დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1034(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1034(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილება პაციენტ ვ. მ-ის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 იანვრის №10/78 გადაწყვეტილება პაციენტ ვ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; გ) დაევალოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ღირებულების 2 511,67 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილება, ვ. მ-ის აუნაზღაურებელ ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვ. მ-ის ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 იანვრის №10/78 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის აუნაზღაურებელ ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პაციენტი - ვ. მ-ი არის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი 10.11.2019-18.11.2019 პერიოდში მკურნალობდა შპს „ა...ში“, დიაგნოზით (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), ICD-10 კოდი: K85.1. ბილიარული მწვავე პანკრეატიტი; ICD-10 კოდი: K80.4 ნაღვლის სადინარის ქვები ქოლეცისტიტთან ერთად. ძირითადი დაავადების გართულებები: თანმხლები დაავადებები: ICD-10 კოდი:R17 დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე. გადატანილი დაავადებები: ბ/ა ინფექციები გართულებების გარეშე. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ტესტი (შიდსი, ჰეპატიტი, RPR), ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (Na+,K+, Ca+, Cl), სისხლის საერთო ანალიზი, საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (BILT3), პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (BILD2), პანკრეასული ამილაზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (AMYL -p), კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (CREA2), ასპარტატამინოტრანსფერაზის კონცენტრაციის განსაზღვრა (ASTL (GOT)), ალანინამინოტრანსფერაზას კონცენტრაციის განსაზღვრა ALTL (GPT). შედეგი: ჰეპატობილიარული ექოსკოპია 11.11.2019წ. მუცლის ღრუში აღინიშნება მკვეთრი მეტეორიზმის ულტრაბგერითი სურათი. პერიტონეუმის ღრუში ამჟამად თავისუფალი სითხე არ ისახება მუხლის ღრუს კტ კვლევა 11.11.2019წ. დასკვნა: არსებული კტ მონაცემებით ვლინდება ზომიერი ბილიარული დილატაცია; იოლად გამოხატული პანკრეატიტის კტ ნიშნები. ქოლედოქოლითიაზის გამოსარიცხად გაიცა რეკომენდაცია დინამიკაში მრტ კვლევის ჩატარება. ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი მიყვანილ იქნა კლინიკაში ს.ს.დ. 112-ის ბრიგადის მიერ, ჩივილებით: ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ირადიაციით წელში, კანისა და სკლერების სიყვითლე, შარდის გამუქება აქოლიური განავლის არსებობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, პირღებინება, პირის სიმშრალე, ზოგადი საერთო სისუსტე. დაახლოებით 7 დღის წინ შეინიშნა კანისა და სკლერების სიყვითლე შარდის გამუქება და განავლის გაღიავება, ამავე დღეს აღინიშნა მუცლის ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ირადიაციით წელის არეში. ტკივილის ინტენსივობამ დინამიკაში იმატა, გახდა გაუსაძლისი, თან დაერთო სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, პირღებინება, პირის სიმშრალე, ზოგადი საერთო სისუსტე, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: პაციენტი იმყოფებოდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა: ანტიბიოტიკო, ინფუზიო, გასტროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, ანალგეზიური, სპაზმოლიზური, სიმპტომური მკურნალობა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, რჩებოდა კანისა და ხილული ლორწოვანის სიყვითლე, დინამიკაში მომატებული იყო საერთო და პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში. აღნიშნულის გამო პაციენტს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ქოლანგიო-პანკრეატოგრაფიით, სადაც ინახა ნაღვლის საერთო სადინრის ქვები. პაციენტს 15.11.2019 წლის 17:40-19:00 საათზე, ზოგადი ანესთეზიით (WAA408) გაუკეთდა ოპერაცია. ენდოსკოპიური ამოღება (JKSE12). ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი ინფუზიო, ანალგეზიური, სიმპტომური, ანტიკოაგულაციური, გასტროპროტექტორული მკურნალობა. დინამიკაში კანისა და ხილული ლორწოვანის სიყვითლე ალაგდა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 18.11.2019 წლის 14:00 საათზე პაციენტი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიულ მკურნალობაზე, შესაბამისი რჩევა დარიგებებით.

პაციენტი, ვ. მ-ი (ს/შ ...) 10.11.2019წ. - 18.11.2019წ. პერიოდში მკურნალობდა შპს „ა...ში“. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: SUR1839968, K85.1 - ბილიარული მწვავე პანკრეატიტი, ჩარევა: - ZYZAOD- სტაციონარული დაკვირვება; SUR2556513, K80.4 ნაღვლის სადინარის ქვები მწვავე ქოლეცისტიტთან ერთად, ჩარევა IKSE12 - ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება.

კასატორის მითითებით, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ SUR1839968 კოდი არ ექვემდებარება ანაზღაურებას და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, არასწორად მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%). აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილ იქნა 2511,67 ლარი, ანაზღაურებას დაექვემდებარა 478.50 ლარი, ხოლო დაკორექტირდა 2033.16 ლარი. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ დაექვემდებარება ანაზღაურებას“.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) პაციენტი, ვ. მ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი 10.11.2019წ. – 18.11.2019წ. მკურნალობდა შპს „ა...ში“, დიაგნოზით (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), ICD -10 კოდი: K85.1 ბილიარული მწვავე პანკრეატიტი; ICD-10 კოდი: K80.4 ნაღვლის სადინარის ქვები ქოლეცისტიტთან ერთად. ძირითადი დაავადების გართულებები: თანმხლები დაავადებები: ICD-10 კოდი: R17 დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე. გადატანილი დაავადებები: ბ/ა ინფექციები გართულებების გარეშე. ანამნეზში მითითებულია, რომ დაახლოებით 7 დღის წინ შენიშნა კანისა და სკლერების სიყვითლე, შარდის გამუქება და განავლის გაღიავება, ამავე დღეს აღინიშნა მუცლის ტკივილი ეპიგასტიუმის მიდამოში, ირადიაციით წელის არეში. ტკივილის ინტენსივობამ დინამიკაში იმატა, გახდა გაუსაძლისი, თან დაერთო სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, პირღებინება, პირის სიმშრალე, ზოგადი საერთო სისუსტე, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ტესტი (შიდსი, ჰეპატიტი, RPR), ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (Na+,K+,Ca+,Cl-), სისხლის საერთო ანალიზი, საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (BILT3), პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (BILD2), პანკრეასული ამილაზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (AMYL -p), კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (CREA2), ასპარტატამინოტრანსფერაზის კონცენტრაციის განსაზღვრა, ASTL (GOT), ალანინამინოტრანსფერაზას კონცრენტაციის განსაზღვრა ALTL (GPT). შედეგები: ჰეპატობილიარული ექოსკოპია 11/11/2019. მუცლის ღრუში აღინიშნება მკვეთრი მეტეორიზმის ულტრაბგერითი სურათი. პერიტონეუმის ღრუში ამჟამად თავისუფალი სითხე არ ისახება. მუცლის ღრუს კტ კვლევა 11/11/2019. დასკვნა: არსებული კტ. მონაცემებით ვლინდება ზომიერი ბილიარული დილატაცია; იოლად გამოხატული პანკრეატიტის კტ ნიშნები. ქოლედოქოლითიაზის გამოსარიცხად გაიცა რეკომენდაცია დინამიკაში მრტ კვლევის ჩატარება. ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი მიყვანილი იქნა კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ, ჩივილებით: ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ირადიაციით წელში, კანისა და სკლერების სიყვითლე, შარდის გამუქება. აქოლიური განავლის არსებობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, პირღებინება, პირის სიმშრალე ზოგადი საერთო სისუსტე. პაციენტის გადმოცემით, დაახლოებით 7 დღის წინ შენიშნა კანისა და სკლერების სიყვითლე, შარდის გამუქება და განავლის გაღიავება, ამავე დღეს აღნიშნა მუცლის ტკივილი ეპიგასტიუმის მიდამოში, ირადიაციით წელის არეში. ტკივილის ინტენსივობამ დინამიკაში იმატა, გახდა გაუსაძლისი, თან დაერთო სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, პირღებინება, პირის სიმშრალე, ზოგადი საერთო სისუსტე, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: პაციენტი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა: ანტიბიოტიკო, ინფუზიო, გასტროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, ანალგეზიური, სპაზმოლიზური, სიმპტომური მკურნალობა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა რჩებოდა კანისა და ხილული ლორწოვანის სიყვითლე, დინამიკაში მომატებული იყო საერთო და პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში. აღნიშნულის გამო პაციენტს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ქოლანგიო-პანკრეატოგრაფიით, სადაც ინახა ნაღვლის საერთო სადინრის ქვები. პაციენტს 15.11.2019 წ. 17:40-19:00 საათზე, ზოგადი ანესთეზიით (WAA408) გაუკეთდა ოპერაცია. ენდოსკოპიური პაპილოსპინქტეროტომია, ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება. (JKSE12). ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა: ინფუზიო, ანალგეზიური, სიმპტომური, ანტიკოაგულაციური, გასტროპროტექტორული მკურნალობა. დინამიკაში კანისა და ხილული ლორწოვანის სიყვითლე ალაგდა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 18.11.2019 წ. 14:00 საათზე პაციენტი გაეწერა ბინაზე, ამბულატორულ მკურნალობაზე, შესაბამისი რჩევა-დარიგებებით (ს.ფ. 12, 39-41, 15-16); ბ) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი ვ. მ-ი (ს/შ №...) არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირი. 10.11.2019 წლიდან 18.11.2019 წლამდე მკურნალობდა შპს „ა...ში“. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, შემთხვევა წარდგენილი იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: SUR1839968, K85.1- ბილიარული მწვავე პანკრეატიტი, ჩარევა: ZYZAOO -სტაციონარული დაკვირვება; SUR2556513, K80,4 ნაღვლის სადინარის ქვები მწვავე ქოლეცისტიტთან ერთად, ჩარევა IKSE12 - ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ SUR1839968 კოდი არ ექვემდებარება ანაზღაურებას და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება - არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%). აღნიშულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იქნა 2511,67 ლარი, ანაზღაურებას დაექვემდებარა 478.50 ლარი, ხოლო დაკორექტირდა 2033.16 ლარი. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ (ს.ფ. 15-16); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილება, შპს „ა...ს“ მიერ 2020 წლის 24 ივნისს (სამინისტროში რეგისტრირებული 25.06.2020წ.) ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ს.ფ. 18-19, 20-21); დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 იანვრის №10/78 გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ 2020 წლის 24 ივნისის №212/02 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების, დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში (ს.ფ. 18-19, 20-21).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

დასახელებული პროგრამის 2.2 მუხლი ჩამოთვლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი ვ. მ-ი არის დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.

დადგენილია, რომ პაციენტი, ვ. მ-ი 10.11.2019წ. – 18.11.2019წ. პერიოდში მკურნალობდა შპს „ა...ში“, დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), ICD -10 კოდი: K85.1 ბილიარული მწვავე პანკრეატიტი; ICD-10 კოდი: K80.4 ნაღვლის სადინარის ქვები ქოლეცისტიტთან ერთად. ძირითადი დაავადების გართულებები: თანმხლები დაავადებები: ICD-10 კოდი: R17 დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე. გადატანილი დაავადებები: ბ/ა ინფექციები გართულებების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოში მიმწოდებლის მიერ, შემთხვევა წარდგენილი იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: SUR1839968, K85.1- ბილიარული მწვავე პანკრეატიტი, ჩარევა: ZYZAOO -სტაციონარული დაკვირვება; SUR2556513, K80,4 ნაღვლის სადინარის ქვები მწვავე ქოლეცისტიტთან ერთად, ჩარევა IKSE12 - ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილებით ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ SUR1839968 კოდი არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რომლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ 2019 წლის 10 ნოემბერს, პაციენტი მიყვანილი იქნა კლინიკაში ს.ს.დ. 112-ის ბრიგადის მიერ. პაციენტთან მიმართებით ჩატარებული იქნა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მათ შორის, ჰეპატობილიარული ექოსკოპია (11.11.2019), რა დროსაც დადგინდა, რომ მუცლის ღრუში აღინიშნებოდა მკვეთრი მეტეორიზმის ულტრაბგერითი სურათი. პერიტონეუმის ღრუში იმჟამად თავისუფალი სითხე არ ისახებოდა. ასევე ჩატარდა მუცლის ღრუს კტ კვლევა (11.11.2019), რომლის დასკვნა ასეთია: არსებული კტ. მონაცემებით ვლინდება ზომიერი ბილიარული დილატაცია; იოლად გამოხატული პანკრეატიტის კტ ნიშნები. ქოლედოქოლითიაზის გამოსარიცხად გაიცა რეკომენდაცია დინამიკაში მრტ კვლევის ჩატარება. ასევე დგინდება, რომ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, რჩებოდა კანისა და ხილული ლორწოვანის სიყვითლე, დინამიკაში მომატებული იყო საერთო და პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში. აღნიშნულის გამო პაციენტს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ქოლანგიო-პანკრეატოგრაფიით, სადაც ინახა ნაღვლის საერთო სადინრის ქვები. პაციენტს 15.11.2019 წ. 17:40-19:00 საათზე, ზოგადი ანესთეზიით (WAA408) გაუკეთდა ოპერაცია. ენდოსკოპიური პაპილოსპინქტეროტომია, ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება. (JKSE12).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ა...ს“ მიერ თავდაპირველად დაფიქსირდა პროგრამული კოდი - SUR1839968, K85.1- ბილიარული მწვავე პანკრეატიტი, ჩარევა - ZYZAOO სტაციონარული დაკვირვება. ვინაიდან ჩატარებული კვლევების შედეგად არ დაფიქსირდა ნაღვლის სადინარში ე.წ. „კენჭი“ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პაციენტს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ქოლანგიო-პანკრეატოგრაფიით და ინახა ნაღვლის საერთო სადინრის ქვები, გადაწყდა გაკეთებულიყო ოპერაცია, რა დროსაც განხორციელდა ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება. სწორედ ამის შემდეგ კლინიკის მიერ მინიჭებულ იქნა მეორე პროგრამული კოდი SUR2556513, K80,4, ნაღვლის სადინარის ქვები მწვავე ქოლეცისტიტთან ერთად, ჩარევა IKSE12 - ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაწეული მომსახურების დასმულ დიაგნოზთან შესაბამისობისა და დიაგნოზის სისწორის დადგენა ინსპექტირების ეტაპზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესამოწმებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რამეთუ ინსპექტირების ეტაპზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-14 მუხლის ფარგლებში ამოწმებს დოკუმენტაციის გამართულობას და მათ ურთიერთშესაბამისობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ არასათანადოდ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული მასალები, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინსპექტირება მოიცავდა არა ჩატარებული მკურნალობის ხარისხის შესწავლას, არამედ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარებას ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმებას; წარდგენილი დოკუმენტაციის შედარებას მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (მუხლი 14).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე მხარის კომპეტენციას არ წარმოადგენდა ის გარემოება, კლინიკის მხრიდან რატომ წარიმართა პაციენტის მკურნალობა ბილიარული მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზით და კლინიკაში შეყვანისთანავე, რატომ არ გაკეთდა ნაღვლის სადინარიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება, ვინაიდან აღნიშნული პაციენტის მკურნალობის ხარისხის შეფასებაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილება, პაციენტ ვ. მ-ის ანაზღაურებაზე უარის ნაწილში და მოპასუხეს მართებულად დაევალა საკითხის ხელახალი განხილვა, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეაფასოს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის №04/11106 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, სახეზეა მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 იანვრის №10/78 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზანშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2025წ. №25312 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა