დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1225(2კ-23) 18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ.ხ-ა, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელის თანახმად, დ.ხ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სამედიცინო ეტლით. მოსარჩელე 2016 წლის 15 ივნისს, 3 მეგობართან ერთად თბილისიდან მიემგზავრებოდა მეგობრის ავტომანქანით. მანქანის გაუმართაობის გამო მოუწიათ გაჩერება, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიუახლოვდათ. დ.ხ-ას მეგობრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია. ინციდენტის საწყის ეტაპზე მოსარჩელე იმყოფებოდა ავტომანქანაში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დ.ხ-ამ თანმხლებ პირებს სთხოვა ეტლის საბარგულიდან გადატანა, რადგან მანქანაში ხანგრძლივი დაყოვნების გამო, ესაჭიროებოდა ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მეგობარმა - ი.გ-ამ სცადა ეტლის საბარგულიდან აღება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეიტყვეს დ.ხ-ას საჭიროებების შესახებ, ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულეს ი.გ-ა, შეეწყვიტა ეტლის საბარგულიდან გადატანა. მოსარჩელეს, შარდის შეკავების გამო, დაეწყო ძლიერი სპაზმი. აუტანელი ფიზიკური ტკივილებით იძულებული გახდა, ბიოლოგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა ავტომანქანაში, ჩაცმულ მდგომარეობაში. მთლიანობაში მოსარჩელეს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში არ მიეცა ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა და ეს პერიოდი მოუწია ავტომანქანაში ყოფნა, საკუთარ შარდში ჯდომა. ამის გამო აეწვა ჭრილობა (ე.წ ნაწოლი), რომელსაც წლების განმავლობაში მკურნალობდა. ინციდენტის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დ.ხ-ამ დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ ინსპექციის თანამშრომლები, მათსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შედგა საუბარი, რის შემდეგაც დ.ხ-ას შესთავაზეს ეტლით სარგებლობა. ამ დროისათვის მოსარჩელეს ბიოლოგიური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული ჰქონდა და ეტლში გადაჯდომაზე უარი განაცხადა, ვინაიდან სველ მდგომარეობაში მანქანიდან გადასვლა ეუხერხულებოდა. მოსარჩელემ ეტლში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მეგობარმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მალე მიაკითხავდა. ავტომანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. მეგობარმა მოსარჩელეს გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი ჩაუტანა, მის მოსვლამდე კი, დ.ხ-ა სველ მდგომარეობაში იცდიდა ქუჩაში.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს №... განყოფილების პატრულ-ინსპექტორების გ.ა-ისა და დ.ჩ-ის ქმედებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების, მხრიდან დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს დ.ხ-ასთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 7000 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დ.ხ-ას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
5. დ.ხ-ას მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შედეგად სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ა) დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს №... განყოფილების პატრულ-ინსპექტორების გ.ა-ის და დ.ჩ-ის ქმედებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი; ბ) მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოთ დ.ხ-ასთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ლარის გადახდა სოლიდარულად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ.ხ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე პირი, უვადოდ; ბ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 4 ივნისის №13/19-32990 წერილით დადგენილია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №082200716802 საქმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ დ.ხ-ას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ გ.ა-ის, რომლის თანახმად, 2016 წლის 14-15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილე დ.ჩ-ესთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... დაახლოებით გამთენიისას 05:30 საათზე, მოძრაობდა თ.ს.ლ. გზის 119-ე კმ-ზე და დასავლეთის მიმართულებით გაიარა ავტომობილმა ...მა, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გადაამოწმა ბორტ-კომპიუტერის საშუალებით, ვინაიდან მისი მძღოლი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მართვის უფლების აკრძალვაზე. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ზემოაღნიშნული ავტომობილი, მისი მძღოლი ი.გ-ა იმყოფებოდა 36-თვიან აკრძალვაზე. მას თან ახლდა სამი მგზავრი და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთი პირი იყო ეტლით მოსარგებლე. ავტომობილის მძღოლმა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, სავარაუდოდ, იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. აღნიშნულ მოქალაქეს განუმარტეს, რომ შეუდგენდნენ შესაბამის საჯარიმო ქვითარს და ავტომობილი გადავიდოდა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე, ვინაიდან სხვა პირზე იყო რეგისტრირებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამრღვევ მძღოლს შეუდგინეს სათანადო საჯარიმო ქვითარი და გამოიძახეს სპეციალური საჯარიმო სადგომის მძღოლი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანდა მოქალაქე ი.გ-ა, არ აძლევდა მათ მუშაობის საშუალებას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. გ.ა-ის განმარტებით, დ.ხ-ას იმიტომ არ მისცეს საბარგულიდან ეტლის ამოღების უფლება, რომ იგი ვიზუალურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი გადმოსვლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა. კონკრეტულად დ.ხ-ასგან არ გაუგია, რომ უნდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამის შესახებ განუცხადა ამავე ავტომობილის მგზავრმა, რაზეც განუმარტეს, რომ დაახლოებით 200 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური „...“, რომელსაც ჰქონდა კომფორტული საპირფარეშო და როდესაც დასრულდებოდა საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცედურა, შემდგომ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათთვის არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ასევე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის არანაირი უფლება არ შეუზღუდავთ. დ.ხ-ა ცდილობდა, არ გადმოსულიყო ავტომობილიდან, რადგან ავტომობილი არ გადაეყვანათ სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ დ.ჩ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14-15 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე გ.ა-ისთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... დაახლოებით გამთენიისას 05:30 საათზე, თ.ს.ლ. ს/გზის 119-ე კმ-ზე, დასავლეთის მიმართულებით გაიარა ავტომანქანა ...-...ამ, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც მათ გადაამოწმეს ბორტ-კომპიუტერის საშუალებით და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის მძღოლი უნდა ყოფილიყო მართვის უფლების აკრძალვაზე. აღნიშნული ავტომობილი გააჩერეს, მძღოლი ი.გ-ა იმყოფებოდა 36-თვიან აკრძალვაზე. მას ახლდა სამი მგზავრი და როგორც გვიან გაირკვა, ერთ-ერთი იყო ეტლით მოსარგებლე. ავტომობილის მძღოლმა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. აღნიშნულ პირს განუმარტეს, რომ მის მიმართ შედგებოდა შესაბამისი საჯარიმო ქვითარი და ავტომანქანა გადავიდოდა სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე, ვინაიდან რეგისტრებული იყო სხვა მოქალაქეზე. ავტომობილის მძღოლს მათ შეუდგინეს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი და გამოიძახეს სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომის მძღოლი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანდა მოქალაქე ი.გ-ა, არ აძლევდა მათ მუშაობის საშუალებას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. დ.ჩ-ის განმარტებით, დ.ხ-ას საბარგულიდან ეტლის ამოღების უფლება იმიტომ არ მისცეს, რომ იგი ვიზუალურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი გადმოსვლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა. კონკრეტულად დ.ხ-ასგან არ გაუგია, რომ უნდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამის შესახებ უთხრა ამავე ავტომობილის მგზავრმა, რომელსაც განუმარტეს, რომ დაახლოებით 200 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური „ ...“, რომელსაც ჰქონდა კომფორტული საპირფარეშო და როდესაც დასრულდებოდა საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცედურა, შემდგომ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათთვის არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ასევე ეტლით მოსარგებლე პირისთვის არანაირი უფლებები არ შეუზღუდავთ. დ.ხ-ა ცდილობდა, არ გადმოსულიყო ავტომობილიდან, რადგან ავტომობილი არ გადაეყვანათ სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ მ.კ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან, 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე გ.ნ-ესთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... გამთენიისას, დაახლოებით 07:00 საათზე მივიდა თ.ს.ლ. გზის 121-ე კილომეტრზე, ვინაიდან საპარტრულო პოლიციის ეკიპაჟი №...-ის პატრულ-ინსპექტორებს დ.ჩ-ეს და გ.ა-ის გაჩერებული ჰყავდათ ავტომობილი, რომლის მძღოლი სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეკიპაჟის გადმოცემით, მძღოლი უარს აცხადებდა ალკოტესტით შემოწმებაზე. ადგილზე მისვლისას, დამატებით დახვდათ საპატრულო ეკიპაჟი №..., რომელიც გამოიძახა ზემოაღნიშნული ავტომობილის მგზავრმა დ.ხ-ამ. აღნიშნული ეკიპაჟის წევრმა, ა.გ-ემ შეადგინა რეაგირების ოქმი, ხოლო დამრღვევი ავტომობილის მძღოლის ი.გ-ას მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, ასკ-ის 116-ე მუხლის 42 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან იყო მართვის მოწმობის გარეშე და დადგენილი წესით არ გაიარა შემოწმება. მოქალაქე ი.გ-ა დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით, ვინაიდან, როგორც პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-მა განმარტეს, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო სასამართლომ იგი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 300 ლარით. ასევე, მათი იქ ყოფნის პერიოდში, მოქალაქე ი.გ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მგზავრს - დ.ხ-ას. მ.კ-ის განმარტებით, მისი იქ ყოფნის პერიოდში მოქალაქე დ.ხ-ა არ გადმოდიოდა ავტომობილიდან, იგი ელოდებოდა, რომ მოაკითხავდა ნათესავი სხვა ავტომობილით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე უნდა გადაყვანილიყო. დ.ხ-ას მათთვის არ უთხოვია ეტლის გადმოღება, რადგან ეტლი გადმოღებული იყო და იდგა ავტომანქანის მარჯვენა კარებთან, სადაც იჯდა დ.ხ-ა. მ.კ-ემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც მოქალაქე დ.ხ-ასგან საპატრულო ეკიპაჟმა №... მიიღო გამოძახება და ადგილზე გამოცხადებისას იგი გაერკვა საქმის გარემოებებში, გაესაუბრა ზემოაღნიშნულ მოქალაქეს, რომელმაც საუბრისას დააფიქსირა, რომ პატრულ-ინსპექტორებმა მას არ მისცეს უფლება გადმოეღო ეტლი, გადმოსულიყო ავტომობილიდან, რის გამოც მას მოუწია ავტომობილში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო როდესაც იგი გაესაუბრა №... საპატრულო ეკიპაჟის წევრს ლ.გ-ეს, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი, მან განუმარტა, რომ გამოძახების ინიციატორმა დ.ხ-ამ არ ისურვა მასთან საუბარი, არ განუმარტა გამოძახების მიზეზი და აღნიშნულის გამო მან შეადგინა რეაგირების ოქმი, რომელსაც მ.კ-ე არ გაცნობია; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ გ.ნ-ის, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან, 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე მ.კ-ესთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით ... გამთენიისას, მივიდა თ.ს.ლ. გზის 121-ე კილომეტრზე, ვინაიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი №...-ის პატრულ-ინსპექტორებს დ.ჩ-ეს და გ.ა-ის გაჩერებული ჰყავდათ ავტომობილი, რომლის მძღოლი სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეკიპაჟის გადმოცემით მძღოლი უარს აცხადებდა ალკოტესტით შემოწმებაზე. მათი ადგილზე მისვლისას, დამატებით დახვდათ საპატრულო ეკიპაჟი №..., რომელიც გამოიძახა ზემოაღნიშნული ავტომობილის მგზავრმა დ.ხ-ამ. აღნიშნული ეკიპაჟის წევრმა ა.გ-ემ შეადგინა რეაგირების ოქმი, ხოლო დამრღვევი ავტომანქანის მძღოლის, ი.გ-ას მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი ასკ-ის 116-ე მუხლის 42 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან იყო მართვის უფლების არმქონე პირი და არ გაიარა ალკოტესტის შემოწმება. მოქალაქე ი.გ-ა დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით, ვინაიდან, როგორც პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-იმა განმარტეს, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო სასამართლომ იგი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 300 ლარით. მათი იქ ყოფნის პერიოდში, ი.გ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მგზავრს - დ.ხ-ას და იგი არ გადმოდიოდა ავტომობილიდან, რადგან ელოდებოდა მის ნათესავს სხვა ავტომობილით, ვინაიდან აღნიშნული ავტომანქანა უნდა გადასულიყო საჯარიმო ავტოსადგომზე. გ.ნ-იმ დამატებით განმარტა, რომ მოქალაქე დ.ხ-ას მათთვის არ უთხოვია საბარგულიდან ეტლის გადმოღება, ვინაიდან როდესაც მივიდნენ, ეტლი იყო გადმოღებული და იდგა ავტომობილის წინა მარჯვენა კარის მხარეს, სადაც იჯდა დ.ხ-ა; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ ლ.გ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან, 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილესთან ერთად. დაახლოებით 06:45 საათზე, რადიოსადგურის შეტყობინების თანახმად, მოქალაქე დ.ხ-ას პრეტენზია გააჩნდა საპატრულო ეკიპაჟის მიმართ. ადგილზე მისვლისას გაესაუბრნენ მოქალაქე დ.ხ-ას, რომელიც იყო ეტლით მოსარგებლე პირი, რომელმაც განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-იმა ავტომობილიდან გადმოსვლის უფლება არ მისცეს, ვინაიდან უნდოდა ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. დ.ხ-ას ვიზუალურად ეტყობოდა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, შედგენილ დოკუმენტებზე სთხოვა ხელის მოწერა, რაც მას არ წაუკითხავს და ხელიც არ მოაწერა; თ) 2021 წლის 16 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაკითხულმა დ.ჩ-ემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციაში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ დ.ხ-ას მიმართ არანაირი დისკრიმინაციის ფაქტს არ ჰქონია ადგილი. ამჟამად დ.ხ-ა იმყოფება საზღვარგარეთ და ცდილობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაადანაშაულოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში, რათა მან იქ მოიპოვოს კანონიერი ცხოვრების უფლება. 2016 წლის ივნისის თვეში, გამთენიისას გააჩერეს ავტომობილი, ვინაიდან იყო ვარაუდი იმისა, რომ მისი მძღოლი იყო ნასვამი ან მართვის უფლების არმქონე. მათ გადაამოწმეს მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა ი.გ-ა და იგი ვიზუალურად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა ალკოტესტზე არ შემოწმდა. მათ მიერ გადამოწმდა აღნიშნული პიროვნება ბორტკომპიუტერის საშუალებით და აღმოჩნდა, რომ იგი არაერთხელ იყო დაჯარიმებული ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო და წარმოადგენდა მართვის უფლების არმქონე პირს. აღნიშნულის გამო ავტომობლი უნდა გადაეყვანათ საჯარიმო სადგომზე, რის გამოც ი.გ-ა გახდა აგრესიული. ავტომობილში მყოფი პირები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ არ გადაეყვანათ ავტომობილი საჯარიმო სადგომზე, რაც ნათლად ჩანს ვიდეო-ჩანაწერში. დ.ხ-ა რჩევებს აძლევდა ავტომობილში მყოფ პირებს, ერთ-ერთ ვიდეო-ჩანაწერშიც ჩანს, რომ დ.ხ-ა მოუწოდებდა ერთ-ერთ პირს, რომ დაერტყა, დაელურჯებინა, რათა შემდგომ ეს დაბრალებოდა საპატრულო პოლიციას. კადრებშიც ჩანს, როგორ ურტყამს მას ერთ-ერთი პირი, თუმცა ვერ მოასწრო ღრმად დაზიანების მიყენება. მათ ყველა ხერხს მიმართეს იმისათვის, რომ ავტომობილი საჯარიმო სადგომზე არ გადაეყვანათ. მძღოლი ი.გ-ა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში, წინ უდგებოდა მანქანებს, მათი არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, რის გამოც დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით, ხოლო ავტომობილი გადაიყვანეს გორის საჯარიმო ავტოსადგომზე. მათი მხრიდან, დ.ხ-ას მიმართ არანაირი დისკრიმინაციის ფაქტს არ ჰქონია ადგილი, პირიქით მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. დ.ხ-ა იქცეოდა პროვოკაციულად, ავტომობილი იდგა საავტომობილო გზაზე, სადაც ავტომობილების დიდი ნაკადი მიემართებოდა და ეტლში ჩაჯდომის შემთხვევაში, შესაძლებელია იგი ტრაილერს გადადგომოდა წინ. მას ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა არ გადამოწმებულა ალკოტესტით, რადგან იგი არ იყო მძღოლი და არ იყო ამის საჭიროება. დ.ხ-ა თავის მეგობრებს მართავდა, რომ ავტომობილი არ გადაეყვანათ საჯარიმოზე, რითაც ნაწილობრივ გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა დ.ხ-ას არ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. მას არ გაუგია დ.ხ-ას თხოვნა, რომ ავტომობილიდან გადმოსვლა სურდა. ასეთი თხოვნა არ ახსოვს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მიეცათ გადმოსვლის უფლება. ამ სიტუაციაში დ.ხ-ას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო; ი) 2021 წლის 16 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გ.ა-იმა განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში, ხოლო 2016 წელს მუშაობდა შსს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მეორე სახაზო საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორად. 2016 წლის 14 ივნისს მოძრაობდნენ ხაშურიდან თბილისის მიმართულებით, გამთენიისას ავტობანზე მოძრაობდა ...ის მარკის ავტომობილი და მისი მძღოლი სავარაუდოდ იყო მართვის უფლების აკრძალვის მქონე პირი ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ავტობანზე, 119-120 კილომეტრზე შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რაზედაც მას განუმარტეს კანონით გათვალისწინებული შედეგები. ამასთან, ავტომობილი, რომელსაც მართავდა ი.გ-ა გაფორმებული იყო სხვა პირზე, შესაბამისად, ექვემდებარებოდა საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ი.გ-ას შეუდგინეს სათანადო საჯარიმო ქვითარი, რამაც გამოიწვია მისი აგრესია და გახდა უმართავი. მას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ, რის გამოც დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით და გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ხოლო ავტომობილი გადაიყვანეს გორის საჯარიმო ავტოსადგომზე. ავტომობილში იმყოფებოდა ოთხი პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. ერთ-ერთმა პირმა დარეკა 112-ში, რომლის შედეგადაც დამატებით მოვიდა მეორე საპატრულო ეკიპაჟი და შეივსო შესაბამისი რეაგირების ოქმი. ავტომობილი იყო მარცხენასაჭიანი, მძღოლის გვერდით, მარჯვნივ იჯდა გადაადგილების უნარშეზღუდული სტატუსის მქონე პირი. მისი განმარტებით, პოლიციელების მხრიდან დ.ხ-ას მისამართით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისი გადმოსვლითა და ეტლში ჩაჯდომით შესაძლებელია მის ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, რადგან ამ პერიოდში ავტობანზე ტრაილერების ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ ქმედებით, მათი მხრიდან მოხდა დ.ხ-ას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, შესაძლებელია დ.ხ-ას გადმოსვლით ხელი შეეშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ი.გ-ა მანიპულირებდა დ.ხ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობით და შესაძლებელია პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად რაიმე სპეკულაციისათვის მიემართა. მან არაერთხელ შესთავაზა, რომ ესარგებლა 20 მეტრში მდებარე „...ის“ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული საპირფარეშოთი, თავად დაჯდებოდა საჭესთან ან მისი მეწყვილე უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას, აღნიშნული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაზედაც უარი განაცხადეს. მისი განმარტებით, აღნიშნული საპირფარეშო აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ისინი საუბრობდნენ „მეგრულად“ და მათი ვარაუდით დ.ხ-ას ეტლში ჩაჯდომით სურდათ გზის გადაკეტვის სცენარის მოწყობა. დ.ხ-ას აღნიშნული საჭიროების შესახებ არაფერი უთქვამს თავად მისთვის. ი.გ-ამ უთხრა, რომ მგზავრებს სურდათ აღნიშნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ყველა მათგანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იმ პერიოდში მისი მხრიდან ყვირილის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მას ხმის მაღალი ტონი და მბრძანებლური კილო აქვს, თავისი სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე; კ) 2021 წლის 16 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაკითხულმა მ.კ-ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში, 2016 წელსაც ამავე სამმართველოში მუშაობდა სხვა პოზიციაზე. 2016 წლის 14 ივნისს, იგი იყო ცვლის უფროსი და მის დაქვემდებარებაში იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, დაახლოებით რუისთან, დააფიქსირა ...ის მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ სწრაფად მოძრაობდა და გადასცა ინფორმაცია, რომ გაეჩერებინათ და შეემოწმებინათ აღნიშნული ავტომობილის მძღოლი. გადამოწმების შემდეგ მძღოლი იყო მართვის უფლების არმქონე პირი და სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე. ამის შემდეგ 112-ის საშუალებით შევიდა შეტყობინება, რომ ავტომობილში იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც ეტლით სარგებლობის უფლება არ მისცეს და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოუწია ავტომანქანაში. აღნიშნულის საფუძველზე გამოცხადდა ადგილზე, რა დროსაც ეტლი იდგა ავტომანქანასთან, დ.ხ-ა იჯდა წინ და გამოიძახა დამატებითი ეკიპაჟი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა დ.ხ-ა კომუნიკაციაში არ შევიდა მათთან. მისი იქ ყოფნის დროს, ერთ-ერთმა პირმა ხელი დაარტყა წინ მჯდომ მოქალაქეს, მანამდეც განაცხადეს, რომ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ი.გ-ა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირადად მან შესთავაზა დ.ხ-ას ავტომობილიდან გადმოსვლა, რაზედაც უარი განაცხადა და ელოდებოდა ახლობლებს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მისი ტრანსპორტირება. დ.ხ-ა თავდაპირველად იმ მიზეზით არ გადმოდიოდა ავტომობილიდან, რომ არ ტოვებდა მანქანას, შემდგომ იმიტომ ვერ გადმოვიდა, რომ არ მისცეს ამის საშულება, ისევ და ისევ მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, ეტლით სარგებლობის უფლების მიცემის შემთხვევაში იყო საშიშროება, რომ უფრო მეტი ზიანი მისდგომოდა დ.ხ-ას ჯანმრთელობას; ლ) საქმეზე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით (ა/მანქანის ბორტის კამერა, სამხრე კამერა) დგინდება, რომ 2016 წლის 15 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობს ...ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ... მანქანის გავლისთანავე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიყვება უკან ...ის მარკის ავტომანქანას. ...ის მარკის ავტომანქანა რთავს მარჯვენა მაშუქს და სამოძრაო ზოლიდან გადადის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ჩერდება და ანთებს ავარიულ მაშუქებს. მანქანიდან, მარცხენა მხრიდან გადმოდის მძღოლი (ი.გ-ა), მის უკან მჯდომი პიროვნება, ხოლო მარჯვენა მხრიდან გადმოდის უკანა სავარძელზე მჯდომი პირი. სამივე მიდის მანქანის ე.წ. „კაპოტთან“ და აღებენ მას. პიროვნებებთან მიდიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოუწოდებენ სამივე პიროვნებას დაუბრუნდნენ ადგილებს და ჩაასხდნენ მანქანაში, თუმცა არცერთი მათგანი მანქანაში არ ჯდება. აღნიშნულ მოთხოვნას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ი.გ-ა არ ჩაჯდა მანქანაში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და მანქანიდან გადმოსულ მგზავრებს შორის იწყება საუბარი საჭესთან მჯდომი პიროვნების თაობაზე, რა დროსაც ი.გ-ა უარყოფს საჭესთან ჯდომის ფაქტს. აღნიშნული საუბრის დროს, მანქანაში მჯდომი დ.ხ-ა (მარჯვენა მხარეს, წინ, მძღოლის გვერდით), ითხოვს ეტლის აწყობას და მანქანიდან გადაყვანას. მანქანაში მჯდომი პირები, მათ შორის, ი.გ-ა ხსნის ავტომანქანის საბარგულს და ცდილობს ეტლის გადმოღებას, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნულ ქმედებას კომუნიკაციის დროს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი მცდელობის დროს, მანქანის მგზავრი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ეუბნება, რომ ეტლი სჭირდება, ვინაიდან მის მეგობარს (დ.ხ-ას) სურს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მათ ეტლის გადმოღების უფლებას არ აძლევს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ი.გ-ასა და მანქანის ორ მგზავრს შორის საუბარი მიმდინარეობს დიდხანს, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ი.გ-ას სთხოვენ ალკოტესტზე გადამოწმებას, თუმცა ი.გ-ა კატეგორიულ უარს აცხადებს. საუბრის დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ი.გ-ას შორის არსებული საუბარი იძაბება, რიგ შემთხვევებში გადადის ხმამაღალ ტონში, ყვირილში, კომუნიკაციისას ი.გ-ას მხრიდან უხამსი ლექსიკის გამოყენებაში. ინციდენტის დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მიდის დ.ხ-ასთან და ესაუბრება მას. კომუნიკაციის დროს, დ.ხ-ი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უხნის რაღაც საკითხს, თუმცა რაიმე ბუნებრივი მოთხოვნილების საჭიროებაზე არაფერს ამბობს. ასევე, დ.ხ-ისთან საუბარს აგრძელებს საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელი, რომელიც დ.ხ-ას სთავაზობს ზუგდიდში წასვლაში დახმარებას და პრობლემის მოგვარებას. ადგილზე, დ.ხ-ას გამოძახებით გამოცხადებული საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლები ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას და ესაუბრებიან დ.ხ-ას, რა დროსაც ეს უკანასკნელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითებს მის შარვალზე და ეუბნება, რომ მათმა ქმედებამ აიძულა იგი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა მანქანაში, ვინაიდან არ მისცეს მანქანიდან გადასვლის საშუალება; მ) წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 2016 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, დ.ხ-ა იმყოფებოდა მეგობრის მანქანაში, რომელიც გააჩერა პატრულმა და ოთხი საათის განმავლობაში არ მისცა უფლება, ესარგებლა საკუთარი დამხმარე სავარძლით. მას ადრე არსებული დაავადების გამო აღენიშნებოდა ტროფიული წყლული, რომელიც შეხორცებული იყო სამი წელი. მისი გადმოცემით, 4 საათის განმავლობაში მანქანაში იძულებითი ჯდომის შედეგად მოხდა ტროფიული წყლულის ხელახალი გახსნა, რის გამოც ორჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ექიმები. დათვალიერებით, მარცხენა დუნდულის ქვედა მხარეზე აღინიშნება კანის დეფექტი, დაახლოებით 4-5 სმ. დიამეტრით, გარქოვანებული კანით, შეცვლილი, მოყავისფრო ფერის, ჩაღრმავებული. კანი ამჟამად მშრალია, გამონადენი არ აღინიშნება. დაფარული იყო დოლბანდით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნული სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მათი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში. დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მისცეს ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. იგი იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას. პირდაპირ დისკრიმინაციას ახასიათებს არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ამისთვის უნდა დადგინდეს, რომ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციული ნიშნით ხდება. თავის მხრივ, განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოპყრობა ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და არსებობს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. განსხვავებული მოპყრობა და შესადარებელი კატეგორია ერთად უნდა იქნას განხილული, რამეთუ განსხვავებული მოპყრობა არ არსებობს აბსტრაქტულად, ის იკვეთება ვინმესთან შედარებით. შესაბამისად, საჭიროა კომპარატორი - ანუ ადამიანი ანალოგიური მდგომარეობით; ამ ორს შორის კი მთავარი განსხვავება სწორედ „დაცული საფუძველია“ (მაგ: სქესი, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებანი და სხვა). არაპირდაპირი დისკრიმინაცია, თავის მხრივ, არის მოცემულობა, რომლის თანახმად, „შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც, მართალია, ნეიტრალურად არის წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს“ (იხ. საქმე D.H. AND OTHERS v. CZECH REPUBLIC). არაპირდაპირი დისკრიმინაციის კრიტერიუმებია: ნეიტრალური წესი ან პრაქტიკა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დაცული ნიშნით გამორჩეულ რომელიმე პირზე ან ჯგუფზე, კერძოდ, განსხვავებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობა არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.
სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშანი ევროპულ კონვენციაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ ვინაიდან დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, იგი ერთ-ერთ დაცულ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, იგი ასახული იქნა ეროვნულ კანონმდებლობაში - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში.
სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეთა ქმედებებში არ არსებობს დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ნიშნები, კერძოდ, 2016 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინათ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და ზოგადად, არ დამდგარიყო რაიმე სახის სავალალო შედეგი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ადგილზე მყოფი და ავტომობილში მსხდომი პირები ცდილობდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთათვის ხელი შეეშალათ უფლებამოსილების განხორციელებასა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაში. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავად მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს, ხელი შეეწყო მათი სამსახურებრივი მოვალეობის დროულ შესრულებაში და პატივი ეცა ადგილზე მყოფი შშმ პირისათვის. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ ადგილზე მყოფი პირების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, მოხდა დროის გაჭიანურება, რამაც სადავო გარემოებების დადგომა გამოიწვია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. თავდაპირველად მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა და ამავე დროს, ეს განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რომელიმე დაცულ ნიშანს. მოპასუხე კი, თავის მხრივ, ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურება. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, იმისთვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის). ამ პირობების ერთობლივად არსებობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიულ შემადგენლობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №082200716802 საქმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ დ.ხ-ას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმეზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იმსჯელოს მოპასუხეთა მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.ხ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი. მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თანაბარწილად დაეკისრათ დ.ხ-ასთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ.ხ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე პირი, უვადოდ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ამისათვის სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სამედიცინო ეტლით; ბ) 2016 წლის 15 ივნისს, დ.ხ-ა, სამ პირთან ერთად მიემგზავრებოდა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა მათი ავტომობილის მძღოლი ი.გ-ა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ავტომობილის მძღოლის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რისთვისაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დასჭირდათ 3 საათამდე დრო. ამ ხნის განმავლობაში დ.ხ-ა იმყოფებოდა ავტომანქანაში და თხოვნის მიუხედავად, ვერ შეძლო ესარგებლა თავისი ეტლით, მას არ მიეცა შესაძლებლობა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადასულიყო მანქანიდან; გ) ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომ თავად დ.ხ-ა ითხოვდა ავტომანქანიდან გადმოსვლას ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. არ იკვეთება დ.ხ-ას მხრიდან რაიმე მუქარა ან ის, რომ იყო გაღიზიანებული; დ) დ.ჩ-ის სამხრე ვიდეო ჩანაწერი: - ჩანაწერი №1965, (11:46 სთ-დან - 11:59 სთ-მდე) 11:47 საათზე დ.ხ-ა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სთხოვს, რომ აუწყოს ეტლი, თუმცა დ.ჩ-ე პასუხობს, რომ არ შეიძლება ავტომანქანიდან გადმოსვლა და ვალდებულია დარჩეს ავტომანქანაში. ამავე დროს ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ავტომანქანის დანარჩენი მგზავრები გადმოსულები არიან ავტომანქანიდან და მათ არ მოუწოდებს ჩასხდნენ ავტომანქანაში. ამავე დროს ჩანაწერში ისმის, რომ „კაცს მოფსმა უნდა“, რაზეც გ.ა-ი პასუხობს, რომ აქ სად უნდა ჩამოიყვანოს, ახლოს არის ბენზინგასამართი სადგური, თუმცა დ.ხ-ას გადაყვანის უზრუნველსაყოფად არანაირი ღონისძიება არ განახორციელებულა. 11:54 საათზე ავტომანქანის მგზავრი ასევე ეუბნება დ.ჩ-ეს, რომ „საპირფარეშო უნდა კაცს“, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს -,,ჩაჯექი მანქანაში“, რასაც ემორჩილება მგზავრი და ჯდება მანქანაში. ამავე დროს ი.გ-ას უყვირის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი (აფრიამაშვილი), თუმცა მას არ ეუბნება, რომ დაჯდეს ავტომობილში. 11:59 საათზე ასევე ისმის დ.ხ-ას ხმა, რომ სჭირდება საპირფარეშო. ჩანაწერი №1966, (12:01 სთ-დან - 12:10 სთ-მდე) 12:04 საათზე, ი.გ-ა ეუბნება დ.ჩ-ეს, რომ თუ დააჯარიმებს, გადავა გზაზე და ტრაილერს დაეჯახება, რაზეც ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს, რომ ,,არ ქნა ეგ“. ი.გ-ა გადადის გზის სავალ ნაწილზე, დ.ჩ-ე ეძახის, ,,მოდი აქ“, რასაც მაშინვე ემორჩილება ი.გ-ა და ბრუნდება უკან. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არ უთითებს, რომ ჩაჯდეს ავტომანქანაში. 12:05 საათზე დ.ხ-ა კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ დროულად გაუშვან. 12:07 საათზე ი.გ-ა ეუბნება, რომ არ აქვს მართვის მოწმობა და ამასთან არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ალკოტესტზე გადამოწმებას არ აქვს აზრი, თუმცა სამართალდამცავი დაჟინებით მოუწოდებს, გადამოწმდეს ალკოტესტზე. 12:10 საათზე, პატრულ-ინსპექტორები ნახულობენ ბაზაში ი.გ-ას შესახებ ინფორმაციას. ჩანაწერი №1967, (12:16 სთ-დან - 12:23 სთ-მდე) 12:20 საათზე ი.გ-ა ცდილობს ავტომანქანიდან ეტლის გადმოღებას, რაზეც სამართალდამცავები იწყებენ ყვირილს და ხდება შელაპარაკება. 12:22 საათზე ი.გ-ა კვლავ სთხოვს გ.ა-ის, რომ მისცენ ნება, დ.ხ-ა გადმოიყვანოს. აღსანიშნავია, რომ მთელი ჩანაწერის განმავლობაში ჩანს, რომ დ.ხ-ას გარდა, ყველა მგზავრი გადმოსულია ავტომობილიდან და სამართალდამცავები არ მოუწოდებენ ჩასხდნენ ავტომანქანაში. ჩანაწერი №1968, (12:35 სთ-დან - 12:36 სთ-მდე) სამართალდამცავები ი.გ-ას უმარტავენ, რომ დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარის ოდენობით. ჩანაწერი №1969, (12:36 სთ-დან - 12:38 სთ-მდე) 12:36 საათზე სამართალდამცავები სთავაზობენ ი.გ-ას დახმარებას ეტლის გადმოსაღებად, რაზეც ი.გ-ამ უთხრა უარი. 12:37 საათზე ჩანს, რომ ადგილზე მისულია მეორე ეკიპაჟი. ჩანაწერი №1970, 13:25 საათზე, რამდენიმე წამიანი ვიდეოა და მალევე ითიშება. ჩანაწერი №1971 (13:38 სთ-დან - 13:44 სთ-მდე) ხდება ავტომანქანის საბარგულის დათვალიერება. ჩანაწერი №1972, 13:53 საათზე სამართალდამცავი ეუბნება დ.ხ-ას, რომ რა მიმართულებითაც სურს იმ მიმართულებით გაამგზავრებს, რაზეც დ.ხ-ა პასუხობს, რომ სურს ზუგდიდისაკენ გამგზავრება და ამ დროს ითიშება კამერა. ჩანაწერი №1973 (13:55 სთ-დან - 13:57 სთ-მდე) 13:56 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ი.გ-ა. სამართალდამცავი უთითებს, რომ აკავებდა ,,ინვალიდის“ შეურაცხყოფის მიყენებისათვის. ასევე, გ.ა-ი განმარტავს, რომ მისი არაერთგზის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ჩანაწერი №1974, 14:49 საათზე რამდენიმე წამიანი ვიდეოა და მალევე ითიშება. ჩანაწერი №1975 (14:51 სთ-დან - 14:52 სთ-მდე), ი.გ-ას სამართალდამცავი უკითხავს სამართალდარღვევის ოქმს. ი.გ-ას შეკითხვაზე, თუ რა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამცავი პასუხობს, რომ აღარ ახსოვს. ჩანაწერი №1976 (14:52 სთ-დან - 14:53 სთ-მდე), ვიდეოში ჩანს, რომ ი.გ-ა არის დაკავებული. მან ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა; ე) საქმის მასალებს ერთვის ა.გ-ის სამხრე ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასევე არ არის სრული (ჩანაწერი №7017, 20:15 სთ-დან - 20:16 სთ-მდე; ჩანაწერი №7018, 20:52 სთ-დან - 20:53 სთ-მდე; ჩანაწერი №7019, 20:54 სთ-დან - 20:56 სთ-მდე; ჩანაწერი №7020, 20:58 სთ-დან - 21:00 სთ-მდე; ჩანაწერი №7021, 21:27 სთ-დან - 21:28 სთ-მდე; ჩანაწერი №7022, 21:29 სთ-დან - 21:30 სთ-მდე; ჩანაწერი №7023, 21:31 სთ; ჩანაწერი №7024, 21:35 სთ-დან - 21:36 სთ-მდე). ვიდეოჩანაწერიდან დგინდება, რომ დ.ხ-ა უარს ამბობს ავტომანქანიდან გადმოსვლაზე, ვინაიდან მას ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოუწია ავტომანქანაში და ამის გამო არის გაღიზიანებული. 20:53 საათზე ჩანს, რომ ეტლი გადმოღებულია და დგას ავტომანქანასთან. 20:54 საათზე დ.ხ-ა ამბობს ,,ჩამაფსმევინეთ“. 21:29 საათზე გ.ა-ი აკავებს ი.გ-ას. 21:35 საათზე ა.გ-ე სთავაზობს დ.ხ-ას, რომ თუ სურს, გამოიძახებს სასწრაფოს. დ.ხ-ა არ პასუხობს. ის ტირის; ვ) საქმის მასალებით დგინდება, რომ დამატებითი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე მივიდა დ.ხ-ას მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შედეგად და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა საბარგულიდან ეტლის გადმოტანა და აწყობა; ზ) საქმეს ასევე ერთვის საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ბორტის ვიდეო ჩანაწერი, ხმის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოჩანაწერში მითითებული დროები არეულია, ვერ დგინდება აღნიშნული ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი. ვიდეო მასალა დაყოფილია 9 ნაწილად. პირველ ვიდეოზე ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანა არის გაჩერებული და რამდენიმე წუთში მიჰყვება ...ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც რთავს მარჯვენა მაშუქს და სამოძრაო ზოლიდან გადადის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ჩერდება და ანთებს ავარიულ მაშუქებს. მანქანის მარცხენა მხრიდან გადმოდის მძღოლი (ი.გ-ა), მის უკან მჯდომი პიროვნება, ხოლო მარჯვენა მხრიდან გადმოდის უკანა სავარძელზე მჯდომი პირი. სამივე მიდის მანქანის ე.წ. „კაპოტთან“ და აღებენ მას. ვიდეოდან არ ირკვევა, მძღოლმა თავად გააჩერა ავტომანქანა, თუ სამართალდამცავების მითითებით გაჩერდა. ამ დროს მიდის მათთან დ.ჩ-ე და ესაუბრება მათ. ცოტა ხანში დ.ჩ-ეს ხელმოკიდებული მოჰყავს ი.გ-ა მანქანის უკანა მხარეს. ამ დროს კადრში ჩნდება გ.ა-ი. ავტომობილის ერთ-ერთი მგზავრი ხსნის ავტომანქანის საბარგულს და ცდილობს გადმოიღოს ეტლი, რის საშუალებასაც არ აძლევს დ.ჩ-ე. რამდენიმე წუთში მგზავრმა კიდევ სცადა ეტლის გადმოღება, რისი საშუალებაც ასევე არ მისცეს სამართალდამცავებმა. ეტლის გადმოღების მესამე მცდელობაც უშედეგო იყო, დ.ჩ-ემ გაბრაზებით დაახურა თავი ავტომანქანის საბარგულს. ავტომანქანის მარჯვენა წინა მხარეს ზის დ.ხ-ა, რომელსაც კარი აქვს ღია. სამართალდამცავები და ავტომობილის მგზავრები კამათობენ, ცოტა ხანში ისინი მიდიან ხ-სთან და მალევე უკან ბრუნდებიან. მეორე ჩანაწერში, რაღაც პერიოდი სამართალდამცავები არ ჩანან კადრში. სამივე პირი თავისუფლად მოძრაობს გაჩერებულ ავტომანქანასთან. მოგვიანებით ავტომობილის მძღოლი და 2 მგზავრიც ასევე აღარ ჩანან კადრში. რამდენიმე წუთის შემდეგ ი.გ-ა ჩნდება კადრში. მალევე გამოდის დ.ჩ-ე, რომელსაც ხელში უჭირავს ალკოტესტი. ისინი საუბრობენ, სავარაუდოდ მას სურს, რომ ი.გ-ა გადაამოწმოს ალკოტესტზე, რაზეც არ თანხმდება ის. ი.გ-ა ავტომანქანის საბარგულს აღებს და ცდილობს ამოიღოს ეტლი, რა დროსაც გ.ა-ი უხეში ხელის კვრით წევს გვერდზე და ხურავს საბარგულს. მეორე ჩანაწერში ჩანს, რომ მოვიდა სხვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მესამე ჩანაწერში ჩანს სხვა ორი პოლიციელი, რომლებიც ჯერ ი.გ-ას ესაუბრებიან, შემდეგ დ.ხ-ას. მოგვიანებით, მესამე ჩანაწერის 13:03 წუთზე ი.გ-ას, პოლიციელის მეშვეობით გადმოაქვს ეტლი საბარგულიდან და აწყობენ. მოგვიანებით ჩანს, რომ ეტლი დგას ავტომანქანის გვერდით. მე-4, მე-5 და მე-6 ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ავტომანქანასთან თავისუფლად მოძრაობენ ი.გ-ა და მისი მგზავრები. სამართალდამცავები დროდადრო ჩნდებიან კადრში და ესაუბრებიან მათ. დ.ხ-ა ისევ ავტომანქანაშია. მე-7 ჩანაწერში ი.გ-ა და სხვა პირები ათვალიერებენ ავტომანქანის საბარგულს. მე-8 ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ ეტლი გარეთ დგას. მე-9 ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ ეტლი დგას გარეთ და დ.ხ-ა ისევ ავტომობილშია. ცოტა ხანში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა იძვრება და ტოვებს შემთხვევის ადგილს; თ) ვიდეომასალის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, როდესაც პირველად პატრულ-ინსპექტორები ჩნდებიან მანქანასთან და ითხოვენ მძღოლის მიერ საბუთების წარმოდგენას, ავტომანქანის მძღოლიც და მისი ორი მგზავრიც გადასულები არიან მანქანიდან (გარდა დ.ხ-ასი) და დგანან მანქანის წინ. იმ ეტაპზე მათ მიმართ პატრულ-ინსპექტორებს მოთხოვნა, რომ ჩამსხდარიყვნენ ავტომანქანაში, არ ჰქონიათ. პატრულ-ინსპექტორებმა, ოქმის შედგენის მთელი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმეჯერ მოითხოვეს მანქანაში ჩაჯდომა, რა დროსაც მძღოლიც და მგზავრებიც დაემორჩილნენ მოთხოვნას და ჩასხდნენ მანქანაში, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისინი ისევ გადმოდიოდნენ მანქანიდან და ამაზე პატრულ-ინსპექტორები იმწუთიერ რეაგირებას არ ახდენდნენ. გაჩერებიდან რამდენიმე წუთში, (ჩანაწერი №1965, 11:47) დ.ხ-ა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სთხოვს, ეტლის აწყობას, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლა არ შეიძლება და ვალდებულია დარჩეს ავტომანქანაში. 11:54 საათზე ავტომანქანის მგზავრი ასევე ეუბნება დ.ჩ-ეს, რომ ,,საპირფარეშო უნდა კაცს“, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს -,,ჩაჯექი მანქანაში“, რასაც ემორჩილება მგზავრი და ჯდება მანქანაში. გ.ა-ი ეუბნება, რომ 200 მეტრში არის ბენზინგასამართი სადგურის ადაპტირებული ტუალეტი, 11:59 საათზე ასევე ისმის დ.ხ-ას ხმა, რომ სჭირდება საპირფარეშო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პატრულ- ინსპექტორების განმარტებას თითქოს მათთვის არ იყო ცნობილი დ.ხ-ას ფიზიოლოგიური საჭიროებების შესახებ; ი) „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ 2016 წლის 16 ივნისის ცნობით დგინდება, რომ დ.ხ-ას რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანაში იძულებითი ჯდომის შედეგად მოხდა ტროფიული წყლულის ხელახალი გახსნა; კ) დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის საჭირო სპეციფიკური, მისთვის განსხვავებული მოპყრობის ვერ უზრუნველყოფის გამო, მას შეეზღუდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, რამაც შედეგად დ.ხ-ა ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მისთვის ძლიერი ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილის მიყენება.
სასამართლოს მითითებით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).
მართალია, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშანი ევროპულ კონვენციაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ ვინაიდან დაცულ ნიშანთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, იგი ერთ-ერთ დაცულ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, იგი ასახული იქნა ეროვნულ კანონმდებლობაში - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში.
იმისათვის, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების გამო დისკრიმინაციული მოპყრობა, უნდა დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედება წარმოადგენდა თუ არა პირის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ უფლებაში ჩარევას, რომელიც შეესაბამებოდა კანონმდებლობას, ხორციელდებოდა რომელიმე კანონის საფუძველზე, წარმოადგენდა აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, უსაფრთხოებისა ან სხვა რაიმე სიკეთის დაცვისათვის, ან ემსახურებოდა თუ არა ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესებს. სასამართლომ მოიხმო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებული „დისკრიმინაციის ტესტი“, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ეს ტესტი ამგვარად გამოიყურება: 1. რამდენად ახდენს გავლენას განსხვავებული მოპყრობა კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებულ უფლებებზე; 2. არის თუ არა სახეზე არსებითი უფლების დარღვევა; 3. არსებობს თუ არა განსხვავებული მოპყრობა - 3.1. ანალოგიური სიტუაცია; 4. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება - 4.1. აქვს თუ არა განსხვავებულ მოპყრობას ლეგიტიმური მიზანი; 4.2. არის თუ არა გამოყენებული ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის პროპორციული; 5. სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისას, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად ახდენს გავლენას განსხვავებული მოპყრობა კონვენციითა და მისი ოქმებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება, რომ პატრულ-ინსპექტორის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევის საბუთების შემოწმებისას, ავტომანქანის გაჩერების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირი უნდა დარჩეს მანქანაში, იგულისხმება, რომ მანქანაში დარჩენა ეხებათ ამ ავტომანქანის მგზავრებსაც. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც პატრულ-ინსპექტორები პირველად ჩნდებიან გაჩერებულ ავტომანქანასთან და ითხოვენ მძღოლის მიერ საბუთების წარმოდგენას, ავტომანქანის მძღოლიც და მისი ორი მგზავრიც გადასულები არიან მანქანიდან (დ.ხ-ას გარდა) და დგანან მანქანის წინ. იმ ეტაპზე მათ მიმართ პატრულ-ინსპექტორებს მოთხოვნა, რომ ჩამსხდარიყვნენ ავტომანქანაში, არ ჰქონიათ. პატრულ-ინსპექტორებმა, ოქმის შედგენის მთელი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმეჯერ მოითხოვეს ასეთი, ძირითადად მგზავრების მიმართ, რასაც დაემორჩილნენ, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი ისევ გადმოდიოდნენ მანქანიდან და ამაზე პატრულ-ინსპექტორები იმწუთიერად არ რეაგირებდნენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ ქმედებები პატრულ-ინსპექტორების მხრიდან ინსტრუქციით დადგენილი წესის დაცვას ემსახურებოდა, როდესაც მხოლოდ დ.ხ-ას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა ავტომანქანა. მართალია, უკანონობაში თანასწორობა არ არსებობს, მაგრამ იმდენად არაგონივრული ვადა დასჭირდა პატრულ-ინსპექტორების მხრიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომ რეალურად შეუძლებელიც იყო თითქმის 3 საათის განმავლობაში, ავტომანქანიდან გადმოუსვლელად გაძლება. მანქანიდან გადმოსვლა არ შეიძლებოდა დ.ხ-ასათვის, მაგრამ ეს არ ეკრძალებოდა დანარჩენ მგზავრებს, რაც სასამართლოს აფიქრებინებს, რომ არა დ.ხ-ას შეზღუდული შესაძლებლობა, ისიც შეძლებდა მათსავით თავისუფლად გადაადგილებას.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პატრულ-ინსპექტორების ახსნა-განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მათი განმარტებები არ მოდის შესაბამისობაში ვიდეოჩანაწერებთან, კერძოდ, გ.ა-ის და დ.ჩ-ის განმარტებით, დ.ხ-ას იმიტომ არ მისცეს საბარგულიდან ეტლის ამოღების უფლება, რომ იგი ვიზუალურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი გადმოსვლის შემდეგ, მოსალოდნელი იყო მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ დ.ხ-ა ითხოვდა ავტომობილიდან გადმოსვლას იმ მიზნით, რომ დაეკმაყოფილებინა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ამის შესახებ რამდენიმეჯერ სთხოვა პატრულ- ინსპექტორებს როგორც დ.ხ-ამ, ასევე სხვა მგზავრებმაც. მართალია, მათ განუმარტეს, რომ დაახლოებით 200 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური „...“, რომელსაც ჰქონდა კომფორტული (ადაპტირებული) საპირფარეშო და, როდესაც დასრულდებოდა საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცედურა, შემდგომ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დ.ხ-ას ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი წამოიჭრა მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში, რაც ცნობილი იყო პატრულ-ინსპექტორებისათვის, არანაირი ღონისძიება ამ პრობლემის გადასაჭრელად არ განხორციელებულა: არც დ.ხ-ას გადაყვანა მომხდარა მგზავრების დახმარებით ან უსაფრთხოების გათვალისწინებით (თუ ასეთის საჭიროებას ხედავდნენ პატრულ-ინსპექტორები), არც სხვა ეკიპაჟის გამოძახება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დ.ხ-ა ცდილობდა არ გადმოსულიყო ავტომობილიდან, რადგან ავტომობილი არ გადაეყვანათ სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს ვიდეოჩანაწერზე, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ, როგორც დ.ხ-ა, ასევე მისი თანამგზავრები არაერთხელ სთხოვენ, ეხვეწებიან პატრულ-ინსპექტორებს, რომ მიეცათ უფლება საბარგულიდან ამოეღოთ ეტლი, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს პატრულ-ინსპექტორებმა. მხოლოდ სხვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მისვლის შემდეგ, რომელიც ადგილზე მივიდა დ.ხ-ას მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შედეგად, გადმოიღეს ეტლი და ააწყვეს. დ.ხ-ა უკვე იძულებით ბიოლოგიური მოთხოვნილების ავტომანქანაში დაკმაყოფილების შემდეგ ამბობს უარს ავტომანქანიდან გადასვლაზე, რადგან, როგორც თვითონ განმარტა, რცხვენოდა. ჩანაწერშიც ჩანს, რომ ის ტირის. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის იმ განმარტებასაც, რომ დ.ხ-ას ავტომანქანაში გაჩერება საჭირო იყო მისი უსაფრთხოებისათვის და თითქმის 3 საათის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს იმ საფუძვლით არ მისცეს საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემთხვევაში ის გადავიდოდა გზის სავალ ნაწილზე და შეექმნებოდა საფრთხე, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. საქმეში დაცული ვიდეომასალიდან არ იკვეთება, რომ დ.ხ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე მუქარას ან ის იყო გაღიზიანებული, გარდა იმისა, რომ ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. სამართალდამცავების მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ვარაუდის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუ მათ საეჭვოდ მიიჩნიეს მისი ქცევა და ჰქონდათ ვარაუდი, რომ შესაძლებელია მას ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისათვის, მათ შეეძლოთ გამოეძახებინათ სხვა ეკიპაჟი, ან ასეთის არარსებობის პირობებში სხვა მგზავრების (ზ.პ-ა, მ.ჩ-ე) დახმარებით ეტლით მიეცათ შესაძლებლობა ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გადაადგილებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა გავლენას ახდენს ფიზიკური მოთხოვნილებების შეკავების შესაძლებლობებზე სხვა ადამიანთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციამ არაგონივრული დრო მოანდომა საპოლიციო ღონისძიების დასრულებას და ამ პირობებში არ იქნა გათვალისწინებული დ.ხ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დ.ხ-ას შეზღუდული შესაძლებლობის გამო მისი დეპრესიულ ადამიანად წარმოჩენა არის დისკრიმინაციული მიდგომა და მხოლოდ აღნიშნულ გარემოებას არ შეიძლება გაეჩინა იმის ვარაუდი, რომ ის საკუთარ თავს დააზიანებდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ.ხ-ა თითქმის 3 საათის განმავლობაში იყო ავტომობილში და არ მიეცა იქიდან გადმოსვლის შესაძლებლობა, მით უფრო, იმ პირობებში, რომ ის იყო მგზავრი და მის მიმართ რაიმე პრეტენზია სამართალდამცავებს არ ჰქონდათ. ის იჯდა ავტომანქანაში და ერთადერთი რასაც ითხოვდა, მიეცათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დ.ხ-ა ოფიციალურად არ იყო დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ იმ ინტენსივობით, რომ ვერ შეძლო ესარგებლა საპირფარეშოთი. ვიდეომასალით არ დასტურდება, რომ პოლიციამ განახორციელა უწყვეტი კონტროლი დანარჩენ მგზავრებზე და მათ შორის, მძღოლზეც. ოქმის შედგენას იმდენად არაგონივრული დრო მოანდომეს პატრულ-ინსპექტორებმა, რომ რეალურად შეუძლებელი აღმოჩნდა როგორც მძღოლზე, ისე მგზავრებზე, გარდა დ.ხ-ასი, უწყვეტი კონტროლის განხორციელება და მათი დატოვება ავტომანქანაში, როგორც ამას მოითხოვდა საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქცია. საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქციის შესაბამისად პატრულ-ინსპექტორს ევალება არა მარტო სამართალდარღვევაზე რეაგირება, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთობაც, ის ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით, იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან, საქმიანობის განხორციელებისა და საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას გაითვალისწინოს მათი განსხვავებული ცხოვრების წესის თავისებურებები, როგორსაც ამ შემთხვევაში მოითხოვდა შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე დ.ხ-ას საჭიროებები. მოქალაქისათვის ქმედითი დახმარების გაწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, პოლიციელი ვალდებულია ამ უკანასკნელს განუმარტოს დაუხმარებლობის მიზეზი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული სირთულეების გამო, პატრულ-ინსპექტორები სიტუაციას ვერ მართავდნენ, უნდა გამოეძახებინათ დამხმარე ძალა, რაც მათ არც საჭიროდ ჩაუთვლიათ და არც გაუკეთებიათ. მოცემულ შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორებმა თანაბარი მოპყრობაც კი არ განახორციელეს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფი პირების მიმართ (იგულისხმება დ.ხ-ა სპეციფიური საჭიროებები და ორი მგზავრი, რომლებსაც არ ჰქონდათ ასეთი საჭიროება). პატრულ-ინსპექტორებმა არ უზრუნველყვეს განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის განსხვავებული მოპყრობა, არც თავად დაეხმარნენ ეტლით სარგებლობაში და სხვა მგზავრებსაც, რომელთაც დახმარება შეეძლოთ, ხელი შეუშალეს იმით, რომ არ მისცეს ეტლის მანქანიდან გადმოტანის და აწყობის უფლება. თუ, მათი შეხედულებით, რაიმე სახის საფრთხე არსებობდა დ.ხ-ას მხრიდან ან მის მიმართ, პატრულ-ინსპექტორებს უნდა ემოქმედათ ყველას დაცვის მიზნით. საფრთხის არსებობის პირობებშიც კი, მათ არ ჰქონდათ უფლება ადამიანი იმ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, რომ მანქანაში მჯდომს მოეშარდა ტანსაცმელში, სხვების თანდასწრებით და ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო გარკვეული დროის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დ.ხ-ა დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დ.ხ-ა დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. კერძოდ, ვინაიდან, დ.ხ-ას შეეზღუდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, რამაც მისი ღირსება შელახა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ვერანაირი ლეგიტიმური მიზანი ვერ გაამართლებს პატრულ-ინსპექტორთა მხრიდან განმცხადებლის სპეციფიკური საჭიროებების უგულებელყოფას. საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციის თანამშრომლებს მოქმედება უწევდათ დაძაბულ სიტუაციაში - კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების წინააღმდეგობის პირობებში - პოლიციამ ვერ უზრუნველყო მათი კონტროლის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე განმცხადებელი სათანადო მოპყრობით, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია განმცხადებლის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება და შელახა მისი ღირსება. განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულ იქნა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რომლის არსებობის უარსაყოფი საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ 2016 წლის 16 ივნისის ცნობით ირკვევა, დ.ხ-ას რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანაში იძულებითი ჯდომის შედეგად მოხდა ტროფიული წყლულის ხელახალი გახსნა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს განსახილველი საქმისათვის.
სააპელაციო სასამართლო დადგენილი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ერთი მხრივ, სპეციფიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მისთვის განსხვავებული მოპყრობის ვერ უზრუნველყოფის გამო, მეორე მხრივ, სხვა მგზავრებთანაც არათანასწორი მიდგომით, რომელიც არ ექვემდებარებოდა პატრულ-ინსპექტორების მხრიდან გონივრულ ახსნას და გამართლებას, მას შეეზღუდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, რამაც დ.ხ-ა ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია მისთვის ძლიერი ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილის მიყენება, შესაბამისად, დ.ხ-ა დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პირებთან შედარებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და სახეზეა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების შედეგად დამდგარი შედეგი - გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილი, შესაბამისად არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველიც. იმისათვის, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, აუცილებელია სახეზე გვქონდეს შემდეგი პირობები კუმულაციურად: ა) დამდგარი ზიანი; ბ) მიზეზობრივი კავშირი და გ) მართლწინააღმდეგობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. მოპასუხე იყო მხარე, რომელმაც განახორციელა პირდაპირი დისკრიმინაცია მოსარჩელის მიმართ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული უკანონო (მართლსაწინააღმდეგო) ქმედება გამოხატული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში. მოპასუხემ დაარღვია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და მოსარჩელის მიმართ განახორციელა პირდაპირი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. მორალურ ზიანს იწვევს მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციის შედეგად სულიერი და მორალური ტკივილის განცდა, ხოლო, როგორ გამოიხატება აღნიშნული ტკივილი იმ ფულად თანხაში, რაც მოსარჩელემ სასამართლოში უნდა მოითხოვოს, კანონმდებლობა კონკრეტულ კრიტერიუმებს არ აწესებს, განსხვავებით დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან, რომლის მარეგულირებელ ნორმებსაც გვთავაზობს საქართველოს კანონმდებლობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში, დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ. ამდენად, მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობის, სამართლიანობისა და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მოპყრობით მას მიადგა მორალური ზიანი. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ სულიერ ტკივილს, რომლის განცდაც კარგად ჩანს საქმეში არსებულ ვიდეო დისკებზე, როგორ განიცდის და ტირის იმ მდგომარეობას რაშიც აღმოჩნდა მოულოდნელად და გაუთვალისწინებლად. სასამართლო ამავე დროს ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ უფლების შელახვიდან (2016 წლის ივნისი) მის რესტიტუციამდე გავიდა ექვს წელზე მეტი, ამ პერიოდში მას მოუწია ქვეყნის დატოვება, ასევე ითვალისწინებს ფიზიკურ ტკივილს, რის განცდაც გამოწვეული იყო ტროფიული წყლულის ხელახალი გახსნით. ამდენად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
9.1 კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს, სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში, კერძოდ, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მათი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.
2016 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინათ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და ზოგადად, არ დამდგარიყო რაიმე სახის სავალალო შედეგი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ადგილზე მყოფი და ავტომობილში მსხდომი პირები ხელს უშლიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებასა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაში. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავად მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს ხელი შეეწყო მათი სამსახურებრივი მოვალეობის დროულ შესრულებაში და პატივი ეცა ადგილზე მყოფი შშმ პირისათვის. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ ადგილზე მყოფი პირების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო მოხდა დროის გაჭიანურება, რამაც სადავო გარემოებების დადგომა გამოიწვია.
2021 წლის 16 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაკითხული გ.ა-ის განმარტებით, 2016 წლის 14 ივნისს მოძრაობდნენ ხაშურიდან თბილისის მიმართულებით, გამთენიისას ავტობანზე მოძრაობდა ,,...ის’’ მარკის ავტომობილი და მისი მძღოლი სავარაუდოდ იყო მართვის უფლების აკრძალვის მქონე პირი ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ავტობანზე, 119-120 კილომეტრზე შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რაზედაც მას განუმარტეს კანონით გათვალისწინებული შედეგები. ამასთან, ავტომობილი, რომელსაც მართავდა ი.გ-ა გაფორმებული იყო სხვა პირზე, შესაბამისად, ექვემდებარებოდა საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ი.გ-ას შეუდგინეს სათანადო საჯარიმო ქვითარი, რამაც გამოიწვია მისი აგრესია და გახდა უმართავი. მას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ, რის გამოც დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით და გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ხოლო ავტომობილი გადაიყვანეს გორის საჯარიმო ავტოსადგომზე. ავტომობილში იმყოფებოდა ოთხი პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. ერთ-ერთმა პირმა დარეკა 112-ში, რის შედეგადაც დამატებით მოვიდა მეორე საპატრულო ეკიპაჟი და შეივსო შესაბამისი რეაგირების ოქმი. ავტომობილი იყო მარცხენასაჭიანი, მძღოლის გვერდით, მარჯვნივ იჯდა გადაადგილების უნარშეზღუდული სტატუსის მქონე პირი. მისი განმარტებით, პოლიციელების მხრიდან დ.ხ-ას მისამართით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის გადმოსვლითა და ეტლში ჩაჯდომით შესაძლებელია მის ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, რადგან ამ პერიოდში ავტობანზე ტრაილერების ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ ქმედებით, მათი მხრიდან მოხდა დ.ხ-ას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, შესაძლებელია დ.ხ-ას ხელი შეეშალა პოლიციისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. როდესაც ცნობილი გახდა გ.ა-ისთვის, რომ დ.ხ-ას ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მისი მხრიდან არაერთხელ მოხდა შეთავაზება, რომ ესარგებლა 200 მეტრში მდებარე „...ს“ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული საპირფარეშოთი, თავად დაჯდებოდა საჭესთან ან მისი მეწყვილე უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას. აღნიშნული დადასტურებულია ვიდეო მტკიცებულებით, თუმცა მოცემულ მომენტში დ.ხ-ას მხრიდან არ ყოფილა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყვნენ მითითებულ ბენზინგასამართ სადგურზე. მისი თვითმიზანი იყო, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და მის მეგობრებთან ერთად ხელი შეეშლა პოლიციის საქმიანობაში. ვიდეომტკიცებულებით დასტურდება, რომ დ.ხ-ა თავდაპირველად პოლიციის მიმართ იჩენს აშკარა აგრესიას და იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვიდეომასალიდან შეაფასა მხოლოდ დროის კონკრეტული მონაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პროცესი უწყვეტად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პოლიციის თანამშრომლები ორიენტირებულები იყვნენ სამართალდამრღვევზე და ყველა მონაკვეთში ვერ მისცემდნენ მგზავრებს მითითებას, რომ მანქანაში დარჩენილიყვნენ. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არაერთხელ მოხდა მოწოდება მგზავრების მიმართ, რომ ჩამსახდარიყვნენ მანქანაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან და მსჯელობასთან. ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში არ მოუწოდეს მგზავრებს ავტომანქანაში ჩასხდომისაკენ, ეს არ შეიძლება შეფასდეს დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებას. შესაძლებელია პოლიციას სხვა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოეყენებინა იმ მგზავრების მიმართ, ვინც არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება შეფასდეს დიკსრიმინაციულ ქმედებად.
სააპელაციო სასამართლომ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციულ ქმედებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ პოლიციის მიერ სხვა მგზავრების მიმართ უწვეტ რეჟიმში არ ხდებოდა კონტროლი, მითითება მანქანაში ჩასხდომისკენ, სხვა ეკიპაჟის გამოუძახებლობა. მოცემული საპოლიციო ღონისძიების არაეფექტიანად ჩატარება ან უმოქმედობა დამატებითი ეკიპაჟის არგამოძახებასთან დაკავშირებით შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიციის ქცევის ინსტრუქციით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, რამაც გამოიწვია მოქალაქის მორალური ზიანი, თუმცა არ შეიძლება შეფასდეს როგორც დისკრიმინაციული ქმედება. პატრულ-ინსპექტორებს არ ემორჩილებოდნენ მგზავრები, ისინი ამით არღვევდნენ კანონს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ არათანაბარ პირობებში ჩააყენა დ.ხ-ა და სხვა მგზავრები.
მოქალაქე დ.ხ-ასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ განცხადება და შესაბამისი სამსახურებრივი შემოწმების მასალების ასლები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები, რისი დადგენაც სისხლისსამართლებრივი წესით საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვერ იქნება შესწავლილი და დადგენილი.
რაც შეეხება მორალურ ზიანს, იმისთვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია დელიქტური პასუხისმგებლობის დადგენისათვის შესაბამისი სქემის ყველა კომპონენტის არსებობა. სახეზე უნდა გვქონდეს მოხელის ბრალეული ქმედება, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ მძიმე შედეგთან. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის მნიშვნელოვან სუბიექტურ ელემენტს წარმოადგენს, რომლის ცნების დადგენისთვის ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნის დაცვა, რომელსაც უნდა ამყარებდეს კონკრეტული მტკიცებულებანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალის დადგენისთვის სახეზე არ იქნება შესაბამისი ფაქტები (მტკიცებულებები), პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება, ვინაიდან, ბრალი მართლწინააღმდეგობის არსებობას გულისხმობს. ბრალთან ერთად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია სახეზე იყოს მართლწინააღმდეგობა, რაც სამართლისადმი წინააღმდეგობას ნიშნავს. მისი არსებობა აუცილებელია ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეებზე, ვინაიდან მოსარჩელე დისკრიმინაციულ ქმედებას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. სასამართლოს არ უმსჯელია თუ რაში გამოიხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული ქმედება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სრულუფლებიანად წარმოადგენდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებლად გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყოს ქონებრივი პასუხისმგებლობის აღება.
9.2 კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს, სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
2016 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინათ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და ზოგადად, არ დამდგარიყო რაიმე სახის სავალალო შედეგი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ადგილზე მყოფი და ავტომობილში მსხდომი პირები ცდილობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთათვის ხელი შეეშალათ უფლებამოსილების განხორციელებასა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაში. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავად მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს ხელი შეეწყო მათი სამსახურებრივი მოვალეობის დროულ შესრულებაში და პატივი ეცა ადგილზე მყოფი შშმ პირისათვის. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ ადგილზე მყოფი პირების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, მოხდა დროის გაჭიანურება, რამაც სადავო გარემოებების დადგომა გამოიწვია.
მოქალაქე დ.ხ-ასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ განცხადება და შესაბამისი სამსახურებრივი შემოწმების მასალების ასლები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები, რისი დადგენაც სისხლისსამართლებრივი წესით საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვერ იქნება შესწავლილი და დადგენილი. საპატრულო პოლიციის დაპარტამენტს მიაჩნია, რომ დ.ხ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა არასწორად, არაადეკვატურად შეაფასა.
2021 წლის 16 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაკითხული გ.ა-ის განმარტებით, 2016 წლის 14 ივნისს მოძრაობდნენ ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. გამთენიისას, ავტობანზე მოძრაობდა ,,...ის’’ მარკის ავტომობილი და მისი მძღოლი სავარაუდოდ იყო მართვის უფლების აკრძალვის მქონე პირი ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ავტობანზე, 119-120 კილომეტრზე შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რაზედაც მას განუმარტეს კანონით გათვალისწინებული შედეგები. ამასთან, ავტომობილი, რომელსაც მართავდა ი.გ-ა გაფორმებული იყო სხვა პირზე, შესაბამისად, ექვემდებარებოდა საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ი.გ-ას შეუდგინეს სათანადო საჯარიმო ქვითარი, რამაც გამოიწვია მისი აგრესია და გახდა უმართავი. მას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ, რის გამოც დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით და გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ხოლო ავტომობილი გადაიყვანეს გორის საჯარიმო ავტოსადგომზე. ავტომობილში იმყოფებოდა ოთხი პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. ერთ-ერთმა პირმა დარეკა 112-ში, რომლის შედეგადაც დამატებით მოვიდა მეორე საპატრულო ეკიპაჟი და შეივსო შესაბამისი რეაგირების ოქმი. ავტომობილი იყო მარცხენასაჭიანი, მძღოლის გვერდით, მარჯვნივ იჯდა გადაადგილების უნარშეზღუდული სტატუსის მქონე პირი. მისი გადმოსვლითა და ეტლში ჩაჯდომით შესაძლებელია მისსავე ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, რადგან ამ პერიოდში ავტობანზე ტრაილერების ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ ქმედებით, მათი მხრიდან მოხდა დ.ხ-ას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, შესაძლებელია დ.ხ-ას ხელი შეეშალა პოლიციისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. როდესაც ცნობილი გახდა გ.ა-ისთვის, რომ დ.ხ-ას ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მისი მხრიდან არაერთხელ მოხდა შეთავაზება, რომ ესარგებლა 200 მეტრში მდებარე „...ს“ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული საპირფარეშოთი, თავად დაჯდებოდა საჭესთან ან მისი მეწყვილე უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას. აღნიშნული დადასტურებულია ვიდეო მტკიცებულებით, თუმცა მოცემულ მომენტში დ.ხ-ას მხრიდან არ ყოფილა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყვნენ მითითებულ ბენზინგასამართ სადგურზე. მისი თვითმიზანი იყო, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და მის მეგობრებთან ერთად ხელი შეეშლა პოლიციის საქმიანობაში. ვიდეო მტკიცებულებით დასტურდება, რომ დ.ხ-ა თავდაპირველად პოლიციის მიმართ იჩენს აშკარა აგრესიას და იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეაფასა მხოლოდ ის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ მოუწოდებენ პირებს მანქანაში ჩასხდომისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პროცესი მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პოლიციის თანამშრომლები, ორიენტირებულები იყვნენ სამართალდამრღვევზე და ყველა მონაკვეთში ვერ მისცემდნენ მგზავრებს მითითებას, რომ მანქანაში დარჩენილიყვნენ. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არაერთხელ მოხდა მოწოდება მგზავრების მიმართ, რომ ჩამსახდარიყვნენ მანქანაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან და მსჯელობასთან. ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში არ მოუწოდეს მგზავრებს მანქანაში ჩასხდომისაკენ, ეს არ შეიძლება შეფასდეს დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებად. შესაძლებელია პოლიციას სხვა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოეყენებინა იმ მგზავრების მიმართ, ვინც არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება შეფასდეს დიკსრიმინაციულ ქმედებად.
რაც შეეხება მორალურ ზიანს, იმისთვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დ.ხ-ას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ.ხ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე პირი, უვადოდ (ტ.1, ს.ფ 94); ბ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 4 ივნისის №13/19-32990 წერილით დადგენილია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №082200716802 საქმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ დ.ხ-ას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტ.2, ს.ფ 71); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ გ.ა-ს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14-15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილე დ.ჩ-ესთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... დაახლოებით გამთენიისას 05:30 საათზე, მოძრაობდა თ.ს.ლ. გზის 119-ე კმ.-ზე და დასავლეთის მიმართულებით გაიარა ავტომობილმა ,,...მა’’, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გადაამოწმა ბორტ-კომპიუტერის საშუალებით, ვინაიდან მისი მძღოლი სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო მართვის უფლების აკრძალვაზე. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რომლის მძღოლი ი.გ-ა იმყოფებოდა 36-თვიან აკრძალვაზე. მას თან ახლდა სამი მგზავრი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთი პირი იყო ეტლით მოსარგებლე. ავტომობილის მძღოლმა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რომელიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. აღნიშნულ მოქალაქეს განუმარტეს, რომ შეუდგენდნენ შესაბამის საჯარიმო ქვითარს და ავტომობილი გადავიდოდა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე, ვინაიდან ავტომობილი სხვა პირზე იყო რეგისტრირებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამრღვევ მძღოლს შეუდგინეს სათანადო საჯარიმო ქვითარი და გამოიძახეს სპეციალური საჯარიმო სადგომის მძღოლი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანდა მოქალაქე ი.გ-ა, არ აძლევდა მათ მუშაობის საშუალებას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. გ.ა-ის განმარტებით, დ.ხ-ას არ მისცეს საბარგულიდან ეტლის ამოღების უფლება, რადგან იგი ვიზუალურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა. კონკრეტულად დ.ხ-ასგან არ გაუგია, რომ უნდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ამის შესახებ უთხრა ამავე ავტომობილის მგზავრმა, რომელსაც მათ განუმარტეს, რომ დაახლოებით 200 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური „...“, რომელსაც ჰქონდა კომფორტული საპირფარეშო და როდესაც დასრულდებოდა საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცედურა, შემდგომ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათთვის არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ასევე ეტლით მოსარგებლე პირისთვის არანაირი უფლება არ შეუზღუდავთ. დ.ხ-ა ცდილობდა, არ გადმოსულიყო ავტომობილიდან, რადგან ავტომობილი არ გადაეყვანათ სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე (ტ.1, ს.ფ 51-53); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ დ.ჩ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14-15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილე გ.ა-ისთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... დაახლოებით გამთენიისას 05:30 საათზე, თ.ს.ლ. ს/გზის 119-ე კმ.-ზე, დასავლეთის მიმართულებით გაიარა ავტომანქანა ,,...-...ამ’’, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც მათ გადაამოწმეს ბორტ-კომპიუტერის საშუალებით და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის მძღოლი უნდა ყოფილიყო მართვის უფლების აკრძალვაზე. აღნიშნული ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლი ი.გ-ა იმყოფებოდა 36-თვიან აკრძალვაზე, ასევე მას ახლდა სამი მგზავრი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი იყო ეტლით მოსარგებლე. ავტომობილის მძღოლმა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, რომელიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. აღნიშნულ პირს განუმარტეს, რომ მის მიმართ შედგებოდა შესაბამისი საჯარიმო ქვითარი და ავტომანქანა გადავიდოდა სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე, ვინაიდან ავტომობილი რეგისტრებული იყო სხვა მოქალაქეზე. ავტომობილის მძღოლს შეუდგინეს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი და გამოიძახეს სპეციალური საჯარიმო ავტოსადგომის მძღოლი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანდა მოქალაქე ი.გ-ა, არ აძლევდა მათ მუშაობის საშუალებას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. დ.ჩ-ის განმარტებით, დ.ხ-ას საბარგულიდან ინვალიდის ეტლის ამოღების უფლება არ მისცეს, რადგან იგი ვიზუალურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა. კონკრეტულად დ.ხ-ასგან არ გაუგია, რომ უნდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ამის შესახებ უთხრა ამავე ავტომობილის მგზავრმა, რომელსაც განუმარტეს, რომ დაახლოებით 200 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური „...“, რომელსაც ჰქონდა კომფორტული საპირფარეშო და როდესაც დასრულდებოდა საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცედურა, შემდგომ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათთვის არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ასევე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის არანაირი უფლება არ შეუზღუდავთ. დ.ხ-ა ცდილობდა, არ გადმოსულიყო ავტომობილიდან, რადგან ავტომობილი არ გადაეყვანათ სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე (ტ.1, ს.ფ 54-56); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისის ახსნა-განმარტება ჩამოართვა საპატრულო პოლიციის ოცეულის მეთაურ მ.კ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე გ.ნ-სთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... გამთენიისას, დაახლოებით 07:00 საათზე მივიდა თ.ს.ლ. გზის 121-ე კილომეტრზე, ვინაიდან საპარტრულო პოლიციის ეკიპაჟი №...-ის პატრულ-ინსპექტორებს დ.ჩ-ეს და გ.ა-ს გაჩერებული ჰყავდათ ავტომობილი, რომლის მძღოლი სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეკიპაჟის გადმოცემით, უარს აცხადებდა ალკოტესტით შემოწმებაზე. ადგილზე მისვლისას, დამატებით დახვდათ საპატრულო ეკიპაჟი №211, რომელიც გამოიძახა ზემოაღნიშნული ავტომობილის მგზავრმა დ.ხ-ამ. აღნიშნული ეკიპაჟის წევრმა, ა.გ-ემ შეადგინა რეაგირების ოქმი, ხოლო დამრღვევი ავტომობილის მძღოლის - ი.გ-ას მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, ვინაიდან იყო მართვის მოწმობის გარეშე და დადგენილი წესით არ გაიარა შემოწმება. მოქალაქე ი.გ-ა დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით, ვინაიდან, როგორც პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-მა განმარტეს, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო სასამართლომ იგი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 300 ლარით. ასევე, მათი იქ ყოფნის პერიოდში, მოქალაქე ი.გ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მგზავრს დ.ხ-ას. მ.კ-ის განმარტებით, მისი იქ ყოფნის პერიოდში მოქალაქე დ.ხ-ა არ გადმოდიოდა ავტომობილიდან, იგი ელოდებოდა, რომ მოაკითხავდა ნათესავი სხვა ავტომობილით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე უნდა გადაყვანილიყო. დ.ხ-ას მათთვის არ უთხოვია ეტლის გადმოღება, რადგან ეტლი გადმოღებული იყო და იდგა ავტომანქანის მარჯვენა კარებთან, სადაც იჯდა დ.ხ-ა. მ.კ-ის განმარტებით, როდესაც მოქალაქე დ.ხ-ასგან №... საპატრულო ეკიპაჟმა მიიღო გამოძახება და ადგილზე გამოცხადებისას იგი გაერკვა საქმის გარემოებებში, გაესაუბრა ზემოაღნიშნულ მოქალაქეს, რომელმაც საუბრისას დააფიქსირა, რომ პატრულ-ინსპექტორებმა მას არ მისცეს უფლება, გადმოეღოთ ეტლი, გადმოსულიყო ავტომობილიდან, რის გამოც მას მოუწია ავტომობილში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო როდესაც იგი გაესაუბრა №... საპატრულო ეკიპაჟის წევრს ლ.გ-ეს, მან განუმარტა, რომ გამოძახების ინიციატორმა დ.ხ-ამ არ ისურვა მასთან საუბარი, არ განუმარტა გამოძახების მიზეზი და აღნიშნულის გამო მან შეადგინა რეაგირების ოქმი, რომელსაც მ.კ-ე არ გასცნობია (ტ.1, ს.ფ 57-59); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ გ.ნ-ს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილე მ.კ-ესთან ერთად, საპატრულო პოლიციის ბორტის ნომრით .... გამთენიისას, მივიდა თ.ს.ლ. გზის 121-ე კილომეტრზე, ვინაიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი №...-ის პატრულ-ინსპექტორებს დ.ჩ-ეს და გ.ა-ს გაჩერებული ჰყავდათ ავტომობილი, რომლის მძღოლი სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეკიპაჟის გადმოცემით, უარს აცხადებდა ალკოტესტით შემოწმებაზე. მათი ადგილზე მისვლისას, დამატებით დახვდათ საპატრულო ეკიპაჟი №..., რომელიც გამოიძახა ზემოაღნიშნული ავტომობილის მგზავრმა დ.ხ-ამ. აღნიშნული ეკიპაჟის წევრმა ა.გ-ემ შეადგინა რეაგირების ოქმი, ხოლო დამრღვევი ავტომანქანის მძღოლის ი.გ-ას მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, ვინაიდან იყო მართვის უფლების არმქონე პირი და არ გაიარა ალკოტესტით შემოწმება. მოქალაქე ი.გ-ა დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლით, ვინაიდან, როგორც პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-მა განმარტეს, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო სასამართლომ იგი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 300 ლარით. მათი იქ ყოფნის პერიოდში, ი.გ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მგზავრს დ.ხ-ას და იგი არ გადმოდიოდა ავტომობილიდან, რადგან ელოდებოდა მის ნათესავს სხვა ავტომობილით, ვინაიდან აღნიშნული ავტომანქანა უნდა გადასულიყო საჯარიმო ავტოსადგომზე. გიორგი ნადიბაიძის განმარტებით, მოქალაქე დ.ხ-ას მათთვის არ უთხოვია საბარგულიდან ეტლის გადმოღება, ვინაიდან როდესაც მივიდნენ, ეტლი იყო გადმოღებული და იდგა ავტომობილის წინა მარჯვენა კარის მხარეს, სადაც იჯდა დ.ხ-ა (ტ.1, ს.ფ 60-61); ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 6 ივლისს ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატრულ-ინსპექტორ ლ.გ-ეს, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისის 09:30 საათიდან 2016 წლის 15 ივნისის 09:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილესთან ერთად. დაახლოებით 06:45 საათზე, რადიოსადგურის შეტყობინების თანახმად, მოქალაქე დ.ხ-ას პრეტენზია გააჩნდა საპატრულო ეკიპაჟის მიმართ. ადგილზე მისვლისას გაესაუბრნენ მოქალაქე დ.ხ-ას, რომელიც იყო ეტლით მოსარგებლე პირი. განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორებმა დ.ჩ-ემ და გ.ა-მა ავტომობილიდან გადმოსვლის უფლება არ მისცეს, ვინაიდან უნდოდა ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. დ.ხ-ას ვიზუალურად ეტყობოდა ნასვამობა და შედგენილ დოკუმენტებზე სთხოვა ხელის მოწერა, რაც მას არ წაუკითხავს და ხელიც არ მოუწერია (ტ.1, ს.ფ 62-63); თ) წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 2016 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, დ.ხ-ას განმარტებით, იგი იმყოფებოდა მეგობრის მანქანაში, რომელიც გააჩერა პატრულმა და ოთხი საათის განმავლობაში არ მისცა უფლება ესარგებლა საკუთარი დამხმარე სავარძლით. მას ადრე არსებული დაავადების გამო აღენიშნებოდა ტროფიული წყლული, რომელიც შეხორცებული იყო სამი წელი. მისი გადმოცემით, 4 საათის განმავლობაში მანქანაში იძულებითი ჯდომის შედეგად მოხდა ტროფიული წყლულის ხელახალი გახსნა, რის გამოც ორჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ექიმები. დათვალიერებით, მარცხენა დუნდულოს ქვედა მხარეზე აღინიშნება კანის დეფექტი, დაახლოებით 4-5 სმ. დიამეტრით, გარქოვენებული კანით, შეცვლილი, მოყავისფერო ფერის, ჩაღმავებული. კანი ამჟამად მშრალია, გამონადენი არ აღინიშნება. დაფარული იყო დოლბანდით (ტ.1, ს.ფ 27).
მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ.ხ-ას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.
თავდაპირველად საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დისკრიმინაციის არსზე და განმარტავს, რომ ტერმინი დისკრიმინაცია (discrimination) ამ ფორმით პირველად მე-17 საუკუნეში გაჩნდა ინგლისურ ენაში. თავად სიტყვა მომდინარეობს ლათინური ფუძიდან discriminationemm, რაც ნიშნავს განცალკევებას, გამოყოფას. ამდენად, ტერმინის ლინგვისტური მნიშვნელობა განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც პირებს თანასწორად ეპყრობიან. შესაბამისად, დისკრიმინაცია არის როგორც მნიშვნელოვნად თანასწორთან თვითნებურად უთანასწოროდ მოპყრობა, ისე მნიშვნელოვნად უთანასწოროსთან თვითნებურად თანასწორად მოპყრობა (იხ. Thlimmenos v. Greece §44, ECHR).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპები განმტკიცებულია როგორც ეროვნულ დონეზე მიღებული, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტით.
ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო დონეზე მიღებული აქტებიდან აღსანიშნავია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე პაქტის 26-ე მუხლის მიხედვით, თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია აღნიშნულ ნორმაში ამომწურავი არ არის და „სხვა ნიშანზე“ მითითება ფართო დისკრეციას იძლევა. თავდაპირველად კონვენცია მე-14 მუხლის მეშვეობით უზრუნველყოფდა მხოლოდ კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას დისკრიმინაციის გარეშე, თუმცა მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საჯარო დაწესებულებების მიერ, რაც შეზღუდული არ არის მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით. ნორმა საჯარო დაწესებულებას აგრეთვე, უკრძალავს პირის დისკრიმინაციას რაიმე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ან ნებისმიერი სხვა ქმედების დროს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოქმედებით ან უმოქმედობით.
რაც შეეხება ეროვნულ დონეზე მიღებულ აქტებს, საკასაციო პალატა პირველ რიგში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციის „კლასიკური“, სპეციფიკური ნიშნები პირდაპირ არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ამით პირთა ის ჯგუფია განსაკუთრებით დაცული, რომლის მიმართ დისკრიმინაციის საფრთხე ისტორიულად ძალიან მაღალია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-109). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). სამართლებრივი რეგულირების ნებისმიერი დიფერენცირება კანონმდებლის მიერ უნდა ხორციელდებოდეს კონსტიტუციის იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობს თანასწორობის უნივერსალური პრინციპიდან, რომლის თანახმად, რიგ შემთხვევებში დასაშვებია განსხვავებული მიდგომა, თუ ეს განსხვავება ობიექტურად არის გამართლებული, დასაბუთებულია, ხოლო სხვა შემთხვევაში იგი ემსახურება კონსტიტუციურად მნიშვნელოვან მიზნებს, ხოლო ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული სამართლებრივი საშუალებები მიზნის თანაზომიერია. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებისას დისკრიმინაციისაგან დაცვას და კრძალავს ერთი და იგივე კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შორის ისეთი განსხვავების შემოღებას, რომელსაც არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-94). თანასწორობის დარღვევის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა შედეგი და აუცილებელი არ არის იმის განსაზღვრა, ქმედების მიზანი იყო თუ არა დისკრიმინაციული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №2/1-392).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით კიდევ უფრო გაფართოებულია თანასწორობის უფლება, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ადგენს, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც პირს არასახარბიელოდ მოეპყრნენ სხვა პირებთან შედარებით, რომელთაც ანალოგიურ სიტუაციაში მოეპყრნენ ან მოეპყრობიან და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, რომელიც „დაცულ საფუძვლებს“ შორის ხვდება (სახელმძღვანელო დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართლის შესახებ, ევროპის საბჭო, 2013, გვ.26). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისთან შედარებითაც ხდება განსხვავებული მოპყრობა.
რაც შეეხება არაპირდაპირ დისკრიმინაციას, მისი ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა, რომელიც გავლენას ახდენს „დაცული საფუძვლით“ განსაზღვრულ რომელიმე ჯგუფზე გამორჩეულად უარყოფითი ფორმით ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით (სახელმძღვანელო დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართლის შესახებ, ევროპის საბჭო, 2013, გვ. 33). არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივ ბუნებას ევროპული სასამართლო დეტალურად შეეხო საქმეზე „D.H. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ (D.H. and others v. Czech Republic). სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი არ კრძალავს განსხვავებულ მოპყრობას, თუ ეს საჭიროა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. პირიქით, ცალკეულ შემთხვევაში ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად უმოქმედობა თავად ჩაითვლება დისკრიმინაციად. არაპირდაპირი დისკრიმინაცია არის მოცემულობა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც მართალია ნეიტრალურად არის წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.
რაც შეეხება დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობის/არარსებობის ფაქტის დადგენას, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენცირების ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, აგრეთვე, თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. „მკაცრი შეფასების“ ტესტის ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს სახელმწიფოს „დაუძლეველი ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-6). რაც შეეხება „რაციონალური დიფერენცირების ტესტს“, მისთვის საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-6).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ მას ექნება ობიექტური და გონივრული გამართლება (Burden v. United Kingdom §60). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებულია დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის განხილვის ორსაფეხურიანი ტესტი. პირველ რიგში ფასდება მისაღწევი მიზანი, ხოლო შემდეგ - განსხვავებული მოპყრობის ურთიერთქმედება ამ მიზანთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ.ხ-ას მიერ მოთხოვნილია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლში „დაცული ნიშნების“ ჩამონათვალში შეზღუდული შესაძლებლობა არ გვხვდება, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში მოიაზრა შეზღუდული შესაძლებლობა „სხვა ნიშნებს“ შორის (მაგ. იხ. Glor v. Switzerland). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (დღეს მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლი) ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №2/1-392, II-2).
საგულისხმოა ისიც, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის დეფინიციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორუფლებიანობის განსამტკიცებლად.
ზემოაღნიშნული კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. ამავე კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე. ამავე მუხლის საფუძველზე გონივრული მისადაგება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას. გონივრული მისადაგების პრინციპი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუცილებელი და შესაბამისი ზომების გატარებას, რომ მათ სხვა პირების მსგავსად მოახდინონ უფლებების რეალიზება. გონივრულ მისადაგებაზე უარი კი, დისკრიმინაციას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია - 14.07.2020, №6823), რომელიც განსაზღვრავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველებს და მიზნად ისახავდა სხვა პირთა თანაბრად უზრუნველეყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შეექმნა ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია აკრძალულია და კანონით ისჯება. ამავე კანონის მე-2 მუხლი განმარტავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცნებას, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც დამატებითი გარანტიები შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით. აღნიშნული კანონის 1.1 მუხლის თანახმად, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: ა) ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება; ბ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა; გ) საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; ე) ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, (1) სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; (2) სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე; (3) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული.
კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, (1) აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. დისკრიმინაცია აგრეთვე გულისხმობს უარს ამ კანონის შესაბამისად გონივრულ მისადაგებაზე; (2) სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; (3) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცულობის უფლება სხვებთან თანასწორად.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ დ.ხ-ა არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და სარგებლობს ეტლით.
საკასაციო პალატა პირველ რიგში, მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური თავით დადგენილ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების კლასიკური წესისგან განსხვავებით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიმართ კანონი განსხვავებულ რეგულირებას ადგენს. კერძოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელეს აკისრებს მხოლოდ გონივრული ვარაუდის შექმნის ვალდებულებას, მოპასუხეს კი - ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთს. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება განპირობებულია იმით, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ხშირ შემთხვევაში ხდება ფარულად, მოპასუხის გამგებლობის ქვეშ არსებულ სფეროში და მოსარჩელეს არ მიუწვდება ხელი მოპასუხის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე. მოპასუხისთვის კი, ხელმისაწვდომია მტკიცება იმის თაობაზე, თუ არა დისკრიმინაციული ნიშნით, მაშინ რა მოტივით განახორციელა კონკრეტული ქმედება. შედეგად, მოპასუხეს უწევს თავისი ქმედების მართლზომიერების მტკიცება და თუკი მართლზომიერებას სარწმუნოდ ვერ დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში დადასტურებულად ჩაითვლება მოსარჩელის მიერ შექმნილი ვარაუდი, რომ ქმედება განხორციელდა სწორედ დისკრიმინაციული ნიშნით. მოსარჩელის მხრიდან ფაქტების მითითების და მტკიცების ტვირთი მოიცავს შემდეგ ელემენტებს: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება კონკრეტული ნიშნით; უნდა მიუთითოს ნიშანი, რომელიც მას ახასიათებს; უნდა დაამტკიცოს კიდეც ამ ნიშნის არსებობა. მოპასუხეს კი - როგორც ზემოთ აღინიშნა, ევალება, გააქარწყლოს დისკრიმინაციის არსებობის თაობაზე შექმნილი პრეზუმფცია (ვარაუდი) მისი ქმედების კანონიერების დამტკიცების გზით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა გამართლება (Chassagnou and Others v. France [GC]). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others v. Bulgaria), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის - ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭიროა დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან.
განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა (1.1 და 1.2 მუხლები).
ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-11 მუხლის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, (1) საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული; (2) პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას; (3) პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს; (4) პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციაზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამოცანებს, ანგარიშვალდებულებას და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის და საქვეყნოობის პრინციპებს.
ინსტრუქციის სადავო პერიოდში მოქმედი მე-6 მუხლის მიხედვით, სამსახურის ამოცანებია: ა) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება; დ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება; ე) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და ზედამხედველობა საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხა ამოცანების შესრულება.
ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პატრულ-პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს: ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ხასიათი იწვევს ეჭვს, რომ მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი; გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ან ტვირთის წყობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მძღოლის, მგზავრის, ტვირთის, ტრანსპორტის გარეგნული სახე ან მძღოლის, მგზავრის მოქმედება მიანიშნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მის მონაწილეობაზე; ე) მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი; ვ) საჭიროა მძღოლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის პირობების თავისებურებების ან მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ; ვ1) საერთაშორისო რეისით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვისას საერთაშორისო შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს მინიმალურად მოკლე დროით, რის შემდეგაც პატრულ-პოლიციელი ქუდთან ხელის მიტანით წარუდგება მოქალაქეს, ამოწმებს მძღოლის მოწმობას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.
ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას პატრულ-პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან, საუბრისათვის არ უნდა მისცეს მას სატრანსპორტო საშუალების სალონიდან გადმოსვლის წინადადება. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები: ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა; ბ) როცა არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ნასვამია; გ) როცა აუცილებელია მძღოლის მონაწილეობა დოკუმენტების გაფორმებაში ან საჭიროა დახმარების აღმოჩენა მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის; დ) როცა მძღოლის ან მგზავრების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მოახდინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ან მონაწილეობდნენ მასში, გაიტაცეს ავტომანქანა ან ჩაიდინეს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ე) როცა საჭიროა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული აგრეგატების და კვანძების ნომრების შედარება; ვ) როცა მისი დგომა სატრანსპორტო საშუალების გვერდით დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მისი პირადი უსაფრთხოებისათვის. ამავე ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პატრულ-პოლიციელმა საბუთების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, არ შებრუნდეს მასთან ზურგით და თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომ მგზავრებს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსზე (დანართი №1), რომელიც ითვალისწინებს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმებისაგან დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ძირითად დებულებებს, სხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ აქტებს, ადგენს პოლიციის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა პოლიციელისათვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ასევე სხვა სახის საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, სამსახურს გარეთ (პრეამბულა).
მითითებული კოდექსის 1-ლი თავის 1.1 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. 1.5 პუნქტის თანახმად, პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 1.6 პუნქტის საფუძველზე, პოლიციელი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა: ღირსების პატივისცემა; სიცოცხლის უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; საკუთრების უფლება; აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლება; მშვიდობიანი შეკრების უფლება; გადაადგილების თავისუფლება; სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით. კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 1.7 და 1.8 მუხლებით პოლიციელი თავისი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდეს თანაზომიერების პრინციპით; კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლო საშუალებებიდან პოლიციელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადამიანისათვის ნაკლები ზიანის მომტან საშუალებას. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ სამართლიანად და მიუკერძოებლად მიუხედავად პირთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა ან/და სექსუალური ორიენტაციისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №2), საპატრულო პოლიციელს ავალდებულებს, მათ შორის, არასრულწლოვანთა, ქალთა, მოხუცთა, უნარშეზღუდულ პირთა დახმარებასა და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას; შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებასა და შემთხვევის ადგილის დაცვას. ამავე ინსტრუქციით პოლიციელი ვალდებულია საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევის საბუთების შემოწმებისას სიფრთხილე გამოიჩინოს (სამართალდამრღვევი პირი რჩება მანქანაში, პოლიციელი უნდა იდგეს ნახევრად შემობრუნებულ მდგომარეობაში მანქანის კარების გასწვრივ და აკონტროლებდეს მის მოქმედებას).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვითაც ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის №ბს-576(კ-19) განჩინება).
ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, ასევე სიტუაციის მართვის მიზნით პატრულ-ინსპექტორს აქვს უფლება გამოიყენოს კანონით დადგენილი ღონისძიებები, მათ შორის, სამართალდამრღვევი მძღოლის შემოწმებისას, არ მისცეს თანხმლებ პირებს ავტომობილის დატოვების უფლება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა და მანქანის მგზავრებმა (გარდა მოსარჩელისა) კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დატოვეს მანქანა, არ ქმნიდა დ.ხ-ას მიერ მანქანის დატოვების შესაძლებლობასაც. საგულისხმოა, რომ საქმეში, რამდენიმე ნაწილად წარმოდგენილია პოლიციის სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი დისკზე (ტ.1, ს.ფ 95, ფაილი დასათაურებულია „ჩ-ე დ.ხ-ა“). ვიდეოჩანაწერში სათაურით „FILE...“ რამდენჯერმე ისმის პატრულ-ინსპექტორების მითითება მგზავრების მიმართ მანქანაში ჩასხდომასა და გადმოსვლის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულ ვითარებაში, რა დროსაც საგულისხმოა პოლიციელების მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა საგზაო მოძრაობისა და თავად გაჩერებულ მანქანაში მჯდომი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით (ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ ავტომობილი შეჩერებულია ავტობანზე, სადაც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა და ქვეითად ყოფნა საფრთხის შემცველია). შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მანქანის ყველა მგზავრი, გარდა დ.ხ-ასი, გადმოსული იყო მანქანიდან არ ქმნის მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს - ადგილი არ ჰქონია უთანასწორო მოპყრობას დ.ხ-ას მიმართ, რაც ამ ნაწილში არ ქმნის სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძველს.
სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს რამდენად წარმოადგენს პატრულ-ინსპექტორების მიერ დ.ხ-ას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების უგულებელყოფა და სათანადო ზომების განუხორციელებლობა, დისკრიმინაციულ მოპყრობას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია პოლიციის სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი დისკზე (ტ.1, ს.ფ 95, ფაილი დასათაურებულია „ჩ-ე დ.ხ-ა“). ვიდეოჩანაწერით (სათაური „FILE...“) დასტურდება, რომ პატრულ-ინსპექტორებისთვის ცნობილი ხდება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესახებ დ.ხ-ას საჭიროების თაობაზე. აღნიშნულზე ერთ-ერთი პატრულ ინსპექტორი განმარტავს: „ავტობანზე სად ჩამოგყავს, აგერაა „...ის კალონკა“, თუმცა დ.ხ-ას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, დასახმარებლად პატრულ-ინსპექტორების მხრიდან არ მიღებულა სათანადო ზომები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე (ტ.1, ს.ფ 97, სათაური „დისკი 2“, წარმოდგენილია მხოლოდ ვიდეო, აუდიოჩანაწერის გარეშე). მართალია, უტყუარად ვერ დგინდება აღნიშნული ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი, თუმცა ჩანაწერზე მითითებულია დრო (რომელიც ასევე თანხვედრაში არ არის რეალურ დროსთან, მაგრამ ქმნის მითითებული პროცესის ხანგრძლივობის სასამართლოს მიერ შეფასების შესაძლებლობას). აღნიშნული ჩანაწერის შეფასების შედეგად სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაპირველად პატრულ-ინსპექტორი გაჩერებულ მანქანასთან გამოცხადდა ვიდეოჩანაწერში მითითებული დროით 21:48 საათზე, საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟი კადრებში ჩნდება 22:29 საათიდან, ხოლო ქვითარი (სავარაუდოდ საჯარიმო ქვითარი) ი.გ-ას გადაეცემა 22:42 საათზე. ი.გ-ას დაკავება ხდება ვიდეოში მითითებული დროით 00:01 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მანქანის გაჩერებიდან საჯარიმო ქვითრის სამართალდამრღვევისთვის გადაცემამდე გადის დაახლოებით 54 წუთი. პროცესის შემდგომი გახანგრძლივება განპირობებულია ევაკუატორის მოლოდინით, ი.გ-ას დაკავება კი, ხდება მანქანის გაჩერებიდან დაახლოებით 2 საათისა და 13 წუთის შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დ.ხ-ას მოუხდა მანქანაში ჯდომა. მართალია, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით ვერ დგინდება, ზუსტად რა პერიოდი მოუხდა დ.ხ-ას მანქანაში ჯდომა, თუმცა უდავოა, რომ აღნიშნული დრო შეადგენდა 2 საათზე მეტს. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების (ტ.1, ს.ფ 95, 96, 97) შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მართალია, ზემოაღნიშნული პროცესის გახანგრძლივება ნაწილობრივ გამოიწვია ავტომობილის მძღოლისა და მგზავრების ქმედებებმაც, მათმა დაუმორჩილებლობამ, ადგილზე შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ, თუმცა დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორებმა არ მიიღეს სათანადო ზომები დ.ხ-ას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა დ.ხ-ას ფუნდამენტურ უფლებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანასა და უარს გონივრულ მისადაგებაზე, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის საფუძველს ქმნის. შესაბამისად, დასახელებული საფუძვლით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)). საკასაციო პალატას არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-200(კ-21)). მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიანი ოდენობის ფარგლებში ანაზღაურება დაზარალებულის განცდების სიღრმის, ინტენსივობის და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას გულისხმობს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1024(2კ-23)). მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს, რომელიც მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს.
კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რამეთუ ეს საკითხი სრულებით სასამართლო მსჯელობის საგანია. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-1277(2კ-23)). მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. საგულისხმოა, რომ სასამართლომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების ოდენობა უნდა დაადგინოს ინდივიდუალურ შემთხვევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების (მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანის სიმძიმე, მოპასუხეთა ქმედების ხასიათი და ინტენსივობა და ა.შ) გათვალისწინებით და სამართლიანობის პრინციპის დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას წარმოადგენს 10 000 ლარი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე