დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1258(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1258(კ-25) 5 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - თ. მ-ა, დ. მ-ა (კანონიერი წარმომადგენელი - ა. ბ-ე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 22 ნოემბერს თ. და დ. მ-აების კანონიერმა წარმომადგენელმა - ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე აწ გარდაცვლილი მ. მ-ა იყო აფხაზეთიდან დევნილი. ჰყავთ ორი შვილი - თ. და დ. მ-აები. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში. მ. მ-ას შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი საყოველთაო რეგისტრაციის არ გავლის გამო. მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მოსარჩელე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, დაბრუნდა საქართველოში. მან განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. თუმცა მოპასუხე სააგენტომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა არასრულწლოვანი შვილებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც დაარღვია მოსარჩელისა და არასრულწლოვანების კანონიერი უფლებები და ინტერესები.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 22 00000778 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, თ. და დ. მ-აებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანების - დ. მ-ას და თ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ არასრულწლოვანისათვის აღნიშნული მუხლით დადგენილი სტატუსის მინიჭებისათვის განმსაზღვრელ პირობას სწორედ არასრულწლოვანი განმცხადებლის ერთი ან ორივე მშობლის მოქმედი დევნილის სტატუსის არსებობა წარმოადგენს, ზუსტად იმ პერიოდში და იმ დროს, როდესაც (დევნილი ან არადევნილი) მშობელი ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს არასრულწლოვანი შვილისათვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და თანხმობის განაცხადით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელეების მამას 2014 წლიდან შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, რაც მოსარჩელეთა განაცხადის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მამა გარდაცვალების მომენტისათვის აღარ წარმოადგენდა დევნილ პირს/არ ფლობდა დევნილის სტატუსს, მოსარჩელეთა მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. და დ. მ-აების კანონიერმა წარმომადგენელმა - ა. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. და დ. მ-აების კანონიერი წარმომადგენლის - ა. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ-ასა და დ. მ-ას კანონიერი წარმომადგენლის - ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 22 00000778 ბრძანება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. და თ. მ-აებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად ადგენს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირის შესაძლებლობას, მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელს დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმის პირობებში, როდესაც კანონმდებელმა განსაზღვრა ისეთი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა, რომლის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არსებობს არასრულწლოვანი დ. და ა. მ-აებისათვის, მათი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანისათვის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტატუსის მინიჭებისათვის განმსაზღვრელ პირობას სწორედ არასრულწლოვანი განმცხადებლის ერთი ან ორივე მშობლის მოქმედი დევნილის სტატუსის არსებობა წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელეების მშობლებს დევნილის სტატუსი არ აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების მიზეზი საომარი მოქმედებები არ ყოფილა. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ აფხაზეთთან, როგორც ბავშვებს ასევე მათ მშობლებს. შესაბამისად, არ არსებობს მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 22 00000778 ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ დ. მ-ა დაიბადა ... წლის ...ს, რუსეთში, ქ. რეუტოვში. დ. მ-ას მშობლები არიან: დედა - ა. ბ-ე; მამა - მ. მ-ა. თ. მ-ა დაიბადა ... წლის ...ს, რუსეთში, ქ. მოსკოვში. დ. მ-ას მშობლებს წარმოადგენენ: დედა - ა. ბ-ე; მამა - მ. მ-ა. ა. ბ-ე არის საქართველოს მოქალაქე. ა. ბ-ე დევნილთა მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის რეგისტრირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დევნილის მოწმობით დგინდება, რომ მ. მ-ა წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. მ. მ-ას 2014 წლის 6 თებერვალს შეუწყდა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსი, წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის საფუძვლით. მ. მ-ა გარდაიცვალა 2018 წლის 6 დეკემბერს, რუსეთში.

2022 წლის 18 ივლისს, ა. ბ-ემ №116263 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და არასრულწლოვანი შვილებისათვის: დ. და თ. მ-აებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 22 00000778 ბრძანებით დ. მ-ას და თ. მ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. დასახელებული კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-3 მუხლი კანონის მიზნებად ასახელებს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი დევნილის სტატუსის მაძიებლად მოიაზრებს პირს, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად დასახელებული კანონი მოიაზრებს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი არეგულირებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესს, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს (მუხ. 8.1). დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (მუხ. 8.2). სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (მუხ. 8.5). პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (მუხ. 8.7).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე უთხრა უარი დევნილის სტატუსის მაძიებელ პირებს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. კონკრეტულად, არასრულწლოვანებს დ. და თ. მ-აებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანების დედას ა. ბ-ეს არ აქვს დევნილის სტატუსი, ხოლო მამას - მ. მ-ას დევნილთა მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით გარდაცვალებამდეც შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, შესაბამისად, სააგენტოს განმარტებით, ვერ დგინდება მ. მ-ასთან „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც არ დასტურდება არასრულწლოვანი შვილების - დ. და თ. მ-აებისათვის ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილად არის მიჩნეული, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა, კერძოდ, პირველი პუნქტი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ხოლო მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში სტატუსის მაძიებელს დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე (სუსგ №ბს-462კ-23), 06.07.2023წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად ადგენს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირის შესაძლებლობას, მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელს დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ მ. მ-ა წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს და მას 2014 წლის 6 თებერვალს შეუწყდა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსი (წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის საფუძველზე). საყურადღებოა, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა ცალსახად უთითებს არასრულწლოვანი შვილის მიერ დევნილის სტატუსის მოპოვების უფლებამოსილებას იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი. სადავო შემთხვევაში, მართალია, მამას - მ. მ-ას, დევნილთა მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, გარდაცვალებამდეც შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს არასრულწლოვანი დ. და ა. მ-აებისათვის, მათი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი არ გამორიცხავს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, როდესაც მის ერთ-ერთ მშობელს უკვე ჰქონდა დევნილის სტატუსი და იგი შეუწყდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მან ვერ შეძლო წინასწარ გამოცხადებულ რეგისტრაციაზე გამოცხადება და არა რაიმე სხვა მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტატუსის მინიჭებისათვის განმსაზღვრელ პირობას მხოლოდ არასრულწლოვანი განმცხადებლის ერთი ან ორივე მშობლის მოქმედი დევნილის სტატუსის არსებობა არ წარმოადგენს.

რაც შეეხება დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამდე მოსარჩელე არასრულწლოვანების მშობლების აფხაზეთში არცხოვრების ფაქტზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში არც დასახელებული გარემოება წარმოადგენს მოსარჩელეების დევნილის სტატუსის მისაღებად უარის თქმის საფუძველს, რადგან, ერთი მხრივ, სახეზეა დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები (მშობლის დევნილის სტატუსი), მეორე მხრივ აღნიშნული საფუძვლით დევნილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმა გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ოჯახებში დაბადებული პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, რაც არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს.

ამასთან, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას იღებენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას და ინტერესს, რაც ქმნის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 22 00000778 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დ. მ-ასა და თ. მ-ას სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე