დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 02.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1145(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1145(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,, ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 1 ივნისს შპს „...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...-ის“ ...ის ფილიალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილებით სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 2 მაისის №04/25454 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო პაციენტების - მ.ა-ის, ა.ს-ის, ა.ა-ის სამედიცინო შემთხვევებს კვლავ განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,...-ის“ ...ის ფილიალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების - გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, ვ.ს-ის, გ.კ-ის, მ.ა-ისა და მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 7 მაისის №04/26214 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევებს კვლავ განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევების გამო.

მოსარჩელის განმარტებით პაციენტების: მ.ა-ის, გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, წარდგენილი იყო სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ერთდროულად, ინტენსიური და თერაპიული კოდებით. ანაზღაურებას დაექვემდებარა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური, ინტენსიური მკურნალობის კოდი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევებში, თერაპიული კოდებით სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პაციენტების - ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევაში, პაციენტს ჩაუტარდა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა). ოპერაციიდან მე-11 დღეს, მან კვლავ მიმართა კლინიკას მუცლის ტკივილის ჩივილით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ჩივილი არ იყო კავშირში ჩატარებულ ოპერაციასთან. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ადმინისტრაციული ორგანოს უარი, სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე. პაციენტ - ა.ა-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან პროგრამის განმახორციელებელს შეტყობინება გადასცა დადგენილ 24 საათიან ვადაში, კერძოდ, პაციენტი კლინიკაში შევიდა 01.05.17 14:10:00 საათზე, ხოლო პორტალზე მონაცემები აიტვირთა 02.05.17 14:10:00 საათზე. შესაბამისად, შემთხვევის დაკორექტირებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...-ის“ მიერ, დასახელებული პაციენტების შემთხვევაში მკურნალობა ჩატარებულია სრულფასოვნად, დიაგნოზების შესაბამისად, არსებული გაიდლაინებისა/პროტოკოლების დაცვით. კლინიკის მიერ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც, სამედიცინო მომსახურების გაწევის, ასევე, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება/ასახვის კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2021 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტების: მ.ა-ის, ა.ს-ის, ა.ა-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 მაისის №04/25454 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტების: მ.ა-ის, ა.ს-ის, ა.ა-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტების: გ.ა-ა, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №04/26214 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტების: გ.ა-ა, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „...-ის“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ, დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოთი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...-ის” სარჩელი, პაციენტ ა.ა-ის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 02 მაისის N04/25454 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 02 მაისის N04/25454 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილება, პაციენტების: მ.ა-ისა და ა.ს-ის ნაწილში. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ მიმართ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 07 მაისის N04/26214 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილება, პაციენტების: გ.ი-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის ნაწილში. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ მიმართ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტების: მ.ა-ის, გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების 15.2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და 22.5 მუხლის თანახმად. აღნიშნულ პაციენტებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტები არ შეიცავს მსჯელობას, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ თერაპიული კოდებით წარდგენილი დიაგნოზები არასწორად, რა გარემოებები გამოიკვლია და შეაფასა ამგვარი დასკვნის დადგენისას.

პაციენტ - ა.ს-ის შემთხვევასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტი კლინიკაში 28.05.17-29.05.17წ. მკურნალობდა დიაგნოზით: ტკივილი გულმკერდის და/ან მუხლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი R10.4. შესაბამისად, შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას დადგენილების 15.2. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლა-ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ინსპექტირების შედეგად, არ დგინდება პროგრამის განმახორციელებელმა თუ რის საფუძველზე მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებები გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა. განსახილველ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარებიდან მე-11 დღეს მუცლის ტკივილის ჩივილები თუ რა გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე უკავშირდებოდა ჩატარებულ სამედიცინო ოპერაციის შემთხვევას, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით და გასაჩივრებული აქტების დასაბუთებით, არ დგინდებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მართალია უფლებამოსილი იყო ეჭვი შეეტანა წარდგენილი დიაგნოზის სისწორეში, მაგრამ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის 21 პუნქტისა და 151-16 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, დიაგნოზთა სისწორის კონტროლის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (სადავო აქტების გამომცემი ორგანო). ამდენად, დიაგნოზთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საკითხი უნდა შეფასებულიყო არა მოპასუხის მიერ, არამედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან, რასაც დასახელებულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პაციენტი - მ.ა-ის სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა რომ შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. პაციენტ - ა.ს-ის შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მოცემულ სამედიცინო შემთხვევებზე საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან პროგრამის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ კონკრეტულ პროგრამულ შემთხვევასთან დაკავშირებული ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები მოთხოვნილია დამატებითი ნოზოლოგიური კოდის დაფიქსირების ხარჯზე. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

კასატორის განმარტებით, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "კ" ქვეპუნქტის საფუძველზე (ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...-ის” სარჩელი, პაციენტ ა.ა-ის ნაწილში: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 02 მაისის N04/25454 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 02 მაისის N04/25454 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №04-14/9010 გადაწყვეტილება, პაციენტების: მ.ა-ისა და ა.ს-ის ნაწილში. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ მიმართ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 07 მაისის N04/26214 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილება, პაციენტების: გ.ი-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის ნაწილში. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ მიმართ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს პაციენტების: მ.ა-ის, ა.ს-ის, გ.ი-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მხრიდან უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მიზნებისათვის, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. ამასთან, შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს წარმოადგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. („პროგრამის“ 9.4 მუხლი). მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელება შესაძლებელი იყო შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას ხდებოდა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენდა შემოწმების აქტს, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლებოდა დაკისრებოდა ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.

უდავოა, რომ მოსარჩელე - შპს ,,...-“ წარმოადგენს ზემოაღნიშნული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სუბიექტს - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამავე დადგენილების დანართი 1.3 ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ზემოაღნიშნული მუხლის ‘’კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრული პირობები; ამავე დადგენილების 11.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტი - მ.ა-ი კლინიკაში შევიდა 2017 წლის 24 აპრილს დიაგნოზით: თავის ტვინის ინფარქტი, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი იმყოფებოდა მე-2 დონის ინტენსიურ მკურნალობაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში. 2017 წლის 5 ივლისს იგი გადაყვანილ იქნა თერაპიულ განყოფილებაში დიაგნოზით: G46.8/თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომი. საავადმყოფოდან გაწერა 2017 წლის 6 მაისს.

პაციენტი ა.ს-ი კლინიკაში მკურნალობდა 2017 წლის 28 მაისიდან 2017 წლის 29 მაისის ჩათვლით. სააგენტოს ანაზღაურების მიზნით წარედგინა სამედიცინო შემთხვევა, დიაგნოზით: ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი, R10.4

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტ მ.ა-ის სამედიცინო შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი, №... დადგენილების 15.2. მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად. თუმცა, ვინაიდან პროგრამის მიმწოდებელი არ დაეთანხმა აღნიშნულს, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. პაციენტ ა.ს-ის სამედიცინო შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას დადგენილების 15.2. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მოსარჩელე შპს „...-მ“ სამედიცინო მომსახურება გაუწია ასევე პაციენტებს: გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ეს, მ.ვ-ის, მ.ა.ა-ის და მ.დ-ის. სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, ანაზღაურებაზე მოთხოვნა წარდგენილ იქნა ინტენსიური და თერაპიული კოდებით ერთდროულად. მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან, ძირითადი - ნოზოლოგიური, თანმხლები და ჩატარებული კვლევების კოდების შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ინსპექტირების ეტაპზე მიიჩნია, რომ შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. კერძოდ, პაციენტების: გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის და მ.დ-ის სამედიცინო შემთხვევები ანაზღაურებას ექვემდებარებოდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 15.2. მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კლინიკამ ნაწილობრივ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილება, მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. წარდგენილი საჩივარი, 2018 წლის 07 მაისის №04/26214 გადაწყვეტილებით, პაციენტების: გ.ა-ას, ა.ბ-ის, ც.ბ-ის, ჭ.დ-ის, მ.ვ-ის, მ.ა-ის და მ.დ-ის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტების შემთხვევაში ინტენსიური მოვლა/მკურნალობის ხარჯები მოთხოვნილი იყო დამატებითი ნოზოლოგიური კოდის დაფიქსირების ხარჯზე. სააგენტომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 22.5 მუხლის დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ანაზღაურებას ამავე დადგენილების 15.2. „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი, რასაც კლინიკა არ დაეთანხმა. შესაბამისად, შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

ზემოხსენებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო შემთხვევების დარღვევები გამოიხატება იმაში, რომ რიგ შემთხვევებში შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება ან ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს ან შემთხვევის შესახებ მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს, ან კოდებია არასწორად გადაცემული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მსჯელობას, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ თერაპიული კოდებით წარდგენილი დიაგნოზები არასწორად, რა გარემოებები გამოიკვლია და შეაფასა ამგვარი დასკვნის დადგენისას.

პაციენტ ა.ს-ის შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა სააპელაციო პალატის განმარტება, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არ დგინდება ინსპექტირების შედეგად პროგრამის განმახორციელებელმა რის საფუძველზე, მიიჩნია რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. შესაბამისად, არსებითი გარემოებები გამოკვლეული, შეფასებული არ ყოფილა. საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პაციენტს „...-ში“ ჩატარებული ჰქონდა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა). ოპერაციიდან მე-11 დღეს, მან კვლავ მიმართა კლინიკას მუცლის ტკივილის ჩივილით. ვინაიდან, არსებული სამედიცინო შემთხვევები იყო ურთიერთკავშირში და გამომდინარეობდა, პაციენტის წინა სამედიცინო შემთხვევიდან, სააგენტომ მიიჩნია, რომ შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. მსგავს მსჯელობას კი, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია სადავოდ გახადოს სამედიცინო შემთხვევა, მისი საეჭვოობისას, თუმცა ნებისმიერი დასკვნა უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და უნდა ეყრდნობოდეს გარემოებათა სრულყოფილ, ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგებს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ოპერაციის ჩატარებიდან მე-11 დღეს მუცლის ტკივილის ჩივილები თუ რა გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე უკავშირდებოდა ჩატარებულ სამედიცინო ოპერაციის შემთხვევას, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით და გასაჩივრებული აქტების დასაბუთებით, არ დგინდება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტებში ასახული ფორმალური მითითება დადგენილების შესაბამის მუხლზე არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არაა ასახული თითოეული პაციენტის შემთხვევაში მათ მიმართ გაწეული მომსახურებისას რა სახის დარღვევა დაფიქსირდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კი არ შეიცავს შესაბამის მოტივებსა და დასაბუთებას. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს შპს ,,...-ის" მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა დასაბუთებული არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 მაისის №04/25454 გადაწყვეტილების ნაწილობრივ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 იანვრის №04-14/570 გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება აქვს მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 02.10.2025წ. N24018 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.10.2025წ. N24018 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე