტრი) უფლებათა სპორადული რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 ოქტომბრის №... წერილობითი მიმართვით, კომპეტენციის ფარგლებში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა სააგენტოში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებულ დოკუმენტაციასთან ერთად.
2023 წლის 29 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით შ.ჩ-ა ადასტურებს, რომ მისი მეზობელი ც.შ-ა (პირადი ნომერი:...), 1990 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ...) მომიჯნავედ 868.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით რომელიც შემოღობილია კაპიტალურად და ფაქტობრივად გაერთიანებულია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწასთან. ადასტურებს, რომ თანახმაა ც.შ-ამ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება (ლეგალიზაცია).
2016 წლის 25 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, შ.ჯ-ე და რ.კ-ე ადასტურებენ, რომ ც.შ-ა (პ/ნ...), 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად ფლობდა 1038 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) გვერდით ქ.თბილისში ...ის ქ.№...-ის მიმდებარედ. განცხადებაში მიუთითებს, რომ კანონიერი და მის მიმდებარედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები ერთიან შემოღობვაშია და განაშენიანებულია მრავალწლოვანი ხეხილით. აღნიშნულ უძრავ ქონებას ც.შ-ა ფლობს და განკარგავს დღესაც.
2016 წლის 28 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით თ.გ-ა ადასტურებს, რომ ც.შ-ა (პ/ნ...) ფლობს 1038 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მის კუთვნილებაში არსებული კანონიერი მიწის ნაკვეთის (ს/კ...) გვერდით მისამართზე: ქ.თბილისი ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ. კანონიერ და მის მიმდებარედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები ერთიან შემოღობვაშია და განაშენიანებულია მრავალწლოვანი ხეხილით. აღნიშნულ უძრავ ქონებას ც.შ-ა ფლობს და განკარგავს დღესაც. არ არის წინააღმდეგი აღნიშნული უძრავი ქონება გაიფორმოს ც.შ-ამ.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის №539 განკარგულებით, ც.შ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 868.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დასტურდება ც.შ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ..., №...-ის მიმდებარედ საერთო ფართი 868.00კვ.მ.) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კომისიის მითითებით, ორთოფოტოებითა (აეროგადაღებებით) და საქმეში წარდგენილი ფოტოსურათებით დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასაზღვრო მიჯნის გარეთ არსებული ტერიტორიაა). კომისიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრიაციო ზონაში (რზ-1) და აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ასევე არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 01 აგვისტოს წერილში მითითებულია, რომ სამსახურმა ქალაქ გეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ...ის ქ.№...-ის მიმდებარედ 1038 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-22) და სარეკრიაციო (რზ-1) ზონაში.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 02 თებერვლის N16-01230331559 წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით (N14/6308) განიხილა ...ის ქ.№...-ის მიმდებარედ 868 კვ.მ. ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და განმარტა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობანაგებობაზე საკუთრების უფლება.
რაც შეეხება კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, კანონმდებელმა მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
დავის საგნის გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღების გამახვილება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში ყურადსაღებია აღიარების კომისიის მიერ, გასაჩივრებულ განკარგულებაში უარის თქმის არგუმენტად მითითებული ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასაზღვრო მიჯნის გარეთ არსებული ტერიტორიაა). კომისიამ ასევე მიუთითა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრიაციო ზონაში (რზ-1). საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხოლოდ აღნიშნულის მითითება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. გასათვალისწინებელი საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 02 თებერვლის N16-01230331559 წერილი, სადაც მითითებულია, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით (N14/6308) განიხილა ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ 868 კვ.მ. ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და განმარტა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი(სზ-2) ზონა. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. შესაბამისად, შესაფასებელი და ხელახლა გამოსაკვლევია მითითებული საკითხი.
საკასაციო პალატა, ასევე გასაზიარებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია საქმეში წარდგენილი 2016 წლის 25 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული შ.ჯ-ის და რ.კ-ის, 2016 წლის 28 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული თ.გ-ას და 2023 წლის 29 დეკემბერს სანოტარო წესით დადასტურებული შ.ჩ-ას განცხადებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ც.შ-ა 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს თავის საკუთრებაში არსებული კანონიერ მიწის ნაკვეთის (ს/კ....) გვერდით ქ. თბილისში ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ; მიუთითებენ, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ერთიან შემოღობვაშია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და განაშენიანებულია მრავალწლოვანი ხეხილით; ადასტურებენ, რომ უძრავ ქონებას ც.შ-ა ფლობს და განკარგავს დღესაც. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პოზიციას და საქმის მასალებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნევს იმ მსჯელობას, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე