დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1115(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჰ.ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ.ბ-იმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისათვის ვადაგაგრძელებული უპირობო ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისა და აუქციონის თაობაზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 დეკემბრის №ბ14.14213634 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 10 თებერვლის №14-1422041322 წერილი; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ჰ.ბ-ის მიერ საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი 61500 ლარის უკან დაბრუნება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ჰ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, დაუბრუნოს ჰ.ბ-ის მისთვის საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი 61500 ლარი. არ დაკმაყოფილდა ჰ.ბ-ის სარჩელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისათვის ვადაგაგრძელებული უპირობო ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისა და აუქციონის თაობაზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 დეკემბრის №ბ14.14213634 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (ჰ.ბ-ის (პასპორტის №...) სარჩელის დაკმაყოფილების) ნაწილში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ასევე საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მიზნებსა და ნორმებს, ამავე დადგენილების მე-8 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებს და კოდექსის 119-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებს. მოცემული გადაწყვეტილებით იქმნება პრეცედენტი, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ქონების შეძენისთვის გამართულ აუქციონში (რომელსაც გადახდილი ექნება მონაწილეობისთვის საჭირო ბეს ან საბანკო გარანტიის სახით გადახდილი საგარანტიო თანხა), გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტთან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თავიდან აცილებისა და მუნიციპალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მიზნით შეუძლია მოიმიზეზოს ოფიციალური ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე (...) ქონების შეძენისათვის საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა, მითუმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა (არსებობს) საკმარისი ინფორმაცია ქონების თაობაზე.
კასატორის განმარტებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვის მიზნით უპირობო აუქციონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით პრივატიზების საკითხებს. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რომელმაც ბეს/საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით გადაიხადა საგარანტიო თანხა, აუქციონი კი, დასრულდა მისი გამარჯვებით. გამარჯვების მიუხედავად მოსარჩელემ უარი განაცხადა მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ რეალურად არ სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა. მიიჩნია, რომ თითქოს, მოცემული მიწის ნაკვეთი იყო ნაკლის მქონე და არ გამოდგებოდა სამშენებლო ან სხვა მიზნით. შესაბამისად, მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის, მათ შორის, ამ აუქციონის შედეგად დამტკიცებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ბათილად ცნობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამჯერ იყო გამოცხადებული ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე აუქციონი, კერძოდ: 1) 2021 წლის 17 აგვისტოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა უპირობო აუქციონი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში ...ის ქ. №...-ში მდებარე 56.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ...) პრივატიზების მიზნით. აუქციონზე უძრავი ქონების საწყის ფასად განისაზღვრა 123000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხად მიეთითა 61500 ლარი. აღნიშნულ აუქციონში არავინ მიიღო მონაწილეობა, რის გამოც იგი არ შედგა; 2) 2021 წლის 29 დეკემბერს იგივე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახლა (განმეორებით) გამოაცხადა აუქციონი. განმეორებით აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ქონების საწყისი ღირებულება და საგარანტიო თანხა იყო იგივე, რაც პირველ (2021 წლის 17 აგვისტოს) გამოცხადებულ აუქციონში. აღნიშნული აუქციონი შედგა და გამარჯვებული გამოვლინდა მოსარჩელე ჰ.ბ-ი, რომელსაც წინასწარ გადახდილი ჰქონდა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო საგარანტიო თანხა - 61 500 ლარი. მოსარჩელემ უარი განაცხადა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და მოითხოვა საგარანტიო თანხის დაბრუნება, რომელზედაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უთხრა უარი მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე; 3) 2023 წლის 2 აგვისტოს კვლავ გამოცხადდა იმავე მიწის ნაკვეთზე აუქციონი, აუქციონი შედგა, გამოვლინდა გამარჯვებული და გაიყიდა მიწის ნაკვეთი. სამივე გამოცხადებელი აუქციონის შემთხვევაში მითითებული იყო აუქციონის ჩასატარებლად ყველა ის საჭირო და სავალდებულო ინფორმაცია, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება. აღნიშნულის დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www... ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. განსახილველ შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სწორად განსაზღვრა და მიუთია ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ამ კონკრეტული აუქციონისათვის იყო საჭირო, კერძოდ, აუქციონის დასახლება, აუქციონის დაწყების და დამთავრების თარიღი, აუქციონის საწყისი ფასი, საგარანტიო თანხა, გასაყიდად გამოტანილი უძრავი ქონების ფოტოსურათი, საკადასტრო რუკა, ამონაწერი, მისამართი, სიტუაციური ნახაზი (იხსნებოდა ბმულზე გადასვლის გზით), მიწის ნაკვეთის ფართი (56 კვ.მ), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ, მითითება უპირობო აუქციონის შესახებ, აგრეთვე ზოგადი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ, მითითება იმაზე, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები. ამასთან, მითითებული, იყო რომ „დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ...ის ქ. №10; ტელ: (...) ... ...; საკონტაქტო პირი - ხ.ა-ე)“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს რიგი გარემოებები და უსაფუძვლოდ გაიზიარეს მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ თითქოს აუქციონის მასალებში წარმოდგენილი სიტუაციური გეგმა იყო იმდენად ბუნდოვანი, რომ მხოლოდ მისით არ არის შესაძლებელი სრული ინფორმაციის მიღება რეალურად რა სახის ნაკვეთი იყიდებოდა აუქციონზე და გამოქვეყნებული ფოტოსურათებიც არ ასახავდა ნაკვეთის რეალურ მდგომარეობას. აუქციონის მასალებში იყო მითითება, რომ იყიდებოდა 56 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დართული იყო ფოტოსურათი და სიტუაციური ნახაზი, რომელზედაც დატანილი იყო ისარი და ისრით მითითება 56 კვ.მ ნაკვეთზე. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო საკადასტრო ნახაზი, რომელზედაც ნათლად, მკაფიოდ და გასაგებად იყო დატანილი ნაკვეთის კონფიგურაცია. შესაბამისად, ნებისმიერ პიროვნებას შეეძლო გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის აღქმა-გაგება. ამასთან, ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც რამდენიმე წამში შესაძლებელია ინფორმაციის გადამოწმება და არსებობს საჯარო რეესტრი, რომელიც საჯაროობის პრინციპის ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერებაზე და საკმარისი ინფორმაციის განუთავსებლობაზე მითითება საფუძველს მოკლებულია. ელექტრონულ აუქციონზე განთავსებული ინფორმაცია არანაირ ბუნდოვანებას არ ქმნიდა, თუ მოსარჩელე გულდასმით გაეცნობოდა და ზედაპირულად არ მიუდგებოდა მას. მოსარჩელე თავადვე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი არ გაეცნო აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას დეტალურად და არ მოიძია, არ დაზუსტა, არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც მას აინტერესებდა. აღნიშნული მიუთითებს მის შეცდომაზე და მის მიერ საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ შესაბამის ვებ-გვერდზე ძირითადი მონაცემების გარდა, აგრეთვე, სხვა ინფორმაციის სახით განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ქონების მახასიათებლებისა და მისი დანიშნულებით გამოყენების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, გამოცხადებული იყო უპირობო აუქციონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის აუქციონის დროს აუქციონის გამომცხადებელი აუქციონზე გამარჯვებულს რაიმე სავალდებულო სააუქციონო პირობას არ უწესებდა და გამარჯვებულს ეს მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებისმიერი მიზნით შეეძლო გამოეყენებინა. დადგენილების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, უპირობო აუქციონი განმარტებულია, როგორც აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად დგინდება, რომ უპირობო აუქციონისთვის საჭიროა მხოლოდ აუქციონატორისთვის ყველაზე მაღალი ფასის შესთავაზება პირობებიან აუქციონისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკისრებოდა მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე, აუქციონის ვებ-გვერდზე ვრცელი ინფორმაციის გარდა, დამატებით განეთავსებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანებისა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაკვეთის გამოყენება სამშენებლო ან სხვა დანიშნულებით, დამოუკიდებლად შეუძლებელი იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მხოლოდ სამშენებლო მიზნებით შესაძლებელია იყოს გამოყენებული არასწორია. სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების თვალსაზრისით, მიზერული 56 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის გამოყენება, სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც მოსარჩელეს უნდა გაეთვალისწინებინა, როცა მისთვის საწყის ეტაპზე იყო ცნობილი, რომ იყიდებოდა 56 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ ხსენებული 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტის გამოყენება, თავისი შეხედულების განსამტკიცებლად დაუსაბუთებელია მაშინ, როცა ნებისმიერ პირს შეეძლო აღნიშნული უძრავი ქონების შეძენა, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა.
კასატორის განმარტებით, ერთი მხრივ, სასამართლოს შეფასებით განთავსებული ინფორმაცია არ იყო საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი, თუმცა ამის პარალელურად, სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილებით გასაჩივრებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 დეკემბრის №14.14213634 ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა უპირობო ელექტრონული აუქციონი და დამტკიცდა გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, მიიჩნია კანონიერად და უარი უთხრა მოსარჩელეს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ნათელია, რომ სასამართლო ფაქტობრივად აღიარებს მოსარჩელის შეცდომას, წინდაუხედავობასა და დაუდევრობას, თუმცა საბოლოო შედეგით პასუხისმგებლობას აკისრებს მოპასუხეს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ადმინისტრაციული ორგანოა. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო კერძოსამართლებრივი ურთიეთრობა, კერძოდ, გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მხარეთა შორის უნდა დადებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე თავადვე იყო ვალდებული, ეზრუნა, დაეზუსტებინა და გაეგო ის სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას ესაჭიროებოდა, მათ შორის, დაეთვალიერებინა ადგილი, შეემოწმებინა საკადასტრო რუკა, გადაემოწმებინა მონაცემები საჯარო რეესტრში და დამატებითი ინფორმაციისათვის დაკავშირებოდა აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებულ პირს.
კასატორის განმარტებით, მას არ ევალებოდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა პირობებიანი აუქციონი, რომლის არსებობის შემთხვევაში მერიას ეკისრებოდა ვალდებულება განესაზღვრა მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენება/სარგებლობა. სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის, როგორც ქონების მესაკუთრის მიერ, ქონების თავისუფლად განკარგვას. უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ საკუთრების უფლებაზე მითითება იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ წარმოშობია საკუთრების უფლება აუქციონზე გატანილ უძრავ ქონებაზე. მხარეთა შორის არც გარიგება არ დადებულა და არც საჯარო რეესტრში არ განხორციელებულა რეგისტრაცია ჰ.ბ-იზე. მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელემ თქვა უარი ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ ექსპერტის შეფასებით, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება არ იძლეოდა მეზობელი მიწის ნაკვეთის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული ინფორმაციის განთავსების ვალდებულება მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა და მსგავსი ჩანაწერი აუქციონის ტექსტში იქნებოდა ერთგვარი დისკრიმინაციული და შერჩევითი სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარეს (მყიდველს) გამყიდველისთვის (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის) რაიმე ინფორმაციისა თუ საკითხის დაზუსტების შესახებ არ მიუმართავს აუქციონში მონაწილეობამდე. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გაეცნო აუქციონის წესებს და პირობებს, მათ შორის, იმ გარემოების შესახებაც იყო მხარე ინფორმირებული, რომ თუ გაიმარჯვებდა და უარს იტყოდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, მას უკან აღარ დაუბრუნდებოდა წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა. ამგვარად, მხარისთვის ცნობილი იყო წინასწარ ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც შესაძლებელია მოჰყოლოდა აუქციონში მონაწილეობას.
კასატორის განმარტებით, უძრავი ქონების საწყისი ღირებულება აუქციონზე იყო 123000 ლარი, ხოლო მისი საგარანტიო თანხა 61500 ლარი, რაც არის ქონების ღირებულების 50%. ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაცული ჰქონდა აღნიშნული პირობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როდესაც აუქციონის მონაწილე რეგისტრირდება, რიცხავს საგარანტიო თანხას და იმარჯვებს აუქციონში, ამით იქმნება ერთგვარი პრეზუმფცია, რომ ის აუქციონის შემდეგ გააფორმებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარეა, რომ აღმასრულებელ ორგანოს საგარანტიო თანხად განსაზღვრული ჰქონდა 50%, ხოლო დარჩენილ 50%-ს მხარე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადაიხდიდა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოებაც, რომ აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საგარანტიო თანხად განსაზღვრული აუქციონის საწყისის საფასურის 50%-ის მიჩნევა სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობად, უსაფუძვლოა.
კასატორის განმარტებით, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, არამედ არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წერილობითი დაპირება, რომ აუქციონში გამარჯვებულთან გააფორმებს ხელშეკრულებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების დოკუმენტში ვერ იქნებოდა მითითებული ის ინფორმაცია, რაც მხარეთა შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში უნდა ყოფილიყო გაწერილი და შეთანხმებული.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-10.8 მუხლის თანახმად, თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. დადგენილების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. აღნიშნული ნორმების სიტყვასიტყვითი, სისტემური და ტელეოლოგიური განმარტებითაც ნათლად დგინდება, რომ დადგენილების მიზანი არ არის საგარანტიო თანხა, უკან დაუბრუნდეს გადამხდელს იმ შემთხვევაში თუ იგი უარს აცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სააპელაციო სასამართლო არასწორად იყენებს სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლებს მაშინ, როცა მხარეთა შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება და არ წარმოშობილა სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღიშნული ნორმები არის ზოგადი დადგენილებასთან შედარებით, ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის კი, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ და კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს. დადგენილება განსაზღვრავს ერთადერთ შემთხვევას, რომლის დროსაც შესაძლებელია საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნება, კერძოდ, დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დადგენილების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო არცერთი მათგანი, კერძოდ, მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში, დარეგისტრირდა, დათანხმდა აუქციონის ჩატარების წესებსა და პირობებს, გადაიხადა საგარანტიო თანხა/ბე, ელექტრონული აუქციონი შედგა იგი არ დამარცხებულა აუქციონში.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. აღნიშნული ნორმის მიზანია, აუქციონის გამომცხადებელის ინტერების დაცვა, მათ შორის, ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც აუქციონის შემდეგ გამარჯვებული მხარე ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას მის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა შეესაბამება საგარანტიო თანხის/ბეს სამართლებრივ ბუნებას, მის დანიშნულებას და ფუნქციას. ამასთან, ნორმა არის იმპერატიული ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მხარეებს და არც სასამართლოს არ აქვს უფლება გასცდეს აღნიშნული ნორმის დანაწესს და მოპასუხის არაკეთილსინიდისერებასა და სამოქალაქო კოდექსის 72-ე 73-ე მუხლებზე მითითებით უგულებელყოს, გვერდი აუაროს აღნიშნული ნორმის მოთხოვნას.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ დადგენილების მე-12 მუხლის იმგვარი განმარტება, რომ მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდილი ბე და საბანკო გარანტია არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო საგარანტიო თანხა კი ექვემდებარება დაბრუნებას, რადგან თითქოსდა მას უშუალოდ დადგენილება აღნიშნული მუხლის ნაწილში არ მოიხსენიებს. სასამართლო მოცემულ განმარტებას აკეთებს იმაზე მითითებით, რომ მოპასუხეს სალაროს შემოსავლის ორდერის დანიშნულებაში უწერია „საგარანტიო თანხა“ მაშინ, როცა შემოსავლის ორდერის დანიშნულებაში ნებისმიერი ტერმინი, სიტყვა და თუნდაც სახელიც და გვარიც კი, შეიძლება მიუთითოს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს მისი სახელის და გვარის (პერსონალური მონაცემების) გარდა მითითებული აქვს გამოცხადებული აუქციონის ნომერი, მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ბრძანება (ნომერი) და საგარანტიო თანხა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა ის, პირმა სალაროს შემოსავლის ორდერის დანიშნულებაში რა მიუთითა, არამედ ის, თუ რა მიზანს ემსახურება მოცემული თანხის გადახდა. მოცემული თანხის გადახდა მხარეს იმისთვის ეკისრებოდა, რომ მონაწილეობა მიეღო ელ. აუქციონში, დაეკმაყოფილებინა მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური მოთხოვნა აღნიშული თანხის გადახდის სახით და ამავდროულად, თუ უარს იტყოდა აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების დადებაზე, უკან აღარ დაბრუნებოდა იგი და დარჩენილიყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ჩათვლილიყო ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის საგარანტიო თანხის სახით გადახდილი ბეს უკან დაბრუნება, ამასთან იგი უთითებს ბეს მომწესრიგებელ ნორმებზე. საყურადღებოა, რომ საგარანტიო თანხა წარმოადგენს ზოგად ცნებას, ხოლო ბე და საბანკო გარანტია კერძო ცნებებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ცალკე აღებული საგარანტიო თანხის ცნებით ერთგვარად ცდილობს შექმნას ახალი სამართლებრივი რეალობა, სადაც საგარანტიო თანხა არის დამოუკიდებლად არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და არ აქვს კავშირი ბესა და საბანკო გარანტიასთან. ქართული კანონმდებლობა არ იცნობს საგარანტიო თანხას დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების სახით. იგი არის ბეს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც ემსახურება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უზრუნველყოფას. ამდენად, საგარანტიო თანხა ეს არის კონკრეტული თანხა, რომელიც გარანტიის ფარგლებში არის განსაზღვრული და რომლის გადახდის ვალდებულებასაც იღებს პირი (აუქციონში მონაწილე) ბეს საბანკო გარანტიის სახით. საგარანტიო თანხა ეს არის ბეს ან/და საბანკო გარანტიით მეშვეობით აუქციონში შესვლის წინასწარი საფასური/შესვლის ბარიერი, რომლითაც მონაწილე ადასტურებს აუქციონში მონაწილეობის სერიოზულ ინტერესს. ამგვარად, საგარანტიო თანხა დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს თუ იგი არ არის უზრუნველყოფილი ბეს ან/და საბანკო გარანტიის სახით, რომელიც ფუნქციურ მნიშვნელობას ანიჭებენ საგარანტიო თანხას. დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამასვე დასტურებს, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. მოცემული ნორმა პირდაპირ ამბობს, რომ საგარანტიო თანხა არის ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად არსებული თანხა, რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ანუ იგი დამოუკიდებლად არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი ინტიტუტი (ინსტრუმენტი). ამავე მუხლის, მე-4 ნაწილის თანხმად, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი აღარ აკონკრეტებს ბესა და საბანკო გარანტიაზე მითითებით, რადგან ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განმარტებულია, რომ საგარანტიო თანხა უნდა იყოს წარმოდგენილი საბანკო გარანტიით ან ანგარიშსწორების სახით. აღნიშნული დასტურდება მოცემული წესის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნებით, კერძოდ, საგარანტიო თანხა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა. „ს“ ქვეპუნქტით ბე არის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა. ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ნათელია, რომ ყველა მათგანი ემსახურება ელ. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობას თანხის გადახდის სახით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ „ბარიერს“ ე.წ. ცენზს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი მხრივ, პირს ენიჭება უფლება მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში, ხოლო, მეორე მხრივ, აუქციონის პირობების დარღევის შემთხვევაში იგი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და რჩება ბიუჯეტის ანგარიშში, როგორც ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ჩარიცხული თანხა იმის გამო, რომ პირმა არ შეასრულა ვალდებულება და დაარღვია იგი. ამასთან, სამივე მიზნად ისახავს აუქციონში მონაწილეთა ინტერესის დაცვას და სააუქციონო პირობების წესების შესრულების უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია ელ. აუქციონის პირობა, უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხა უკან არ ექვემდებარება დაბრუნებას. დადგენილებაში კანონმდებელი მხოლოდ ოთხჯერ უთითებს ტერმინს „საგარანტიო თანხას“ იმის გამო, რომ იგი არის ზოგადი ტერმინი და ყოველ ნორმაში კანონმდებელი საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, არ მიუთითებდა ზოგად და კერძო ტერმინებს.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ აუქციონის გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარით ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ადგენს და განსაზღვრავს, გაყიდული ქონებით რა სარგებელი უნდა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა, რომელიც უნდა მოხმარდეს ადგილობრივ ინტერესებს. პირველი ინსტანციის სასამართლო უსაფუძვლოდ შეეცადა წარმოეჩინა, აღნიშნული ზიანის არარსებობა იმ დასაბუთებით, რომ თითქოსდა მესამე აუქციონის შედეგად ქონება საბოლოოდ გაიყიდა და აღირიცხა ახალ მესაკუთრეზე, თუმცა მოსარჩელის მიერ აუქციონში მონაწილეობა და მესამე აუქციონში გამარჯვების პერიოდები არ ემთხვევა ერთმანეთს - სხვადასხვა წლებში განხორციელდა (მოსარჩელის შემთხვევაში 2022 წლის 27 იანვარს, ხოლო მესამე აუქციონის შემთხვევაში 2023 წლის 2 აგვისტოს). ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს აღნიშნული ქონების გასხვისებისთვის დასჭირდა ერთ წელზე მეტი, შესაბამისად, ამ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო ამ ქონების გაყიდვითა და აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. შესაბამისად, საგარანტიო თანხა, რომელიც მოსარჩელემ გადაიხდა აუქციონში მონაწილეობისთვის, მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმის გამო, უნდა დარჩეს სწორედ ბიუჯეტში. სხვა შემთხვევაში აზრი დაეკარგება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტის (ბე/საბანკო გარანტია) მნიშვნელობას, მეორე მხრივ კი, ორმაგი ზიანი მიადგება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის 119-ე მუხლი პირდაპირ არეგულირებს მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონის გამოცხადებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანხმად, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა საერთოდ არ უთითებს საგარანტიო თანხის ცნებაზე, რადგან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბე და საბანკო გარანტია, ხოლო უშუალოდ საგარანტიო თანხა წარმოადგენს იმ თანხას, რომლითაც უზრუნველყოფილია ბე და საბანაკო გარანტია პირის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი უთითებს, რომ აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე აუქციონში მონაწალეობის მისაღებად გაეცნო აუქციონის ჩატარების წესებს, პირობებს, უშუალოდ მუნიციპალიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას, რითაც მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი იყო, რა მიწის ნაკვეთი იყიდებოდა, როგორი კონფიგურაციით და სად მდებარეობდა იგი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი იდენტურად აწესრიგებს აუქციონის შედეგების გაუქმებას, რომლის თანახმად აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მე-7 ნაწილის საფუძველზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს. მე-8 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონის წესი ან/და პირობები. მოცემულ ნორმას აქვს რამდენიმე ფუნქცია: პირველი - პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ აუქციონში მონაწილეობა ნიშნავს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს ფასი და გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში თუ პირი არ ასრულებს ამ ვალდებულებას, კანონი აწესებს ფინანსურ სანქციას - გადახდილი თანხის ბიუჯეტში დარჩენა. მეორე - გააჩნია გამაფრთხილებელი ეფექტი, რათა მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ქონების შესაძენად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეები სერიოზულად, პასუხისმგებლობით მიუდგენენ საკითხს, გამოიჩინონ წინდახედულობა და გონიერება. მესამე - ბიუჯეტის და თვითმმართველობის ინტერესების დაცვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბეს/საბანკო გარანტიის უკან დაუბრუნებლობითა და თანხის ბიუჯეტში დარჩენით მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს იმას, რომ აუქციონის პროცესი ჩაიშალა და დაიხარჯა დრო და რესურსი. ეს ყოველივე ემსახურება ფინანსური ბალანსის შექმნას, რადგან თვითმმართველობას არ მიადგეს ზიანი. მეოთხე - დელიქტური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს, რომ აუქციონში მონაწილე პირები იძულებული არიან წინასწარ გათვალონ ფინანსური შესაძლებლობები, რისკები და ის სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 56.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით აღრიცხული იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს.ფ 22); ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.07.2021წ. №004959421 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 56.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 122 854.00 ლარს (ს.ფ 40-49); გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისათვის უპირობო ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისა და აუქციონის თაობაზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 აგვისტოს №ბ14.14212286 ბრძანების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის პორტალზე (www....) გამართულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილი იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 56.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაკასტრო კოდი:.... (ს.ფ 33-34); ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 აგვისტოს №ბ14.14212286 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონი დასრულდა 2021 წლის 31 აგვისტოს 14:00 საათზე ისე, რომ არ მომხდარა მითითებული ქონების განკარგვა. ვაჭრობის ნაწილში აუქციონი ჩაიშალა. ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 119-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქონების პრივატიზებისათვის ვადაგაგრძელებული უპირობო ელექტრონული აუქციონის გამოცხადება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 დეკემბრის №ბ14.14213634 ბრძანებით, გამოცხადდა ვადაგაგრძელებული უპირობო ელექტრონული აუქციონი ქ. ბათუმში, ... ...ის ქ. №...-ში არსებული 56,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:...) პრივატიზებისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 აგვისტოს №ბ14.14212286 ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით. მიწის ნაკვეთის საწყის ღირებულებად განსაზღვრული იყო 123 000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა – 61 500 ლარი (ს.ფ 33-34, 35-39, 20-21); 2022 წლის 24 იანვარს, ჰ.ბ-იმა გადაიხადა საგარანტიო თანხა - 61 500 ლარი. 2022 წლის 27 იანვარს აქუციონი გამოცხადდა დასრულებულად და მასში გამარჯვებულად დასახელდა ჰ.ბ-ი (ს.ფ 24); დ) 2022 წლის 8 თებერვალს, ჰ.ბ-იმა №19/1422039214-14 განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ აუქციონში მონაწილეობა და ბეს გადახდა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რის გამოც ითხოვდა გადახდილი ბეს, 61 500 ლარის უკან დაბრუნებას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 10 თებერვლის №14-1422041322 წერილით, ჰ.ბ-ის უარი ეთქვა საგარანტიო თანხის უკან დაბრუნებაზე (ს.ფ 25-26, 27, 28-29); ე) ჰ.ბ-ის დაკვეთით მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2023წ. №002449923 დასკვნის შესაბამისად, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ... ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ს/კ...-ით რეგისტრირებული 56.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის სიგრძე-სიგანის გაბარიტული ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია (შენობა-ნაგებობის) მშენებლობის განხორციელება (ს.ფ 80-90); ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 19 ივლისის №ბ14.14232004 ბრძანებით გამოცხადდა უპირობო ელექტრონული აუქციონი ქ. ბათუმში, ... ...ის ქ. №...-ში არსებული 56,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი...) პრივატიზების მიზნით. აუქციონი გაიმართა, გამოვლინდა გამარჯვებული და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 5 სექტემბრის №ბ14.142324838 ბრძანებით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა აუქციონში გამარჯვებულ პირზე - თ.მ-იზე. გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული იქნა და შესაბამისად, ქონების სრული საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 126 700 ლარის ოდენობით (ს.ფ 131-132, 133, 139-141, 146-147, 148-149, 152-154, 155).
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ჰ.ბ-ის სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებულ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებზე“, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას – საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს (1-ლი მუხლი).
მითითებული წესების მე-5 მუხლის მიხედვით, (1) ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი; (2) ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება; (3) ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
ზემოაღნიშნული წესების მე-6 მუხლის თანახმად, (1) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი; (2) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას; (5) ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www... ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდზე და ვებგვერდზე www..., ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www...; (6) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
წესების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 დეკემბრის №ბ14.14213634 ბრძანებით, გამოცხადდა ვადაგაგრძელებული უპირობო ელექტრონული აუქციონი ქ. ბათუმში, ... ...ის ქ. №...-ში არსებული 56,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი...) პრივატიზებისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 აგვისტოს №ბ14.14212286 ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით. 2022 წლის 24 იანვარს, ჰ.ბ-იმა გადაიხადა საგარანტიო თანხა - 61 500 ლარი. 2022 წლის 27 იანვარს აუქციონი გამოცხადდა დასრულებულად და მასში გამარჯვებულად დასახელდა ჰ.ბ-ი. 2022 წლის 8 თებერვალს, ჰ.ბ-იმა №19/1422039214-14 განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის ადგილზე შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი არის ფაქტიურად სწორი ზოლი, რომლის სიგანე მერყეობს 1.2 მეტრიდან 30 სმ-მდე. განმცხადებლის განმარტებით, მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ გამოუსადეგარია, ეს არის ზოლი, რომელიც მოქცეულია ორ ნაკვეთს შორის. ჰ.ბ-ის მითითებით აუქციონს არ ერთვოდა საკადასტრო ნახაზი, სიტუაციური გეგმა კი იყო ბუნდოვანი, ფოტოსურათებიდან არ ირკვეოდა, რომელი ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ ითხოვა გადახდილი 61 500 ლარის უკან დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 56.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) წარმოადგენს შენობებით დაკავებულ ორ ნაკვეთს შორის მოქცეულ გრძივ ზოლს, რომლის სიგანე მერყეობს 0.3 მეტრიდან 1.2 მეტრამდე და რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ეზოში შესასვლელი ერთიანი სივრცის ნაწილს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2023წ. №002449923 დასკვნის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის სიგრძე-სიგანის გაბარიტული ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია (შენობა-ნაგებობის) მშენებლობის განხორციელება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად გამოყენებისა და სარგებლობის შესაძლებლობას დაადასტურებდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 19 ივლისის №ბ14.14232004 ბრძანებით კვლავ გამოცხადდა უპირობო ელექტრონული აუქციონი ქ. ბათუმში, ... ...ის ქ. №...-ში არსებული 56,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი...) პრივატიზების მიზნით, რომელშიც გაიმარჯვა თ.მ-ა. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადაო არ არის, რომ თ.მ-ი წარმოადგენს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი:...) მესაკუთრეს. მითითებული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გამოყენება, მისით სარგებლობა შესაძლებელი იყო არა დამოუკიდებლად, არამედ მომიჯნავე უძრავ ქონებასთან ერთობლიობაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის იმგვარ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მითითებული უნდა ყოფილიყო აუქციონის პირობებში ვებგვერდზე www.., ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ გავლენას ახდენდა ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე. მიწის ნაკვეთის ასეთი მდგომარეობის შესახებ შეძენის მსურველთა ინფორმირება უნდა მომხდარიყო არა მხოლოდ საკადასტრო რუკის ბმულისა და საკადასტრო მონაცემების პირობებში ასახვით, არამედ კონკრეტული აღწერილობის გამოქვეყნებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო აუქციონის შესაბამისი წესით წარმართვა, სააუქციონო პირობებში ნივთის შესახებ სრული, დეტალური და საჭირო ინფორმაციის მითითება, რითაც დაარღვია ჰ.ბ-ის უფლებები და კანონიერი ინტერესი. აღნიშნული არსებითი მახასიათებლების ვებგვერდზე მიუთითებლობის პირობებში კი, მოსარჩელე მოკლებული იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, აუქციონში გამარჯვების შემდეგ ჰ.ბ-იმა უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე, მაგრამ აღნიშნული განპირობებული იყო არა სუბიექტური გარემოებებით, არამედ, აუქციონის ჩატარების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა ის მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოება, რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა, კერძოდ, მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარი იყო მშენებლობისათვის, მისი გაბარიტული ზომები კი, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული ნაკვეთის დამოუკიდებელი სახით გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, აუქციონის პირობებში მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ მითითების არარსებობა წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხის დაბრუნებისა და აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა