დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1230(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- შპს „ი...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 24 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ი...ს“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში (ყოფილი ...) მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...; 613,83 კვ.მ. ფართი) სახელმწიფო საკუთრებაა, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა მოპასუხე შპს „ი...“. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში მდებარე ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 4911 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 5524 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 6752 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7366 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს. ნიშანდობლივია, რომ შპს „ი...ს“ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. კომპანიამ მხოლოდ თანხის ნაწილი - 53352 ლარი გადაიხადა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ი...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში მდებარე უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 18 მაისამდე 581884,77 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ი...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 73156 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ი...“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: ქალაქ თბილისი, ...ს გამზირი N... (ყოფილი ...) მე-7 სართულზე განთავსებული შესასვლელი 35,06 კვ.მ. ფართით სარგებლობდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე, ხოლო 2019 წლის თებერვლის თვიდან შპს „ი...“ სარგებლობს მთლიანი 613,83 კვ.მ. ფართით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, საფასური გადაიხდება სახელმწიფოს საკუთრებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაშიც მოიაზრება არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის რეალურად არსებობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც მოითხოვება საფასურის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაადასტუროს არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი იმ პერიოდზე, რომელზეც ითხოვს თანხის ანაზღაურებას, ასეთი ფაქტის დაუდასტურებლობა კი წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხე სადავო სრულ პერიოდზე უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, რაც არ განუხორციელებია.მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ წარმოუდგენია ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს. ამდენად, სადავო პერიოდში მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების (ს/კ ...) არამართლზომიერი მოსარგებლისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 18 მაისამდე პერდიოდში, ჯამში 581 884,77 ლარი. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ საქმეში წარდგენილი არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა შპს “ი...ს” მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობას 2012 წლის 17 სექტემბრიდან, თუმცა, მხედველობაში იქნა მიღებული მოპასუხის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ იგი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე 613.83 კვ.მ-დან მხოლოდ 35.06 კვ.მ ფართით, ხოლო მთლიანი ფართით 2019 წლის თებერვლიდან სარგებლობდა. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მოპასუხისთვის მხოლოდ ზემოაღნიშნულ პერიოდზე სარგებლობის საფასურის დაკისრებას. კასატორი არ იზიარებს სასამართლოთა არგუმენტაციას მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოს არამართლზომიერი სარგებლობის თითოეულ დღეზე ვერ ექნება მტკიცებულება. სარგებლობის საფასური არამართლზომიერ მოსარგებლეს ეკისრება, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან სარგებლობის მთელ პერიოდზე, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქაართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „ი...სთვის“ ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში მდებარე უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 18 მაისამდე ჯამში - 581884,77 ლარის გადახდის დაკისრება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ი...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 73156 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025წ. განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გამზირი N..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2080.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 და N2, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 7, ფართობი 613,83 კვ.მ., 2010 წლის 28 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
2019 წლის 28 მარტის აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს შპს „ი...”. დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ფართზე გაწეულია ხარჯები და მასში განთავსებულია მოძრავი ნივთები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3.05.2019წ. დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში (ყოფილი ...) მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...; 613.83 კვ.მ. ფართი) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 4911 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 5524 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 6752 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7366 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში - 7980 ლარს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის N7/20867 წერილითა და 14 მაისის წერილებით შპს “ი...ს” მოეთხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა. დადგენილია, რომ შპს “ი...მ” გადაიხადა მოთხოვნილი საფასურის ნაწილი, კერძოდ, 53 352 ლარი.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გამზირი N... (ს/კ ...) იჯარის უფლებით 2020 წლის 17 ივნისიდან გადაეცა შპს “ი...ს”.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა წარმოიშობა ორი გარემოების კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში: 1. თუ პირს სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია და 2. პირი შესაბამის ქონებას სამეწარმეო/კომერციული მიზნით იყენებს. ამდენად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.).
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლს, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „ი...ს“ მიერ 2012 წლის სექტემბრიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) სამეწარმეო მიზნებისათვის არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადგენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ი...მ“ შესაგებლით და სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქალაქ თბილისი, ...ს გამზირი N... (ყოფილი ...) მე-7 სართულზე განთავსებული შესასვლელით (35,06 კვ.მ. ფართი) სარგებლობდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე, ხოლო 2019 წლის თებერვლის თვიდან სარგებლობს მთლიანი 613,83 კვ.მ. ფართით. საქმეში დაცული წერილებით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლიდან შპს “ი...” დაინტერესებული იყო სახელწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ი....ს გამზ. N...-ე (ყოფილი ...), (ს/კ ...) იჯარის ხელშეკრულების გაფორმებით. საგულისხმოა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილია 2019 წლის 28 მარტს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ობიექტურად შეუძლებელია მეწარმე სუბიექტის მიერ უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სადავო პერიოდის თითოეულ დღეზე წარმოდგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ მოსარჩელეა ვალდებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უზრუნველყოს მის მიერ მითითებული გარემოების, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კონკრეტულ პერიოდზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადასტურება. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ვერ დადასტურდება სადავო პერიოდზე მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო საკუთრების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ კასატორმა მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რადგან სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე სათანადო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა შპს„ი...ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი 2012 წლის 17 სექტემბრიდან. შესაბამისად, შპს "ი..." ზემოაღნიშნულ პერიოდში არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის სუბიექტს, რაც ამ ნაწილში გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
მდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა