დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1281(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1281(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. თ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 07.10.2022 წლის №2303 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ს ... მ/რაიონში, ...ს, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ 490 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2025წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მიწის ნაკვეთზე თ. თ-ის საკუთრების უფლება აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.10.2022 წლის №2303 განკარგულების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“, მე-51 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი განმარტავს, რომ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მცირე ზომის ხის შენობა, ხოლო შენობა, რომელიც დღეს არის განთავსებული სადავო ტერიტორიაზე, ააშენა 2013 წელს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიის 2006-2007 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა არ ჩანს, აღნიშნული შენობა ფიქსირდება 2014 წლის ორთოფოტოზე (ს.ფ. 25, 26, 186, 187). აღნიშნულის გამო პალატამ არ გაიზიარა კანონის ამოქმედებამდე სადავო ტერიტორიაზე შენობის განთავსების ფაქტთან დაკავშირებით აპელანტის მითითება მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (საქმე №ბს-698-698(კ-18), 13.12.2018წ., №ბს-1338(კ-18), 23.03.2020წ., №ბს10(კ-19), 08.04.2020წ.) გათვალისწინებით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით სადავო ტერიტორიაზე 2007 წლამდე შენობის განთავსების ფაქტი ვერ დადასტურდება, ამასთან, მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის საქმეში დაცულ ორთოფოტოებთან, კერძოდ, მოწმეთა განმარტებით, პატარა შენობა განთავსებული იყო სადავო ტერიტორიაზე და შემდეგ მოხდა მასზე მიშენება, თუმცა სადავო მიწის ნაკვეთის 2006-2007 წლის ორთოფოტოზე მითითებულ ადგილას არ ჩანს რაიმე შენობა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, მიწის ნაკვეთზე ძველი ნარგავების არსებობა არ არის საკმარისი მტკიცებულება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად. აქედან გამომდინარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თ. თ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის (აშენებული) 2007 წლამდე ფლობის/სარგებლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 15.03.2021 წლის №16-0121074695 წერილზე, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა, ნაკვეთზე ნაწილობრივ ვრცელდება გაზსადენის 1 და 2 ზონის შეზღუდვა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი კრძალავს საკუთრების უფლების აღიარებას, თუ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. მართალია, სადავო აქტში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ არის მითითებული აღნიშნული გარემოება, თუმცა აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი №16-0121074695 წერილით. სააპელაციო პალატამ აგრეთვე არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ ქ. თბილისში, ...ს ... მ/რ-ში, ...ს მიმდებარედ (№... ნაკვეთის მიმდებარედ) მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე და შემდგომ მუდმივად ფლობა და სარგებლობა დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, ნაკვეთის ორთოფოტოებით, ექსპერტიზის დასკვნით, სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, სხვა მტკიცებულებებით. ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილზე მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის მილი, რომელიც განთავსებულია საბჭოთა პერიოდიდან, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, სადაც ასევე დადგენილია გაზსადენის 1 და 2 შეზღუდვა, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული იქნა შეუფერხებლად. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.02.2025 წლის №000611525 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასაღიარებელ ნაკვეთზე განთავსებულია კონკრეტული სახეობების კულტურული ხე-ნარგავობები, რომელთა წლოვანება ზოგიერთ შემთხვევაში 30 წელს აღემატება. მოპასუხის მიერ სადავო განკარგულება მიღებული იქნა კომისიის სხდომაზე მოწმის დაკითხვის გარეშე, რითაც კომისიამ დაარღვია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისთვის კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნა. მოწმეთა განცხადებებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2007 წლამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე მოსარჩელეს აშენებული ჰქონდა მცირე ზომის შენობა-ნაგებობა, ხოლო 2013 წელს განაახლა და შედარებით დიდი ზომის შენობა-ნაგებობა განათავსა. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 22.05.2012წ. (საქმე №ბს-116-115(კ-12)) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას კომისიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, კომისიამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა თ. თ-ის მიერ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე და შემდგომ ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის განკარგულების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. საქმეში დაცული მასალებით თ. თ-იმა 29.07.2020 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ს ... მ/რ-ში, ...ს, №... ნაკვეთის მიმდებარედ 490 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადა აგრეთვე თანხმობა აღნიშნული განცხადების თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიაში გადაგზავნაზე (ს.ფ. 55). თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტოს აკისრია შესაბამისი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართვის ვალდებულება („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხ.). ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადება 26.08.2020 წელს გაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 134), რომლის 07.10.2022 წლის №2303 განკარგულებით თ. თ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა მასზედ, რომ არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის და ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებულია კანონის ამოქმედების შემდეგ. განკარგულებაში აგრეთვე მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილ ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულია მილსადენის I და II ზონის შეზღუდვა, შესაბამისად ზემოთ ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოთხოვნილი ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას (ს.ფ. 41-43).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას არ მოითხოვს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მოსაზღვრედ, შესაბამისად შეფასებას საჭიროებს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტი. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. მოსარჩელე მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობისას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ 23.03.2020წ. საქმე №ბს-1338(კ-18)). გასაჩივრებული განკარგულების არამართლზომიერებას არ ადასტურებს აგრეთვე მოწმეთა კომისიის სხდომაზე მიუწვევლობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დაცულია მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 56-57), კასატორი კი არ მიუთითებს ისეთ განსხვავებულ გარემოებაზე, რაც კომისიაში ზეპირი მოსმენისას მოწმეებს შეეძლოთ განემარტათ. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხნენ მოწმეები (იხ. 26.11.2024წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 170, 175-178). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლამდე პერიოდში განთავსების ფაქტი არ დასტურდება, შენობა-ნაგებობა აგრეთვე არ ჩანს ორთოფოტოებზე, კერძოდ, 2006-2007 წლის ორთოფოტოზე სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე არ ჩანს შენობა-ნაგებობა, აღნიშნული შენობა ფიქსირდება 2014 წლის ორთოფოტოზე. საქმის მასალებში დაცული ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.02.2025 წლის დასკვნა მიუთითებს ხე-მცენარეების და არა შენობა-ნაგებობის საორიენტაციო ასაკზე, შესაბამისად მითითებული დასკვნა არ ადასტურებს ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე შენობის არსებობის ფაქტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს ისეთ ექსპერტიზის დასკვნაზე ან სხვა ისეთი სახის დოკუმენტზე, რომლითაც აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტი დადასტურდებოდა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ მითითებული მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად თუ მიწა განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, ამასთან, ამავე კანონის 3.3 მუხლის მიხედვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 15.03.2021 წლის წერილის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებას ითხოვს მოსარჩელე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-2), ნაკვეთზე ნაწილობრივ ვრცელდება გაზსადენის 1 და 2 ზონის შეზღუდვა (ს.ფ 45). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის შესახებ.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება გაზსადენის ზონაში რეგისტრაციის სხვა შემთხვევებზე, ვინაიდან სასამართლოსათვის ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა არ არის სავალდებულო, ამასთანავე, განსახილველი დავის საგანია მოსარჩელის მიმართ მიღებული კომისიის გადაწყვეტილების და არა სხვა რომელიმე მიწის ნაკვეთზე არსებული უფლებამდამდგენი დოკუმენტაციის მართლზომიერების შეფასება. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებში მეზობელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტები და ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 190-195), რომლებიც წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების და არა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დამადასტურებელ დოკუმენტებს. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად განიხილება ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასეთი სახის დოკუმენტზე არ მიუთითებს.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინება.

3. თ. თ-ის (პირადი ნომერი ...) უკან დაუბრუნდეს ნ. მ-ეის (პირადი ნომერი ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №108149704, გადახდის თარიღი 27.01.2026წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე