დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1277(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 20 ივლისს მ. ი-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №783 განკარგულების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ...ს შესახვევში, №21-ის (საერთო ფართი - 541.00 კვ.მ;) მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკურების უფლების აღიარების შესახებ ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №783 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ი-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩინია, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერს მ. ი-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ... ...ს შესახვევის №21-ის მიმდებარედ, 541 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად, განმცხადებელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პირადობის მოწმობის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დოკუმენტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე თანხმობები წარუდგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ნოემბრის №... და 14 დეკემბრის №... მიმართვებით, მ. ი-ის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის №624 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გამოტანილი, 2017 წლის 25 სექტემბრის №1700 განკარგულებით, მ. ი-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განკარგულების მიხედვით, არ დასტურდებოდა მ. ი-ის მიერ 2007 წლამდე თბილისში, ... ...ს შესახვევი №21-ის მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რამეთუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №1700 განკარგულება მ. ი-იმა სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/8067-17), მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/398-19), მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №1700 განკარგულება და მოპასუხეს, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1285(კ-19)), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
განსახილველი დავის ფარგლებში წარმოდგენილია შპს „შ...ს“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისში, ..., ნაკვეთი №...-ის ტერიტორიაზე მდებარე 541.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 16.22 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობის წარმოადგენდა ნანგრევს, კერძოდ, აგურისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოწყობილ საძირკვლის ფრაგმენტებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატებოდა 50 სმ-ს. შენობა-ნაგებობის ნანგრევს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა, რომ ხანდაზმული იყო, ასევე აღენიშნებოდა ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი, მისი ხანდაზმულობის ასაკი სავარაუდოდ შეადგენდა 30-40 წელზე მეტს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო შენობა ნაგებობა, რომელიც სავარაუდოდ აშენებული იყო 2007 წლამდე, რასაც მოწმობდა 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული მონაცემები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 3 წლის 8 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა ადგილზე დაათვალიერა ქალაქ თბილისში, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარე 541 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, კომისიის წევრებს ადგილზე დახვდათ რკინის ტროსით დაკეტილი კარი, ამიტომ შესვლა ვერ მოხერხდა; კომისიის წევრებმა შენობაში შესვლის გარეშე დაასკვნეს, რომ მშენებლობა იყო ახალი დაწყებული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №8 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 41-ე საკითხი) და მის საფუძველზე, 2021 წლის 4 ივნისს გამოცემული №783 განკარგულებით, მ. ი-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქალაქ თბილისი, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 541 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო ახალი მშენებლობა და მასზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დადგინდა მ. ი-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, კომისია მიუთითებს, რომ 2021 წლის 8 აპრილს ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა ახალი მშენებლობა; აღნიშნული ფაქტის დადგენა, კასატორის შეფასებით, შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე შესვლის გარეშეც, ქუჩის მხრიდან დათვალიერებით; შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო პალატის მითითება არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ადგილზე დათვლიერების სავალდებულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) „მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №783 განკარგულების კანონიერება და (2) მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ...ს შესახვევში, №...-ის მიმდებარედ (საერთო ფართი - 541.00 კვ.მ;) მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკურების უფლების აღიარების შესახებ ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით მ. ი-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქალაქ თბილისი, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 541 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო ახალი მშენებლობა და მასზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „შ...ს“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ზე, ნაკვეთი №...-ის ტერიტორიაზე მდებარე 541.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 16.22 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობის წარმოადგენდა ნანგრევს, კერძოდ აგურისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოწყობილ საძირკველის ფრაგმენტებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატებოდა 50 სმ-ს. შენობა-ნაგებობის ნანგრევს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა, რომ ხანდაზმული იყო, მას ასევე აღენიშნებოდა ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი, მისი ხანდაზმულობის ასაკი სავარაუდოდ შეადგენდა 30-40 წელზე მეტს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო შენობა-ნაგებობა, რომელიც სავარაუდოდ აშენებული იყო 2007 წლამდე, რასაც მოწმობს 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული მონაცემები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის №624 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გამოტანილი, 2017 წლის 25 სექტემბრის №1700 განკარგულებით, მ. ი-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული განკარგულების მიხედვით, არ დასტურდებოდა მ. ი-ის მიერ 2007 წლამდე თბილისში, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რამეთუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები მ. ი-იმა გაასაჩივრა სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №1700 განკარგულება და მოპასუხეს, საქმის გარემობათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 წლის 8 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა ადგილზე დაათვალიერა ქალაქ თბილისში, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე დასათვალიერლად გასულ კომისიის წევრებს დახვდათ რკინის ტროსით დაკეტილი კარი და ამიტომ შესვლა ვერ მოახერხეს. გარე დათვალიერებით კი მიიჩნიეს, რომ ახალი მშენებლობა იყო დაწყებული და განმეორებით შესწავლას ეს საკითხი აღარ საჭიროებდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შ. მ-ის და ი. ტ-ის განცხადებებს, რომლითაც ზემოაღნიშნუული პირები, როგორც მ. ი-ის მეზობლები, ადასტურებდნენ, რომ მ. ი-ი თბილისში, ... ...ს შესახვევი №...-ის მიმდებარე 541 კვ.მ. მიწის ნაკვეთს 1980 წლიდან ფლობდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „შ...ს“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ზე, ნაკვეთი №...-ის ტერიტორიაზე მდებარე 541.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 16.22 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოადგენდა ნანგრევს, კერძოდ აგურისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოწყობილ საძირკველის ფრაგმენტებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატებოდა 50 სმ-ს. შენობა-ნაგებობის ნანგრევს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა, რომ ხანდაზმული იყო, მას ასევე აღენიშნებოდა ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი, მისი ხანდაზმულობის ასაკი სავარაუდოდ შეადგენდა 30-40 წელზე მეტს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო შენობა-ნაგებობა, რომელიც სავარაუდოდ აშენებული იყო 2007 წლამდე, რასაც მოწმობს 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული მონაცემები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე შესვლისა და ადგილზე დათვალიერების გარეშე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება უნდა მივიჩნიოთ ჩატარებულად; მიუღებელია კასატორის არგუმენტაცია, რომ ქუჩის მხრიდან დათვალიერებით შეძლეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, მითუფრო საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს არსებობის პირობებში;
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ სრულფასოვნად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება. ამრიგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოთა გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №783 განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მ. ი-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა