დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1198(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1198(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.ა-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მესამე პირები - შპს „კ...“, შპს „ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 31 მაისს ნ.ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის №1141 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ.ა-ის მოთხოვნა და ქ. თბილისში, ...ში, ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, 62 კვ.მ. ფართსა და შენობა-ნაგებობაზე აღიარებული იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „კ...“ და შპს „ა...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით, ნ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-51 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ნ.ა-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის №1141 განკარგულების შინაარსზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რამაც განაპირობა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულ განკარგულებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 62.00 კვ.მ., არ დგინდება ნ.ა-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), წარდგენილი ფოტოებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ლითონის ჯიხური) შენობა. ამასთან, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა (მისამართი: ქ. თბილისი, მეტრო ...ის მიმდებარედ) და მასზე განთავსებულ შენობაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „ა...ს“ და შპს „კ...ს“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში არსებული თბილისის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 2 აპრილის №... განკარგულების, ქალაქის დიზაინის სამსახური „ქალაქდიზაინის“, არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997 წლის 1 აპრილის №137/1-05 წერილისა და ასევე, შპს „ა...ს“ ორი საჩრდილობლის ამოშენების პროექტის მიხედვით დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „ა...ს“, შპს „ კ...სთან“ ერთად, მსუბუქი ტიპის ობიექტების, ...ის აშენების მიზნით. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ.ა-ე არის შპს „კ...ს“ გენერალური დირექტორი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა შპს ,,ა...ს“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა სააპელაციო პალატაში წარადგინა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე საჩრდილობლის ამოშენების პროექტი. შპს ,,ა...ს“ დირექტორის წერილის მიხედვით, არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ქ. თბილისის დიზაინის სამსახურის ,,ქალაქდიზაინის“ 1997 წლის 1 აპრილის N137/1-05 წერილით ...ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტს მიმართა ფირმა ა...-ამ, რომელიც ითხოვდა მეტრო ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საჩრდილობლის ქვეშ ...ის მოწყობას. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა შპს ,,ა...ზე“ მეტრო ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საჩრდილობლის ამოშენების პროექტი. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა შპს ,,ა...ს“ დამფუძნებლის და დირექტორის სახსრებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და თავის მხრივ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ.ა-ე როგორც ფიზიკური პირი, ნამდვილად ფლობდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე).

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა ზემოთ დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო, ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 მარტის №67- 01190853071 წერილის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 62.00 კვ.მ.) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-2). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო ზონაში (ტზ-2) მოქცევის გამო, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ასევე არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-ემ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განკარგულება ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა შპს ,,კ...ს“, ნ.ჩ-ისა და გ.ძ-ის განცხადებების შესწავლის გარეშე. აღნიშნული განცხადებებით კი დასტურდება ნ.ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კასატორი ასევე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლის იურიდიული პირების - შპს ,,ა...სა“ და შპს ,,კ...ს“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი. კასატორის განმარტებით, შპს ,,ა...“ არასდროს არ ფლობდა სადავო უძრავ ნივთს, ხოლო რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს ,,კ...ს“ დირექტორს წარმოადგენს ნ.ა-ე, კასატორის პოზიციით, აღნიშნული არ გამორიცხავს 1997 წლიდან დღემდე ნ.ა-ის მხრიდან ქ. თბილისში, ...ში, ...ის მოპირდაპირედ, შპს ,,ი...“-ის მიმდებარედ არსებულ 62 კვ.მ. ფართისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, მით უფრო, რომ აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ახსნა-განმარტებებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს ნ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას მათ შორის თან დაურთო შპს ,,კ...ს“, ნ.ჩ-ის და გ.ძ-ის 2017 წლის 14 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, შპს ,,კ...ს“ დირექტორი ნ.ა-ე, ასევე, ნ.ჩ-ე და გ.ძ-ი ადასტურებენ, რომ ნ.ა-ე 1997 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, მასზე დამაგრებული N1 და N2 შენობა-ნაგებობით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მოპირდაპირედ, ი...-ის მიმდებარედ. ამასთან, აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მიმდებარედ.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 8 მაისს N... წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაუგზავნა ნ.ა-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი და სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს ,,ი...“-ის მიმდებარედ.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ნ.ა-ის განცხადებასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენისთვის წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 მარტის წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ..., ...ის მოპირდაპირედ, 62 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დადგინდა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო (ტზ-2) ზონაში. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოპოვებული და შესწავლილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ქალაქის დიზაინის სამსახურის „ქალაქდიზაინის“ 1997 წლის 1 აპრილის №137/1-05 წერილი, თბილისის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 2 აპრილის №53 განკარგულება და ფირმა ,,ა...ს“ ორი საჩრდილობლის ამოშენების პროექტი. არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ქალაქის დიზაინის სამსახურის „ქალაქდიზაინის“ 1997 წლის 1 აპრილის №137/1-05 წერილის თანახმად, ...ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტს მიმართა ფირმა „ა...ამ“, რომელიც ითხოვდა მეტრო „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საჩრდილობელის ქვეშ ...ის მოწყობას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება დეპარტამენტს წარდგენილი ესკიზის მიხედვით შესაძლებლად მიაჩნდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, თბილისის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 2 აპრილის №53 განკარგულების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს „ა...ს“ თხოვნა და ნება დაერთო შპს „კ...სთან“ ერთად, მეტრო „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საჩრდილობელის ქვეშ მოეწყო ..., მსუბუქი ტიპის ობიექტების სახით.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის №1141 განკარგულებით, ნ.ა-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 62 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მიეთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დადგინდა ნ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), წარმოდგენილი ფოტოებით და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ლითონის ჯიხური) შენობა. ამასთან, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა (მისამართი: ქ. თბილისი, მეტრო ...ის მიმდებარედ) და მასზე განთავსებულ შენობაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „ა...ს“ და შპს „კ...ს“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში არსებული თბილისის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 2 აპრილის №53 განკარგულების, ქალაქის დიზაინის სამსახური „ქალაქდიზაინის“, არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997 წლის 1 აპრილის №137/1-05 წერილისა და ასევე, შპს „ა...ს“ ორი საჩრდილობლის ამოშენების პროექტის მიხედვით დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „ა...ს“ შპს „კ...სთან“ ერთად, მსუბუქი ტიპის ობიექტების, ...ის აშენების მიზნით. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ.ა-ე არის შპს „კ...ს“ გენერალური დირექტორი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის №1141 განკარგულების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ.ა-ის მოთხოვნა და ქ. თბილისში, ...ში, ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, 62 კვ.მ. ფართსა და შენობა-ნაგებობაზე აღიარებული იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, მითითებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამასთან, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს პირის მიერ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის №1141 განკარგულების თანახმად, ნ.ა-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ...ის მოპირდაპირედ, შპს „ი...“-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 62 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დადგინდა ნ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, განკარგულებაში მიეთითა, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა (მისამართი: ქ. თბილისი, მეტრო ...ის მიმდებარედ) და მასზე განთავსებულ შენობაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასტურდება კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს „ა...ის“ და შპს „კ...ის“ ფლობა-სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ქალაქის დიზაინის სამსახურის „ქალაქდიზაინის“ 1997 წლის 1 აპრილის №137/1-05 წერილზე, რომლის თანახმად, ...ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტს მიმართა ფირმა „ა...ამ“, რომელიც ითხოვდა მეტრო „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საჩრდილობელის ქვეშ ...ის მოწყობას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 2 აპრილის №53 განკარგულების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს „ა...ს“ თხოვნა და ნება დაერთო შპს „კ...სთან“ ერთად, მეტრო „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საჩრდილობელის ქვეშ მოეწყო ..., მსუბუქი ტიპის ობიექტების სახით. საქმის მასალებში წარმოდგენილია ფირმა ,,ა...ს“ ორი საჩრდილობლის ამოშენების პროექტიც. მეტიც, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ნ.ა-ე არის შპს ,,კ...ს“ დირექტორი. ამდენად, მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ.ა-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განკარგულება ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა შპს ,,კ...ს“, ნ.ჩ-სა და გ.ძ-ის განცხადებების შესწავლის გარეშე. აღნიშნული განცხადებებით კი დასტურდება ნ.ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,კ...ს“ (დირექტორი ნ.ა-ე), ნ.ჩ-ის და გ.ძ-ის 2017 წლის 14 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ ნ.ა-ე 1997 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, მასზე დამაგრებული N1 და N2 შენობა-ნაგებობით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მოპირდაპირედ, ...-ის მიმდებარედ, თუმცა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ №ბს-1338(კ-18), 23.03.2020წ.). ამდენად, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ადასტურებენ თვითნებურ ფლობას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის თვითნებური დაკავება დადასტურდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. ამავე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ასევე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა მათ შორის შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონა - სატრანსპორტო ზონა (ტზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა მათ შორის შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები (ქვეზონები): პ) (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) - სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს; ჟ) (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2) - სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს ან ავტოგასამართ კომპლექსებს, აირგასამართ ან აირსავსებ საკომპრესორო სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს და სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 მარტის წერილით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო (ტზ-2) ზონაში. აღნიშნული კი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, დამატებით გამორიცხავს მასზე ნ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ.ა-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ს.კ-ის მიერ 2025 წლის 26 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. ნ.ა-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ს.კ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 26 ნოემბერს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე