დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1217(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1217(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.შ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 12 ივნისს თ.შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. ...ში; თ.შ-ა მიუთითებს, რომ მან ამავე ქალაქში დაამთავრა საშუალო სკოლა და კონფლიქტამდე მისი მუდმივ საცხოვრებელს სწორედ ... წარმოადგენდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების გამო მისი ოჯახი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი და მოუწიათ უკრაინაში გადასვლა. თ.შ-ა აღნიშნავს, რომ 2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო შესაბამისი პროცედურების განხორციელება დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად.

ამდენად, მოსარჩელემ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის №1453 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ.შ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის №1453 ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... წლის ... ...ს გაცემული დაბადების მოწმობის ასლის თანახმად, ... წლის ... ...ს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქ. ...ში დაიბადა თ.შ-ა. 2017 წლის 11 იანვრის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის №0000036 ცნობის თანახმად, თ.შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან - ..., ...ის №22. თ.შ-ა 1993 წლის სექტემბრამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ...ის რაიონში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სასამართლომ დადგებილად შეაფასა, რომ მოსარჩელის დედა, ც.ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან და მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი;

დადგენილია, რომ 2017 წლის 12 იანვარს, თ.შ-ამ №1707/01 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. 2017 წლის 13 თებერვალს თ.შ-ასთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თ.შ-ა დაიბადა ... წელს ...ში. 1992 წელს დაამთავრა ქ. ...ის № ... საშუალო სკოლა. 1992 წელს დაოჯახდა ...ში. დევნილობამდე ცხოვრობდა მშობლებთან, ძმასთან და მეუღლესთან ერთად მისამართზე: ..., ...ის №22. მეუღლე გარდაიცვალა 2003 წელს, თუმცა არც დევნილის სტატუსი ჰქონია. მოსარჩელის განცხადებით 1992 წლის მაისში მოიტაცა მომავალმა მეუღლემ და გადავიდა საცხოვრებლად ქ. ზუგდიდში. თუმცა, ზუგდიდში ვერ გაჩერდა და დაბრუნდა ორ კვირაში ...ში მშობლებთან. მეუღლე იმყოფებოდა ხან ზუგდიდში, ხან ...ში. მეუღლეს ჰქონდა ... ქ. ზუგდიდში. თავად არ უმუშავია აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით ... დატოვა 1993 წლის გაზაფხულზე მეუღლესთან და მშობლებთან ერთად. აფხაზეთის დატოვების შემდეგ საცხოვრებლად წავიდა ქ. მოსკოვში, შვილებმა კი განათლება მიიღეს უკრაინაში. თავადაც ამ დრომდე ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც აქვს მცირე ბიზნესი. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში ნათესავთან. დასკვნის თანახმად, თ.შ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2017 წლის 22 ივნისს თ.შ-ას მიმართ მიღებულ იქნა №1453 ბრძანება იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ თ.შ-ა ქალაქ გალთან დაკავშირებული იყო ყოველდღიური ყოფითი ურთიერთობით და მას აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე მუდმივად არ მიუტოვებია. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის დედას, ც.ჯ-ას, მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, რომელიც შემდგომ რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუწყდა; ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამართლებრივი დასკვნა, რომ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, იკვლევს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის მინიჭებით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის №1453 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის თ.შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ.შ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქ. ...ში. 2017 წლის 11 იანვრის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის №0000036 ცნობის თანახმად, თ.შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან - ..., ...ის №22. თ.შ-ა 1993 წლის სექტემბრამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ...ის რაიონში.

საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 3 სექტემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, მოსარჩელის დედა, ც.ჯ-ა, იძულებით გადაადგილებულ პირია;

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ თ.შ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მოსარჩელე 1992 წლის მაისში დაოჯახდა ქ. ზუგდიდში და მითითებული ფაქტი კი გამორიცხავდა მის ქ. ...ში კონფლიქტამდე ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა, საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მოსარჩელე ქალაქ ...სთან დაკავშირებული იყო ყოველდღიური ყოფითი ურთიერთობით და მას აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე მუდმივად არ მიუტოვებია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა. ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ეხება უშუალოდ იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კი საქართველოს მოქალაქესა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში, პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვნებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე, გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვნობამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარჩელის დედის - ც.ჯ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თ.შ-ა აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და არსებობდა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა